"დაიკარგა მდიდარი არქივი, სადაც ზვიად გამსახურდიას ბუნკერში ყოფნის პერიოდთან ერთად, ცხინვალში განვითარებული მოვლენები და დევნილობაა ასახული" - კვირის პალიტრა

"დაიკარგა მდიდარი არქივი, სადაც ზვიად გამსახურდიას ბუნკერში ყოფნის პერიოდთან ერთად, ცხინვალში განვითარებული მოვლენები და დევნილობაა ასახული"

გივი ნახუცრიშვილი: "დაიკარგა მდიდარი არქივი, სადაც ზვიად გამსახურდიას ბუნკერში ყოფნის პერიოდთან ერთად, ცხინვალში განვითარებული მოვლენები და დევნილობაა ასახული"

"ერთხელ მითხრა, მოდი, ერთად გადავიღოთ ფოტო, რა იცი, რა ხდებაო. ეს ერთადერთი ფოტოა, რომელიც უმაღლესი რანგის ადამიანთან მაქვს გადაღებული"

"მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და კეთილსინდისიერებაზე, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის!"- საპრეზიდენტო ფიცი პირველად 1991 წლის 26 მაისს ზვიად გამსახურდიამ დადო... პრეზიდენტის პოსტი 1995 წლის 26 ნოემბერს იმავე ფიცით ედუარდ შევარდნაძემ გადაიბარა. "ვარდების რევოლუციით" მოსულმა საქართველოს რიგით მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ფიცი 2004 წლის 25 იანვარს დადო. ცხრა წლის შემდეგ, 2013 წლის 17 ნოემბერს, მისი პოსტი გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა და საპრეზიდენტო ფიცი პარლამენტში წარმოთქვა. ყველა ამ ისტორიას თავისი ფოტომთხრობელი ჰყავს.

პირველ პრეზიდენტს ბოლო ფოტოები გივი ნახუცრიშვილმა გროზნოში გადაუღო. ისტორიული ფოტოვიდეოარქივი დღეს დაკარგულია - დუდაევის რეზიდენციიდან რუსეთის სპეცსამსახურებმა წაიღეს. გული სწყდება, რომ 700-მდე სამსაათიანი ვიდეოკასეტა და უამრავი გასამჟღავნებელი ფირი დაიკარგა, მაგრამ პირველი პრეზიდენტის ყველა ფოტო მის მეხსიერებაში დარჩა.

გივი ნახუცრიშვილი: - დევნილობის ბოლო პერიოდი ზვიად გამსახურდიამ გროზნოში გაატარა. მეც მის გვერდით ვიყავი და ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო შეხვედრის ფოტო და ვიდეოდოკუმენტაციას ვაკეთებდი.

700-მდე სამსაათიანი ვიდეოკასეტა, რომელიც მისი პრეზიდენტობის ისტორიას ინახავდა, გროზნოში ჰქონდა წაღებული და რუსების შემოსვლის შემდეგ დაიკარგა. დაიკარგა მდიდარი არქივი, სადაც ბუნკერში ყოფნის პერიოდთან ერთად, ცხინვალში განვითარებული მოვლენები და დევნილობაა ასახული.

ჯოჰარ დუდაევი თითქმის ყოველ მეორე დღეს მოდიოდა მის სანახავად და ბევრი ფოტო გადავუღე ორივეს.

ბატონი ზვიადი არასდროს გამოხატავდა დიდ სურვილს, ეპოზიორა ფოტოაპარატის ან კამერის წინ, თუმცა ძალიან დამყოლი იყო.

- ყველაზე დასამახსოვრებული ფოტო რომელია?

- ბორჯომში გადაღებული, ბატონი ზვიადი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო პრეზიდენტი. ციხიდან ერთი თვის გამოსული იყო, როცა ახალციხეში არეულობის მოწყობა სცადეს და იქ ერთად წავედით. ბორჯომში გავჩერდით. სწორედ იქ გადავუღე ეს ფოტო. მომავალი პრეზიდენტი ჩაფიქრებულია, თითქოს წარსულსა და აწმყოზეც დარდობს.

- როგორი იყო თქვენი ბოლო შეხვედრა და ბოლო ფოტო?

- ბოლო ფოტო გროზნოში გადავუღე, სადაც მასთან ერთად, მე და მისი თანამებრძოლები ვართ აღბეჭდილი. მთხოვა, არ გაავრცელოო, უფრთხილდებოდა თავის მებრძოლებს და მათი ოჯახის წევრებს. მერე ეს ფოტოც დაიკარგა.

- მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი დაიღუპა, როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

- კარგა ხანს ვიმალებოდი, უშიშროების თანამშრომლები მთხოვდნენ დოკუმენტურ მასალებს... მერე ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავედი საცხოვრებლად.

სერგო ედიშერაშვილი: "სანამ თვითმფრინავში პანიკა დაიწყებოდა, ედუარდ შევარდნაძე შემოვიდა და სიცილით გვითხრა, - ნუ გეშინიათ, პრეზიდენტი თქვენთან არის, თუ დავიღუპებით, ყველა ერთადო..."

სერგო ედიშერაშვილი ედუარდ შევარდნაძის პირადი ფოტოგრაფი იყო. პრეზიდენტი ოჯახურ გარემოში, ოფიციალურ შეხვედრებზე, მეუღლის საფლავთან და კრწანისის რეზიდენციაში, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე - შევარდნაძის 11-წლიანი მმართველობის ყველა მნიშვნელოვან შეხვედრასა თუ მოვლენას ფოტოზე აფიქსირებდა... მისი ფოტოარქივი საქართველოს მეორე მთავარსარდლის 6 ათასამდე ფოტოს ინახავს.

სერგო ედიშერაშვილი: - "საქინფორმში" ვმუშაობდი. კომუნისტების დროს არ არსებობდა ცნება "პერსონალური ფოტოგრაფი". როცა ედუარდ შევარდნაძე ცეკას პირველი მდივანი გახდა, სულ მე ვიღებდი. 1985 წელს მოსკოვში გადავიდა სამუშაოდ, ხოლო 1992 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უკვე არსებობდა პერსონალური ფოტოგრაფების ინსტიტუტი. "საქინფორმის" ხელმძღვანელობამ მე გადმომაბარა მისი ფოტოგრაფობა. ამიტომ ბევრი ფოტო მაქვს...

ერთ ამბავზე ყოველთვის მეცინება, მაგრამ მაშინ ძალიან დიდი შიში ვჭამე. 1998-1999 წლებია, აშშ-ში გავფრინდით პრეზიდენტი, მისი დაცვა, პრესსამსახური, მე და ჟურნალისტები. უკანა გზაზე, არ ვიცი, საიდან და როგორ, რომელიღაც ჩვენგანმა გაიგო, რომ პილოტის კაბინის ილუმინატორი გაიბზარა... სანამ პანიკა დაიწყებოდა, ბატონი ედუარდი შემოვიდა ჩვენს განყოფილებაში და სიცილით გვითხრა, ნუ გეშინიათ, პრეზიდენტი თქვენთან არის, თუ დავიღუპებით, ყველა ერთად, მაგრამ მალე დავსვამთ თვითმფრინავს უახლოეს ქვეყანაში და შევაკეთებთო. ისე დაგვამშვიდა, აღარც გვინერვიულია. თვითონ არაფრის ეშინოდა. მართლაც გზად ერთ ქვეყანაში ჩავფრინდით და აეროპორტში გამოცვალეს ილუმინატორი. სხვათა შორის, ეს ფოტო, ამერიკიდან რომ მოვფრინავდით, მაშინ არის გადაღებული...

მახსოვს, 1993 წელია. ობიექტიდან აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობაში ღამის 11 საათზე დავბრუნდით. ერთ საათში ახალი წელი უნდა დამდგარიყო. პრეზიდენტმა მითხრა, სერგო, არა უშავს, ამ წელს ასე შევხვდით, მაგრამ მომავალ წელს სოხუმში სულ სხვანაირად შევხვდებითო... იმედს არ კარგავდა...

ჩემს პირად არქივში დაახლოებით 6 ათასამდე ფოტო მაქვს, დიდი ნაწილი კი ცენტრალურ სახელმწიფო არქივში ინახება. 2002 წელს გამოვეცი წიგნი, სადაც ბაბუს ბევრი ფოტო დაიბეჭდა.

- როგორი იყო პრეზიდენტი ოჯახურ გარემოში?

- ძალიან თბილი და იუმორით სავსე კაცი იყო. ძალიან ვუყვარდი.

დილით რომ დამინახავდა, თვალები გაუბრწყინდებოდა და იტყოდა, ზნაჩიტ, ყველაფერი კარგად იქნებაო. ბატონმა ედუარდმა იცოდა ჩვენი, ფოტოგრაფებისა და ოპერატორების ფასი. როდესაც ობიექტივი მიმართული იყო მისკენ, სპეციალურად ჩვენთვის მუშაობდა. არასდროს უთქვამს, გეყოფა გადაღებაო. მისი ერთი გამოხედვა და უკვე ვხვდებოდი, უნდა შემეწყვიტა გადაღება. ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა.

