"ველოდები როლს, მაგრამ კაცი არ არის პატრონი" - კვირის პალიტრა

"ველოდები როლს, მაგრამ კაცი არ არის პატრონი"

"ერთხელ გავეხუმრე, მკლავზე მოვკიდე ხელი - ბატონო დოდო, მართლა ასეთი მაგარი იყავით ახალგაზრდობაში-მეთქი? გასწიე, ბიჭო, ხელი, შენისთანას თორმეტს მაინც მოვერეოდიო"

"ამქვეყნად იმიტომ გავჩნდი, რომ "ფესვები" შემექმნა!" - ამბობდა გუგული მგელაძე... ფილმი 1987 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე და დღესაც ისევ ძველებურად აღელვებს მაყურებელს. ფილმში არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნეს მსახიობებმა. მათ შორის ერთ-ერთია ნუგზარ ყურაშვილის მიერ განსახიერებული ანრი. თეატრსა და კინოში არაერთი როლის მიუხედავად, ბატონ ნუგზარს დღესაც ხშირად მიმართავენ ამ სახელით.

- სოხუმელი გახლავართ. მსახიობობაზე არ მიფიქრია, მაგრამ სიმღერით კი ვმღეროდი. ერთხელ მარჯანიშვილის თეატრი ჩამოვიდა სოხუმში. მაშინ პირველად ვნახე ახლოდან ვასო გოძიაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე... მათი სპექტაკლის შემდეგ უკვე რეგულარულად დავიწყე თეატრში სიარული... სკოლა რომ დავამთავრე, თბილისში, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. კარგი კურსი გვქონდა, თათული დოლიძე, ვანო გოგიტიძე... მოგვიანებით, ახმეტელის თეატრი გაიხსნა გლდანში, იქ მივედი და შევრჩი. ტაშის გემო თუ გაიგე, თეატრს ვეღარ მოეშვები, ფეხს აღარ მოიცვლი. ასე დამემართა მეც.

ჩემს კარიერაში პირველი კინო იყო "ზღვის მაშვრალნი"- ფრანგულ-ქართული პროდუქტი, სადაც მთავარ როლებს ვასრულებდით მე, ნოდარ მგალობლიშვილი და იმედო კახიანი. გადაღებებზე თვე-ნახევარი საფრანგეთში გავატარეთ. "ფესვებში" რომ დამიძახეს, ახალი ჩამოსული ვიყავი საფრანგეთიდან... არაერთი როლი მაქვს შესრულებული, მაგრამ ანრი დაუვიწყარია, დღემდე ბევრი მომმართავს ამ სახელით. მაშინ ინსპექტორი რომ გამაჩერებდა, - ვა, ანრიო, მომესალმებოდა, გამესაუბრებოდა და მიშვებდა ჩემს გზაზე. ზოგადად, მაყურებელი შენს გმირთან გაიგივებს, თუ კარგი კაცი განასახიერე, ჰგონიათ, ასეთივე კარგი ხარ ცხოვრებაშიც, თუ ცუდი კაცის როლი გერგო - ვერ გიტანენ...

დოდო აბაშიძე იყო საოცარი ადამიანი. იმ პერიოდში უკვე შეუძლოდ გრძნობდა თავს (ფილმზე მუშაობისას გარდაიცვალა), მაგრამ მაინც მხნე, ახოვანი და იუმორით სავსე იყო.

ერთხელ გავეხუმრე, მკლავზე მოვკიდე ხელი - ბატონო დოდო, მართლა ასეთი მაგარი იყავით ახალგაზრდობაში-მეთქი? გასწიე, ბიჭო, ხელი, შენისთანას თორმეტს მაინც მოვერეოდიო, - სიცილით მიპასუხა. კარგი კაცი იყო, ღირსებით, სიკეთით სავსე. არტისტი როგორი იყო, ყველას მოგვეხსენება. ლევან აბაშიძე ასრულებდა მისი შვილიშვილის როლს და ისიც ისეთ აურას აფრქვევდა, გინდოდა, სულ მის საზოგადოებაში ყოფილიყავი, ერთ სიყალბეს ვერ იგრძნობდი მისგან. ლევანის ბავშვობას ნიაზ დიასამიძე ასახიერებდა. ფინალური სცენა - შვილიშვილს ბაბუის ფერფლი რომ ჩააქვს მის სამშობლოში და მთელი სოფელი მატარებლის სადგურზე ხვდება შავი ქოლგებით - სასწაულია, ასეთივე მელოდია ერთვის.

