"კორეელები მეუბნებოდნენ, უი, რამხელა თვალები­ და ცხვირი გაქვსო. ეს კომპლიმენტი იყო..."
12-12-2016
"კორეელები მეუბნებოდნენ, უი, რამხელა თვალები­ და ცხვირი გაქვსო. ეს კომპლიმენტი იყო..."
"კორეა­ პლასტიკური ქირურგიით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. არის შემთხვევები, როცა სკოლის დამთავრების აღსანიშნავად მშობლები შვილებს პლასტიკურ ოპერაციებს უფინანსებენ"

"შოუში ისეთ მაკიაჟს მიკეთებდნენ, თავი ახალგაცოცხლებული ფიფქია მეგონა. რუჯსაც თოჯინასავით მისვამდნენ. მოკლედ, თოჯინებს უფრო ვგავდით, ვიდრე ცოცხალ არსებებს"


თუ რამდენიმე ათეული წლის წინ სამ­­ხ­რეთი კორეა მსოფლიოს დიდ ყურადღ­ებას არ იპყ­რ­­ობდა,­ დღეს განვითარების ინდექსით აღმოსავლეთ აზიის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა.

ჩვენი რესპონდენტი თათია მანაგაძე მაგისტრანტია, რომელმაც კორეული ენა Kyung Hee-ს უნივერსიტეტში შეისწავლა და თითქმის 10
წელი ცხოვრობდა ამ ქვეყანაში.

- თბილისში აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში ჩავაბარე.­ მინდოდა, იაპონური შემესწავლა, თუმცა კორეული ფაკულტეტი­ გაიხსნა და იქ განვაგრძე სწავლა. წერა რთულია - იწყებ მარჯვნიდან­ და წერ ზემოდან ქვემოთ. ერთ სიტყვას სხვადასხვაგვარად დასმული მახვილით მნიშვნელობაც სხვადასხვა აქვს... მერე დადგა ნანატრი დღე და სეულში
ერთწლიან კურსებზე გავემგზავრე. სწავლა მიმდინარეობდა კორეულად, სტიპენდია 900 დოლარი მექნებოდა, მე მხოლოდ ბილეთი უნდა შემეძინა. ჩემს უნივერსიტეტს Kyung Hee ერქვა. გაცნობისას სტუდენტები მეუბნებოდნენ, უი, რამხელა თვალები­ და ცხვირი გაქვსო. ეს კომპლიმენტი იყო... ერთი წლის შემდეგ უკან დასაბრუნებლად მოვემზადე. უკვე ჩაბარგებულს, საერთო საცხოვრებელში უნივერსიტეტის პროფესორმა მომაკითხა და მაგისტრატურაში ჩაბარება შემომთავაზა.­ გამოცდაზე­ გავედი და ჩავაბარე. ასე დაიწყო ჩემი კორეაში ცხოვრების მეორე წელი. პარალელურად ვმუშაობდი სამშენებლო კომპანიაში,­ რომელსაც მრავალ ქვეყანაში ჰყავდა წარმ­ომადგენლობა. მისი ხელმძღვანელი ჯერ კიდევ საქართველოში გავიცანი. შემომთავაზა, კორეაში თუ ჩამოხვალ, მუშაობას დაგაწყებინებო. ასეც მოხდა...

კორეელები ჩვენსავით პატივს სცემენ­ უფროსებს, მშობლებს. სამსახურში უფროსს აუცილებლად თქვენობით ესაუბრებიან. ოფისებში ფოსტლებით დადიან, დააქვთ კბილის ჯაგრისი. თუ საჭირო გახდა, სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც რჩებიან... შემომთავაზეს მონაწილეობა გოგონათა ტოქშოუში, რომელიც ცენტრალურ არხზე გადიოდა. მონაწილეები უცხო ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც თავიანთი ქვეყნის კულტურაზე, ისტო­რიასა და წეს-ჩვეულებებზე გვიამბობდნენ­. როცა ამ შოუს მონაწილე გავხდი, აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა საქართველოს არ იცნობდა და ვარაუდობდნენ, რომ ჩემი მონაწილეობით შოუს რეიტინგი გაიზრდებოდა. ასეც მოხდა... ამ შოუში თითქმის 2 წელი ვიყავი.