- ალბათ, იყო შემთხვევები, როდესაც მის გვერდით არ იყავით და დღემდე ნანობთ, რომ ფოტოზე ვერ დააფიქსირეთ...

- დიახ, ერთ-ერთი ასეთია "ვარდების რევოლუცია", მიშას შესვლა პარლამენტში. იმ დროს გარეთ ვიდექი, ვიცოდი, რომ ბატონი ედუარდი იქ უნდა გამოსულიყო, მაგრამ სანამ მე გარეთ ვიყავი, მიშა შევიდა და ვერ დავაფიქსირე. არც იმ დღეს ვიყავი შევარდნაძის გვერდით, როცა პირველი ტერაქტი მოუწყვეს. თუმცა ცნობილი ფოტო, სადაც დასისხლიანებული პრეზიდენტი მაისურის ამარაა, ჩემმა ცოლისძმამ გადაიღო.

- როცა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, შემდეგ თუ გააგრძელეთ მასთან ურთიერთობა?

- მერე ერთ-ერთ სახელმწიფო მოღვაწესთან დავიწყე მუშაობა. ორთაჭალაში ვცხოვრობ და კვირაში ერთ დღეს აუცილებლად მივდიოდი მის სანახავად.

ბოლო ფოტო კრწანისის რეზიდენციაში გადავიღე. ეზოში პატარა ეკლესიაა და იქ ეზიარა. ბაბუს ეს ფოტო სანახავად ძალიან მძიმეა. უკვე პენსიაზე იყო გასული, როდესაც მასთან ერთად ფოტო გადავიღე. მითხრა, მოდი, ერთად გადავიღოთ ფოტო, რა იცი, რა ხდებაო. ეს ერთადერთი ფოტოა, რომელიც უმაღლესი რანგის ადამიანთან მაქვს გადაღებული. ახლა ვამზადებ წიგნს, სადაც ჩემი მემუარები და პრეზიდენტის აქამდე უცნობი ფოტოები დაიბეჭდება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ირაკლი გედენიძემ თითქმის ექვსი წელი იმუშავა. თანამდებობას მაშინ გამოემშვიდობა, როცა ჯაშუშობის შეთითხნილი ბრალდებით დააკავეს. მან ისტორიას დაუტოვა ახალგაზრდა და ქარიზმატული, რიგით მესამე პრეზიდენტის ბევრი ისტორიული ფოტო.

ირაკლი გედენიძე: - 2006 წელს საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსში" ვმუშაობდი. ზედიზედ რამდენიმე ღონისძიებაზე მომიწია პრეზიდენტის გადაღებამ. მერე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ითხოვდა, გედენიძე გამოუშვით გადაღებაზეო. ერთ დღეს მათთან მუშაობა შემომთავაზეს და დავიწყე პრეზიდენტის პირად ფოტოგრაფად მუშაობა. მერე რაც მოხდა, ყველამ იცის.

- როგორი იყო მასთან მუშაობა?

- კამერებთან მუშაობა იცოდა. მაქსიმალურ კომფორტს გვიქმნიდა ოპერატორებსაც და ფოტოგრაფებსაც, თუმცა პოზირება არ უყვარდა. არასდროს მითქვამს მისთვის, საით უნდა გაეხედა ან როგორ პოზაში უნდა დამდგარიყო. ცოცხალ კადრებს ვიღებდი.

- მისი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე მძიმე პერიოდი 2008 წლის აგვისტოს ომი იყო. ცნობილი ფოტო, სადაც წაქცეულ პრეზიდენტს დაცვის თანამშრომლები ეფარებიან, თქვენი გადაღებულია?

- არა. იმ დღეს მასთან ერთად არ ვყოფილვარ გორში. თბილისში ვიყავი, შეხვედრა ჰქონდა დანიშნული, მაგრამ ისე მოულოდნელად წავიდა, არც გაგვიგია.

სულ დაახლოებით ორი მილიონი ფოტო მაქვს პრეზიდენტისთვის გადაღებული. ძალიან მდიდარი არქივი დაიკარგა. ფოტოები რეზიდენციაში ერთ-ერთ კომპიუტერში ინახებოდა და, როგორც ჩანს, როცა პრეზიდენტს ვადა ეწურებოდა, მაშინ წაშალეს. იმ კომპიუტერში ჩემი პირადი არქივის ნაწილიც დაიკარგა.

- თუ გაძლევდა მითითებს, სად და როდის უნდა გადაგეღო?

