გურჯაანელი "ლიოტჩიკი" - კვირის პალიტრა

გურჯაანელი "ლიოტჩიკი"

"ველოსიპედით დაწყებული, ტრაქტორით დამთავრებული, რისი ნაწილი არა მაქვს საფრენი აპარატის ასაწყობად გამოყენებული... თავ-პირით თაბაშირში გახვეული და ყავარჯნებით ჯერჯერობით არავის ვუნახავვარ"

დავით ჩახვაშვილს გურჯაანში ვინ არ იცნობს, იქაურები მას "ლიოტჩიკს" ეძახიან. ჰობის გამო შეარქვეს ეს მეტსახელი, რომელმაც რკინისებურად გამოუწრთო ნებისყოფა და წრთობის ოცდამეათე წლისთავზე თვითმფრინავისა და ვერტმფრენის აწყობა შეძლო.

- ჩხირკედელა ბავშვი ვიყავი, იმთავითვე მაინტერესებდა ტექნიკა, განსაკუთრებით ავიაცია, სულ თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს ვხატავდი. ჩვენს პიონერთა სასახლეში მეოთხე კლასიდან ავიამოდელისტთა წრეში ჩავეწერე. იქ ავითვისე ამ საქმის ანაბანა. ძალიან მინდოდა, მფრინავი გამოვსულიყავი. ეს იმხანად მხოლოდ რუსეთში იყო შესაძლებელი, ამისა კი ჩემი მშობლები სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ - ერთი გვყავხარ, ჩვენ ვინ მოგვხედავსო... ასე დავრჩი პროფესიული საავიაციო განათლების გარეშე. მერე ინჟინერ-მექანიკოსის პროფესიას დავეუფლე. მას შემდეგ ამდენი წელი გავიდა და ახლაც ვნანობ, რატომ არ გავიპარე, ვინ იცის, დღეს სად ვიქნებოდი...

ჯარიდან 80-იანების დასაწყისში ჩამოვედი და ნელა-ნელა შევუდექი საფრენი აპარატების აწყობას. ახლა ამაზე დაიწყეს ჩვენებმა, არ გინდა, თავ-პირს დაიმტვრევო... რომ ვერ შემასმინეს, ჩაიქნიეს ხელი. იმხანად ასეთ საქმეს მალულად თუ მოჰკიდებდი ხელს, უშლიდნენ, აღრიცხვაზე აჰყავდათ. მეც რამდენჯერმე მაშინდელ მილიციაში დამიბარეს, გაფრთხილებაც მომცეს... ავუხსენი ყველას, რომ საფრენი აპარატის აწყობით ჩემს ჭიას ვახარებდი...

ოთხმოციანების მეორე ნახევრიდან ყოველწლიურად მივემგზავრებოდი რუსეთში ავიამოყვარულთა შეკრებებზე. მერე, ცხოვრება რომ აირია, ყველასთან გავწყვიტე კონტაქტი. თუმცა აქაც არის რამდენიმე პიროვნება გატაცებული ავიამოდელების შექმნით, მარტო კახეთში 4-5 კაცი ვართ ამ საქმის მოყვარული. რადგან რუსეთში აღარ ხერხდება, კახეთში ვაწყობთ შეხვედრებს.

- ნატახტართანაც იკრიბებიანო, გავიგე...

- 2007 წელს ჩატარდა ნატახტარში შეკრება, რომელზეც ჩემი აწყობილი დელტაპლანი წარვადგინე. ამისთვის დიპლომიც მომცეს, სიგელიც, მას შემდეგ აღარფერი ჩატარებულა.

- სად აწყობთ საცდელ გაკვეთილებს?

- დაილოცოს ალაზნის ველი. თვალს ვერ მიაწვდენ, იმხელა მინდვრებია გადაჭიმული.

- ოდესმე ჩამოვარდნილხართ?

- იყო პატარ-პატარა შემთხვევები, თუმცა სერიოზული არაფერი - თავ-პირით თაბაშირში გახვეული და ყავარჯნებით ჯერჯერობით არავის ვუნახავვარ.

- საფრენი აპარატების სრულყოფა ძვირად ღირებული სიამოვნება იქნება.

