"ციფრულ ერაში მწერლობას საფრთხე ემუქრება" - კვირის პალიტრა

"ციფრულ ერაში მწერლობას საფრთხე ემუქრება"

"მივესალმები საქართველოში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღებას"

"ამერიკაში ვერ ნახავთ მდიდარს, რომელსაც სიკვდილით დასჯიან"

გასულ კვირას საქართველოს ამერიკელი იურისტი და მწერალი, ათამდე ბესტსელერის ავტორი სკოტ თაროუ ეწვია. მისი პირველი წიგნი - "უდანაშაულოდ მიჩნეული" 1987 წელს გამოიცა, 1990 წელს კი რეჟისორმა ალან ჯეი პაკულამ ამავე სახელწოდებით გადაიღო ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ჰარისონ ფორდი ასრულებს. სკოტ თაროუ ცნობილი ადვოკატია. საქართველოში ის აშშ-ის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ქართველ სტუდენტებს, ასევე გაეცნო ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტს.

- ბატონო თაროუ, ეს თქვენი პირველი ვიზიტია საქართველოში. რა იცოდით ჩვენი ქვეყნის შესახებ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

- აქ ჩამოსვლამდე საქართველოს პოლიტიკაზე უფრო ბევრი მსმენოდა - შევარდნაძე, "ვარდების რევოლუცია", ბოლოდროინდელი ცვლილებები ხელისუფლებაში, დემოკრატიაში მიღწეული პროგრესი. მეორე მხრივ, ვიცოდი, რომ სამზარეულო და ღვინო გქონდათ განსაკუთრებული. რამდენიმე თვის წინ ვიყავი სანქტ-პეტერბურგში, სადაც ქართულ რესტორანში დაგვპატიჟეს და შესანიშნავი საღამო მოგვიწყვეს. მანამდე გვითხრეს, რომ რუსეთის ემბარგოს გამო ქართულ ღვინოს ვერ დავაგემოვნებდით. თუმცა, ჩემდა გასაოცრად, ქართული ღვინო მაინც მოგვიტანეს. გაოცებულმა ვიკითხე, საიდან-მეთქი? ჩვენმა მასპინძელმა მითხრა, ჩემი მანქანის საბარგულიდანო. სულ ეს არის ჩემი ცოდნა საქართველოზე.

- როდის გადაწყვიტეთ წიგნების წერა?

- წერა ჯერ კიდევ თინეიჯერობაში დავიწყე. კოლეჯის დასრულების შემდეგ სტენფორდის უნივერსიტეტში ჩავაბარე, თან წერას ვაგრძელებდი. სტენფორდის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ მხოლოდ უნივერსიტეტის ლექტორობა არ მინდოდა. ამიტომაც იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე და ამან დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემს სამწერლო ცხოვრებაში - სამართალზე დავიწყე წერა და პირველი წიგნი სწორედ ამ თემაზე გამოვუშვი.

- რამდენად ხშირად იყენებთ წიგნებში ისტორიებს თქვენი ადვოკატობიდან?

- მე არ ვწერ ჩემს კლიენტებზე, კოლეგებზე, რადგან როდესაც პირველი წიგნი გამოვუშვი სამართლის სკოლაზე, პროფესორები გამინაწყენდნენ. ჩიკაგოში კორუფციაში ბრალდებული მოსამართლეების საქმეში ბრალმდებელი ვიყავი და მოგვიანებით დავწერე ნოველა მართლმსაჯულებაში არსებული კორუფციის საქმის გამოძიების შესახებ, მაგრამ ეს არ იყო იურისტის თვალით დანახული საქმე, არამედ იმ ადამიანის, რომელიც მთავრობას ამხელს. დიდი გამოცდილება მაქვს სიკვდილით დასჯის საქმეებზე მუშაობაშიც და ამ თემაზეც დავწერე წიგნი.

- ხშირად გაკრიტიკებდნენ საავტორო უფლებების მკაცრი დაცვისთვის და ელექტრონული წიგნების წინააღმდეგ გალაშქრებისთვის.