- არ ერეოდა ამ საკითხში. რომ არ მოსწონებოდა რომელიმე ფოტო, აუცილებლად მეტყოდა. ერთი შემთხვევა მახსენდება, ოფიციალური ვიზიტით საზღვარგარეთ ვიყავით. საღამოს თავისუფალი დრო გამოვნახე და ზღვის სანაპიროზე სეირნობისას ბულვარის სილამაზით მოხიბლულმა უამრავი ფოტო გადავიღე. მეორე დღეს პრეზიდენტმა მთხოვა, გადამეღო ის, რაც უკვე გადაღებული მქონდა. იმ ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე ბათუმის ბულვარის რეკონსტრუქცია დაიწყო. მუშაობის განსხვავებული სტილი მაქვს. მაქსიმალურად ვცდილობ, შეუმჩნეველი ვიყო კამერებისთვის. ხშირად ყოფილა, მაგალითად, მიღებაზე ან სიტყვით გამოსვლის დროს, ვერ მხედავდა, არადა, ამ დროს შეიძლება მასთან ძალიან ახლოს ვყოფილიყავი.

მუშაობისას, ძირითადად, თვალებით და ჟესტიკულაციით მელაპარაკებოდა. ვიცოდი, როდის უნდა გადამეღო და პირიქით.

- ბევრი ფოტო გაქვს მასთან ერთად გადაღებული?

- ერთი ფოტო მაქვს მასთან ერთად გადაღებული ვაშინგტონში, თეთრი სახლის ეზოში, რომელიც ბუშის პირადმა ფოტოგრაფმა გადაგვიღო. სურათზე მიხეილ სააკაშვილი და ჯორჯ ბუში არიან, მე გვერდით ვდგავარ და ამერიკელი პრეზიდენტის ძაღლებს ვეთამაშები. კიდევ ორი ფოტო მაქვს გადაღებული მასთან ერთად, ბათუმში, დელფინარიუმის გახსნაზე.

- ბოლო ფოტოები რომელია?

- სანამ დაგვაკავებდნენ, იმ საღამოს გადავუღე ბოლო ფოტო. თავის კაბინეტში იყო და რომელიღაც უცხოურ ჟურნალს ინტერვიუს აძლევდა. ზუსტად იმავე დღეს, იმავე გამოცემისთვის, ჩემმა მეუღლემ, ნათია გედენიძემ, ვანო მერაბიშვილს გადაუღო ბოლო ფოტო მის კაბინეტში. იმ ღამეს დაგვაკავეს.

- ირაკლი, ნანობ, რომ მიხეილ სააკაშვილთან მუშაობდი?

- ნამდვილად არა.

მე იქ ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ბევრი რამ ვისწავლე, თუმცა ასეთ დასასრულს ვერ წარმოვიდგენდი. გათავისუფლების შემდეგ მას ტობავარჩხილში ლაშქრობისას შევხვდი. მოშორებით ვიჯექი და დამიძახა. რომ მივედი, მომიკითხა, ეგ იყო და ეგ...

- პირველი ფოტო პრეზიდენტის რანგში ინაუგურაციის დროს გადავუღე. ეს დღე განსაკუთრებული გახდა ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის და მოქალაქისთვის. მომსწრე ვარ წინასაარჩევნო რბოლის, ასევე ინაუგურაციამდე და შემდეგაც ყველა მოვლენის, სადაც მონაწილეობდა პრეზიდენტი.

ყველა გადაღებაზე ვნერვიულობ, ასე მგონია, პირველად ვიღებ, რადგან ვიცი, რომ თუ ვერ გადავიღე ესა თუ ის მოვლენა, ფოტო ვიზუალის გარეშე იქნება. ამიტომ მაქსიმალურად ვარ კონცენტირებული.

პრეზიდენტის არც ერთი ფოტო არ არის დადგმული, ყველა ასახავს ზუსტად იმ დროს, მომენტსა და ემოციას, რაც იყო. ვცდილობ კონკრეტული დროის დოკუმენტური სიზუსტით გადმოცემას.

- დღე, რომელიც გამორჩეულად გახსოვთ...

- ყველაზე კარგად პირველი ვიზიტი მახსოვს, რომელიც ვილნიუსში იყო და ის ფოტო, რომელიც გადავიღე. სურათს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ზოგს მოეწონა, ზოგს - არა, მაგრამ ეს იყო პირველი გამოწვევა ჩემთვის, როგორც პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფისთვის. ამ დღეს ვიგრძენი პირველად, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრებოდა.

- საოჯახო ფოტოებსაც თუ უღებთ?

- ოჯახურ ფოტოებს იშვიათად ვიღებ. პრეზიდენტის ფოტოგრაფობა ძალიან საპასუხისმგებლოა... რჩევა ჩემს კოლეგებს: იყავით განსხვავებული, არ მიჰბაძოთ არავის.

თორნიკე ყაჯრიშვილი