თოჯინების ზღაპარი - კვირის პალიტრა

თოჯინების ზღაპარი

თოჯინების ზეიმი - ასე შეაფასეს თოჯინების საერთაშორისო გამოფენა "ArtDoll თბილისი 2016", სადაც ქართველ მხატვრებთან ერთად მსოფლიოში სახელგანთქმული ხელოვანები მოიწვიეს...

"ყველას თავისი ბავშვობის მოგონება აქვს"

იტალიელი ლაურა სკატოლინი, ლიდერი თოჯინების ინდუსტრიაში, წელიწადში მხოლოდ ათ თოჯინას ქმნის. მისი თოჯინები დღეს ყველაზე ძვირად ღირებულ ნამუშევრებად ითვლება, სპეციალურად საქართველოსთვის მხატვარმა ჟღალთმიანი გოგონა შექმნა. ლაურა სკატოლინის ნამუშევრები 3.000-დან 10.000 ევრომდე ღირს.

"მუშაობის დროს სიფაქიზეა საჭირო. თავდაპირველად მხატვრობით ვიყავი გატაცებული, თოჯინებით უფრო ზრდასრულ ასაკში დავინტერესდი. ყველას თავისი ბავშვობის ზღაპარი აქვს და მინდა ეს ემოცია ყოველი თოჯინათი გაგიზიაროთ".

ჯუჯას გოგრები და ბრძენთა ბრძენი...

გამოფენაზე ნამუშევრები ქართველმა მხატვრებმაც წარმოადგინეს. მაკო გნოლიძემ ზღაპრული გმირები გაგვაცნო.

"ეს არის ჯუჯა, რომელსაც გოგრები დაუმწიფდა და წრუწუნასთან ერთად ზეიმობს, თან ჭკუას გვასწავლის, მოიყვანეთ მოსავალიო. ეს კაცი კი ბრძენთა ბრძენია და უნდა დავუჯეროთ. მინდა, ეს დატვირთული ცხოვრება გავილამაზოთ".

კონცეპტუალური ხელოვნება

აზერბაიჯანში კონცეპტუალური თოჯინების შემქმნელები, პიარვიევზ ჰუსეინოვისა და ირინა გუნდორინას წყვილი, შემოქმედებითი პროცესის დროს კამათობენ, მაგრამ გადაწყვეტილება ერთობლივია.

ოჯახის ისტორია...

უკრაინის ეროვნული ტრიენალეს გამარჯვებული და კიდევ სხვა არაერთი საერთაშორისო კონკურსის მთავარი პრიზის მფლობელი კატარინა ვეშტაკო თბილისში რამდენიმე ნამუშევრით ჩამოვიდა.

"მიყვარს, როდესაც ვქმნი ოჯახის ისტორიას, ხორცს ვასხამ ჩემს ოცნებებს. მფარველი ანგელოზების თემა განსაკუთრებულია, ბავშვებს ხომ ხშირად ჰყავთ უხილავი მეგობრები"...

P.S. საქართველოში პირველად შეიკრიბნენ მსოფლიოში ცნობილი მეთოჯინეები, თუმცა ორგანიზატორები მომავალში არაერთ მსგავს ღონისძიებას გვპირდებიან.

ნინო წიფურია