"ოლიამ სტალინის სახლი რომ ნახა - უიმე, ჩემი პაპა ბომჟი იყოო? - წამოიძახა გაკვირვებულმა"
12-12-2016
"ოლიამ სტალინის სახლი რომ ნახა - უიმე, ჩემი პაპა ბომჟი იყოო? - წამოიძახა გაკვირვებულმა"
"სტალინის შვილიშვილმა მითხრა, ცეკას წევრების ქალიშვილები კეკელკები არიანო"

"დღეს პენსიით ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში. ივანიშვილის მიერ დაწესებულ დახმარებას, 500 ლარს, ქირაში ვიხდი. ორ რესტორანში ვუკრავ კვირაში 3-ჯერ და ასე გამაქვს თავი. ერთი მოვიდა - თქვენ ლეილა სიყმაშვილი არ ხართ, რეტორანში რატომ უკრავთო? რა მოხდა, საზღვარგარეთ ჩემისთანა პიანისტები სხედან რესტორნებში-მეთქი. მაშ, რა მეთქვა?!"


ლეილა სიყმაშვილი რამდენიმე ათეული­ წლის განმავლობაში მუშაობდა რუ­სთაველის თეატრში და ბევრი სპექტაკლი აქვს მუსიკალურად გაფორმებული. და მაინც, "კავკასიური ცარცის
წრე" ყველაზე ძალიან უყვარს...

- რეზო მირცხულავა დგამდა ბულგ­აკოვის "ფარისეველთა შეთქმულებას", კონცერტმაისტერი კი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა და თეატრი უპიანისტოდ დარჩა.­ სწორედ ამ დროს დამიძახეს და მივედი. იმ დღიდან დაიწყო, დაიწყო... რობერტ სტურუამ "ყვარყვარეს" დადგმა რომ გადაწყვიტა, გამომიცხადა,
სცენაზე უნდა დაჯდეო.­ ვიუარე, მსახიობი არ ვარ და სცენაზე რა მესაქმება-მეთქი. რომ არ მომეშვა, ტირილი დავიწყე. მან კი - გეყო კახური ისტერიკებიო - გამომიცხადა... "ყვარყვარეს" მოჰყვა "კავკასიური ცარცის წრე". გამომპრანჭეს, გრიმი გამიკეთეს და დამსვეს მსახიობებთან­ ერთად სცენაზე. "კავკასიური ცარცის წრის" პრემიერა 1975 წელს შედგა. მანამდე მიმდინარეობდა ხანგრძლივი მუშაობა. გია ყანჩელს ყოველდღე მოჰქონდა მელოდია კონკრეტული სცენისთვის და ბევრ მელოდიას ჩემს ემოციებზე ცდიდნენ ის და რობიკო.

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად, ფინალური სცენისთვის­ სტურუამ სთხოვა ყანჩელს, მეტისმეტად დრამატული მელოდია შეექმნა. ყანჩელმა პატ­არა ნაგლეჯზე დაწერილი ნოტები მოიტანა - სიყმა, კოკო (ასე ეძახდა სტურუას) - თავისთან მიგვიხმო და ინსტრუმენტთან მოკალათდა. სანამ დაუკრავდა, რობიკოს ჩემზე ეუბნება: ახლა ეს დებილი თუ ატირდება, მაშინ მელოდიას უცვლელს დავტოვებო... დატოვეს, ჩემმა ემოციამ გაამართლა.

- ერთხანს საქართველოდან გაემგზავრეთ და რუსეთში გადაინაცვლეთ.

- 2000 წელს თბილისში მოხდა მიწი­ს­ძვრა, რომელმაც ჩემი საცხოვრებელი ისე დააზიანა, გამომიცხადეს, სახლი უნდა დატოვოთ, პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით­ თქვენს უსაფრთხოებაზე და არც იმის საშუალება გვაქვს, ბინა გიქირაოთო... ჩემი 80-ლარიანი ხელფასით რა უნდა მექნა? ავდექი და მოსკოვში გავემგზავრე, სადაც შემიფარეს სტალინის ცოლის ნათესავებმა, ალილუევებმა. 10 წელი ვიცხოვრე მათთან, შემდეგ დავბრუნდი თბილისში. ახლა ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ.

