რა დაჯდება საახალწლო სუფრა
19-12-2016
რა დაჯდება საახალწლო სუფრა
"ქართველმა სულ რომ იშიმშილოს, ახალ წელს ჩიტის რძეს არ მოიკლებს"

"დოლარის კურსს ძროხის წველასთან რა კავშირი აქვს?!."


ახალი წლის მოლოდინშია ყველა. თითქოს თოვლიც მას უცდის... საახალწლო ფასების მოლოდინი იგრძნობა ბაზარშიც. სუფრის გასაწყობად საჭირო პროდუქტებზე ფასების მატება უკვე დაიწყო...

ნარგიზა ვასაძე, მოვაჭრე:
- წელს ნიგვზის ცუდი მოსავალი იყო. ამიტომ ფასიც გაიზარდა­ - 20 ლარიდან იწყება და 28 ლარამდე მერყეობს. საახალწლოდ, ალბათ, 35 ლარამდეც ავა უმაღლესი ხარისხის ნიგვზის ფასი, გოზინაყი ხომ სწორედ
ასეთი ნიგვზისგან მზადდება. საცივსაც თეთრი ნიგოზი სჭირდება. მუქ და დამტვრეულს, რომელიც გაცილებით იაფი ღირს, მხალეულის ან ხარჩოს მოსამზადებლად თუ გამოიყენებენ. ჩურჩხელას 2-3 ლარად რომ ყიდიან, ის რა ჩურჩხელაა. ცარიელი საღებავი, ცომი და ძაფია. აბა, შაქარი იმდენი ღირს და ნიგოზი კიდევ, რომ კარგი ჩურჩხელა 4-5 ლარზე
ნაკლები არ უნდა ღირდეს. ჩემი ნათესავი საბერძნეთში გზავნის და თითო ჩურჩხელაში 2 ევროს უხდიან. მერე იქ რამდენად ყიდიან, ღმერთმა იცის.
თაფლიც გაძვირდა - ერთი კილოგრამის ფასი 18-20 ლარია.

ზამირა გულიშვილი, მოვაჭრე:
- ახლა კილოგრამი ქათამი 6 ლარი ღირს. მარჩიელობა არ უნდა, რომ საახალწლოდ მისი ფასი მოიმატებს. აგერ 2 დღის წინ 5,50 ღირდა. ყოველდღიურად 20 თეთრით მატულობს პროდუქტის ღირებულება. ნახეთ, როგორი ქათამია, მაგისთანას ინდაურად ასაღებენ და 50 ლარად ყიდიან. ინდაური ახლა 50-70 ლარი ღირს - წონას გააჩნია. საახალწლოდ 100 ლარამდეც რომ ავიდეს, არ გამიკვირდება. მართალია, მომხმარებელი შემცირდა, მაგრამ ეს შობა-ახალ წელს და აღდგომის დღესასწაულებს არ ეხება.

- ამბობენ, რადგან მამლის წელი მოდის, სუფრაზე ფრთიანი არაფერი უნდა გედოთო, ეს თქვენს ბიზნესზე უარყოფითად არ იმოქმედებს?

- გასაყიდი იყოს და საახალწლოდ ყველაფერი გაიყიდება. ქართველი კაცის ბუნება მაინც არ იცოდე - ახალ წელს ჩიტის რძეს არ მოიკლებს­ და შემდეგ მთელი თვეც რომ იშიმშილოს, მომავალ წელს მაინც ისევე მოიქცევა.

გივი შერმადინი, მოვაჭრე:
- ქართ­ული ღორის ხორცი 10-12 ლარი ღირს. გაყინული, უძვლო ხორცი, ბრაზილიური­, 3-4 ლარით ნაკლები. დღესასწაულებზე ქართული ღორის ხორცის ფასი 18 ლარამდეც ასულა. საქონლის ხორცი 12-15 ლარია, საახალწლოდ საქონლის ხორცზე შედარებით ნაკლები მოთხოვნაა. თუ ბევრი ხორცი შემოვიდა ბაზარში, იგივე ფასი დარჩება.
ახლა კილოგრამი გოჭის ფასიც 12 ლარი უნდა ივარაუდო, მაგრამ გოჭის ფასი საახალწლოდ ყველაზე მეტად თამაშობს, შარშან, 30 დეკემბრამდე გოჭი 60-80 ლარი თუ ღირდა, 30-ში 130 ლარამდე ავიდა და 31-ში 200 ლარადაც იყიდებოდა.

ნანა გვალია, მოვაჭრე:
- მოდი დედა, ნახე, რავარი ვაშლი და მანდარინი მაქვს... 2 ლარი ღირს, ნახე, ცოტა ხანში­ ამათ ფასმა როგორ მოიმატოს. 1, 30 ლარად რომ ვიღებდი გასაყიდად, დღეს 1, 70 გადავიხადე და მეც ხომ უნდა დამრჩეს რაღაც.

მაგული გვაზავა, მოვაჭრე:
- იმერული ყველი­ დღეს 8-10 ლარი ღირს, სულგუნი - 14-15 ლარი, შებოლილი სულგუნი 18-20 ლარი. ახალ წელს ყოველთვის მაღალი ფასი ედება.

- დოლარის კურსით უმატებთ ფასს?

- არა, დოლარის კურსს ძროხის წველასთან რა კავშირი აქვს?!. თუ ბევრი ყველი შემოვიდა, უმნიშვნელოდ მოიმატებს ფასი. ჩვენ, როგორც ვიღებთ, მის ღირებულებას 50 თეთრს ან ლარს თუ ვუმატებთ. საერთოდ, ყველი ყველაზე უხვად 30-31 დეკემბერს იყიდება. წინასწარ მომარაგება და წათხში წუწაობა არ უყვართ ჩვენს ქალებს.

მოვაჭრეების პროგნოზით, ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ახალი წლის დღეებში ნაკლებად ძვირდება, თევზია, რადგან საახალწლო სუფრაზე თევზს ნაკლებად მოიხმარენ.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით