"მონიკა ბელუჩიმ გვითხრა, ქართული სიმღერა გულისა და სულის ნაწილიაო" - როგორ დაიპყრო ლამაზმანის გული - ქართულმა სიმღერამ, მზერა - ჩოხამ - კვირის პალიტრა

"მონიკა ბელუჩიმ გვითხრა, ქართული სიმღერა გულისა და სულის ნაწილიაო" - როგორ დაიპყრო ლამაზმანის გული - ქართულმა სიმღერამ, მზერა - ჩოხამ

"გაოცება - სრულიად სხვაგვარი წარმოგვედგინა ბელუჩი და რადიკალურად სხვა ადამიანი შემოვიდა რესტორანში"

ფოტოგალერეა

დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა "თეატრალურის კვარტეტის" წევრების - ლაშა კერვალიძის, ოთო კოვზირიძისა და კობა ჭეფხოძის "ფეისბუკგვერდებზე" (ირაკლი აბჟანდაძის გვერდი, თითქოს, არსად ჩანდა) გავრცელებულ ფოტოებს, სადაც მომღერალ ოთხეულთან და კომპოზიტორ ქეთი გაბისიანთან ერთად იოლად ამოიცნობდი გულითადად მომღიმარ ცნობილ იტალიელ კინოვარსკვლავსა და ფოტომოდელს - მონიკა ბელუჩის. თუმცა, ვიდრე საკუთარი თვალით არ ვნახავდი, ისიც კი ვიფიქრე, ცვილის ფიგურა ხომ არ "შემოგვაპარეს"-მეთქი? ცხადია, ვხუმრობ, მომღერალი ბიჭების "ფეისბუკქრონიკაზე" კი კიდევ რამდენიმე ფოტომ მიიპყრო ჩვენი ყურადღება - ამჯერად ბიჭებთან ერთად ცნობილი სერბი კინორეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა იდგა... მოკლედ, "თეატრალურის კვარტეტს" მოსკოვში "მივაკვლიე" და ფოტოების ამბავი ლაშა კერვალიძეს დაწვრილებით გამოვკითხე:

- მოსკოვში პროექტით ვიმყოფებით კვარტეტი და ძალიან ნიჭიერი კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი, რომელთანაც წლების მეგობრობა გვაკავშირებს. პროექტის ავტორები ბევრისთვის ძალიან საყვარელი ქართველი მომღერალი, ამჯერად მოსკოვში მცხოვრები უნიჭიერესი მომღერალი თეონა კონტრიძე და ჩვენი დიდი ხნის ნაცნობი და უახლოესი მეგობარი გორ ნაჰაპეტიანი არიან.

- რა პროექტია?

- მოსკოვში არსებობს ისტორიული რესტორანი - "არაგვი", რომელიც 1938 წელს გაიხსნა და რუსეთის მასშტაბით ერთ-ერთი პირველი ადგილი გახლდათ, სადაც სტუმარს არარუსულ სამზარეულოს სთავაზობდნენ. მას შემდეგ რესტორანი რამდენჯერმე გაახლდა და დღეს მას გაცილებით დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე კლასიკური გაგებით რესტორანს, სადაც მხოლოდ გემრიელ კერძებს გთავაზობენ. დღეს იგი კულტურულ კერასაც წარმოადგენს, სადაც ძალიან ცნობილი ადამიანები იკრიბებიან, ლამაზი საღამოები იმართება და სტუმრებს უმაღლესი დონის მუსიკას აზიარებენ.

სწორედ ერთ-ერთ ასეთ საღამოს შევხვდით მონიკა ბელუჩისა და ემირ კუსტურიცას. ეს შთამბეჭდავი შემოქმედები მოსკოვში ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზე ჰყავდათ მოპატიჟებული, ხოლო საღამოს ჩვენთან - "არაგვში" მოიყვანეს. ძალიან საინტერესო საღამო გამოგვივიდა. მონიკა ბელუჩის, ჩოხებში რომ დაგვინახა, აშკარად შეეტყო მოწონება. "ფეისბუკით" გავრცელებული ფოტოები კი მოგვიანებით, საღამოს დასასრულს გადავიღეთ.

- მართლაც სასიამოვნოა, ასეთ ვარსკვლავს შემოსვლისთანავე თვალში რომ მოხვდით მისთვის უცხო სამოსში გამოწყობილი ვაჟები, მაგრამ თქვენ რა შეგემჩნათ მისი დანახვისას?

- გაოცება - სრულიად სხვაგვარი წარმოგვედგინა ბელუჩი და რადიკალურად სხვა ადამიანი შემოვიდა რესტორანში. მართალია, ვიცოდით, რომ ასეთი სტუმრები გვეყოლებოდა (ვგულისხმობ ემირ კუსტურიცასაც) და მათთვის უნდა გვემღერა, მაგრამ... ასე, პირისპირ, ეკრანს მიღმა, ულამაზესი მონიკა ბელუჩის დანახვა მაინც ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

ემირ კუსტურიცასთან ერთად

- მაინც რას გვეტყვი, როგორი აღმოჩნდა ბელუჩი, როგორი დაინახეთ?

