აქ ფარნის ჩაქრობა სიკვდილს ნიშნავს - თბილისის საიდუმლო მიწისქვეშეთი
19-12-2016
აქ ფარნის ჩაქრობა სიკვდილს ნიშნავს - თბილისის საიდუმლო მიწისქვეშეთი
"ზოგიერთი მიწისქვეშა ლაბირინთი 2 კილომეტრზეა გადაჭიმული და დაახლოებით 100 ოთახისაგან შედგება. ამ გვირაბებში დღემდეა შემორჩენილი ძველი სააგიტაციო პლაკატები და ბროშურები"

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ხილული თბილისის გარდა, საიდუმლო თბილისიც არსებობს - თავშესაფრებით, გვირაბები­თა და ჯურღმულებით დაქსელილი, რის მოწყობაზეც საბჭ­ოთა სახელმწიფო უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა. მოგვიანებით ამ ქსელს თბილისის მეტროს დაუმთავრებელი გვირაბებიც შეემატა, რომელმაც მიწისქვეშა ლაბირინთი შეავსო... თბილისის მიწისქვეშეთის პირველი დიგერები (მიწისქვეშა მკვლევრები) 15 წლის წინ გამოჩნდნენ. ისინი სრულ უკუნეთში ფარნებით
ჩადიან, ესაა ამ ლაბირინთში მათი "არიადნეს ძაფი" - იქ ფარნის ჩაქრობა სიკვდილს ნიშნავს - უკან ვეღარასოდეს დაბრუნდები.

ვაკო ნოზაძე-წერეთელი, დიგერი:
- მიწისქვეშეთში ჩასვლა ბევრისთვის რაღაც დაფარულის შეცნობასთან ასოცირდება; ექსტრიმი ჩვენთვის განუმეორებელი შეგრძნებაა... ვისაც ღამურების და ვირთხების ეშინია, იქ ვერ მოხვდება. იქ გვიან ღამით ჩავდივართ და
გამთენიამდე ვრჩებით.

- შუაღამისას რატომ ჩადიხართ?

- იმიტომ, რომ ხშირად ეს ნებადართული არ არის და თან ვერიდებით, რომ ჩვენ შემდეგ იქ არ აღმოჩნდეს ცნობისმოყვარე და გამოუცდელი ადამიანი. ასეთისთვის მიწის ქვეშ ჩასვლა შესაძლოა, სარისკო აღმოჩნდეს. მახსოვს, როცა შედარებით გამოუცდელი ვიყავით, ერთ-ერთ გვირაბში მუხლამდე წყალში ვიარეთ, თურმე წყალში ჩაგდებულ მაღალი ძაბვის კაბელზე მივაბიჯებდით. კაბელი ოდნავ დაზიანებული­ რომ ყოფილიყო, ყველანი დავიხოცებოდით. მომდევნო გვირაბში კი, რომლის სიმაღლე 67 მეტრია, ერთ დიგერს კიბის საფეხური ჩაუტყდა და მის უკან რომ არ ვყოფილიყავი, ჩავარდებოდა...

- რისთვის სჭირდებოდათ 67-მეტრიანი გვირაბი?!

- ასეთი გვირაბებით ჩაჰქონდათ მასალები მიწისქვეშა მშენებლობებისთვის.

- მიწისქვეშა მშენებლობებში ალბათ დაბომბვისაგან დამცავი თავშესაფრებიც იგულისხმება.

- დიახ. ამ თავშესაფრებში უნდა შეე­ხიზნათ ის ადამიანები, რომელთა სიცოცხლე სახელმწიფოს სჭირდებოდა - ძირითადად მთავრობა და მათი ოჯახები, დანარჩენი ხალხი განწირული იყო. მიწის ქვეშ რამდენიმე ასეთი თავშესაფარი გვაქვს ნანახი, ზოგიერთი მიწის ქვეშ 2 კილომეტრზეა გადაჭიმული და დაახლოებით 100 ოთახისაგან შედგება. ეს ოთახები მთავრობის წევრებს ეკუთვნოდათ, რათა აქედანაც კი ემართათ სიტუაცია. ხის საწოლებიც გვინახავს, ალბათ იმ შემთხვევებისთვის, თუკი თავშესაფრებში ყოფნა დიდხანს გაგრძელდებოდა. იმ გვირაბებში დღემდეა შემორჩენილი ძველი სააგიტაციო პლაკატები. ბროშურები, როგორ უნდა დაიცვან თავი საფრთხის შემთხვევაში... თავშესაფრები აქვს იმდროინდელი ცნობილი პირების სახლებსაც, მაგალითად,­ გმირთა მოედანზე მდებარე კორპუსებს. თუმცა, იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა სიცოცხლეს სახელმწიფოსთვის ფასი ჰქონდა, ქალაქის მოსახლეობის 1% თუ იქნებოდა.

- ამბობენ, ყველაზე ცუდი აურა კრწანისის გვირაბს აქვსო...

- ეს ტყვე გერმანელების აშენებული გვირაბია. ამოსასვლელი ბეტონით ისეა დაფარული, რომ შეიძლება ჩაუარო და ვერ შეამჩნიო. ის კრწანისის რეზიდენციაში ამოდის. სავარაუდოდ, თუ კრწანისში მყოფ ხელისუფლებას ხალხი შეუტევდა, მთავრობა ამ გვირაბით გაიპარებოდა.

- კიდევ რისი უნდა ეშინოდეს გვირაბში ჩასულ ადამიანს?

- გარე სამყაროსგან მოწყვეტა ყოველთვის საშიშია - უცებ შეიძლება ამინდი შეიცვალოს და გვირაბებში იმხელა წყალი ჩადგეს, იქიდან ვერავინ ამოაღწიოს.
ყველაზე საშიში გვირაბში ფარნის ჩაქრობაა - წყვდიადიდან ვერასოდეს გამოაღწევ და ვერც ვერავინ გიპოვის, ცხადია, თუ არ იციან, სად ხარ...

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით