"ამ თოჯინების ეპოქა შეწყდა. ბასტი დღეს სტუდ­იაში ინახება" - როგორ დასრულდა ბასტისა და ბუბუს თავგადასავალი
05-12-2016
"ამ თოჯინების ეპოქა შეწყდა. ბასტი დღეს სტუდ­იაში ინახება" - როგორ დასრულდა ბასტისა და ბუბუს თავგადასავალი
"სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, ბასტი-ბუბუ ხმაურსა და აურზაურს ნიშნავს. ასე იყო ყოველთვის ჩვენს სტუდიაში"

იმ ბავშვებს, 90-იან წლებში­ შუქის მოსვლას დიდი ზარ-ზეიმით­ რომ ვხვდებოდით, ერთი ნათელი წერტილი გვქონდა - ტელევიზორთან მოკალათებულები­ მოუთმენლად ველოდებოდით, როდის გამოჩნდებოდა სპეციფი­კური ხმითა და მანერებით გამორჩეული ორი პატარა გაბურძგნილი არსება. ჰო, ეს ჩემი და კიდევ იმ თაობის ბავშვობაა, რომლებისთვისაც ბასტი და ბუბუ ძილისპირულთან ასოცირდება. ყველაზე­ მეტად იმ ორი უსაყვარლესი არსების სიმღერა და ანიმაციური დასასრული მიყვარდა...

ზუსტად
25 წლის წინანდელი ბავშვობის მოგონებები რამდენიმე დღის წინ თავიდან გაცოცხლდა. ბავშვობის ოცნება ამისრულდა და ნამდვილ ბასტის შევხვდი. ბუბუს გამხმოვანებელი მსახიობი თემურ კალანდაძე კი რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილა...
ანა კლდიაშვილს მეტსახელი დღემდე შემორჩა - ყველა ბასტის ეძახის. თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის საყმაწვილო რედკოლეგიამ
შემთხვევით აღმოაჩინა. მეორე დღესვე დაიბარეს ტელევიზიაში და მას შემდეგ მისი ცხოვრება "ბასტი-ბუბუს" დაუკავშირდა.

ანა კლდიაშვილი: -
მოგეხსენებათ, 1992 წელს რა მდგომარეობაც იყო ქვეყანაში... ერთ-ერთი ლექციის დროს მოვიდნენ რეჟ­ისორები ნინო გოგაძე და მიშა ბუკია. ხმას ეძებდნენ, თან პატარა, ფუმფულა თოჯინა, ბასტი მოიყვანეს. ბუბუს გამხმოვანებელი უკვე ნაპოვნი ჰყავდათ, მსახიობი თემო კალანდაძე. როდესაც სინჯები დაიწყო, სანამ ჩემი რიგი მოვიდოდა,­ ვფიქრობდი, როგორ ­გამეხმოვანებინა თოჯინა. თავიდანვე მიყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა და ყოველთვის ვცდილობდი, მათთან საერთო ენა გამ­ომენახა, ვიცვლიდი ხმას და ასე ვესაუბრებოდი ხოლმე. როდესაც ჩემი რიგი მოვიდა, მომაწოდეს თოჯინა, შევიცვალე ხმა და დავიწყე­ სიმღერა ქართული ფილმიდან "მანანა". აღფრთოვანება ვერ დამალეს და მეორე დღესვე დამიბარეს ტელევიზიაში. იქ თამარ­ სხვიტარიძე დამხვდა. იგივე გამაკეთებინეს, რაც წინადღეს ინსტიტუტში და მითხრეს, დამტკიცებული ხართ ბასტის როლზეო. ასე დაიწყო "მულტი პულტის" ჩაწერა, რომელიც ბასტისა და ბუბუს მიჰყავდათ.

იმ პერიოდში მსგავსი ტიპის გადაცემა არ არსებობდა. იმართებოდა კონცერტები, შოუები, გაჩნდნენ სხვა გმირებიც: დიჯეი გოგა, არდი, შანსო მელპომენე... ხელის თოჯინებს, ბასტის და ბუბუს, მე და თემო თავადვე ვათამაშებდით. თოჯინების დუბლიკატები არ გვქონდა და ძალიან ვუფრთხილდებოდით.