- ელექტრონული წიგნების წინააღმდეგი სულაც არა ვარ. მე მხოლოდ იმ საფრთხეებზე მივუთითებ, რომელიც მწერლობას ემუქრება ციფრულ ერაში. საფრთხე კი სხვადასხვა წყაროდან მოდის. ავტორების ხარჯზე ცდილობენ დამკვიდრებას ციფრულ სამყაროში. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება ბესტსელერის ავტორებს. ლაპარაკია იმ ავტორებზე, რომლებსაც თავის გადარჩენა უწევთ როგორც მწერლებს. საფრთხეა წიგნების მეკობრეობა, რის გამოც წიგნები ელექტრონული გზით უფასოდ ვრცელდება, ამას ოფშორებში რეგისტრირებული მეკობრული ორგანიზაციები აკეთებენ. მაგალითისთვის ავიღოთ "ჰაფინგტონ პოსტი", სადაც ავტორებს უფასოდ უწევთ თავიანთი მასალის გამოქვეყნება. არიანა ჰაფინგტონმა კი, კომპანიის მფლობელმა, ცოტა ხნის წინ კომპანია მილიარდ დოლარად გაყიდა. არადა, არაფერი გადაუხდია მათთვის, ვინც ამ გამოცემისთვის წერდა. სამაგიეროდ, მყიდველმა ვებგვერდი იყიდა სწორედ იმ ავტორების გამო, რომლებმაც შექმნეს ხარისხიანი ვებგვერდი.

მწერლებისთვის საფრთხეა გიგანტი კორპორაციებიც, რომლებიც აკონტროლებენ ინტერნეტს. აშშ-ში წიგნების ბიზნესს "ამაზონი" აკონტროლებს. ის გამომცემელს უფრო მეტს უხდის თითოეული გაყიდული ელექტრონული წიგნის სანაცვლოდ, ვიდრე მკითხველი იხდის. ამის გამო 3 თუ 4 ათასი წიგნის მაღაზია დაიხურა. ახლა კი "ამაზონი" თავად ხსნის წიგნის მაღაზიებს, როგორც ამას მე და სხვა ჩემი თანამოაზრეები ვწინასწარმეტყველებდით.

2004 წლიდან "გუგლმაც" დაიწყო წიგნების კოპირება, რომლის საავტორო უფლებებიც დაცული იყო და მკითხველსა და მომხმარებელს წიგნიდან ამონარიდებს სთავაზობდა. შესანიშნავი სერვისია, თუმცა "გუგლი" შემოსავალს იღებს ამ გვერდებზე განთავსებული რეკლამიდან, მაგრამ უარს ამბობს, ამ შემოსავლის მწერლებისთვის განაწილებაზე. ეს საავტორო უფლებების დარღვევაა.

- როგორც იურისტი, როგორ შეაფასებთ აშშ-ის საკანონმდებლო სისტემას?

- ვამაყობ აშშ-ის ძლიერი საკანონმდებლო სისტემით. ადამიანის უფლებების დაცვა, ქალთა თანასწორობის საკითხები, სამომხმარებლო საკითხები - ეს ყველაფერი იურისტებმა შემოიღეს აშშ-ში. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს საკანონმდებლო სისტემას არა აქვს ხარვეზები, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი არის უთანასწორობა ფულიან და უფულო ხალხს შორის. კიდევ ერთი დიდი პრობლემაა - სიკვდილით დასჯა. თქვენ ვერ ნახავთ მდიდარს, რომელსაც სიკვდილით დასჯიან. მათ ჰყავთ საუკეთესო ადვოკატები, რომლებიც ახერხებენ მოსამართლეებისა და ნაფიცი მსაჯულების დარწმუნებას, შეიწყალონ ისინი მაშინაც კი, როცა სასტიკი დანაშაული აქვთ ჩადენილი. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გაამართლეს ძმები მენენდესები, რომელთაც მშობლები დახოცეს. მრავალი წლის განმავლობაში ამერიკის იურისტთა ასოციაცია ადვოკატებს სთავაზობდა, რომ დროის 3% ღარიბების მომსახურებას მოხმარებოდა, თუმცა არცთუ ისე ბევრმა იურისტმა მოინდომა ეს.

- თქვენ გაეცანით ჩვენი ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის მუშაობას, რომელიც აშშ-ისგან განსხვავებით "ახალგაზრდაა".

- ნაფიცი მსაჯულების სისტემა ყველაზე საიმედო საშუალებაა, თავი დავიცვათ ისეთი დესპოტური მთავრობებისგან, რომლებსაც სურთ სისხლის სამართლის სამართალწარმოების გამოყენება, რათა დააპატიმრონ პოლიტიკური ოპონენტები. ასეთ სიტუაციაში საჭიროა, გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღონ, რადგან ნაფიც მსაჯულებს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. მივესალმები საქართველოში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღებას.

მარი ჯავახიშვილი