თუ ფსიქიკურად დაავადებული წამალს არ იღებს, საშიშია!
12-12-2016
თუ ფსიქიკურად დაავადებული წამალს არ იღებს, საშიშია!
"ნუ შეგვეშინდება სიტყვა "ფსიქიატრის"

ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა შიზოფრენია. ამ დიაგნოზით 17 ათასი კაცია რეგისტრირებული, მაგრამ, სპეციალისტების თქმით, ეს ციფრი გაცილებით დიდია


არცთუ დიდი ხნის წინ საქართველო შეძრა 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის სადისტურმა მკვლელობამ და იმის მტკიცებამ, რომ ქვეყანაში კანიბალიზმის შემთხვევა მოხდა. ცხადია, ამ დანაშაულში ბრალდებულების ფსიქიკურ მდგომარეობას სპეციალისტები შეისწავლიან, თუმცა ფაქტია, ნორმალური ფსიქიკის ადამიანი ასეთ სისასტიკეს ვერ ჩაიდენს.
ცოტა ხნის წინ წალენჯიხაში ქარდავების ოჯახში შვილმა მშობლები დახოცა და ცხედრები
დაანაწევრა, მაგრამ ამ შემთხვევაში ცნობილია, რომ დამნაშავე ფსიქიკურად დაავადებულია.
ექიმების თქმით, ყველას, ვისაც ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი შინ ჰყავს,­ უნდა ახსოვდეს, თუ ის წამალს არ იღებს, საშიშია! აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება და ავადმყოფის კლინიკაში გადაყვანა. ამ დროს ექიმებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც ეხმარებიან, ისინი გამოძახების ადგილზე
ერთად გადიან.
საზოგადოებას ახსოვს თბილისში მომხდარი საბედისწერო შეცდომა,­ როცა ოჯახმა სასწრაფოს ნაცვლად ფსიქიატრიულ პაციენტებთან მუშაობის გამოცდილების მქონე ახლობლები გამოიძახა, იქ მისული ახალგაზრდები კი ავადმყოფმა იარაღით დახოცა.
საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მქონეთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ამის მიზეზად სპეციალისტები სოციალურ სტიგმას ასახელებენ. ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა შიზოფრენია. ამ დიაგნოზით 17 ათასი კაცია რეგისტრირებული, მაგრამ, სპეციალისტების თქმით, ეს ციფრი გაცილებით დიდია.

დავით ანდღულაძე, ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი:
"ყველა პაციენტს სხვადასხვაგვარად უნდა მივუდგეთ, მაგრამ ფაქტი ერთია, ყველა ასეთ ადამიანს თანადგომა და ყურადღება სჭირდება. მთავარი უბედურება სტიგმაა, რომელიც აიძულებს ადამიანს, თავი შეიკავოს მკურნალობისგან. ეს კი იმდენად ამძაფრებს მდგომარეობას, რომ ერთ დღეს გაუაზრებელ ქმედებებამდე მიდის. ზოგჯერ ეს სისხლის სამართლის დანაშაულად იქცევა. სტატისტიკის მიხედვით, დანაშაულს უფრო ხშირად შერაცხადი ადამიანები სჩადიან. ფსიქიკურად დაავადებულები დაშინებული არიან და იშვიათად სჩადიან დანაშაულს.

- ყველა დამნაშავეს, რომელიც მკვლელ­ობამდე მიდის, ალბათ, რაღაც დოზით ფსიქიკური პრობლემა აქვს...

- სრულიად ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი დანაშაულს არ ჩაიდენს, ის რაღაც­ ხარვეზების გამო მიდის დანაშაულამდე. ფსიქიკურ ჯანმრთელობას სჭირდება საკმარ­ისი გაწონასწორებულობა. თუ არაფერი მეჩვენება, სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები არა მაქვს, ისეთი ღრმა დეპრესია არა მაქვს, რომ ჭამის მადა დაკარგული მქონდეს, მაგრამ ხშირად ვამბობ, აღარ შემიძლია, დავიღალე, ან უძილობა მტანჯავს, ე.ი. პრობლემა არსებობს და ექიმს უნდა მივმართოთ. თუ ვხედავ, რომ ყველაფერი იმდენად დამღლელი და ნერვების მომშლელია, რომ ფეთქებადი გავხდი, არ ვავლენ, მაგრამ დაძაბული ვარ, ესეც არ არის ჯანსაღი მდგომარეობა და ამ შემთხვევაშიც უნდა მივმართოთ ექიმს.

