"იტალიური პოლიცია­ ქართველი სტუდენტის თვითმკვლელობის­ ვერსიას განიხილავს" - კვირის პალიტრა

"იტალიური პოლიცია­ ქართველი სტუდენტის თვითმკვლელობის­ ვერსიას განიხილავს"

რა გახდა 26 წლის კონსტიტუციონალისტის სიკვდილის მიზეზი?

კარლო გოდოლაძის მეგობრებსა და ახლობლებს წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რომ მას თავი მოეკლა, ამბობენ, რომ დეპრესიული არასოდეს ყოფილა...

26 წლის ქართველი ახალგაზრდის ცხედარი იტალიის ქალაქ პადუაში მდინარემ გამორიყა - ის ველოსიპედისტებმა იპოვეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს. გარდაცვლილი ახალგაზრდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი კარლო გოდოლაძე აღმოჩნდა, ის პადუას უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლობდა. გარდაცვლილს ჯიბეში სტუდბილეთი აღმოაჩნდა.

იტალიელი სამართალდამცავები კარლო გოდოლაძეს 10 დღე ეძებდნენ. განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც საერთო საცხოვრებელში არ დაბრუნდა. მასთან ერთად მყოფმა უცხოელმა სტუდენტებმა მოიკითხეს და აღმოჩნდა, რომ მობილური ტელეფონი და პასპორტი ბინაში ჰქონდა დატოვებული. შეშფოთებულმა სტუდენტებმა პოლიციას მიმართეს.

ადგილობრივ მედიასთან საუბარში უნივერსიტეტის რექტორი მწუხარებას გამოთქვამს:

"ასეთი ახალგაზრდა სტუდენტის სიკვდილმა, რომელიც სასწავლებლად შორიდან იყო ჩამოსული, ძალიან შეგვაშფოთა. თავიდანვე თვალყურს ვადევნებით ძებნის პროცესს და მუდმივი კავშირი გვქონდა მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან. იმედს არ ვკარგავდით, რომ ის ცოცხალი დაბრუნდებოდა. უნივერსიტეტის სახელით სამძიმარს ვუცხადებ კარლო გოდოლაძის ოჯახს".

იტალიური პრესის ინფორმაციით, პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს, რისიც არ სჯერათ საქართველოში მის მეგობრებსა და ახლობლებს. მათ წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რომ კარლოს თავი მოეკლა, ამბობენ, რომ დეპრესიული არასოდეს ყოფილა.

იტალიაში საქართველოს ელჩის, კახა სიხარულიძის, თქმით, სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ კარლო გოდოლაძის ცხედარს საქართველოში ჩამოასვენებენ და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:

"კარლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი იყო. წვლილი, რომელიც მან სამართლის სკოლისა და ცენტრის წარმატებულ მუშაობაში შეიტანა, ძალიან დიდია. გამოვხატავთ გულწრფელ მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ კარლოს ოჯახსა და მეგობრებს".

სოციალურ ქსელში კარლოს ბიძაშვილის, თამუნა გოდოლაძის ტკივილიან წერილს წავაწყდი:

"მშრომელი, კეთილი და სწავლაზე ორიენტირებული იყო, არასდროს იღლებოდა თავის გეგმებსა და იდეებზე საუბრით. საღამოობით სოფელში, კაკლის ძირში შევიკრიბებოდით ხოლმე ბავშვები "ტრიბუნასთან", რა თქმა უნდა, კაკუჩო იყო:D ძირითადად, "სპორტული გადაცემები" მიჰყავდა ან რაიმე უახლეს ამბავზე მსჯელობდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ტელეწამყვანი გახდებოდა. პირველად ჩემი "ილიაუნში" ფეხის შედგმაც კაკუჩოს უკავშირდება, მის იმიტირებულ სასამართლო პროცესს ვესწრებოდი. ისეთი ამაყი ვიყავი იმ დღეს, თანაც მოიგო პროცესი... თვალსა და ხელს შუა, უზარმაზარი ნაბიჯებით, "სპორტული კომენტატორიდან" ჯერ წარჩინებულ სტუდენტად, შემდეგ კი ყველასთვის საყვარელ ლექტორად იქცა... დღეს შევედი უნივერსიტეტში და პირველი, რაც დავინახე, მაგიდა იყო მისი სურათით, სანთლებითა და ყვავილებით... დავკარგე ადამიანი, ვის გამოც მიმაჩნდა, რომ ეს ცხოვრება არცთუ ისე უსამართლოა და თუ იშრომებ და შეიყვარებ იმას, რასაც აკეთებ, ყველაფერი გამოგივა, სულ ნულიდან რომ იწყებდე, მაინც".

გიგი ნატმელაძე, მეგობარი:

-  უზომოდ ნაკითხი და ფენომენური მეხსიერების მქონე იყო. სხვაგან რომ დაბადებულიყო, ჰარვარდის ან ოქსფორდის პროფესორი იქნებოდა. მერე, ალბათ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ან პრემიერ-მინისტრი.

მარიამი, კარლოს მეგობარი:

- სამეგობრო კარლოსთან გავრბოდით რჩევის საკითხავად, მას საოცარი უნარი ჰქონდა, ცუდი კარგისკენ შეეტრიალებინა, ადამიანი მძიმე სიტუაციიდან თავისი შეუდარებელი იუმორით გამოეყვანა. ამიტომ ვერ ვიჯერებ, რომ ის საკუთარ თავს რამეს დაუშავებდა. მას სიცოცხლე უხაროდა და თავისი სიცოცხლით შენც გახარებდა. ვერასდროს დავიჯერებ, რომ დეპრესიამ დარია ხელი.

თეა ხურცილავა