ანგელა მერკელის საყვარელი ქართველი ბალერინა
19-12-2016
ანგელა მერკელის საყვარელი ქართველი ბალერინა
"ბერლინის ოპერაში შური და გაუტანლობა ხშირად მიგრძნია, მაგრამ ეს დიდ კონფლიქტში არ გადაზრდილა, არც პუანტები დაუმალავს ვინმეს ჩემთვის და არც კაბა დაუჭრია, რადგან მზად ვიყავი სირთულეებისთვის - ძალიან მონდომებული გახლდით და ამ ფაქტორმა პატივისცემა გამოიწვია. გავლენიანი ნაცნობების ხარჯზე წინსვლას ყველგან ცდილობენ, თუმცა შრომისმოყვარეობა და ნიჭი გერმანიაში ცალსახად ფასდება..."

როგორ მოხვდა 18 წლის ქართველი გოგონა ბერლინის სახელმწიფო­ ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე­ და რატომ პატიჟებდნენ მხოლოდ მას ანგელა მერკელის მიერ გამართულ
წვეულებებზე, თავად­ ქართველი ბალერინა თათა ჯაში გიამბობთ.

გასეირნება ბერლინში

გერმანიაში რომ ჩავედი, 14 წლის ვიყავი. გამიმართლა და ახლობელმა შემომთავაზა საბალეტო სკოლის დასთან ერთად მევარჯიშა... უცებ გავარდა ხმა, - ქართველი­ გოგონაა ჩამოსული, ძალიან კარგი საბალეტო მონაცემებითო. "ჟიზელი" იდგმებოდა და შემო­მთავაზეს ცეკვა. ძალიან პატარა ვიყავი, ცოტა შევშინდი,
როგორ მეცხოვრა უცხო ქვეყანაში და უარი ვთქვი... გავიდა ნახევარი წელიწადი და გამომიგზავნეს­ წერილი - მიწვევდნენ ბერლინის საბალეტო­ სკოლაში, ყველაფერს მიფინანსებდნენ, სტიპენდიას მინიშნავდნენ და თან თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებასაც მთავაზობდნენ. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ასე დაიწყო ჩემი ბერლინური ცხოვრება.

პირველი სოლო

საბალეტო სკოლაში პირველი სოლოს შემდეგ გზა გამეხსნა და მიმიწვიეს "შტაც ოპერაში" ანუ ბერლინის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში. მე ვიყავი პირველი ქართველი მოცეკვავე, ვინც იქ მოხვდა. შევშინდი, მაგრამ თბილად მიმიღეს. თანდათან მეც დავიწყე დიდი ოპერის საბალეტო ცხოვრება. მალე მომცეს სოლო მოდერნ ბალეტში­ "ზაფხულის ღამის სიზმარი", რომელსაც ცნობილმა გამოცემამ "შტარს ვონ ორგენ" სტატიაც მიუძღვნა კრიტიკოსების კომენტარით: "ტიტანიას როლში თათა ჯაშის შესრულება, მიუხედა­ვად ტექნიკური სირთულისა, ძალიან დახვეწილი იყო. მან საოცარი არტისტიზმით გადმოსცა პერსონაჟის ცვალებადი ხასიათი.­ თათა იყო მიმზიდველი და თან ბავშვური".

სისხლიანი პუანტები

გადახეხილი თითები, კოჟრები, სისხლდენა - ეს ბალერინის ყოველდღიურობაა. დასისხლიანებული ფეხებითაც მიცეკვია ისე, რომ პუანტებში სისხლი ჟონავდა, მაგრამ არ გავჩერებულვარ. ყველას უკვირს, ამდენი ტანჯვის შემდეგ რატომ დავბრუნდი საქართველოში. ინტრიგები საბალეტო სფეროს ხშირად ახლავს, მაგრამ ჩვენს დასში მსგავსი­ არ მქონია, ეს ერთ-ერთი მიზეზია ჩემი აქ დაბრუნების. დიდი კომფორტია, როცა კოლეგები მეგობრულები, გვერდში მდგომები არიან. ბერლინის ოპერაში შური და გაუტანლობა ხშირად მიგრძნია, მაგრამ ეს დიდ კონფლიქტში არ გადაზრდილა, არც პუანტები­ დაუმალავს ვინმეს ჩემთვის და არც კაბა დაუჭრია, რადგან მზად ვიყავი სირთულეებისთვის - ძალიან მონდომებული გახლდით და ამ ფაქტორმა პატივისცემა გამოიწვია. გავლენიანი ნაცნობების ხარჯზე წინსვლას ყველგან ცდილობენ, მაგრამ შრომისმოყვარეობა და ნიჭი გერმანიაში ცალსახად ფასდება.

"ანგელას ბალერინა"

ერთხელ გაიმართა სამთავრობო წვეულება სასახლე ბელევიუში, სადაც ყველა სფეროდან თითო ხელოვანი მიიწვიეს. ბალეტიდან მე დამიძახეს, მომაკვდავი გედის როლი უნდა შემესრულებინა. გრანდიოზული ღონისძიება იყო და ესწრებოდნენ გერმანიის პრეზიდენტი, კანცლერი, მინისტრები, მთავრობა სრული შემადგენლობით. "გედების ტბიდან" ჩემმა პარტიამ დიდი მოწონება დაიმსახურა, ფეხზეც კი წამოდგა დარბაზი.

მაშინ შემამჩნია ანგელა მერკელმა და ღონისძიების შემდეგ პირადად გავიცანი. ამ დღის მერე, სადაც კი გერმანიის კანცლერის ღონისძიება იმართებოდა, ბალეტიდან მხოლოდ მე მიწვევდნენ, ასე გამივარდა "ანგელას საყვარელი ბალერინის" სახელი...
დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვცეკვავ. აქ ვარჩიე ყოფნა,­ ოჯახთან ახლოს. ჩვენი თეატრი მსოფლიო დონის თეატრებს არ ჩამოუვარდება.

ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით