ყველაზე, ყველაზე... - კვირის პალიტრა

ყველაზე, ყველაზე...

ჩვენს რუბრიკაში ვეცადეთ ყველაზე მაღალი, მრავალცოლიანი, მრავალტყუპიანი ან მრავალშვილიანი ოჯახები გაგვეცნო თქვენთვის, თუმცა როგორც სამოქალაქო რეესტრში განგვიცხადეს, ეს ინფორმაცია პერსონალურია და მისი გასაჯაროების უფლება არა აქვთ. უარის მიუხედავად, ფარ-ხმალი არ დაგვიყრია და საკუთარი ძალებით შევუდექით ინფორმაციის მოპოვებას.

ყველაზე მაღალი ადამიანი საქართველოში

31 წლის კალათბურთელის, სერგო ათუაშვილის სიმაღლე 223 სანტიმეტრია. სერგოს საშუალო ტანის მშობლები ჰყავს. ოჯახის წევრებს შორის ყველაზე მაღალი ბაბუა ჰყოლია - 199 სანტიმეტრი სიმაღლის. ქართველი გოლიათი 52 ზომის ფეხსაცმელს იცვამს.

ყველაზე მაღალი ადამიანი მსოფლიოში

34 წლის თურქი სულთან კოსენია, რომლის სიმაღლე 251 სანტიმეტრია. ის 62 ზომის ფეხსაცმელს იცვამს. სულთანი დაოჯახებულია, მეუღლე მასზე 78 სანტიმეტრით დაბალია.

ყველაზე მეტი ტყუპი საქართველოში

ბათუმელი ნონა ვარშანიძისა და დიმა კოღუაშვილის ოჯახში 4 ტყუპი იზრდება - 2 ბიჭი და 2 გოგო (ანდრია, დიმიტრი, მაია და ბარბარე).

ისინი ქალბატონმა ნონამ 36 წლის ასაკში შვა. ტყუპებს კიდევ უფროსი და და უმცროსი ძმა ჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ ტყუპების დედა თავად ტყუპისცალია.

ყველაზე მეტი ტყუპი მსოფლიოში

ამერიკელმა ნადია გუტერესმა ერთდროულად 8 ტყუპი შვა.

ცოლ-ქმარს უშვილობის მიზეზით ოჯახი დაენგრა და ქალმა ხელოვნური განაყოფიერებით ჯერ 6 შვილი შვა, მეშვიდე მშობიარობისას კი ერთდროულად - 8 ტყუპი (!) ნადიას ყოფილი ქმარი ხელოვნური განაყოფიერების წინააღმდეგი იყო და ქალი მიატოვა, ახლა კი თავად აღმოჩნდა მარტო - ბედნიერი დედა 14 შვილს ზრდის.

ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი საქართველოში

ქუთაისში მცხოვრებ დეკანოზ ბესარიონ ხვისტანსა და მაია გოშთელიანს 13-შვილი ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ ქალბატონი მაიაც 9-შვილიანი ოჯახის მერვე შვილია...

ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი მსოფლიოში

ამერიკელ ცოლ-ქმარს ჯიმ-ბობ და მიშელ ჯაგერებს 19 შვილი ჰყავთ. ოჯახში ყველა შვილის სახელი ჯ-ზე იწყება. რამდენიმე წლის წინ 45 წლის მიშელმა გამოაცხადა, რომ მეოცე შვილს ელოდა, თუმცა მუცელი მოეშალა.