- ეკრანზე, ხომ, საოცარია, მაგრამ ცხოვრებაშიც არანაკლებად ლამაზია, თანაც ძალიან ბუნებრივი და უშუალო. ერთი შეხედვით, ძალიან კარგი ადამიანი ჩანს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთად აღვიქვით.

- ალბათ ძალიან მონდომებით უმღერეთ და არც მისი რეაქცია გამოგეპარებოდათ. რა ემოცია დაეტყო ჩოხოსანთა ნამღერზე?

- საღამო მუსიკით ძალიან გადატვირთული არ იყო. მხოლოდ ჩვენ ვიმღერეთ და ისიც - რამდენიმე სიმღერა შევასრულეთ. ქართული მრავალხმიანობა ყველას ხიბლავს და ქართული სიმღერის მოსმენაც ნებისმიერ უცხოელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ასე რომ, გამონაკლისები არც მონიკა ბელუჩი და ემირ კუსტურიცა ყოფილან. "კვარტეტის" ნამღერიც ძალიან თბილად და კარგად მიიღეს. ჩვენი დაკვირვებით, ბელუჩის რატომღაც "სულიკოზე" ჰქონდა განსაკუთრებული რეაქცია. ქეთის დამუშავებული ვერსია შევასრულეთ, ძალიან ლამაზი და ტკბილი, და ალბათ ქალის ემოცია უკეთ სწორედ ქალმა იგრძნო. სამწუხაროდ, ვიდეო არავის გადაუღია, თორემ იქ ნამდვილად კარგად გამოჩნდებოდა ბელუჩის ემოცია.

- ბელუჩი აცრემლდაო, "ფეისბუკში" წერდნენ. მართალია?

- არა, არა. "აცრემლდა" გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ძალიან ემოციურად კი ისმენდა. სხვათა შორის, კონცერტის შემდეგ, ფოტოებიც რომ გადავიღეთ, აღნიშნა, - ზოგადად, ქართული სიმღერა და თქვენი შესრულებული სიმღერები ძალიან მომეწონაო.

- "სულიკოს" შინაარსის გაგება არ მოისურვა?

- ამდენი დროც არ გვქონდა სასაუბროდ. მხოლოდ მაშინ გამოველაპარაკე ინგლისურად, ფოტოების გადასაღებად რომ მივედით. იმის თქმა კი მოვასწარი, მასთან შეხვედრასა და თუნდაც - ფოტოს გადაღებას რომ ვოცნებობდი. მანაც, საპასუხოდ, ჩვენი სიმღერების შეფასებით ძალიან დიდი სითბო გამოხატა. ზუსტად რომ გადაგითარგმნო, იცი, რა მითხრა? - ქართული სიმღერა გულის ამოძახილია, თითქოს გულისა და სულის ნაწილიაო.

ნიკოლას ქეიჯთან ერთად

- ანუ თქვენმა ნამღერმა მის გულშიც შეაღწია?

- ასე გამოდის. ძალიან მიხარია, შანსი რომ მოგვეცა, ამ ულამაზესი ქალბატონისთვის სწორედ ჩვენ წარგვედგინა ქართული სიმღერა.

- ემირ კუსტურიცამ არაფერი გაგიზიარათ?

- სხვათა შორის, ემირ კუსტურიცა - ეს ძალიან ნიჭიერი კაცი და გამორჩეული რეჟისორი, თავადაც ძალიან მუსიკალური ადამიანია და ამას მაყურებელი მის ფილმებშიც გრძნობს. კუსტურიცასთან არ გვისაუბრია ქართულ სიმღერაზე, მაგრამ მასაც აშკარად ეტყობოდა, ქართული სიმღერა ძალიან რომ მოეწონა.

ბედნიერები ვართ, კიდევ ერთი ლამაზი საღამოს მონაწილეები რომ აღმოვჩნდით. "კიდევ ერთს" იმიტომ ვამბობ, რომ წინა საღამოებიდანაც შეიძლება რამდენიმეს გამორჩევა. თუნდაც ოსკაროსანი კინოვარსკვლავი ნიკოლას ქეიჯი და მისივე თანამემამულე კინომსახიობი და რეჟისორი ჯონ მალკოვიჩი რომ გვსტუმრობდნენ. სხვათა შორის, ისინიც იმავე საორგანიზაციო ჯგუფმა ჩამოიყვანა მოსკოვში, ვინც - ბელუჩი და კუსტურიცა. ჯონ მალკოვიჩი მანამდე საქართველოშიც ყოფილა, თურმე, ასე რომ, არც ქართულ სიმღერას ისმენდა პირველად, მაგრამ ქეიჯისთვის ეს სიახლე იყო და მახსოვს, ისიც აღფრთოვანებული დარჩა ქართული მრავალხმიანობით.

ვნახოთ, პროექტის დასრულებამდე კიდევ ვისთან შეხვედრით გავიხარებთ. გპირდებით, არაფერს გამოგაპარებთ.

ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: მონიკა ბელუჩის ქალიშვილები

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)