"ისინი ფრთებს ნატრობენ სამშობლოში დასაბრუნებლად..." - კვირის პალიტრა

"ისინი ფრთებს ნატრობენ სამშობლოში დასაბრუნებლად..."

"ღმერთო, მშვიდობით დაგვიბრუნე ყველა ქართველი"

"მხოლოდ სიზმარში, იშვიათი გარინდების წუთებში ეხუტებიან შვილებს, კოცნიან ქართულ მიწას"

"აბა, რით არის მიცვალებულზე უკეთესი სამშობლოდან იძულებით გადახვეწილი ქართველი, რომელიც ლუკმაპურისთვის ფესვებს მოწყვეტილი თვიდან თვემდე მიათრევს გაუხარელ სიცოცხლეს, ილევა და დნება საქართველოს, შვილების, მშობლებისა და ახლობლების მონატრებით, მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლოში არ დააყენა გაჭირვებამ, უსახსრობამ, შიმშილმა და უბედურებამ. ყველაზე მძიმე ის არის, რომ არც იცის, როდის ეღირსება დაბრუნება... წლები კი გარბის და ჩვენი ცხოვრება - თავისუფალი კატორღა - სულსა და გულს ადევს მონატრების ბორკილებად..." - ეს ერთი ქართველი ემიგრანტის სევდიანი, ცრემლიანი დღიურის ფრაგმენტია. ვისაც წერის ნიჭი აღმოაჩნდა, წერს, ვისაც არა - სულზე ლოდად აწევს ეს გაუსაძლისი ყოფა. ცოტა არ გეგონოთ ეს ცრემლით დასველებული დღიურები - მათი რიცხვი ორ მილიონამდეა და კაცმა არ იცის, კიდევ რამდენით გაიზრდება...ქართველს გაჭირვების მეტი რა უნახავს, მაგრამ ამდენი ხალხის ქვეყნიდან გასვლას საქართველო არ მოსწრებია. გულს გიკლავს ბოქლომდადებული ჭიშკრები, გაპარტახებული სამოსახლოები... ბევრი იყო რიხიანი შეძახილები - ჩამოდით, ემიგრანტებო და აქ იმუშავეთ, ყველასთვის მოიძებნება სამსახურიო... მაგრამ სიტყვა სიტყვად დარჩა. ჰოდა, ისევ მიდის ქართველობა საზღვარგარეთ...

"ჩვენისთანა პატარა ერისთვის მიგრაციის ასეთი მასშტაბი კატასტროფაა! გაედინება ერის საჯიშე თაობა..." - ეს სიტყვები სკოლა-ლიცეუმ "ბინულის" მეცხრეკლასელის, ნია სულაძის პრეზენტაციიდანაა.

პრეზენტაცია, რომელიც სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა 10 დეკემბერს გამართეს, წარსულისა და თანამედროვეობის ისეთ საჭირბოროტო თემას ეხებოდა, როგორიც ემიგრაციაა. ბავშვებმა ფერეიდნელი ქართველობით დაწყებული, ლევილის ბინადრებით დამთავრებული, ყველა ქართველის ტკივილი გადმოგვცეს. შეძლებისდაგვარად შეეცადნენ, გაეცათ პასუხი კითხვებზე, რა არის სამშობლო, ვინ იყვნენ და რას ნიშნავდა მშობლიური მიწა ქაქუცა ჩოლოყაშვილისთვის, ვარლამ ჩერქეზიშვილისთვის, ექვთიმე თაყაიშვილისთვის, გრიგოლ რობაქიძისთვის... შემდეგ თანამედროვე ემიგრანტებსა და ემიგრაციის მიზეზებზე ისაუბრეს...

ყველაფერი კი ერთ გაკვეთილზე დაიწყო, რომელზეც მეცხრე კლასი მიხეილ ჯავახიშვილის "მიწის ყივილს" კითხულობდა.

"ნატა მასწავლებელმა საგაკვეთილო თემა გადაგვაქცევინა დიდ პროექტად და ზეიმად", - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

ნატა ასიტაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: - "ნაწარმოების შესწავლისას გიჩნდება სურვილი, რომ ჩვენს ემიგრაციას მიაგო პატივი. მე მარცვალი ჩავაგდე, რომელიც უცებ გაღვივდა და ბავშვებმა შემომთავაზეს, გაგვეკეთებინა პრეზენტაცია. მუშაობის პროცესში კიდევ ერთხელ იგრძნეს, რას ნიშნავს სამშობლო, უსამშობლოდ ყოფნა, როგორ განიცდის ამას ადამიანი. იგრძნეს, როგორი განცდაა ფესვებს მოწყვეტა.

პავლე ინგოროყვას იუბილეზე შევარდნაძე უნდა მისულიყო. იუბილარი შეამზადეს, რომ შევარდნაძისთვის ეთქვა, ჩემს შვილიშვილს ბინა არა აქვსო, მაგრამ შევარდნაძეს დიდმა მეცნიერმა ორად ორი სიტყვა უთხრა: "მოუარეთ საქართველოს!" სამშობლოს ფასი ამქვეყნად არაფერია. ეს ბავშვებმაც უნდა იგრძნონ.