- სიტყვა "ფსიქიატრი"­ ადამიანებს აშინებთ და ამიტომ უფრო ხშირად ნევროლოგს მიმართავენ.

- ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომ­არეობას, განცდებს, ნევროზს კავშირი არა აქვს ნევროლოგიასთან. ასეთ დროს უმჯ­ობესია ფსიქოთერაპევტს ან ფსიქიატრს მიმართონ, რომელსაც აქვს შესაბამისი სამედიცინო განათლება და შეფასების უნარი, თუ რა დარღვევასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. აბსო­ლუტურად სხვანაირი შესწავლა სჭირდება ნევროზებს, დეპრესიებს, ფსიქოლოგიურ აშლილობებს და არასწორია, როცა ნევროლოგი უნიშნავს ასეთ პაციენტს მკურნალობას. ამიტომ უნდა გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა და ნუ შეგვეშინდება სიტყვა "ფსიქიატრის".

- ხშირად აკრიტიკებენ ფსიქიატრებსაც არაპროფესიონალიზმის გამო.

- პროფესიონალიზმის პრობლემა ნებისმიერ დარგშია და გამონაკლისი ვერ იქნება ფსიქიატრია. პრობლემა იყო მწირი დაფინანსებაც. ჰიგიენური პირობები. საშინელი დამნაშავეც კი არ იხდიდა სასჯელს ისეთ პირობებში, როგორშიც იყვნენ ფსიქიკურად დაავადებული პაციენტები. დღეს გაცილებით კარგი სიტუაციაა. გაუმჯობესებულია როგორც პირობები, ისე პერსონალის დამოკიდებულება პაციენტის მიმართ. იყო შემთხვევები, როცა აგრესიულად ექცეოდა მედპერსონალი პაციენტს, ან თავად პაციენტები სცემდნენ ერთმანეთს.

- წამალზეც მინდა გკითხოთ.­ ბევრი ამბობს, რომ პაციენტები უხარისხო წამალს იღებენ, ამიტომაც მკურნალობა უშედეგოა.

- ხარისხი რომ დაბალია, ამას ვადას­ტ­ურებ, მაგრამ ამ პრობლემისთვის გამოყოფილი თანხა შეიძლება 2 ხარისხიან წამალს ან 17 დაბალხარისხიანს გასწვდეს. ამიტომ ურჩევნიათ, დაბალხარისხიანი იყიდონ და გადაუნაწილონ ყველას, ვიდრე ჰქონდეთ ორი სახეობის წამალი და ბევრი ავადმყოფი უწამლოდ დარჩეს, უმოქმედო არც ერთი წამალი არ არის...

P.S. ფსიქიკური დაავადებები გაზაფხულსა და შემოდგომაზე მწვავდება. ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო პროგრამები. თუ ხვდებით, რომ პაციენტს ფსიქიატრიულში მოხვედრა ავნებს, შეგიძლიათ ამ პროგრამით ისარგებლოთ. ასევე არსებობს შინ მოვლის ჯგუფი, დადიან ოჯახებში და დახმარებას უწევენ პაციენტებს. ფსიქიატრების თქმით, თუ ფსიქიკურად დაავადებული განსაკუთრებულ საშიშროებას არ ქმნის, სტაციონარში არ უნდა მოხვდეს, რადგან საზოგადოებისგან არ უნდა გავრიყოთ.