წამყვანი ჩემზე ამბობდა, თათია გაუცინარი ხელმწიფეაო. კორეელი გოგონები ცდილობენ, პრანჭია და ნაზ გოგონებად წარმოაჩინონ თავი, ისე იქცეოდნენ, თითქოს სამო­თხიდან ჩამოფრენილი იყვნენ. მე ასეთი სინაზე და თვალების ფახული ხელოვნურად მეჩვენებოდა, ამიტომაც ჩემი ბუნებრიობა გაუცინრობად მონათლეს. ისეთ მაკიაჟს მიკეთებდნენ, სარკეში რომ ვიხედებოდი, თავი ახალგაცოცხლებული ფიფქია მეგონა. რუჟსაც თოჯინასავით მისვამდნენ. მოკლედ, თოჯინებს უფრო ვგავდით, ვიდრე ცოცხალ არსებებს. კორეელებს ცოტა სულელი, ქარაფშუტა, საყვარელი გოგონები ხიბლავთ...­ მიუხედავად ამისა, ოჯახს ქალები მართავენ. მამაკაცს ხელფასი შინ, მეუღლესთან მიაქვს, რომელიც ოჯახის ბიუჯეტს განაგებს. შეყვარებულების ურთიერთობა რომანტიკულად იწყება, თუმცა შეიძლება ქუჩაში დაინახოთ, როგორ წამო­არტყამს მოფერებით გოგონა ბიჭს თავში... თუ რომანტიკული ვახშამი გამართეს, საფასურს ორივე იხდის - თანხას შუაზე იყოფენ.

კორეელ ქალს შეუძლია ძალიან მოკლე კაბა ატაროს, მაგრამ გულ-მკერდი აუცილებლად დაფარული უნდა ჰქონდეს - მიაჩნიათ, რომ ეს უფრო ინტიმური ადგილია. კორეელებს გამხდარი გოგონები მოსწონთ, დიდი თვალებითა და ცხვირით, ჩამოთლილი ყვრიმალებით.
როდესაც ამ ქვეყანაში პლასტიკური ოპერაციების ბუმი დაიწყო, კორეელი ბიჭები ხუმრობდნენ, გოგონები ისე ჰგვანან ერთმანეთს, რომელია ჩემი შეყვარებული, ვეღარ ვხვდებითო. კორეა­ პლასტიკური ქირურგიით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. არის შემთხვევები, როცა სკოლის დამთავრების აღსანიშნავად მშობლები შვილებს პლასტიკურ ოპერაციებს უფინანსებენ.

- აზარტული თამაშები კორეაში პოპულა­რულია?

- კორეაში ბევრი კაზინოა, მაგრამ, ძირითადად, უცხოელებზეა გათვლილი. ადგილობრივის იქ შესვლა ცუდ ტონად ითვლება...
ერთხელ მეტროში შეყვარებულების ჩხუბს შევესწარი. გოგომ, რაც გინდა, ის გიქნიაო, მიტრიალდა და წავიდა, ბიჭი კი მატარებელს ჩაუხტა...
სუიციდის შემთხვევა ხშირია, ამიტომ მეტროებში ყველგან გამჭვირვალე დამცავი მესრებია დამონტაჟებული. კორეა სუიციდით მესამე ადგილზეა მსოფლიოში.

- ამის მიზეზი რა არის?

