"ხშირად უფროსები უარს ვამბობთ ჭამაზე, რომ პატარები მშივრები არ დარჩნენ" - 10-შვილიანი ოჯახის ბედნიერება და გასაჭირი
27-12-2016
"ხშირად უფროსები უარს ვამბობთ ჭამაზე, რომ პატარები მშივრები არ დარჩნენ" - 10-შვილიანი ოჯახის ბედნიერება და გასაჭირი
"ბედნიერი­ ვარ, რომ არ გამიკეთებია აბორტი და მადლობას ვწირავ უფალს, ამდენი შვილის დედობა რომ მარგუნა"

"შვილებს ვეუბნები, თოვლის ბაბუამ ჯერ ვერ მოიცალა, გაისად აუცილებლად მოვა-მეთქი. "გაისად" კი აღარ დადგა"


ტელეფონი მინდა, აიფონი, გიტარა, ქოლგა, ბარბი, პულტიანი მანქანა, რვეული, ახალი ფეხსაცმელი, პრინცესას კაბა... ჩიკვაიძეების 12-სულიანი ოჯახის პატარა წევრებმა საახალწლო საჩუქრების სია უკვე ჩამოწერეს. იმედი აქვთ, რომ ამ ახალ წელს მაინც შეუსრულებთ ნატვრას თოვლის ბაბუა... მირიან ჩიკვაიძესა და ნინო ბუთხუზს 10 შვილი
ჰყავთ. უფროსი - გიორგი 20 წლისაა, უმცროსი ლუკა, ერთი თვის...

ორი წელია, გლდანში, ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ. მანამდე 20-მდე ბინა გამოიცვალეს. უსახსრობის გამო 6 თვე 150-ე საჯარო სკოლის სარდაფში გაატარეს, მერე 129-ე სკოლის დამხმარე ფართობში, იქიდან დანგრეული ფოსტის შენობის ერთ ციცქნა ოთახში ცხოვრობდნენ... ოჯახში მხოლოდ
მირიანი მუშაობდა, შარშან ფეხი მოიტეხა. ახლა ისიც უმუშევარია. მათი ყოველთვიური შემოსავალი სოციალური დახმარება და უფასო სასადილოდან მოტანილი საკვებია. პატარა ოთახში ორი საწოლი და ერთი დივანი დგას, ღამით კი იატაკზე იშლება ლეიბები.

ნინო ბუთხუზი: -
ოჯახი სიყვარ­ულით შევქმენით. შეყვარებულობისას მირიანმა მკითხა, რა აზრის ხარ, ბევრი შვილი­ რომ გვყავდესო, რატომაც არა-მეთქი. თავად ცხრა დედმამიშვილი ჰყავს. ჩემი მეუღლე 49 წლის არის, მე - 39-ის და უკვე ათი შვილი გვყავს, სამწუხაროდ, ერთი ბავშვი გარდაგვეცვალა...

- ყოველთვის ქირით ცხოვრობდით?

- მე თბილისელი ვარ, ჩემი მეუღლე ლეჩხუმიდან არის. ერთხანს ჩემი მშობ­ლების სახლში ვცხოვრობდით. დედაჩემის­ გარდაცვალების შემდეგ მამამ მეორე ცოლი მოიყვანა, ჩემი ძმაც დაოჯახდა და წამოვედით. 1998 წლიდან ქირით ვართ. როცა ქირის გადახდას ვერ ვახერხებდით, ხან სად გვიხდებოდა ცხოვრება და ხან სად. ერთხანს საპატრიარქოს თავშესაფარში ვიყავით. ორი წელი ლეჩხუმში ვიცხოვრეთ, რუსთავშიც... თბილისის თითქმის ყველა უბანში გვიცხოვრია. გვიჭირდა ბინის შოვნა - ბევრი ბავშვის გამო უარს გვეუბნებოდნენ.
ბედნიერი ვარ, როცა სკოლაში, ან უბანში მეუბნებიან, ძალიან კარგი შვილ­ები გყავთო. მჯერა, რომ ჩემი შვილები ხვალ აუცილებლად მიაღწევენ წარმატებებს. ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი ვიცი, რომლებიც წლების წინ შეძლებულად ცხოვრობდნენ და დღეს არსებობისთვის იბრძვიან, ასეთ მომავალზე ისინი ხომ არასდროს ფიქრობდნენ?! არავინ იცის, ცხოვრება ვის რას უმზადებს.

ბედნიერი­ ვარ, რომ არ გამიკეთებია აბორტი და მადლობას ვწირავ უფალს, ამდენი შვილის დედობა რომ მარგუნა. ჩემი სიმდიდრე შვილებია. ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, თუმცა პირველი კურსის დახურვის შემდეგ სწავლა ვეღარ გავაგრძელე და არ ვნანობ... გული მწყდება, რომ სამ შვილს განათლება ვერ მივეცი - ხშირად ვიცვლიდით საცხოვრებელს. ბოლოს ვარკეთილში ვცხოვრობდით. სამი ბავშვი იქ სწავლობდა. აქ რომ გადმოვედით, სკოლაში მათზე დარიცხული ვაუჩერი გლდანის სკოლაში აღარ გადმოვიდა­ და დამრჩნენ უსწავლელები. გიორგი 20 წლისაა. ერთი კეთილი ადამიანის დახმარებით, კერძო სკოლაში მეთერთმეტე კლასში დადის და ემზადება სტუდენტობისთვის. ამ სკოლაში კიდევ ორი ბავშვი დადის სრულიად უსასყიდლოდ.