- ამიტომ არის, რომ ადამიანი-ორკესტრივით ვარ: კონსტრუქტორიც მე ვარ, დიზაინერიც, ზეინკალიც, ინჟინერიც, მასალათმცოდნეც და გამომცდელიც... ყველა დეტალს ჩემით ვჩარხავ. 15 წელი მექანიკურ ქარხანაში ვიმუშავე ხარატად, მეოთხე თანრიგი მაქვს აღებული. ველოსიპედით დაწყებული, ტრაქტორით დამთავრებული, რისი ნაწილი არა მაქვს საფრენი აპარატის ასაწყობად გამოყენებული, რა თქმა უნდა, ნაწილები სახეცვლას საჭიროებს. თითქმის ყველა ნივთში რაღაც დეტალს ვხედავ, რომელიც გადაკეთების შედეგად შეიძლება მივიღო, მაშინ, როდესაც სხვები მათში მხოლოდ და მხოლოდ ჯართს ხედავენ.

- რამდენი ხანი მოანდომეთ ამ საფრენ აპარატებს?

- 30 წელზე მეტი. ეს ვერტმფრენიცა და თვითმფრინავიც ჩემი ჯიბის, ნერვების, ხელების, შრომისა და ოფლის ხარჯზე აიწყო. დაფინანსება რომ მქონოდა, 1-2 თვის ამბავია აწყობა. დღეს ორივე მათგანი სახლში მაქვს.

- შინ როგორ ატევთ?

- ორივე 5 მეტრია სიგრძეში, სიმაღლე 2 მეტრამდე აღწევს, ფრთაშლილობა 8 მეტრამდეა. ერთი თვითმფრინავია, მეორე - ვერტმფრენი. ორივე ორადგილიანი.

ჯერ თვითმფრინავი ავაწყვე, მაგრამ დიდი ადგილი სჭირდება, ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი.

ვერტმფრენი კი ხელისგულზეც დაჯდება, მანევრირება შეუძლია, შეიძლება მასზე შესაწამლი აპარატი დამონტაჟდეს და შხამქიმიკატებით დაამუშაო ყანები ან მავნე მწერების საწინააღმდეგო პრეპარატებით გაჟღინთო. სოფლის მეურნეობაში, ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულებით ტყის მასივების შემოსავლელად, მწყემსებთან პროდუქტის, ჟურნალ-გაზეთების მისატანად გამოდგება. იმავე მიზნით დიდი ავიაციის დაქირავება ძვირი სიამოვნებაა, ჩემი ვერტმფრენი კი ჩვეულებრივ ავტობენზინზე მუშაობს, სერიული ძრავა აქვს.

- როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება?

- მაქვს პატარა მეურნეობა - ცოტა ხეხილი, ცოტა ვაზი. ოჯახს რომ ეყოფა, იმდენი. ღვინოსაც ვაყენებ, თუ ჩამოხვალთ, სიამოვნებით გაგასინჯებთ. ცალკე სამსახური - ავტოგაზგასამართ სადგურზე მექანიკოსად ვმუშაობ.

ამ ჩემი ჰობის გამო მთელი რაიონი "ლიოტჩიკს" მეძახის. ორი ბიჭი მყავს, თუ დამჭირდა, ორივე მეხმარება, მაგრამ ჩემსავით არ არიან ამ საქმით დაინტერესებული. შვილიშვილს უყვარს ძალიან ტექნიკა. მანქანები ავუწყვე. ააყირავებს ხოლმე, შეძვრება ქვეშ და უკაკუნებს. 4 წლისაა ჯერ და რასაც ხედავს, იმეორებს.

- თქვენს ამბავს რომ ვისმენ, კინოფილმი "შერეკილები" მახსენდება.

- ამ ფილმში ბევრი სიბრძნეცაა ჩადებული. ავიღოთ თუნდაც ქრისტეფორეს კამათი საფრენი აპარატის აწყობისას - სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადიო. მე ვეთანხმები - უსიყვარულოდ არაფერი იქმნება. ეს საქმე რომ არ მყვარებოდა, არ შევეჭიდებოდი. მეუბნებიან, რკინის ნერვები გაქვს, ამდენი წელია, მიზნისკენ ისწრაფვი და დაბრკოლებები არ გაშინებსო.

ეკა სალაღაია