როდის მივმართოთ ექიმს


ყველაზე მეტად გავრცელებულია ნევრასთენია, დეპრესიული ნევროზი, ისტერია და აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი. ნევრასთენიას იწვევს ხანგრძლივი ემოციური გადაძაბვა, რომლის შედეგადაც ნერვული სისტემა იფიტება, ირღვევა ძილის, შრომისა და დასვენების რეჟიმი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ცხოვრების მძიმე პირობები, კონფლიქტი ოჯახში, სამსახურში. ასეთ დროს…საკმარისია ადამიანს ნერვული სისტემა გამოეფიტოს, რომ ყოველგვარ, თუნდაც უმნიშვნელო გამღიზიანებელზე მძაფრ რეაქციას ავლენს, წვრილმანის გამოც კი ფეთქდება, თუმცა მალევე მშვიდდება. ნევრასთენიით შეპყრობილი ადამიანი მალე იღლება, უჭირს დაძინება, თუ ჩაეძინა, ძალიან ცოტა ხანს სძინავს. დილაობით გამოუძინებლობის შეგრძნება აქვს, მეტისმეტად მოდუნებულია, სტკივა თავი. ისტერიკული ნევროზის ნიშნებია გუნება-განწყობილების უმიზეზო, სწრაფი და ხშირი ცვლა, ჭირვეულობა, ეგოცენტრიზმი, ავადმყოფურად ძლიერი ფანტაზია. ისტერიით შეპყრობილი ადამიანი ცდილობს, განაცვიფროს ირგვლივ მყოფნი და მათი ყურადღების ცენტრში მოექცეს. ამ მიზნით იმპულსურად იქცევა, ემოციებს გადაჭარბებულად გამოხატავს. ისტერიის დროს ადამიანს სხვადასხვა ორგანოსმხრივი ჩივილებიც ხშირად აწუხებს. მაგალითად, მუცლის ტკივილი, გულისრევა, პირში უსიამოვნო გემო, ქოშინი ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, ტკივილი გულმკერდის არეში, შარდვის გახშირება. აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზის დროს ადამიანს აწუხებს აკვიატებული იდეები, შიშები. ფობიური ნევროზი უმეტესად ფსიქიკური ტრავმის შედეგად იჩენს თავს. ხშირია სიკვდილის, მძიმე დაავადების აკვიატებული შიში. ადამიანი, რომელსაც ეშინია, მძიმე ინფექციური სენი არ დაემართოს, წამდაუწუმ საპნით იბანს ხელებს, დღეში რამდენჯერმე ცვლის პირსახოცს, ხშირად უკეთებს დეზინფექციას ტანსაცმელს, ჭურჭელს, ერიდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას. ფობიური ნევროზით შეპყრობილ ადამიანს, გარდა ავადმყოფობისა, შესაძლოა, ეშინოდეს სიმაღლის, სიბნელის, დახურული და ღია სივრცეების, ესკალატორის, ბასრი საგნების. შიშის შეტევებს ხშირად უძღვის წინ თავის ტკივილი, გულის არეში ჩხვლეტის შეგრძნება, არცთუ იშვიათად ხელის, თავის, სახის, ქუთუთოების უნებლიე მოძრაობები. დეპრესიული ნევროზის დროს განწყობა დათრგუნვილია. ის უპირატესად მათ ემართებათ, ვისაც მეტისმეტად აქვს განვითარებული პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის გრძნობა. დეპრესიული ნევროზით შეპყრობილი ადამიანი მოწყენილია, სევდიანი, ხშირად ტირის, დილით გაღვიძება უჭირს, დილიდანვე მოთენთილი და დაღლილია.
თუ გვაწუხებს ეს და სხვა სახის ფსიქიკური პრობლემა, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს და ზედმიწევნით მივყვეთ გამოცდილი ფსიქიატრის დანიშნულ მკურნალობას.


თეა ხურცილავა
13 სექტემბერი 2018 11:59
რაც აქ დაწერეთუ ჩემ შვილს სჭირს ვის მივმართოთა არ ვიცი ძაან გავწვალდით

რედაქტორის რჩევით