"დედა, რომელმაც სამშობიაროში დამტოვა, დღეს აყვანილ შვილს ზრდის" - კვირის პალიტრა

"დედა, რომელმაც სამშობიაროში დამტოვა, დღეს აყვანილ შვილს ზრდის"

ახლა თავადაც დედაა, სამი წლის გოგონას ზრდის, მაგრამ გულში დიდ დარდსა და სევდას ინახავს. 43 წლის თამრიკო ციცქიშვილი დღეს მარტოხელაა, თუმცა იმ დიდი ტკივილის მიზეზი უქმროდ გაჩენილი შვილი სულაც არ არის, პირიქით - ეს მისი არჩევანი იყო. პასუხგაუცემელი კითხვებით სავსე სევდიანი ისტორია მისი დაბადებისთანავე დაიწყო.

თამრიკო 13 წლის ასაკში ქორწინების გარეშე გაუჩენია დედას და მასზე ოჯახმა უარი თქვა... უარყოფილი ახალშობილი ხაშურელმა წყვილმა იშვილა. გოგონას მოსიყვარულე მშობლები ზრდიდნენ, 11 წლამდე თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ერთხელ მეზობლის ბავშვმა წამოაძახა, ნაშვილები ხარო... იმ დღის შემდეგ მოსვენება დაკარგა. აღმზრდელი მშობლებისთვის არაფერი უთქვამს... 12 წლისამ წიგნების კარადაში პატარა, გაცრეცილი ფურცელი იპოვა, რომელზეც ბავშვური კალიგრაფიით დაწერილი რამდენიმე სიტყვა ამოიკითხა: "მე, ჩემი სურვილით უარს ვამბობ ახალშობილზე". ეს დედის წერილი იყო, სადაც არასრულწლოვანი გოგონა უარს ამბობდა შვილზე... ამას მაშინ ახსნა ვერ მოუძებნა, ახლა კი კარგად ესმის, რატომ დატოვა დედამ, რომელიც თავადაც ბავშვი იყო...

წლები გავიდა და თამარმა დედას ბათუმში მიაგნო... ბევრი მსგავსებაც აღმოაჩინა, მაგრამ წლების შემდეგ, კიდევ ერთხელ უარყო დედამ...

ბედის ირონიაა, რომ თამარის ბიოლოგიურ დედას შვილი აღარ გაუჩნდა. რამდენიმე წლის წინ გოგონა იშვილა და ახლა მას ზრდის. სტატიაში ამ ქალბატონის გვარ-სახელს შეგნებულად არ ვამხელთ...

თამარ ციცქიშვილი: - დავიბადე 1973 წლის 13 თებერვალს ჩაჩავას კლინიკაში, საკეისრო კვეთით. ეს ყველაფერი ჩემმა აღმზრდელმა დედამ მითხრა... სამწუხაროდ, მამა - 2010, დედა კი 2012 წელს გარდაიცვალა. ალბათ, ეშინოდა მარტო არ დავრჩენილიყავი და უკვე ასაკში მყოფმა ყველაფერი მიამბო. მანამდე ამაზე არასდროს გვისაუბრია, მიუხედავად იმისა, ბავშვობაშივე გავიგე, რომ ნაშვილები ვიყავი... რთულია იმ განცდების გადმოცემა, რასაც მე მაშინ ვგრძნობდი, მაგრამ ვცდილობდი, არ შემემჩნია და ის საზარელი ფურცელი, რომელიც ადასტურებდა, რომ დედამ მიმატოვა, უკან, კარადაში იმავე ადგილას დავდე...

წლები გავიდა, ჩავაბარე უმაღლესში, მერე დავიწყე მუშაობა... ხშირად მსმენია, აყვანილ შვილებს აღმზრდელი მშობლების მიმართ პროტესტი უჩნდებათო - მე უფრო შევიყვარე ისინი, ან რა უფლება მქონდა, მათზე გავბრაზებულიყავი, სხვისი შვილი ხომ საკუთარივით გამზარდეს?! გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დედამ ყველაფერი მიამბო. მაშინ გავიგე, რომ 13 წლის შვიდი თვის ორსულისთვის საკეისრო გაუკეთებიათ... სიმართლე გითხრათ, არ გამჩენია პროტესტი - როცა მე მომავლინა ამ ქვეყანას, თვითონაც ბავშვი იყო და არავინ შეეკითხებოდა ჩემს დატოვება-არდატოვებას. ვიცი, რომ გავლენიანი მამა ჰყავდა და ამ ასაკში უქმროდ გაჩენილი ბავშვი მათთვის დიდი ტრაგედია იქნებოდა...

