"მოგვეშველეთ, რომ მშიერ კატებს სანაგვე ყუთებში აღარ შევეცილოთ" - კვირის პალიტრა

"მოგვეშველეთ, რომ მშიერ კატებს სანაგვე ყუთებში აღარ შევეცილოთ"

რამდენჯერ მინატრია ბეღურობა - ავფრინდებოდი და საკენკს მოვიძიებდი... გიჟი არ გეგონო, შვილო, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ეს პატარა ფრინველი ჩემზე ბედნიერიც არის და თავისუფალიც

"ამ უბნის ყველა კატა მიცნობს, მაგრამ ახლა ხედავ რომელიმეს? როგორც კი განათდება, ეს ონავრებიც საშოვარზე გამოდიან და ხომ უნდა დავასწრო, მერე ნაგვის მანქანაც ჩამოივლის და ჭირი მოგჭამა ჩემმა ნამცეცებმა... კიდევ, ხალხს ვერიდები, შვილო..."

პაპა გურამი ყოველ დილით მზეს ასწრებს ადგომას. ჯერაც ბინდბუნდია, ის კი სათითაოდ ჩამოუვლის ვარკეთილში ჩვენი ქუჩის ნაგვის ურნებს. იმ დღეს ვეღარ მოვითმინე: ჯერ მაცივრის კარი გამოვაღე, შემდეგ სახლისა და... კიბეზე დავეშვი.

ისე მივუახლოვდი, არც გაუგია, გულმოდგინედ იჩხრიკებოდა ნაგავში.

- ამ დილაუთენია რა გრჯის, მოხუცო, აღარ გათენდება? - არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩურჩულით ვკითხე და მცირე სანოვაგე მორიდებით მივაწოდე.

- ეჰ, ყოველი დილა ასეთი კი არ არის, შვილო, რომ ვინმემ მოწყალება გაიღოს, - მეუბნება და პარკს მართმევს, - ვინც ადრე დგება, ღმერთი აძლევსო, ჩემისთანებზე არ არის ნათქვამი. ამ უბნის ყველა კატა მიცნობს, მაგრამ ახლა ხედავ რომელიმეს? როგორც კი განათდება, ეს ონავრებიც საშოვარზე გამოდიან და ხომ უნდა დავასწრო, მერე ნაგვის მანქანაც ჩამოივლის და ჭირი მოგჭამა ჩემმა ნამცეცებმა... კიდევ, ხალხს ვერიდები, შვილო, ნაცნობებს, მეზობლებს. რა ვქნა, საქმე ასე დამიდგა. ერთ დროს კაცი ვიყავი, ჯანი მომდგამდა, ცოლ-შვილს ფარად ვედექი, მერე ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა - ჯერ ცოლი, მერე კი შვილი წამართვა მუხთალმა ცხოვრებამ, გაჭირვებამაც თავისი დაღი დამასვა, ასე ნელ-ნელა გავუბედურდი და დავეცი, დაცემულის წამოდგომა კი ადვილი არ ყოფილა. იცი, ჩემისთანა რამდენია? მე ერთი ფეხი სამარეში მიდგას, მარტო ამ უბანში კი ათეულობით გაჭირვებული დადის - ქალები ბავშვებით, ბებია და შვილიშვილი. რამდენჯერ დამითმია მათთვის ჩემი შეგროვებული "დოვლათი".

საღამოობით ერთი გამხდარი კაცი დაიარება. მანქანის ფარები რომ ურნებს მიანათებს, ხეებს ეფარება, ვეცადე გამოლაპარაკება. ხმა არ გამცა. ბევრს ადამიანური სახე აქვს დაკარგული, ძნელი ყოფილა შიმშილი.

ზოგი ნასუფრალს პარკით ხეზე ჰკიდებს, ზოგიც ნაგვის ურნებზე, მაგრამ იქ დაცული არ არის და ხშირად ცხოველებისა და ფრინველების ნადავლი ხდება. განა ისინი არ მეცოდებიან, მაგრამ ადამიანებმა რაღა ვქნათ? რა იქნება, მოხერხდეს და ნაგვის ყუთების შორიახლო ისეთი ყუთები დადგან, სადაც ვირთხები, კატები და ძაღლები ცხვირს ვერ ჩაყოფენ, ბევრი იწამლება და ავადდება. ყველა ვერ დადის სათნოების სახლში. მე, მაგალითად, სიარულიც მიჭირს. თავის საცხოვრებლის ახლოს კი ყველა მიაღწევს ასეთ ყუთებამდე.

ბინდი რომ აიკრიფება და ცა განათდება, უნდა ნახოთ, ბეღურები როგორ ჟრიამულს ატეხენ ხოლმე. რამდენჯერ მინატრია ბეღურობა - ავფრინდებოდი და საკენკს მოვიძიებდი... გიჟი არ გეგონო, შვილო, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ეს პატარა ფრინველი ჩემზე ბედნიერიც არის და თავისუფალიც.

კიდევ რა გითხრა, წელს ძალიან ადრე დაიჭირა ყინვებმა, ჰოდა, ეს ოხერი ნარჩენები ისე ქვავდება, ჭირს გარჩევა, საჭმელად რა არის ვარგისი და რა არა. ჩემი თხოვნაა, იქნებ ვიღაცამ ყურად იღოს და ცივი ზამთარი როგორმე გადავიტანოთ!

მე კი მშიერ კატებს სანაგვე ყუთებში აღარ შევეცილები, - მეუბნება პაპა გურამი და წყლიან, მიმქრალ თვალებს იწმენდს, მერე მიღიმის და მემშვიდობება...

კახა მჭედლიშვილი