ნიკა შუბითიძე, მოსწავლე: - ნებისმიერი ემიგრანტი თანაგრძნობას იმსახურებს, რადგან უსამშობლოდ მყოფნი, თავის ფესვებს მოწყვეტილნი, მუდმივად სიცარიელეს, მარტოობასა და სულიერ შიმშილს განიცდიან.

თითოეულმა მონაწილემ ემიგრაციის მასშტაბების კატასტროფულად ზრდის სხვადასხვა მიზეზი იპოვა. თავიანთი მოსაზრებები დაასაბუთეს კიდეც და მსჯელობისას მრავალ საჭირბოროტო საკითხს შეეხნენ.

სესილი ქანთარია, მოსწავლე: - სამწუხაროდ, ემიგრანტთა დიდი ნაწილი, განსაკუთრებით სამოქალაქო ომის პერიოდში, სამშობლოს ტოვებდა არა გაჭირვებისა და გადასახლების, არამედ ალკოჰოლიზმსა და ნარკომანიაზე დამოკიდებულების გამო. ბევრი სწორედ ნარკოტიკში პოულობდა შვებასა და თავისუფლებას... და რა იყო ამის მიზეზი? იქნებ სასტიკი რეალობის შიში? იმ რეალობის, რომელსაც გაექცნენ, თან ისე, რომ უკანაც არ მოუხედავთ.

სალომე გორგაძე, მოსწავლე: - დღესაც ემიგრაციის ძირითადი მიზეზი უსახსრობა და ნარკომანიაა. ჯერ კიდევ ბევრს აქვს გასააზრებელი, რომ ნარკოტიკი არ არის თავდახსნის საშუალება, შეცდომაა მასში თავისუფლების ძიება= და ამ მიზეზით მიწა-წყლის მიტოვება.

ნია სულაძე, მოსწავლე: -"ემიგრანტების უმეტესობას ოჯახები საქართველოში ჰყავს. ბევრი მათგანი ვალებით მიდის უცხოეთში. იმ ვალების გასტუმრებას ერთი და ორი წელი არ ჰყოფნის, რადგან შრომის შესაბამის გასამრჯელოზე ნაკლებ ანაზღაურებას იმეტებენ იქაურები. იციან, ემიგრანტს სხვა გზა არა აქვს და თავის სარჩენად გროშებზეც თანახმაა. ზოგის იძულებითი ემიგრანტობა უკვე 10 წელიწადს და მეტს ითვლის. ისეთებიც ვიცი, ისე წამოეზარდნენ შვილები, თვალიც არ მოუკრავთ მათთვის, ისე ჩავიდნენ სამარეში მათი ოჯახის წევრები, რომ ცრემლი ვერ დაადევნეს. რა ქნან? რომ ჩამოვიდნენ, უკან ვეღარ წავლენ სავიზო პრობლემების გამო. თავიანთ წილ საქართველოს ქმნიან უცხოეთში, მაგრამ ვერც ამაში პოულობენ საშველს... მხოლოდ სიზმარში, იშვიათი გარინდების წუთებში ეხუტებიან შვილებს, კოცნიან ქართულ მიწას და... ფრთებს, ფრთებს ნატრობენ სამშობლოში დასაბრუნებლად. ფრთები შეაკვეცეს"საკატორღედ გამეტებულებს და მხოლოდ"ცრემლიანი დღიურებისთვის გაიმეტეს ღვთის მოიმედენი... ღმერთო, მშვიდობით დაგვიბრუნე ყველა ქართველი..."

ბავშვებს სკოლა-ლიცეუმ "ბინულის" ხელმძღვანელებმაც მიმართეს.

ნინო ჯოგლიძე: - დღეს მსოფლიოში მცირე ერების გაბნევისა და დაკარგვის საშიშროება დგება. სწორედ თქვენ ხართ ისინი, ვინც შეიძლება გაიბნეთ ამ სამყაროში, მაგრამ თან უნდა წაიღოთ თქვენი ქვეყნის სიყვარული, სიამაყე, რომ ქართველები ხართ. იცხოვრეთ ღირსეულად და ღირსეულადვე დაგვიბრუნდით.

მარინა კობახიძე: - თქვენი პრეზენტაცია მარადიულ ღირებულებებს ეხება, რომელიც ადამიანს ადამიანურობას მატებს. ეს არის კულტურა, სამშობლო, ენა, წარსული, წინაპრები, დღევანდელობა და მომავალი. მომავალი თქვენ ხართ. თქვენ დღეს დიდი სიყვარულით წარმოაჩინეთ ემიგრაციის ტკივილი, ჩვენი სამშობლოს დღევანდელობა. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას კარგი მომავალი აქვს და თქვენ ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ ერის ცხოვრებაში.

ეკა სალაღაია