აღმზრდელმა ბიოლოგიური დედის სახელი, გვარი და მისამართიც მითხრა. თავიდან ვერ გავბედე მისვლა... ჩემი აღმზრდელი დედა ხაშურში, სამხედრო ბაზაზე მუშაობდა, მისმა ბათუმელმა თანამშრომელმა მითხრა, ვიცნობ დედაშენს, ისიც მახსოვს, სკოლაში მუცელს როგორ მალავდაო...

"მითხრა, წადი, შენს ცხოვრებას მიხედეო"

ჩემი უსაყვარლესი აღმზრდელი დედის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე გადავწყვიტე ბიოლოგიური დედის მოძებნა. 2007 წელს მეგობრებთან ერთად წავედი ბათუმში და მივადექი სახლს, სადაც დედაჩემი ცხოვრობდა. ვერ გავბედე კარზე დაკაკუნება, მეგობარმა დარეკა ზარი. საოცარი განცდა მქონდა - რამდენიმე წამი და ჩემი ნამდვილი დედა უნდა მენახა...

ამ განცდებში ვარ, მთელი ტანით ვკანკალებ, რომ უცებ კარი იღება... ახალგაზრდა ქალი გამოვიდა, როგორც შემდეგ გაირკვა, დეიდაჩემი იყო... მითხრა, რომ მის დას შვილი დასასვენებლად ჰყავდა წაყვანილი. მერე ჩვენი ვინაობით დაინტერესდა. როცა მისვლის მიზეზი ვუთხარით, აგრესიული გახდა, როგორ გაბედეთ აქ მოსვლაო?! მკაცრად გამაფრთხილა, არ გაბედო ჩემი დის ნახვა და ამ სისულელის თქმაო...

გარეთ შეურაცხყოფილი და ატირებული გამოვედი. არადა, როგორი იმედით მივედი იქ, სადაც დედა მეგულებოდა... მისგან არაფერს ვითხოვდი, ნახვა მინდოდა მხოლოდ და იმის გაგებაც, ვინ არის მამაჩემი... ბათუმელი ნაცნობის დახმარებით გავიგე, სად მუშაობდა დედაჩემი და სამსახურში მივაკითხე... შენობიდან ახალგაზრდა ქალი გამოვიდა და მძიმე ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ. რაც უფრო მიახლოვდებოდა, სულ უფრო ბევრ მსგავსებას ვხედავდი მასში. მომიახლოვდა თუ არა, ვუთხარი, თქვენი შვილი ვარ-მეთქი და მოვუყევი ყველაფერი, რაც ჩემი აღმზრდელისგან ვიცოდი... კარგა ხანს დუმდა.

მინდოდა, მის სახეზე სინანული, სიყვარული, სითბო ამომეკითხა, მაგრამ პირიქით, აგრესიას ვგრძნობდი... მერე დუმილი დაარღვია და მითხრა, სად ცხოვრობო? ხაშურში-მეთქი. აქამდე სად იყავი, მე უკვე მყავს შვილი, აყვანილი გოგონა. შენც ლამაზი გოგო ხარ, წადი, განაგრძე შენი ცხოვრება, ჩემი აყვანილი შვილი შენსავით რომ მოიქცეს, არასდროს ვაპატიებო...

მინდოდა, მამაჩემზეც მეკითხა, მაგრამ საიდანღაც შემოვარდა დეიდაჩემი ბიჭთან ერთად, დაიწყეს კივილი და გამომაგდეს... მეგობრებმა მანქანაში ჩამსვეს და იქაურობა დავტოვე.

ამ შეხვედრიდან რამდენიმე წელი გავიდა, მაგრამ ვერ ვისვენებ, მინდა, უბრალოდ აღიაროს ჩემი არსებობა. იქნებ გენეტიკური ანალიზის აღება ვაიძულო და სამუდამოდ დავუსვა ყველაფერს წერტილი. მისი შვილობილი ახლა 20 წლამდე იქნება, არ მინდა მას ამ ისტორიამ რამე ავნოს, ამიტომაც არ ვასახელებ დედაჩემის გვარ-სახელს. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მადლობელი ვარ მისი, რომ ამქვეყნად მომავლინა...

ახლა თბილისში, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ. საკუთარი მაღაზია მქონდა და ფინანსურად კარგად ვიყავი. ჩემი გოგონა 3 წლისაა. დღეს ეს ბავშვია მთელი ჩემი ცხოვრება. მყავს უამრავი მეობარი, რომლებიც გვერდში მიდგანან.

თორნიკე ყაჯრიშვილი