"თეთრი ხმაურის" ხმაური - კვირის პალიტრა

"თეთრი ხმაურის" ხმაური

"მარიხუანას ლეგალიზაციისთვის საზოგადოება მზად არ არის"

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წევრებმა აქცია გამართეს. ერთი შეხედვით მშვიდობიანი საპროტესტო შეკრება, რომელშიც რამდენიმე ასეული პირი მონაწილეობდა, სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მიუხედავად ამისა, "თეთრი ხმაურის" წევრები მასშტაბურ აქციებს უახლოეს დღეებშიც აანონსებენ. ახალგაზრდულ მოძრაობას გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძეც შეუერთდა:

"რაც მეტი იქნება ხელისუფლების ზეწოლა, უფრო გავძლიერდებით - თუ დღეს ასობით ადამიანმა აიმაღლა ხმა უსამართლობის წინააღმდეგ, ხვალ ასი ათასამდე მოქალაქე გამოვა ქუჩაში. გაეროს მონაცემებით, საქართველოში ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი ეწევა, ეს ნიშნავს, რომ ყველა ფენაში არიან მოწევის მოყვარულნი, მათ შორის, ხელისუფლებაშიც. უბრალოდ, ისინი ფარსში ცხოვრობენ. ამ დროს თავად ხელშეუხებლები არიან და ყოველდღე რიგით მოქალაქეებს აკავებენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მივაღწიოთ".

როგორია ხელისუფლების პოზიცია და გაითვალისწინებს თუ არა ახალგაზრდული მოძრაობის მოთხოვნებს? - როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელმა აკაკი ზოიძემ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აღნიშნა, უახლოეს მომავალში პარლამენტში ნარკოპოლიტიკის გადახედვისთვის ინიციატივების წარმოდგენა იგეგმება:

- ჩემი პოზიცია ცალსახაა, ნარკოდამოკიდებული ადამიანი ნარკოტიკების მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა იჯდეს, შესაბამისად, ამ მიმართულებით დეკრიმინალიზაცია აუცილებელია. უახლოეს მომავალში აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს განვაახლებთ გუნდში, საბოლოო კანონპროექტზე შევჯერდებით და ცვლილებების პაკეტს კომიტეტში განსახილველად აუცილებლად წარვადგენთ.

- რა ტიპის ცვლილებებზეა ლაპარაკი?

- შესაძლოა, მე განსხვავებულად ვფიქრობდე, მაგრამ მარიხუანას ლეგალიზაციისთვის დღეს საზოგადოება მზად არ არის. თუ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვილაპარაკებთ, ჩემი აზრით, ნარკომოხმარებისთვის მოქალაქეთა დაკავების პოლიტიკა სასწრაფოდ გადასახედია. ვფიქრობ, ქუჩაში გამოსული ადამიანების მოთხოვნების ნაწილი ლეგიტიმურია.

ლაშა კილაძე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი: "ერთი მხრივ, სასწორზე დევს ნარკომანიით დაავადებული პირის, როგორც ინდივიდის უფლებები და, მეორე მხრივ, დგას ის საფრთხეები, რომელსაც ნარკომანია მისი გავრცელების შემთხვევაში უქმნის საზოგადოებასა და სახელმწიფოს. ძნელია სადემარკაციო ხაზის გავლება, რომ ერთი მხრივ, დაცულ იქნეს ნარკომომხმარებლების პირადი თავისუფლება და, მეორე მხრივ, საზოგადოებაც დაცული იყოს იმ რისკებისგან, რასაც ნარკომანიის ფართოდ გავრცელება უკავშირდება. უნივერსალური მიდგომა არ არსებობს.

ნარკოპოლიტიკის ყველა მოდელი ეფუძნება იმ მდგომარეობას, რომელიც ახლა გვაქვს ქვეყანაში. ნარკომომხმარებლების მნიშვნელოვანი ნაწილის წამალდამოკიდებულება, თავის დროზე, სწორედ მარიხუანას მოხმარებით იწყებოდა. დღეს მარიხუანას შემცველობა ორგანიზმში გაცილებით მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ეს წლების წინათ იყო. კვლევების საფუძველზე, რომელსაც ატარებს რამდენიმე ორგანიზაცია, დღესდღეობით საქართველოში ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი მარიხუანაა. არსებული სიტუაცია გვაძლევს საშუალებას, ვიმსჯელოთ, რომ წამალდამოკიდებული პირების დაახლოებით 30% ნარკოტიკების მოხმარებას მარიხუანას საშუალებით იწყებდა და ამის შემდეგ გადადიოდა უფრო მძიმე ნარკოტიკებზე.

ლიბერალიზაციის შემთხვევაში დიდია რისკი, რომ მოხმარება გაიზრდება. დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში ეს რისკები აღმატებულ ხარისხში გადადის, პრაქტიკულად უკონტროლო გახდება მათი მოხმარება. თუკი მიწოდება თავისუფალი იქნება, მიწოდება თავისთავად მოითხოვს ნაწარმს და ეს ხელს შეუწყობს ნარკოტიკის მოშენებას. ამასთან, იმ აქტიური ნივთიერების შემცველობა, რომელიც განსაზღვრავს ნარკოტიკულ ზემოქმედებას ჯიშთა სელექციის გზით, მარიხუანაში მკვეთრად არის მომატებული. ამიტომ მარიხუანას მოხმარება დაკავშირებულია უფრო მძიმე პრობლემებთან, ვიდრე იყო რამდენიმე წლის წინ.

რუსუდან შელია