- ალილუევებს საიდან იცნობდით?

- სტალინის ქალიშვილი სვეტლანა 1984 წელს თბილისში­ ქალიშვილთან ერთად­ ჩამოვიდა, მაშინ გავიცანი და დავახლოვდით. დამირეკა - მინდა ჩემმა ქალიშვილმა ოლიამ ქართული სიმღერები შეისწავლოს და მირჩიეს, თქვენთვის მომემართაო. პირველად რომ დამირეკა, სტალინის ქალიშვილი ვარო, ვიფიქრე, თეატრიდან ბიჭები მაშაყირებენ-მეთქი. გია ფერაძემ იცოდა ეგეთები, დარეკავდა - შოთა მილორავა ვარ, გოგია ცაბაძე ვარ, ახლაც მეგონა, ის ოინბაზობდა და ყურმილი­ დავკიდე. მერე დამირეკა და ყველაფერი ამიხსნა.

ჩვენი შეხვედრა ჭავჭავაძის 75-ში შედგა, იქ სახლობდნენ. ოლია ნიჭიერი გოგონა იყო და არაჩვეულებრივად შეისწავლა ქართული სიმღერებიც და ენაც. ისეთი ქართულით ალაპარაკდა, მე მისწორებდა აქეთ. ძალიან დავახლოვდით, სულ მანქანაში მეჯდა, დედას მეძახდა. ხან რამაზ ჩხიკვაძესთან დამყავდა, ხან ზეიკო ბოცვაძესთან გავაცანი ქართველი მსახიობები. ერთხელ ვკითხე, ოლია, რატომ არ მეგობრობ ცეკას წევრების ქალიშვილებთან, თქვენ ხომ თანატოლები ხართ-მეთქი. კეკელკები არიანო, მიპასუხა. ეგ სიტყვა სად ისწავლე-მეთქი? დედაჩემს ასწავლა ბებიამისმა კეკემო.
სტალინის სახლ-მუზეუმშიც არაერთხელ იყვნენ, მეც ჩავიყვანე რამდენჯერმე. პირველად რომ შევიდნენ სტალინის სახლში - უიმე, ჩემი პაპა ბომჟი იყოო? - ხმამაღლა­ წამოიძახა გაკვირვებულმა. არა, შვილო, უწინ ყველა ასე ცხოვრობდა-მეთქი.
1986 წელს ამერიკაში დაბრუნდნენ...

- მას შემდეგ თუ გქონდათ კონტაქტი?

- სანამ სვეტლანა გარდაიცვლებოდა გ­ვქონდა მიწერ-მოწერა, მერე - აღარ. ოლია რომ გათხოვდა, სვეტლანამ ქორწილის ფოტოები გამომიგზავნა. წუხდა, არ მოსწონდა სიძე და მართლაც დაშორდნენ.

- დღეს როგორ გაგაქვთ თავი?

- დღეს პენსიით ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში. ივანიშვილის მიერ დაწესებულ დახმარებას, 500 ლარს, ქირაში ვიხდი. ­ორ რესტორანში ვუკრავ კვირაში 3-ჯერ და ასე გამაქვს თავი.

- რესტორანში ხშირად გცნობენ?

- როგორ არა. ამას წინათ ექიმები ქეიფობდნენ. ერთი მოვიდა - თქვენ ლეილა სიყმაშვილი არ ხართ, რეტორანში რატომ უკრავთო? რა მოხდა, საზღვარგარეთ ჩემისთანა პიანისტები სხედან რესტორნებში-მეთქი. მაშ რა მეთქვა?!
ერთხელ ახალგაზრდა მომიახლოვდა, "რამდარირო" დაუკარიო. იმწუთას ვერ შევუსრულე სურვილი, მოგვიანებით ამიხსნეს, რას გულისხმობდა... გამიბრაზდა, ეგ თუ არ იცი, აბა, რისი დაკვრაღა იციო. დღეს უფროსები უფრო მაფასებენ, ვიდრე ახალგაზრდები. როგორც ვატყობ, უცხოელებსაც მოვწონვარ...