მახსოვს, ერთ დღეს ბავშვის დამტოვებელი შინ არავინ მყავდა და ტელევიზიაში წავიყვანე, კენგ­ურუში ჩავისვი და გადაცემის ჩაწერა დაიწყო, მაგრამ აშკარად ვგრ­ძნობდით, რომ რაღაც ხმები შემოდიოდა. რეჟისორმა რამდენჯერმე თავიდან დაგვაწყებინა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩემს პატარას მიკროფონთან ჩასძინებია და მისი ფშვინვის ხმა ისმოდა.

25 წელია, რაც ჩემი საყვარელი თოჯინები არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ყველა ბასტის მეძახის. ახლა "ბასტი-ბუბუს" სტუდიაში არტჯგუფის წევრი ვარ. ერთხანს თოჯინების თეატრშიც ვმუშაობდი, თუმცა შემდეგ "ბასტი-ბუბუ" ვარჩიე და თეატრის მიტოვება მომიხდა. არც ვნანობ. მე და თემომ, ჩვენს შემოქმედებით გუნდთან ერთად, ბევრ ბავშვს გავულამაზეთ ბავშვობა. ჩვენ განსაკუთრებული მეგობრობა გვქონდა. თემოს გარდაცვალება ძალიან განვიცადეთ.

- თოჯინები როგორ შეიქმნა?

- რუსული თეატრის მეთო­ჯინეებმა შექმნეს, სახელს რაც შეეხება, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, ბასტი-ბუბუ ხმაურსა და აურზაურს ნიშნავს. ასე იყო ყოველთვის ჩვენს სტუდიაში და ასეა ახლაც. იმ პირველი თაობიდან, რომელიც ჩვენს სტუდიაში გაიზარდა, ბევრი ახლა ცნობილი ადამიანია, დღეს მათი შვილები დადიან ჩვენთან.

- ალბათ, ხშირად ყოფილა სიტუაცია, როდესაც უცხო საზოგადოებაში თქვენი ვინაობა გაუმხელიათ.

- ერთხელ ბაზარში ვიყავი, ჩემი ყოფილი მოსწავლე შემხვდა დედასთან ერთად და აყვირდა, ბასტი, ბასტიო. მთელმა ბაზარმა გაიგო, რომ ბასტის მე ვახმოვანებდი. გამყიდველებს პროდუქტები მოჰქონდათ, თქვენ ფულს როგორ გამოგართმევთო.

- ამ 25 წლის განმავლობაში, ალბათ, იყო პერიოდი, როცა ცუდად ხდებოდით, ხმა გეცვლებოდით, ვინ ახმოვანებდა ბასტის?

- 40 გრადუსი სიცხეც მქონია და სურდოც, მაგრამ ბასტის ხმა არასოდეს იცვლებოდა. ეს არავის სჯეროდა, მაგრამ ასეა.
როცა ფილარმონიაში ჩვენი გალა-კონცერტები გაიმართა, მაშინ ჩვენი გმირების დიდი თოჯინები შეიქმნა. ბასტის ფორმა მეცვა და სცენაზე მუხლებზე მდგო­მი გავდიოდი. ფაქტობრივად, ჩემი ცხოვრება ბასტის დავუკავშირე და დღემდე მისით ვცხოვრობ. 2010 წლიდან ამ თოჯინების ეპოქა შეწყდა. ჩემი გმირი დღეს სტუდ­იაში ინახება. ზოგჯერ ისე მენატრება, შევდივარ და ვეფერები.

იხილეთ ასევე: ჩემი ნავთის სუნით გაჟღენთილი ბავშვობა - 90-იანი წლების ტკბილ-მწარე ეგზოტიკა (+ ფოტოგალერეა)


თორნიკე ყაჯრიშვილი

10 მარტი 2017 21:58
მე ბასტი ბუბუზე გავიზარდე, როგორ მიყვარან ეს თოჯინები, ასი წლისაც რომ გავხდები არ დამავიწყდებიან, იმდენად ტკბილი მოგონებები მაკავშირებს, იმდენი ნახატი მაქ სადაც ბასტი და ბუბუა გამოსახული:(( მართლა თბილი, ბავშური, გემოვნებიანი და ლამაზი გადაცემა იყო. ეს თოჯინები კი ბავშვების მეგობრები:(

რედაქტორის რჩევით