- ხშირად ინტერნეტთამაშების გამო იკლავენ თავს. ოთახში თვეობით იკეტებიან და თამაშობენ. ამ ფონზე, ჭკუიდან იშლებიან.
ხშირად მშობლები ამა თუ იმ მიზეზით ეწინააღმდეგებიან შვილების ქორწინებას, იქ კი მშობ­ლების თანხმობის გარეშე ოჯახს ვერ შექმნი. უარს ხშირად სუიციდი მოსდევს. კორეაში სირცხვილად ითვლება ოჯახის დანგრევა. ზოგჯერ ესეც გამხდარა თვითმკვლელობის მიზეზი.
კორეაში სტუდენტი, მოსწავლე, ყველა მუშაობს. მათი მიზანია, ბევრი ფული დააგროვონ. ოჯახს 27-30 წლის შემდეგ ქმნიან. თუ ფული არ დააგროვე, ვერ გათხოვდები. თუ შეყვარებული შენზე მდიდარია, ის ცოლად არ შეგირთავს ან პირიქით...

- დიდთვალება და დიდცხვირა თათია არ ითვლებოდით კორეელებისთვის სასურველ სარძლოდ?

- არასდროს მომსვლია აზრად კორე­ელზე გათხოვება. ის კი არა, თავიდან მეტისმეტად არამამაკაცურებად მეჩვენებოდნენ. ისე ამოიღებენ კაცები ტრანსპორტში სარკეს და თავს შეითვალიერებენ - როგორ გამოიყურებიან, ტონალური ხომ არ აქვთ შესასწორებელი, რომ გაოცდებით...

- კორეულ კერძებს მიეჩვიეთ?

- ძალიან მიყვარს. საკვების უმრავლესობა ცხარეა. მათი სამზარეულო გარნირების სიმრავლით გამოირჩევა. უყვართ კომბოსტოს (კიმჩი) მწნილი. ძროხის ხორცი­ ძვირფას საკვებად ითვლება, თუმცა დელიკატესი ზღვის ცოცხალი პროდუქტებია და მორთმევისას თეფშზე დაცოცავენ.
კორეელი რაღაცას რომ გთავაზობს, აუცილებლად უნდა მიირთვა, თორემ შეურაცხყოფად მიიღებს. ასეთ სიტუაციაში მეც აღმოვჩენილვარ. მასპინძელი მთავაზობდა კერძს, რომელიც დამზადებული იყო რვაფეხას, ორი სახეობის­ თევზისა და რაღაც მოთეთრო მცოცავი არსებებისგან. უარი რომ ვუთხარი, ისე ეწყინა, სუფრასთან ვისხედით და აღარც გამომლაპარაკებია.

- ძაღლის ხორცი თუ დააგემოვნეთ?

- ერთხელ ჩხუბს შევესწარი - კორეელმა ხელი გაარტყა ჯარისკაცს, რომელმაც დაცინვით უთხრა, თქვენ ძაღლის ხორცს მიირთმევთო. კორეელები ამბობენ, ძაღლის­ ხორცი ჩვენი წინაპრების საკვებიაო. როგორც ამიხსნეს, პოტენციის ასამაღლებლად მიირთმევდნენ... კორეელები თუ ჭამისას პირს აწკ­ლაპუნებენ, ეს ნიშნავს, რომ კერძი გემრიელია. გოგონები ძალიან ბევრ ალკოჰოლს სვამენ. ძირითადად, სოჯუს, ბრინჯის არაყივით დაბალგრადუსიან სასმელს. ჩემდა გასაკვირად, მოსწონთ ლობიოს ნამცხვრები და ლობიოს ნაყინი. კორეელებისთვის მთავარია სამი რამ: მუშაობა, ჭამა და დასვენება. იქ ცხოვრება­ დუღს. კორეელების საყვარელი ფრაზაა: "სწრაფად, სწრაფად, სწრაფად". ისეთი ცხოვრების რიტმი აქვთ, ყველაფერი მართლაც სწრაფად უნდა გააკეთო.

ეკა სალაღაია
omari
19 დეკემბერი 2016 22:02
მეგრული დავიწყე და კორეული ისწავლეეეეე?
ია
19 დეკემბერი 2016 11:26
თათია წარმატებები არ მოგკლებოდეს.მე პატარა გოგო მახსოვხარ ისევ.

რედაქტორის რჩევით