"ჩემი ქვეყნის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია" - კვირის პალიტრა

"ჩემი ქვეყნის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია"

მოსამზადებელი პერიოდი გასაიდუმლოებულია. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ შოუ მოულოდნელობებით აღსავსე იყოს. არა გვაქვს უფლება, ფოტო ან ვიდეო გადავიღოთ რეპეტიციის დროს

18 დეკემბერს ვაშინგტონში "მის მსოფლიო 2016"-ზე საქართველოს 21 წლის მოდელი ვიქტორია კოჩაროვა წარადგენს. მან გასულ წელს "მის საქართველო 2015"-ის კონკურსზე ვიცე-მისის ტიტული მოიპოვა (კონკურსში ნუკა ყარალაშვილმა გაიმარჯვა). როგორც ვიქტორია ამბობს, მიზეზთა გამო წელს "მის საქართველო" არ ჩატარებულა და "მის მსოფლიო 2016"-ზე წარდგენის უფლება სწორედ მას მიეცა. "კვირის პალიტრა" ვიქტორია კოჩაროვას ვაშინგტონში დაუკავშირდა.

- არ მეგონა, "მის მსოფლიოს" ფინალისთვის მზადება თუ ასეთი ინტენსიური და რთული იქნებოდა. დილის 5 საათზე ვდგებით, ვიკეთებთ ვარცხნილობას, მაკიაჟს. მერე ვსაუზმობთ, მერე კი იწყება ვარჯიში, რეპეტიცია... კონკურსში სულ 122 გოგონა ვმონაწილეობთ.

- ქართულ პრესაში დაიწერა, რომ ხმის მიცემისას წამყვანი პოზიცია დაიკავეთ.

- ის საიტები, სადაც პირველ ადგილზე ვიყავი, პროგნოზის მიზნით შეიქმნა. ამ ეტაპზე მთავარია, ჩემმა გულშემატკივრებმა ჩამოტვირთონ Miss World-ის აპლიკაცია ანდროიდში ან აიფონში და მომცენ ხმა. ჩემთვის, ჩემი ქვეყნის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

- ხმის მიცემის პროცესი გადამწყვეტი იქნება გამარჯვებულის გამოსავლენად?

- მნიშვნელოვანია, როგორ წარმოადგენ შენს ქვეყანას, რამდენად კომუნიკაბელური ხარ, როგორ ეწყობი სხვა გოგონებს, ხარ თუ არა საინტერესო მოსაუბრე... თუ არა გაქვს მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე ან აზრს ვერ აყალიბებ, ვერც ქვეყანა დაგეხმარება და ვერც ლამაზი თვალები.

ფინალამდე ბევრი შეჯიბრება ტარდება. პირველი უკვე გავიარეთ. ეს იყო "ტალანტ-შოუ", სადაც ქართული ფოლკლორის მოტივებზე შევასრულე "ქალაქური ცეკვა". ჯეირანის წითელი კაბა მეცვა. ყველა აღფრთოვანებული იყო. მათთვის უჩვეულო გახლდათ ეს სამოსი და სანახაობა. კონკურსის ორგანიზატორი ჯულია მორლი სწორედ მაშინ გავიცანი. ხელი რომ ჩამომართვა, მითხრა, საქართველო ჩემს ფიქრებშიაო. ამან მოტივაცია ამიმაღლა და შედეგიც სასურველი იყო...

ჟიურიში ქალბატონი ჯულია და "მის მსოფლიოს" გასული წლის გამარჯვებულიც იქნება.

წინ კიდევ სპორტული შეჯიბრება, საქველმოქმედო პროექტის განხილვა და ინტერვიუები გველის. ყველა ღონისძიებაში გვენიჭება ქულები, რომელთა მიხედვითაც სახელდება ათეული. საბოლოოდ, ჟიური სილამაზის მიხედვით გამოავლენს გამარჯვებულს.

მოსამზადებელი პერიოდი გასაიდუმლოებულია. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ შოუ მოულოდნელობებით აღსავსე იყოს. არა გვაქვს უფლება, ფოტო ან ვიდეო გადავიღოთ რეპეტიციის დროს.

- ბევრი ირინა შეიკს გამსგავსებთ, თქვენც ასე ფიქრობთ?

- 5 წლის წინ გამომიგზავნეს ფოტო, სადაც ირინა შეიკი მაკიაჟის გარეშეა. დავიბენი, როდესაც დავხედე... კომენტარებშიც მწერენ, რომ ვგავარ, თუმცა აქ ასეთი რამ ჯერ არავის უთქვამს. მეც მაქვს სამოდელო გამოცდილება, თუმცა შეიკის მსგავსად არ ვაპირებ სამოდელო კარიერის გაგრძელებას. ახლა ილიას უნივერსიტეტში ბიზნესმენეჯმენტის ფაკულტეტზე ვსწავლობ. მინდა საერთაშორისო ურთიერთობებიც შევისწავლო. ძალიან მომწონს ძლიერი და ჭკვიანი ქალები. ასე რომ, მე დიპლომატიის გზას ავირჩევ.

ყოველთვის მინდოდა, "მის მსოფლიოში" მონაწილეობა და ამერიკაში მოგზაურობა - ორივე სურვილი ამისრულდა, ალბათ, მესამე სურვილიც ამიხდება 18 დეკემბერს... ტოპოცეულში თუ მოვხვდი, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები დედამიწაზე.

- თქვენი გვარი ბევრს აბნევს...

- ჩემი გვარის სწორი ფორმაა კოჩეროვა, თუმცა მეტრიკაში კოჩეროვი ჩამიწერეს. რაც შეეხება წარმოშობას, ჩემი დიდი ბაბუა უკრაინიდან გადმოვიდა საქართველოში, აქ ხიდების მშენებლობაში მონაწილეობდა. ისევე როგორც ჩემი მშობლები, მეც თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ქართული მორალით, პრინციპებით, შეხედულებებითა და ტრადიციებით. მიყვარს ეს ქვეყანა.

ეკა სალაღაია