"მე 9 კი არა, მხოლოდ ერთი ცოლი მყავდა - თეატრი" - კვირის პალიტრა

"მე 9 კი არა, მხოლოდ ერთი ცოლი მყავდა - თეატრი"

"ბათუმი თურქეთს ყოველთვის ქართულად მოლაპარაკე თურქებით დასახლებულ თურქულ ქალაქად მიაჩნდა"

ხელოვნებისა თუ ენების "შესრუტვის" გამაოგნებელი ნიჭი, თურქეთის კულტურულ ცხოვრებაში გატარებული 25 წელიწადი და ცნობილი "ნიკოლშოუს" მამობა - ეს გახლავთ რეჟისორი ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე.

იგი ამჟამად აზერბაიჯანული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. მასთან ნებისმიერ თემაზე შეიძლება საუბარი, თუმცა შევარჩიეთ ყველაზე აქტუალური, ის, რასაც საკუთარი თავივით იცნობს: თურქეთი, მასთან გარდაუვალი ურთიერთობები, მათი გავლენა ჩვენზე და ბოლოს, თურქული სერიალები, რომელშიც არაერთხელ გაჟღერებულა უძველესი ქართული მელოდიები!

სხვათა შორის, ბატონი ვარლამი გადაღებულია თურქულ ფილმებში და მათ შორის ქართველებისთვის ცნობილ სერიალში, "ეზელი". რეჟისორი, რომელსაც თურქული თეატრალური სამყარო ვარლამ ხოჯად იცნობდა, თურქეთში წასვლის მიზეზსაც იხსენებს:

- თურქეთში 1992 წლის მოვლენებს გავექეცი - ადამიანებმა, რომლებსაც ქართველობასთან საერთო არაფერი ჰქონდათ, ქვეყანა სისხლის ტბად აქციეს, ბოლოს კი შევარდნაძე დააბრუნეს... უცხო ქვეყანაში თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა, - დამლაგებლობით დავიწყე, ბარის მუსიკოსობით გავაგრძელე, შემდეგ პატარა თეატრიც დავაარსე ჩემსავით თეატრზე შეყვარებულ თურქთან ერთად. მერე 11 წელი იზმირის სახელმწიფო უნივერსიტეტის, 5 წელი კი სტამბოლის უნივერსიტეტის თეატრალური კათედრის გამგედ ვმუშაობდი. ამასობაში სპექტაკლებიც დავდგი თურქულ ენაზე. საბედნიეროდ, მსოფლიოს მრავალი ენა ვიცი, თურქულიც 4 თვეში ვისწავლე. 500-მდე ხელოვანი გამოვზარდე (დღევანდელი მსახიობების 70%); უმრავლესობა ნიჭიერია, მაგრამ როგორც მოაზროვნე თურქები ამბობენ და მეც ვეთანხმები, რეალურად ამ სახელმწიფოსთვის კულტურა, ხელოვნება არ არსებობს, მათ შორის არც თეატრი და კინო.

- სერიალების ბუმი რას მივაწეროთ?

- კერძო პირებს, რომლებიც სულიერი განვითარებისკენ ისწრაფვიან და თან მოგებასაც იღებენ. სახელმწიფოს კი კულტურის სფეროს განვითარება არაფრად უღირს. დროებითი იყო სერიალების აფეთქების 6-7 წელი. ეს ის წლებია, როცა ერდოღანამდე ხელისუფლება წამდაუწუმ იცვლებოდა და ყოველი ახალი გუნდი დამხვდურს სამუშაოდან უშვებდა. ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა იოლი იყო და ზოგჯერ კულტურის მოღვაწეები ახერხებდნენ, რომ სახელმწიფოსგან ფინანსები მიეღოთ.

დღეს ქვეყანა ისლამიზაციისკენ მიდის. ქალბატონებს, რომლებიც ჩადრს ჩამოიფარებენ, ხელფასსაც უნიშნავენ და მათი ოჯახი მატერიალურად ძლიერდება. ასეთი ქალი კი, 80-მილიონიან თურქეთში, სადაც 60 მილიონი სოფლად ცხოვრობს და გოგონებს სკოლაში არ უშვებს, ბევრი მოიძებნება.

ყოველივე ამის მიუხედავად, სულიერებისკენ სწრაფვის შეჩერება მაინც შეუძლებელია. დიდი მადლიერებით მინდა მოვიხსენიო საქართველოში თურქეთის საელჩო. მათ ცნობილი თურქი მსახიობის ჩამოყვანა დააფინანსეს ჩემი სპექტაკლისთვის "სამანიშვილის დედინაცვალი", რომელიც თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში დავდგი, მაგრამ არა თეატრის შენობაში, რადგან ისეა დანგრეული, 90-იანი წლები მასთან მონაგონია.

- თურქული კულტურა მრავალი ხალხის კულტურის ნაზავია. ზოგიერთ თურქულ სერიალში ქართული მელოდიები ისმის. არა მგონია, ეს ქართული წარმოშობის თურქთა დამსახურება იყოს.

- თანამედროვე ტექნოლოგიებმა სამყარო დააპატარავა. 25 წლის წინ, როცა თურქეთში ჩავედი, ქართული წარმოშობის თურქებს აკრძალული ჰქონდათ რაიმე ქართულის ხსენება. და თუკი რაიმეს აკეთებდნენ, ამბობდნენ, - ეს ხელოვნება არის ბათუმის, ბათუმურიო. ეს იმიტომ, რომ ბათუმი თურქეთს ყოველთვის ქართულად მოლაპარაკე თურქებით დასახლებულ თურქულ ქალაქად მიაჩნდა. ამ ეტაპზე ქართული წარმოშობის თურქებს ლაპარაკის აღარ ეშინიათ. ქართული მელოდია კი თურქული კულტურის წარმომადგენლებს შეუძლიათ თავისუფლად ამოიღონ ინტერნეტიდან...

ერთხელ თურქეთის აეროპორტში ვზივარ, სადაც თურქული ესტრადის ვარსკვლავი ჩემთვის ტკივილამდე ნაცნობ მელოდიას მღერის, თუმცა რას, აზრზე ვერ მოვდივარ, მით უფრო, რომ ყველა მელოდია მთავრდება სიტყვით "ალაჰ". უცებ გონება გამინათდა - ეს იყო "ვაჟკაცო, მთაში გაზრდილოს" მელოდია, რომელსაც თურქი ვარსკვლავი თურქულად მღეროდა. რაღა თურქეთში მივდივართ, როცა ამას წინათ სომეხი გამოვიდა ევროპის სცენაზე, "ყვავილების ქვეყანა" იმღერა და გაიძახოდა, - მელოდია მე დავწერეო!

ხშირად ჩამოვდიოდი სამშობლოში, შვილები და მეგობრები არასოდეს დამვიწყებია. ერთი ჟურნალისტი ჩამაცივდა, - გინდა თუ არა, 9 ცოლი რატომ გყავდათო. არანაირი 9 ცოლი არ მყოლია-მეთქი. როგორ, ოფიციალურად თქვენ ნამდვილად 9 ცოლი გყავდათო! მე მხოლოდ ერთი ცოლი მყავდა, თეატრი. მასთან შეგუება კი ვერავინ შეძლო-მეთქი...

ეთერ ერაძე