ყველაზე მრავალცოლიანი მსოფლიოში

ინდოეთში მცხოვრებ ციონა ხანს 39 ცოლი ჰყავს და 94 შვილისა და 33 შვილიშვილის პატრონია. ყველა ოთხსართულიან 100-ოთახიან სახლში ცხოვრობს და ოჯახში თითქმის სამხედრო დისციპლინაა. "ჩემი ოჯახი გაიზრდება მანამ, სანამ გამრავლების ენერგია მექნება", - ამბობს ოჯახის უფროსი, რომელიც ერთ-ერთი სექტის ხელმძღვანელია. ეს უფლებას აძლევს, იმდენი ცოლი იყოლიოს, რამდენიც უნდა. ციონა ხანის ვაჟები ამბობენ, რომ მათი მამა ამ გზით იმ მიდამოების ღატაკ გოგონებზე ზრუნავს. ახალგაზრდა ცოლები ხანის საძინებლის მეზობლად ბინადრობენ და ქმართან რიგრიგობით შედიან, დანარჩენები კი საერთო ოთახშიც კარგად გრძნობენ თავს.

ყველაზე მრავალცოლიანი საქართველოში

ოლეგ თავაძე 5-ჯერ ოფიციალურად იყო დაქორწინებული და დღე-დღეზე მეექვსედაც დააკანონებს ურთიერთობას გულის სწორთან.

სულ 6 შვილის მამაა. პირველად 17 წლის ასაკში იქორწინა. ახლა 59 წლისაა და სჯერა, რომ ყველაფერი წინ აქვს. როგორც ამბობს, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთდროულად რამდენიმე ქალზე იყო დაქორწინებული.

ოლეგ თავაძე: "მსახიობი კაცი ვარ, ერთ კვირას ერთ ქალაქში ვიყავი, მეორე კვირას - მეორეში. ერთ შაბათ-კვირას ერთ ოჯახში ჩავდიოდი, მეორე შაბათ-კვირას - მეორეში. მაშინდელი კანონით, ქორწინებისას პასპორტში ბეჭედს გირტყამდნენ, რომელიც ადასტურებდა შენს ოჯახურ მდგომარეობას. ერთ-ერთი ქორწინებისას ჩემი უცოლო ძმის პასპორტიდან ოჯახური მდგომარეობის აღმნიშვნელი სუფთა ფურცელი სათუთად ამოვიღე და ჩემს პასპორტში ჩავაკარი. ისიც "დავაქორწინე" და მეც, ეს "ხალასტოი" კაცი მმაჩის ბიუროში წავედი მორიგ ცოლზე დასაქორწინებლად. ისე გავთამამდი, მერეც ბევრჯერ გავიმეორე სხვისი პასპორტის სუფთა ფურცლებით ეს ნომერი. ბოლოს გამიგეს და 1984 წელს სასამართლოზეც წარვდექი. მოსამართლე მეკითხება, ამხანაგო თავაძე, თქვენ ამას იმიტომ ხომ არ აკეთებდით, რომ სახელმწიფოსგან ფული გამოგეძალათო. 240 მანეთს იძლეოდნენ მაშინ, ხელს რომ აწერდი - სახელმწიფო ხელს უწყობდა ახალშექმნილ ოჯახებს... მე კი ვუპასუხე პატივცემულ მოსამართლეს - ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ჩემს შვილებს ნაბიჭვრებს დაუძახებდნენ და მათი დედების პატიოსნებაშიც ეჭვი შეეპარებოდათ, ჰოდა, ასეთი გზით შევუნარჩუნე ცოლებს - პატიოსნება, შვილებს - მამის გვარი. ვაღიარებ, რომ ისინი ჩემები არიან-მეთქი.

მოსამართლემ, მსახიობის რა გითხრათ და, ისეთი მყარი არგუმენტი მოიყვანე და ისე ლოგიკურად დაასაბუთე მრავალცოლიანობის მიზეზი, რომ თქვენი სახით პროკურატურამ შესანიშნავი კადრი დაკარგაო. საბოლოოდ, მჭევრმეტყველებამ მაინც ვერ დამიხსნა და საბჭოთა სამშობლოს 2 წლის განმავლობაში 15%-ს ვუხდიდი ხელფასიდან.

დღეს ექვსივე ცოლთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მეექვსე ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია. კარგი მყავს, იმას ვენაცვალე".