"ფესვების" გადაღება რომ დასრულდა, გუგული მგელაძემ "ჩაკლულ სულში" დამიძახა, სადაც კა-გე-ბეს თანამშრომელს ვასახიერებ და იქიდან მოყოლებული, სულ უარყოფით როლებს ვასრულებდი. სანატრელი გამიხდა კარგი კაცის თამაში. მერე წამოვიდა სერიალები - "ცხელ ძაღლში" გაიძვერა კაცის, უჩა ზერაგიას როლს ვასრულებდი. იგორ გიორგაძის პროტოტიპი იყო. დღეს ველოდები როლს, მაგრამ კაცი არ არის პატრონი. თუმცა, ჩემთვის ოჯახია ყველაზე მნიშვნელოვანი. მყავს შვილები და შვილიშვილი ჭკუა მეკეტება მათზე და ბაბუს როლი, ყველაზე საპატიოა.

"ჩვენ "ჟუჟუნა წვიმას" ვმღეროდით, რომელიც კრიმანჭულით ჩაანაცვლეს"

"ყველა სადღეგრძელოს, ბაბუ, თავისი სიმღერა ახლავს. პირველად სამშობლოს სადღეგრძელოს სვამენ, მერე - მანდილოსნების. ქალებს საერთოდ ჩვენში დიდ პატივს სცემენ.

- კაცებს?

- კაცებსაც სცემენ პატივს, მაგრამ კაცმა ძალიან რომ გაგაბრაზოს, შეიძლება ხელიც გაარტყა. ქალს ხომ ვერ ჰკადრებ ამას?!

- რეიზა, ბაბუ?

- აუფ, შენგან, ბაბუ, ქართველი არ გამოვა..."

ბაბუა-შვილიშვილის ეს სენტიმენტალური დიალოგი ფილმიდან "ფესვები" ყველას კარგად ახსოვს. ის პატარა ბიჭი, რომელიც დოდო აბაშიძის შვილიშვილს ასახიერებს, ნიაზ დიასამიძე გახლავთ. ეს მისი ერთადერთი კინოროლია.

- გუგული მგელაძემ გადაწყვიტა, რომ ეს როლი მე მეთამაშა. მაშინ 13 წლის ვიყავი. გადაღებები პარიზში მიმდინარეობდა, მე კი ბებია იქ მყავდა. ფილმი რაღაც ასპექტში ჰგავს ჩემი ოჯახის ისტორიას (დედის მხრიდან). მათაც იწვნიეს ემიგრაცია. მე სერგი ჭილაიას შვილიშვილი გახლავართ, რომლის მამაც 1921 წელს გაემგზავრა ემიგრაციაში, სერგი იქ გაიზარდა და დოდო აბაშიძის პერსონაჟისგან განსხვავებით, უკან დაბრუნდა. სერგის მშობლები ვერ დაბრუნდნენ...

გადაღებები ძალიან კარგად მახსოვს - ზამთარი იყო, არდადეგები არ მქონდა და მიხაროდა, სკოლა რომ გავაცდინე. ბებიაც ვნახე, ბიძებიც და კარგი მოგზაურობაც გამომივიდა - თან კინოში, თან პარიზში.

დოდო იყო ძალიან მაგარი ადამიანი. ალბათ ისეთი, ერთხელაც რომ შეგხვდეს, მთელი ცხოვრება დაგამახსოვრებს თავს. მის გვერდით არ მოიწყენდი. მე ბავშვი ვიყავი, მაგრამ მაინც ვიმეგობრეთ. ფილმში ჩვენ რომ კრიმანჭულს ვმღერით, რეალურად "ჟუჟუნა წვიმას" ვმღეროდით ხმებში, მაგრამ რადგან ფილმში გურული თემა მუსირებდა, დაადეს სხვისი ხმა და გურული კრიმანჭულით ჩაანაცვლეს. საინტერესო იყო ფილმზე მუშაობა, თუმცა შემდგომში მსახიობობაზე არ მიფიქრია. მეუღლე კი შემხვდა მსახიობი.

ეკა სალაღაია