"კავკასიური ცარცის წრის" "მიხეილები"...


"კავკასიური ცარცის წრე" რუსთაველის თეატრის მსახიობებმა საქართველოსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 700-ზე მეტჯერ ითამაშეს... დრომ ამ სპექტაკლში არაერთი მსახიობი ჩაანაცვლა, ყველაზე ხშირად კი პატარა მონაწილე - მიხეილ აბაშვილი იცვლებოდა. ამ როლს მეტწილად თეატრის თანამშრომელთა შვილები ან შვილიშვილები ასრულებდნენ. კაპიტალისტურ ქვეყნებში გასტროლებზე ეს ბავშვები არასდროს მიჰყავდათ. წინასწარი შეთანხმებით, დასს ადგილზე ახვედრებდნენ 6-8 წლის "მიხეილს", რადგან მას სპექტაკლში ტექსტი არ ჰქონდა, არ იყო რთული ეს როლი.

პირველი მიხეილ აბაშვილი თეატრის სუფლიორის სოფიო ჯინჭველაშვილის­ შვილიშვილი, ნინო ჩინჩალაძე­ იყო.

80-იანი წლების დასაწყისში მიხეილს სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებელის, ლეილა სიყმაშვილის ქალიშვილი თამუნა სიყმაშვილი, 90-იანი წლების მიწურულიდან კი უკვე თამუნას ვაჟი - გიორგი ალადაშვილი ასახიერებდა:

- მაშინ 4 წლის ვიყავი. ისე შევეჩვიე­ თეატრს, გამოსვლა აღარ მინდოდა. ჩემს თანატოლებს ზოგს ფეხბურთელობა უნდოდა, ზოგს პოლიციელობა, ზოგს კოსმონავტობა, მე კი სცენის მუშა მინდოდა­ გამოვსულიყავი. ალბათ იმიტომ, რომ დიდ ნაწილს მუშების გარემოცვაში ვატარებდი... მახსოვს, სპექტაკლის მიმდინარეობისას კულისებში დროგამოშვებით ჟანრი ლოლაშვილი შემოვარდებოდა სცენიდან, ქალებს ანეკდოტებს უყვებოდა და ისინიც სიცილით იგუდებოდნენ. ერთხელ, სცენაზე გასვლის მოლოდინში­ კულისებში ეტლში მოკალათებულს ჩამძინებია. თუ გახსოვთ, აზდაკი ამბობს: "მე ბავშვი მჭირდება" და მერე ჟანრი მიხმობს­ - "ბავშვი!". ჰოდა, გაიძახის "ბავშვი", "ბავშვი"... მე კი მძინავს არხეინად. ატყდა ჩოჩქოლი, როგორც იქნა, მიპოვეს და ნახევრად მძინარე გამაქანეს სცენაზე...

სხვადასხვა დროს მიხეილ აბაშვილს სპექტაკლის ტექნიკური რეჟისორის, გივი კვაჭაძის ვაჟებიც ასახიერებდნენ.

მიხეილ კვაჭაძე: - ჩემი დაბადების ამბავი "კავკასიური ცარ­ცის­ წრის" მსვლელობისას უცნობებიათ მამაჩე­მისთვის. მარინე თბილელსა და იზა გიგ­ოშვილს უთქვამთ, მიხეილი დაიბადაო. 1983-84 წლებში მიხეილის როლის თამაშიც მომიხდა.

