"მადლობა ღმერთს, რომ დამიჭირეს" - ყოფილი პატიმრის აღსარება
05-12-2016
"მადლობა ღმერთს, რომ დამიჭირეს" - ყოფილი პატიმრის აღსარება
"ვნანობ, რომ ერთადერთ შვილს გული ვატკინე. მრცხვენია ჩემი გარდაცვლილი მშობლების..."

"მარტოხელა დედა თურქეთში წავედი სამუშაოდ. გავიცანი კაცი, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელი გამოდგა. მერე მეც მომინდა გამესინჯა, რას განიცდიდნენ მისი ზემოქმედებისას"


დიდი ხნის ნაცნობებივით ვეგებებით ერთმანეთს. შინ მეპატიჟება­ ქალბატონი, რომელიც რვა თვის წინ რუსთავში,N მე-5 პენიტენციარულ დაწესებულებაში გავიცანი.­ ირინა აზაროვა რვაწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა...

გისოსებს მიღმა


თურქეთიდან სარფში მომავალი, საზღვარზე ნარკოტიკების შეძენა-შენახვის, გადმოზიდვა-მოხმარების გამო დააკავეს. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იყო. 23-წლიანი
პატიმრობა მიუსაჯეს.

ირინა აზაროვა:
- სამხატვრო აკადემია დავამთავრე. 2002 წელს მშობლები გარდამეცვალა. მარტოხელა დედა თურქეთში წავედი სამუშაოდ. იქ გავიცანი მამაკაცი, რომელიც ნარკოტიკებ
ის მომხმარებელი გამოდგა. მერე მეც მომინდა გამესინჯა, რას განიცდიდნენ მისი ზემოქმედებისას. მადლობა ღმერთს, რომ დამიჭირეს, თორემ დღეს იქნებ, ცოცხალი აღარც ვყოფილიყავი. სასამართლოზე გავიგე, რომ ის კაცი დამნაშავე იყო. საპროცესო გარიგებით, შვიდი წელი მიუსაჯეს და მალევე გათავისუფლდა ამნისტიით. მას მერე კიდევ ორჯერ დააკავეს. მე, სუფთა წარსულის მქონე კი, რახან 20.000 ლარი არ მქონდა, ცუდ დღეში აღმოვჩნდი. ვნანობ, რომ ერთადერთ შვილს გული ვატკინე. მრცხვენია ჩემი გარდაცვლილი მშობლების...

როცა ჩემ უკან ციხის კარი დაიხურა, იქ დავამთავრე ცხოვრება. ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ერთ საკანში ვიყავით მე და ერთი ქალბატონი, რომელსაც უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ხან ის ხდებოდა ცუდად, ხან - მე.

ციხეში ყოფნის მეორე ეტაპი ერთმანეთის გამხნევება და გვერდში დგომაა. შემდეგ ხდება ე.წ. ზონაში გადასვლა და იქაურ გარემოსთან შეჩვევა. წლები დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, თუ რას ნიშნავს, იყო პატიმარი, გყავდეს თანასაკნელი და უყურო ერთსა და იმავე სახეს...

თავიდან 29 წელი მომისაჯეს, პირველმა ინსტანციამ 26 დამიტოვა, მეორემ - 23. 2012 წელს 10 წელი მომიხსნეს, ხუთი უკვე მოხდილი მქონდა. ექვსკაციან საკანში ოცნი ვიყავით გამოკეტილი. ქალბატონი ნესტან ვერულაშვილის დაწესებულების დირექტორად მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დავაარსეთ მსახიობთა დასი, დავდგით სპექტაკლი. ერთ წელს რობერტ სტურუამ ჩვენთან გადაიხადა დაბადების დღე.

ნანატრი დღე


რვა წლის თავზე პირობით ვადამდე გათავისუფლებას ველოდებოდი. საპატრიარქოდან დედა მარიამი მოვიდა. ჩავეხუტე - დამლოცეთ, შეწყალებას ველოდები-მეთქი. მითხრა, - მალე დატოვებ საპატიმროსო. საკანში შევედი და მორიგემ დამიკაკუნა - ადმინისტრაციაში გიბარებენო. დაძაბული შევედი დირექტორის კაბინეტში. ქალბატონმა ნესტანმა რომ მითხრა, - შინ წადიო... გონება დამებინდა. ჩემს დას დაურეკეს,­ - ირინა წაიყვანეთო. მან შეშფოთებულმა იკითხა, - ცოცხალია თუ მკვდარიო... გარეთ გამოსულს ჩემი ბიჭი დამხვდა, იმ დღეს მეორედ დავიბადე... ახლაც ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სადღაც ვიყავი წასული და დავბრუნდი.

მომავალი....


28 ნოემბერს ირინა აზაროვასა­ და მისი მეგობრის, ყოფილი პატიმარი­ ქალების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
- ციხეში ხელსაქმე შევისწავლე, ქარგვა, თექა და ა.შ. საპატიმროს დატოვებიდან რამდენიმე დღეში პრევენციის ცენტრში წავედი... დავიწყე ტრენინგებზე­ სიარული და წარვადგინე პროექტი. ერთ დღეს დამირეკეს, - გილო­ცავთ, გრანტი დაგიმტკიცდათო. ვთხოვე ჩემს მეგობარს დახმარება, ისიც ყოფილი პატიმარია, დავიწყეთ მუშაობა. მალე გავხსნით მაღაზიას, სადაც ჩვენი ნაკეთობები გაიყიდება... იქ, გისოსებს­ მიღმა­ სხვადასხვა ისტორია და საერთო ოცნება აქვთ, რომელსაც თავისუფლება ჰქვია. იქ სინანულით გაჰყავთ დღეები და ფიქრობენ მომავალზე, რომელიც არ იციან, როგორ წარიმართება. ერთი რამ კი ყველამ იცის - საპატიმროდან გასვლის შემდეგ უკან აღარასდროს უნდა დაბრუნდნენ...

თორნიკე ყაჯრიშვილი
mako
21 იანვარი 2017 21:17
ira shen gmiri deda xar mere raa rom shecdi, ucodveli mxolod gmertia. neta shennairi gulis adamiani bevri iyos am qveynad.
nana
15 დეკემბერი 2016 10:20
არასოდეს თქვათ არასოდეს და არასოდეს თქვათ ყოველთვის!
latavra
14 დეკემბერი 2016 22:37
დიდება უფალს2 ცრელების2 გარეს2ჰე ვერ წავიკიტხე

რედაქტორის რჩევით