- თქვენი ყოველთვიური შემოსავალი რამდენია?

- 720 ლარი. ათი თვის წინ ჩემმა მეუღლემ ფეხი მოიტეხა, სახელმწიფომ კი დაუფინანსა ოპერაცია, მაგრამ რეაბილიტაცია საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა. ყოველდღიურად მინიმუმ 10 პური გვჭირდება. უფასო სასადილოდან მოგვაქვს კერძი და ხუთი პური. შუა კვირაში ის გვეხმარება, რომ სამი პატარა საბავშვო ბაღშია და სამი - სკოლაში, რომლებსაც იქ აჭმევენ. შაბათ-კვირას მაინც გვიჭირს - ყველანი­ შინ ვართ. ხშირად უფროსები უარს ვამბობთ ჭამაზე, რომ პატარები მშივრები არ დარჩნენ.

უფრო მძიმე პერიოდიც ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში. როცა 150-ე საჯარო სკოლის სარდაფი ვცხოვრობდით, არც საჭმელი გვქონდა და არც ჩაი, ბავშვებს შაქრიან წყალს ვასმევდი. ახლა ღვთის წყალობით და კეთილი ადამიანების დახმარებით პური მაინც არ გვაკლია.

- როგორ ხვდებით ახალ წელს?

- უფასო სასადილოდან მოტანილი საჭმლით. შარშან ეკონომიკის სამინისტროდან მოგვიტანეს პროდუქტები. ახლა როგორი ახალი წელი გვექნება, არ ვიცით.­ უკვე წლებია, ბავშვები წერილს სწერენ თოვლის ბაბუას და საჩუქრებზე ოცნებობენ... ვეუბნებით, რომ ჯერ მათთვის ვერ მოიცალა თოვლის ბაბუამ, გაისად აუცილებლად მოვა მათთანაც. ეს "გაისად" აღარ დადგა... იქნებ ჩვენთანაც მოვიდეს სანტა.
ერთი თვის წინ გაგვიჩნდა მეათე შვილი, ლუკა. მივმართეთ სოციალურ სამსახურს, რათა ბავშვიც ჩაეწერათ. ამის გამო ყოვე­ლთვიური სოციალური დახმარებისთვის, ქულები ახლიდან უნდა დავითვალოთო. ალბათ თანხის დარიცხვას ვერ მოახერხებენ, ამ თვეში 70 ლარის გარეშე დავრჩით... ჩემი და ჩემი შვილების ოცნება საკუთარი ჭერია, თუნდაც ასეთი პატარა ოთახი...

მირიან ჩიკვაიძე: -
გაჭირვებამ ბევრი რამ მასწავლა. არაფერი მითაკილია. 90-იან წლებში ჯართს ვაბარებდი. მიმუშავია მშენებლობაზეც, დასუფთავებაშიც. შარშან ორმოში ჩავვარდი და ფეხი მოვიტეხე. ოპერაცია დამჭირდა, რომელიც სახელმწიფომ დამიფინანსა..."
20 წლის გიორგი, 18 წლის ნათია, 16 წლის ვერიკო, 8 წლის საბა, 6 წლის ლიზი, 5 წლის მარიამი, 4 წლის ნიკოლოზი, 3 წლის ბარბარე, 2 წლის ჭიჭიკო და ერთი თვის ლუკა ნამდვილ ახალ წელზე ოცნებობენ, როცა, სხვა ოჯახების მსგავსად, მათ სახლშიც გაიშლება სადღესასწაულო სუფრა და მიიღებენ ნანატრ საჩუქრებს...
იმედს ვიტოვებთ, სხვა შემთხვევების მსგავსად, ახლაც გამოჩნდებიან მკითხველთა შორის ადამიანები, რომლებიც პატარებს გულებს გაუთბობენ. ჩვენ ერთად შეგვიძლია, ამ პატარებს გულში დიდი იმედი ჩავუსახოთ!

თორნიკე ყაჯრიშვილი

თინათინი
03 იანვარი 2017 15:52
ღმერთმა ყველა შვილი ჯანმრთელი და ბედნიერი გიმყოფოთ, მაგრამ იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ ბავშვი, რომელსაც ყველაფერი აკლია, კომპლექსდება და ცოდოა.ხომ შეიძლება შობადობის რეგულირება. მაპატიეთ, ამას რომ ვწერ, მაგრამ ვიცი, რომ ასეთ პირობებში გაზრდილი ბავშვი ვერც სრულფასოვნად იკვებება, სათამაშო და ტანსაცმელიც აკლია... რა ვიცი, მე მგონი, არ ვცდები.ნორმალურ პირობებში, კი ბატონო, იყოლიონ ბევრი შვილი.მაგას რა სჯობია.
ika
31 დეკემბერი 2016 00:30
გილოცავტ ახალ წელს. გმერტმა დაგლოცოტ.
asia
30 დეკემბერი 2016 22:46
კი მაგრამ, რატომ არ ეუბნებით ბავშვებს, რომ თოვლის პაპა არ არსებობს? თქვენც დაისვენებდით და ჩვენც.[მივმართავ მშობლებს]





რედაქტორის რჩევით