გიორგი კვაჭაძე: - მამას ხშირად დავ­ყვებოდი თეატრში. ერთხელ მიხეილის შემსრულებელს ხელი მოსტყდა და მე გამიყვ­ანეს სცენაზე. ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა, თუმცა მაინც ვღელავდი. მახსოვს, როდესაც რამაზ ჩხიკვაძესთან საგრიმიოროში შემიყვანეს და ტანისამოსი მომარგეს, კოსტიუმი მოკლე მქონდა, თუმცა, ბატონმა რამაზმა თმა გამიჩეჩა და მითხრა: კარგია, ასე უფრო ჰგავხარ ღარიბ ბიჭუნასო. ფინალში არის სცენა, სადაც მიხეილი ცხენზე ზის და სცენა ტრიალებს - ეს იყო ყველაზე ბედნიერი მომენტი ჩემთვის მთელ სპექტაკლში.

მიშ­იკოს როლი ყველასთვის საყვარელი­ ლეილა ძიგრაშვილის შვილი­შვილმა, სალომე­ კიკალეიშვილმაც მოირგო.

- ბებიაჩემი ამ სპექტაკლში დედამთილის როლს თამაშობდა. "მიხეილობას" ჩემს დას უნდა ვუმადლოდე, რომელიც იმხანად რამდენიმე თვის იყო. გასტროლზე პეტერბურგში მიმავალ ბებიაჩემს არ უნდოდა, რომ ორივე­ დედასთან დავეტოვებინეთ. ამიტომ მე თან წამიყვანა. ჯერ კიდევ თვითმფრინავში მოვკარი ყური - "ბარემ ამას ვათამაშოთ მიშიკოს როლიო" და შემეშინდა. რომ ჩავედით, რეპეტიციას პარტერიდან ვადევნებდი თვალს და უცებ სტურუამ - ამოიყვანეთ და აუხსენით, რა უნდა გააკეთოსო. ეს იმდენად რთული მეჩვენებდა, რომ ახსნაც არ ვაცალე, მოვრთე ტირილი. რომ ვეღარ დამამშვიდეს, თავი დამანებეს და ადგილობრივ სკოლებში დაიწყეს მიშიკო აბაშვილის ძებნა... მერე ისე მოხდა, რომ ზუსტად სპექტაკლის დღეს შემოთვალეს პეტერბურგელი მიშიკოს მშობლებმა

- პრობლემა შეგვექმნა და სპექტაკლზე ვერ მოვიყვანთ ბავშვსო. ასე აღმოვჩნდი სცენაზე. მახსოვს, ბებიაჩემმა წამიყვანა, ჩაწერა უნდა გვქონდესო. ადგილზე რადიოს რეპორტიორი დამხვდა, რომელიც მიშიკო აბაშვილზე აკეთებდა რეპორტაჟს; მკითხა, - ჰონორარი რაში დახარჯეო>? არ დამიხარჯავს, ყულაბაში ვაგროვე, ამოვიღებდი, გავაუთოებდი, ჩავდებდი... და ასე რამდენჯერმე... ამით ვერთობოდი. ეს პროცესი იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ინფლაციაც მოხდა და დამრჩა გამომუშავებული კუპიურები რელიკვიად.

90-იანი წლების მეორე ნახევარში მიხე­ილ აბაშვილს დათა თავაძე ასახიერ­ებდა. მას არ მოუწია ამ სპექტაკლში ბებიასთან, იზა გიგოშვილთან ერთად სცენაზე­ დგომამ. ერთ-ერთი მიშიკო მარინა­ კახიანის ვაჟი ვათა (ვახტანგ) მატარაძეც­ გახლდათ...

ჯემალ ღაღანიძე: - ალბათ 50 მიშიკო აბაშვილი მაინც თამა­შობდა სხვადასხვა დროს "კავკასიურ ცარცის წრეში". ბოლოს პატარა რამაზიკო ჩხიკვაძემ განასახიერა 2006 წლის 28 თებერვალს, მაშინ, როდესაც რუსთაველის თეატრის წინ რამაზ ჩხიკვაძის ვარსკვლავი გაიხსნა.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები