ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ყველაზე გამორჩეული მოღვაწე
19-12-2016
ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ყველაზე გამორჩეული მოღვაწე
23 დეკემბერს დაიბადა მიხეილ (მიხაკო) წერეთელი

"დაფანტულ სულებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცათ"


"მარტო ის, რომ 1878 წელს, იმერეთში, ცხრუკვეთში დაბადებული კაცი 1965 წელს გერმანიაში, მიუნხენში გარდაიცვალა, ნათლად მეტყველებს რა ბედი ერგო მიხეილ წერეთელს. ნახევარი ცხოვრება სამშობლოში გაატარა, მეორე ნახევარი - უცხოეთში. აქაც და იქაც მეცნიერებას ემსახურებოდა. დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ჩვენ მიხეილ წერეთლის მეცნიერულ შემოქმედებაზე დღესდღეობით ზერელე წარმოდგენა გვაქვს. აქომამდე ყველა კარი დაკეტილი იყო, არ ვიცით, რას აკეთებდნენ ქართველი სწავლულები ემიგრაციაში.
ახლა ვითარება შეიცვალა. დაფანტულ სულებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცათ. ყველაფერი შესწავლილი იქნება. ყოველი მოღვაწე საქართველოს ისტორიაში იმ ადგილს დაიჭერს, რაც მათ სამართლიანად დაიმსახურეს. ამის ერთი მოწმობა ისიც არის, რომ ამჟამად მიხეილ წერეთლის "ერი და კაცობრიობა" ისევ იბეჭდება და მკითხველთა ახალი თაობა გაეცნობა მას".
აკაკი ბაქრაძე


ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე მიხეილ (მიხაკო) წერეთელი გახლდათ მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში. მიხაკო წერეთელი დაიბადა 1878 წლის 23 დეკემბერს, შორაპნის მაზრის სოფელ ცხრუკეთში. იგი იმერეთის სამეფო ტახტის აზნაურის, იმერთა მეფეების - ალექსანდრე V-ის და სოლომონ I-ის კარის მოძღვრის სვიმონ წერეთლისა და იმერეთის მეფის დავით II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო. წერეთლების ოჯახში მწიგნობრული გარემო სუფევდა. მამა გიორგი წერეთელი თავისი დროისთვის უაღრესად განათლებული პიროვნება და ბრწყინვალე კალიგრაფი იყო, შესანიშნავად იცოდა ქართული სასულიერო და საერო მწერლობა. დედა - მაია იაშვილი მოწინავე არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელი, ცნობილი იყო როგორც ჭკვიანი და დარბაისელი ქალი. კულტურისა და სულიერების გარემომ, რომელიც ოჯახში სუფევდა, განსაკუთრებული როლი ითამაშა მიხაკო წერეთლის პიროვნების ჩამოყალიბებაში. მიხეილ წერეთელმა 1898 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისათვის 1899 წელს გარიცხეს, შემდეგ სწავლობდა სორბონის და ჟენევის უნივერსიტეტებში. 1912 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის განხრით.

1900-1907 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. აქტიურად იყო ჩაბმული ანარქისტულ საქმიანობაში. ამასთან, ეწეოდა ნაყოფიერ პუბლიცისტურ მოღვაწეობას. 1904 წელს იგი შეუერთდა ქართველ სოციალ-ფედერალისტთა ჯგუფს გიორგი დეკანოზიშვილის ხელმძღვანელობით. ეს ჯგუფი მოღვაწეობდა პარიზში. აქ გამოდიოდა მათი გაზეთები "საქართველო" და Lა Gეორგიე. იმავე წელს წერეთელმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის რევოლუციური ჯგუფების ინტერპარტიულ კონფერენციაში, რომელიც პარიზში გაიმართა.

1907 წელს მიხაკო წერეთელი საქართველოში დაბრუნდა. მცირე ხნის შემდეგ, იმავე წლის 30 აგვისტოს, საქართველოში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა - წიწამურთან ვერაგულად მოკლეს დიდი ილია ჭავჭავაძე. გაზეთ "ისარში" გამოქვეყნდა მიხაკო წერეთლის ცნობილი წერილი "კაცია ადამიანი?!" სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა ილიას დაკრძალვაზე, იმავე წლის დამლევს გამოქვეყნდა მემორიალურ კრებულში "ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება".

