იყო ერთი ძალიან ლამაზი დღე - 1995 წლის 18 აპრილი... - კვირის პალიტრა

იყო ერთი ძალიან ლამაზი დღე - 1995 წლის 18 აპრილი...

"პირველად იყო ფიქრი, ფიქრი წამივით ჩაწვეთებული, მყისიერად მოვლენილი და მერე მიჩუმათებული... ფიქრი ჯერ მცირე დროსა და დიდ პაუზას ითხოვდა,

თანდათან იმძლავრა... მარტოობაში აღარ მოუნდა და სხვებთან გაზიარება ითხოვა... ფიქრის ავტორს თანამოაზრენი გაუჩნდა... ფიქრი იგი იყო - გაზეთის გამოშვება, - წერდა "კვირის პალიტრის" პირველი რედაქტორი ლალი გუნთაიშვილი, - უბინაობა, უმისამართობა, უკომპიუტერობა და უხელფასობა - ეს ყველაფერი იყო და იყო ერთი ძალიან ლამაზი დღე - 1995 წლის 18 აპრილი... იყო დიდი მღელვარება, დიდი მოლოდინი და შიში თქვენთან მოახლებისა, ბატონო მკითხველო"...

ასეთი გახლდათ საფუძველთა საფუძველი თქვენი საყვარელი გაზეთის წარმატებისა, მისი საყრდენი და პერსპექტივის მჭედელი... არც ორგანიზაცია იყო, არც ძლიერი ლობი, არც მფარველი - "ზედა ეშელონებიდან", ან მეცენატი ამა ქვეყნის გამდიდრებულთა ფენიდან. ეს იყო ქალი, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა სიცოცხლე, უყვარდა მარადიულ თოვლში გახვეული მწვერვალები, მთა, რომელიც მუდმივად ეძახდა და რომელმაც მთამსვლელთან დააკავშირებინა კიდეც ბედი...

უყვარდა უკიდეგანო ზღვა, მოკენჭილი სანაპირო, უყვარდა თავანკარა წყაროები და ღელეები, ბალახი და ყვავილი... უყვარდა პოეზია და თან მეოცნებე და რომანტიკოსი კი არა, შეიძლება ითქვას, ყველაზე საქმიანი, გამჭრიახი და "მიწაზე მყარად მდგომი" გახლდათ. და რაკი ამდენ ერთმანეთისაგან განსხვავებულ თვისებას აერთიანებდა, იმიტომაც იყო გამორჩეული და გამორჩეული გაზეთიც იმიტომ შექმნა. სწორედ ის გახლდათ ლიბო და საფუძველთ საფუძველი, "კვირის პალიტრისა" - ლალი გუნთაიშვილი.

აპრილი მისი თვეა ორი მიზეზის გამო - ერთი, რომ შვილივით საყვარელი "კვირის პალიტრა" ამ თვეში გაჩნდა და მეორე, თვითონაც აპრილში იყო დაბადებული... 2004 წლის 26 ივლისს გარდაიცვალა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.