ხალხს მადლიერების ნიშნად ყვავის სახელზე ეკლესია აუშენებია - კვირის პალიტრა

ხალხს მადლიერების ნიშნად ყვავის სახელზე ეკლესია აუშენებია

საქართველოში ყვავის (ყორანი) გამოჩენას, მისი ხმის გაგონებას დღესაც უბედურების მოახლოებას, მოსალოდნელ ხიფათს მიაწერენ ადამიანები. სოფელ საგურამოს ახლოს, წიწამურის ტყის განაპირას, ერთი გალავნიანი საყდარია, ეზოში, საჩინო ადგილზე კი ყვავის ქანდაკება დგას - ფრთაგაშლილი ფრინველი თითქოს იქაურობას დარაჯობს. ცხადია, დამაფიქრა ეკლესიის სიახლოვეს მისმა არსებობამ, აი, რა, მიამბეს იქაურებმა:

ავთო ბერიძე: -"არ ვიცი, ვინ და როდის გამოკვეთა ქვაში ფრინველი, რაც თავი მახსოვს, აქ არის, მაგრამ შემიძლია მასთან დაკავშირებული ისტორია გიამბოთ: ოდესღაც მთელი სოფელი, დიდი და პატარა მინდვრად გამოშლილა, გლეხებს მამითადი ჰქონიათ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ მოსავლის აღებაში. შრომაში გართულებს ვერ შეუმჩნევიათ, როგორ ჩამძვრალა ცეცხლზე შემოდგმულ შეჭამადში უხსენებელი და ჩახარშულა. მოიწამლებოდნენ და სიკვდილი არც ერთს არ ასცდებოდა, რომ არა უეცრად მოფრენილი ყვავი, რომელიც პირდაპირ ცხელ ქვაბში ჩავარდნილა. ეს გლეხებს დაუნახავთ - ყვავის ნახარშს ხომ არ შევჭამთო და წამოუპირქვავებიათ ქვაბი - ფრინველთან ერთად გველიც წამოვარდნილა.

ხალხს მადლიერების ნიშნად მის სახელზე ეკლესია აუშენებია."

სერგო იაღანაშვილი: - ყვავის ამბავი მთელ საქართველოში გავრცელებულა და სხვადასხვა კუთხეშიც აუგიათ მისთვის საყდრები. გურჯაანში, უფლისციხეში, ბოლნისსა და ადიგენშიც არის "ყვავის საყდრის" სახელით ცნობილი ეკლესიები, თუმცა ყვავის ქანდაკება მხოლოდ ჩვენთან შემორჩა. ლეგენდებს კი ყველგან ერთნაირს ჰყვებიან...

ყვავის "დანაშაული" სიშავე და ყრანტალია

ყვავი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში უზენაესი ქალღმერთის, ქორწინებისა და მშობიარობის მფარველი ჰერას ატრიბუტთაგანია, სკანდინავიურ მითებში - სიბრძნის სიმბოლო. ქართულ ფოლკლორსა და მითოლოგიაში, ისევე როგორც ბევრი სხვა ხალხისაში, ყვავი სიკვდილის, ვერაგობისა და ავი ბედისწერის სიმბოლოა. არადა, ჭკვიანი ფრინველია, გააჩნია ინტელექტი, რაც ძალიან ბევრ ცხოველსა და ფრინველს არა აქვს. შეუძლია ადამიანის ქცევისა და ხმის გამოჯავრება. იმავდროულად, ყვავები ერთმანეთსაც უზიარებენ ცოდნას - საიდან შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეთ, რას უნდა მოერიდონ და ა.შ. არიან მონოგამები, საოცრად ერთგულნი. ერთ-ერთის სიკვდილის შემდეგ მეორე თავს იკლავს.

ყვავი "სოფლის სანიტარია" - ნარჩენებს ასუფთავებს, ადამიანებთან სიახლოვემ ჩანს, ერთგულებაც ასწავლა - მათ მოსალოდნელ უბედურებას ატყობინებს. მისი გონიერების დასტური ისიც არის, რომ წარღვნის შემდეგ ნოემ პირველი ყვავი აფრინა ხმელეთის მოსაძებნად... ყვავი უზიდავს საკვებს ელია წინასწარმეტყველს, განდეგილ მამებს... მისი მთავარი "დანაშაული" სიშავე და არაკეთილხმოვანი ჩხავილ-ყრანტალია. ყველა ლეგენდას უთუოდ აქვს რეალური საფუძველი. ალბათ, გონიერმა ყვავმა მართლა შესწირა სიცოცხლე ადამიანებს და მათაც დაუფასეს - არაერთ კუთხეში აიგო ყვავის საყდრები.

კახა მჭედლიშვილი