1910 წელს თბილისში გამოიცა მიხაკო წერეთლის მნიშვნელოვანი სოციოლოგიური გამოკვლევა "ერი და კაცობრიობა", რომელიც წარმოადგენს ქართულ ენაზე გამოცემულ პირველ სოციოლოგიურ მონოგრაფიულ გამოკვლევას. 1912 წელს კი გამოაქვეყნა თავისი ცნობილი ნაშრომი ""შუმერული და ქართული", რომელიც მოგვიანებით ინგლისურ და ფრანგულ ენებზე გამოიცა. 1914 წელს მიხეილ წერეთელმა მოიპოვა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ასირიოლოგიაში.

1913-1916 წლებში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების შრომების რამდენიმე ნომერში გამოქვეყნდა მ. წერეთლის ნაშრომი "შუმერები და ქართველები". არჩეული იყო აღნიშნული საზოგადოების ნამდვილ წევრად. 1918-1919 წლებში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში. 1919-1920 წლებში მიხეილ წერეთელი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ასირიოლოგიასა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში.

1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და მიხაკო წერეთელი იძულებული იყო სამუდამოდ დაეტოვებინა სამშობლო.
1922-1945 წლებში იგი იყო ჯერ ბრიუსელის უნივერსიტეტის, შემდეგ კი ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი.
1920-იანი წლების პირველ ნახევარში სტამბოლის (კონსტანტინოპოლი) ქართველ კათოლიკეთა სავანესთან არსებულმა გამომცემლობამ გამოსცა მის მიერ ნათარგმნი "გილგამეშიანი" და მისი მონოგრაფიული გამოკვლევა "ხეთის ქვეყანა".
1926 წლიდან 1940-იანი წლების დამლევამდე იგი იყო ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის "თეთრი გიორგის" ერთ-ერთი ლიდერი.

1929 წელს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტმა გერმანულ ენაზე გამოსცა წერეთლის მონოგრაფია "ახლადაღმოჩენილი ქალდეური წარწერები".
1933-1953 წლებში საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის რევიუ დ"ასირიოლოჟი (ბელგია) ნომრებში გამოქვეყნდა მისი სტატიების სერია ურარტუს ისტორიის საკითხებზე. მ. წერეთელი არჩეული იყო ამ ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრად.
1933 წელს ბერლინში გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის ცნობილი თხზულების "სიბრძნე სიცრუისა"" მიხეილ წერეთლისეული გერმანული თარგმანი.

მეორე მსოფლიო ომის წლებში მ. წერეთელი იყო გერმანიაში მოქმედი "ქართული სამოკავშირეო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ამ კომიტეტის ძალისხმევით გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლდა ასობით ქართველი სამხედრო ტყვე. გარდა ამისა, 1942 წელს იგი იყო ერთ-ერთი მოთავე ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის ""ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის" დაფუძნებისა.

1963 წელს პარიზში გამოიცა "ვეფხისტყაოსნის" მის მიერ აღდგენილი და დადგენილი ტექსტი, ხოლო 1975 წელს პოემის წერეთლისეული გერმანული პროზაული თარგმანი.
1945 წლიდან იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მიუნხენში. 1945 წელს სახელოვანი მამულიშვილის პირად ცხოვრებაში ტრაგედია დატრიალდა: ბრმა შემთხვევამ იმსხვერპლა მისი ერთადერთი ვაჟი - ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე ოთარ წერეთელი.

მიხეილ წერეთელი იყო ქართული ემიგრანტული პერიოდული პრესის აქტიური თანამშრომელი. მისი უშუალო მონაწილეობით პარიზში დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი "ბედი ქართლისა", რომელშიც გამოქვეყნებულია მისი არაერთი საყურადღებო წერილი. გარდა ამისა, მისი სტატიები ქვეყნდებოდა ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალის Georgica (ლონდონი) ფურცლებზე.
იგი გარდაიცვალა 87 წლის ასაკში. მოგვიანებით მისი ნეშტი მიუნხენიდან გადასვენებული იქნა საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით