ვანდალიზმი კეთილი საქმის სახელით(?!)
12-12-2016
ვანდალიზმი კეთილი საქმის სახელით(?!)
ჟაბეშის მაცხოვრის ეკლესიის სამხრეთის კედელზე მიდგმული მინაშენი

სვანეთის რამდენიმე სოფელსა და თემში კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლები დაამახინჯეს, რის გამოც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართა. ძეგლები უნებართვო, ე.წ. აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისას დაზიანდა.

პაატა გაფრინდაშვილი, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე:
- ჟაბეშის მაცხოვრის ეკლესიაზე, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია, სამხრეთიდან ბეტონით შელესილი, თუნუქით გადახურული მინაშენი, დასავლეთიდან კი საფეხუროვანი სტოა"მიუდგამთ. დარღვეულია ძეგლის ავთენტურობა. აქაურთა თქმით, მინაშენები უცხოეთში
მცხოვრებ ჟაბეშელს დაუფინანსებია.

სოფელ მაცხვარიშის XI საუკუნის უნიკალურ ძეგლს სამრეკლო თვითნებურად მიაშენეს. საკურთხევლის და დარბაზის იატაკი შეცვალეს რუხი ქვის ფილებით. ინტერიერში სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლის ძირები 30 სმ სიმაღლეზეა შელესილი და დაზიანებულია მხატვრობა... ტაძრის კედლების გარშემო ჩასხმულია ბეტონის ცოკოლი.

მაცხვარიშის მთავარანგელოზის (თარნ­გზელ) ეკლესიაში, რომელსაც
ასევე ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს, გალავნის კედელში ჩადგმულია ორსართულიანი ფანჩატურიანი სამრეკლო, რომელიც არღვევს ტაძრის ფიზიკური დაცვის არეალს.

ურთულესი მდგომარეობაა ლატალის თემის სოფელ იენაშში იოანე წინასწარმეტყველის ეკლესიაში (XI ს. ძეგლი), ლაჰილის შუა საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესიაში და ლახუშდის ცენტრში, სასაფლაოზე მდებარე მაცხოვრის ეკლესიაში. ეს უკანა­სკნელი სრულიად გადაკეთებული და ავთენტურობადაკარგულია, დარღვეულია ეთნოგრაფიული რიტუალიც - ამ ტაძართან სრულდებოდა ლიაფანალი (მიცვალებულთა სულების პატივსაცემი დღესასწაული).
ფხოტრერის მთავარანგელოზთა ეკლესიაში თვითნებურად აღუდგენიათ ჩრდილოეთის და დასავლეთის მინაშენები. ყველგან ცემენტია გამოყენებული... ტაძრის სამხრეთ კედელში ჩადგმული უძველესი კარი ხელოვნების ცალკე ნიმუშია. ის რკინის გისოსშია ჩასმული და სწორედ ამ გისოსთან იყრის თავს ტაძარში შემავალი ელექტროგაყვანილობის სადენები. ხანძრის შემთხვევაში კარის გადარჩენა შეუძლებელი იქნება.

ლატალის მაცხვარიში, საკურთხევლის პილასტრების შელესილობა

მოსახლეობის თქმით, ლატალის თემში ეკლესიებზე თვითნებური სამუშაოები მაცხვარიშის წინამძღვრის ძალისხმევით მომხდარა. თუმცა, მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით არ ფიქსირდება მსგავსი დარღვევები, შეცდომას უშვებს ერიც და ბერიც - თვითნებური ჩარევის შედეგად ძეგლებს მთელ საქართველოში ამახინჯებენ. ხშირად ვაფრთხილებთ­ ე.წ. რესტავრატორებს­, შეჩერდნენ, მაგრამ ამაოდ... ერთმა სოფელმა ისე დააფინანსა ტაძრის რესტავრაცია, რომ არავის არაფერი ჰკითხა. გამოჩნდა მეცენატი, იშოვეს ფული და ეგონათ, კეთილ საქმეს აკეთებდნენ, სინამდვილეში ვიღებთ საშინელებას. ერთადერთი გამოსავალია - გავერთიანდეთ ამ სენის წინააღმდეგ. საზოგადოების და მედიის მხარდაჭერის გარეშე სააგენტო ვერაფერს გახდება. ერმაც და ბერმაც უნდა გავითავისოთ, რასთან გვაქვს საქმე, რას ვაკეთებთ ამ უკანონო ქმედებით. სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ სვანეთის რეგიონის პრობლემა. სიკეთის სახელით კულტურულ ძეგლებს მთელი საქართველოს მასშტაბით აზიანებენ.

ლატალის მაცხვარიში, კედლებზე მიდგმული საფეხური

- გაფუჭებულ საქმეს ეშველება?

- ზოგჯერ გამოსწორება შეიძლება, მაგრამ საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს. დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნების და რესტავრაციის მეთოდური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე: - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისადმი ნებისმიერი მოქმედება ან ახალი ტაძრის მშენებლობა შეთანხმებული უნდა იყოს ეპარქიის ხელმძღვანელთან, ეპისკოპოსთან, მისი მეშვეობით კი ჩვენს საბჭოსთან ან კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს საბჭოსთან. სამწუხაროდ, ზოგიერთი სასულიერო პირი ასე არ იქცევა, რის შედეგადაც ძეგლი ზიანდება; ამის გამო საბჭოში ვიბარებთ ეპისკოპოსს, დამრღვევ სასულიერო პირს და ვიძიებთ გარემოებებს. დამრღვევის პასუხისმგებლობის საკითხს კი საპატრიარქო განსაზღვრავს. უკონტროლო მუშაობას არაფერი ეშველება, თუ კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტო და საპატრიარქოს საბჭო ერთობლივად არ ვიმოქმედებთ. ამის აუცილებლობა რომ დადგა, ამიტომაც შეიქმნა ჩვენი ერთობლივი მემორანდუმი, თუმცა რატომღაც, დღემდე ვერ ხორციელდება მემორანდუმით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ღონისიძებები.

ეკა ლომიძე
ლელი
26 დეკემბერი 2016 13:29
წარმოუდგენელი თავხედობაა, საცხოვრებელ სახლებად აქციეს!!!!!

რედაქტორის რჩევით