"ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა შვილთაშვილის ყოლაა. სულ ვეუბნები ქეთის და მპირდება, იქნებაო" - კვირის პალიტრა

"ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა შვილთაშვილის ყოლაა. სულ ვეუბნები ქეთის და მპირდება, იქნებაო"

"ქეთი ლონდონში საკმაოდ ხშირად აკეთებს ხინკალს, მისი მეუღლე გიჟდება ქართულ საჭმელებზე"

ფოტოგალერეა

ქეთი მელუას ახალმა ალბომმა, რომელიც გორის ქალთა კაპელასთან ერთად ჩაწერა, პოპულარობა უკვე მოიხვეჭა. მომღერალმა ალბომზე საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა. ცოტა ხნის წინ კი, მან გორის ქალთა გუნდთან ერთად ევროპული ტურნე დაიწყო, რომლის ყველა კონცერტის ბილეთი წინასწარ იყო გაყიდული... ქართველი მელომანებისთვის სასიხარულოდ, 20 დეკემბერს, ევროპული ტურნეს დასკვნითი კონცერტი ქეთი მელუამ და გორის ქალთა კაპელამ თბილისში გამართეს. მათ ღონისძიებას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა უმასპინძლა. ალბომის ერთ-ერთ სიმღერაზე კლიპი სწორედ აქ გადაიღეს და სიმბოლურია, რომ კონცერტი სწორედ განახლებულ ოპერაში შედგა. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მსმენელთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა. უცხოეთში ქართული კულტურს განსაკუთრებული პოპულარიზაციისთვის საქართველოს პრეზიდენტმა - გიორგი მარგველაშვილმა - ქეთი მელუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა..

კონცერტს ესწრებოდნენ ქეთი მელუას ოჯახის წევრები, - მეუღლე, მშობლები და ძმა და რა თქმა უნდა, ქეთის ბაბუა - ამირან მელუა, რომელთან ინტერვიუსაც გთავაზობთ:

- უბედნიერესი ადამიანი ვარ, კონცერტმა ასე წარმატებულად რომ ჩაიარა. ქეთის სამშობლო განსაკუთრებულად უყვარს და ყველაფერს აკეთებს საქართველოს პოპულარიზაციისთვის. როდესაც საქართველოში ჩამოდის, ხშირად ჩემთან ჩერდება, მაგრამ ამჯერად სასტუმროში იყვნენ. თუმცა კონცერტის დღეს ქეთის მეუღლემ და ძმამ მთელი დღე ჩვენთან გაატარეს, გვიყვებოდნენ თავიანთი სამომავლო გეგმების შესახებ... ქეთის ძმა - ზურიკოც მუსიკოსია, ახლა ძალიან ინტენსიურად სწავლობს პიანინოზე დაკვრას, უკვე კარგად ფლობს გიტარას. სურს გიტარაზე და პიანინოზე ქეთისთან ერთად უკრავდეს. ძალიან ბევრს შრომობს და აუცილებლად დაიჭერს ღირსეულ ადგილს ქეთის გვერდით.

ქეთი კონცერტის წინა დღით იყო ჩვენთან. ბავშვობიდან განსაკუთრებულად უყვარს ჩვენს სახლში მომზადებული პილმენები და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე ავადაა, მისი საყვარელი პილმენები მაინც დავახვედრეთ.

ბავშვობიდან მოყოლებული ბებიამისი მუდმივად ანებივრებდა მისი საყვარელი კერძებით, ახლაც, როგორც კი დარეკა, მაშინვე უთხრა ახლავე ჩვენთან მოდი, უკვე გამზადებული მაქვს, რაც ყველაზე მეტად გიყვარსო... ქეთი, ფაქტობრივად, ამ ეზოშია გაზრდილი და მისთვის ყველაზე ძვირფასია. ეზოში საქეიფო ადგილი გვაქვს და როცა არ ცივა, იქ ჰაერზე მოსწონს ხოლმე სადილობა.

თვითონ ლონდონში ცალკე სახლი იყიდა ახლახან. ორჯერ ვიყავი უკვე. შესანიშნავი პატარა ეზო აქვს. მამამისსაც საკუთარი სახლი აქვს, სადაც ჩემმა რძალმა ქართული ატმოსფერო შექმნა, ეზოც ქართულ ყაიდაზე მოაწყო.

- ხშირად გითქვამთ, რომ თქვენ და ქეთი განსაკუთრებულად მეგობრობთ...

- ქეთი ძალიან თბილი და მოყვარული გოგოა, ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა შვილთაშვილის ყოლაა. სულ ვეუბნები ქეთის და მპირდება, იქნებაო... ხშირად ვერ ვახსენებ, არ მსურს ვაწყენინო, ისედაც მგონია, რომ კარგად იციან ორივე ცოლ-ქმარმა, ბავშვი რომ აუცილებელია! ორივე სრულწლოვანები არიან და ალბათ დაფიქრდებიან, რაც არის ცხოვრებაში მთვარი! თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, აბა, ბაბუას რა უფლება მაქვს, სულ ამაზე ვეჩიჩინო?!

ქეთის ძმა, ზურაბი

მისი სიმღერები არ არის ხტუნვა და ოინბაზობა. თავის მსმენელი ჰყავს, რომელთა უმეტესობა უფრო სოლიდური ხალხია.

დაუჯერებელია, მაგრამ არასოდეს არავის ქეთი გაბრაზებული არ უნახავს. უპრობლემო ადამიანი არ არსებობს, მაგრამ როდესაც რთული პერიოდი აქვს, აქეთ გვამშვიდებს, ყველაფერი კარგად იქნებაო... როდესაც ამხელა კარიერას იწყობ, უამრავ დაბრკოლებას წააწყდები ადამიანი და მათი გადალახვა აუცილებელია. მიუხედავად ყველაფრისა, ოდანავაც არ შეცვლილა. როგორიც იყო ბავშვობაში, ზუსტად ისეთივე დარჩა.

ალბათ ზოგს ჰგონია, ადვილი ცხოვრება აქვსო, მაგრამ სინამდვილეში თავდაუზოგავად შრომობს... არც ვარსკვლავურ ცხოვრებას ირჩევს. ლონდონში, შინ ქართველი დამხმარე ჰყავს, მაგრამ, როცა სცალია, სამზარეულოში თვითონ ფუსფუსებს. მიხარია, ქეთის და მის მეუღლეს ასე რომ უყვართ ერთმანეთი. წარმოიდგინეთ, კონცერტის გამო ჩამოვიდა ამხელა კაცი, ერთი დღით და სკამზეც არ დაჯდა, მთელი კონცერტი ფეხზე იდგა და ისე ადევნებდა თვალყურს გაფაციცებით... ერთმანეთის მიმართ რომეოსა და ჯულიეტასავით არიან. ქეთი ლონდონში ხშირად აკეთებს ხინკალს, მისი მეუღლე გიჟდება ქართულ საჭმელებზე... 82 წლის კაცი ვარ და მხოლოდ იმას ვნატრობ, პატარა ხანს კიდევ ვიცოცხლო და მათი ყურებით დავტკბე.

ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "თუ არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს ქეთი მელუას ნამღერი, ძალით ხომ ვერ შევაყვარებ?!"

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)