"ეგონების მეტი რა არის ამ ქვეყანაზე"
26-12-2016
"ეგონების მეტი რა არის ამ ქვეყანაზე"
"ყველაზე დიდი ცნობადობა ბაბულას როლმა მომიტანა და მსოფლიოში - მიშა თუმანიშვილის "დონ ჟუანში" მოკარნახემ. ახლა კი, სადაც გავივლი, ყველგან ეგონა მესმის, არადა საერთო არაფერი მაქვს მაგ ქალთან..."

"სხვებმა აგროვეს ფულები, სახლები... მე კი ახლაც ტაშს ვაგროვებ"


არსებობენ რესპონდენტები, რომელთაც თავაზიანი უარის მიუხედავად, ათჯერ დაურეკავ... თუ საჭიროა, მათ რეჟიმსაც მოერგები... სამაგიეროდ, იცი, ინტერვიუ საინტერესო იქნება, ისეთი, მოვალეობასა და სიამოვნებას შორის ზღვარს რომ შლის და საკუთარი პროფესიით გატკბობს. აი, ასეთი საკუთარი პროფესიით
ტკბობის საღამო მომიწყო დიდებულმა მსახიობმა ლაურა რეხვიაშვილმა.

სოხუმში დავიბადე. მამაჩემი არჩილ რეხვიაშვილი, რომელსაც რაჭულად რაჟიკოს ეძახდნენ, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. უნგრეთში ჩავარდნილა ტყვედ და იყო დასახვრეტად დანომრილი. მაგრამ არ დახვრიტეს, რადგან სიცხე ჰქონია და არ შეიძლებოდა
სიცხიანის დახვრეტა. განა მხოლოდ იმიტომ არ დახვრიტეს, რომ სიცხიანი იყო - იმ ექიმს, ლაურას, ვისაც ტყვეთა ჯანმრთელობაზე თვალის დევნება ევალებოდა, თურმე მამა მოსწონდა და... საკონცენტრაციო ბანაკიდან გააპარა. მხოლოდ სიცოცხლის მიწურულს მიამბო ეს ამბავი. იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ეროვნული მოძრაობა იღვიძებდა და ალბათ­ იფიქრა, რომ უკვე შეიძლებოდა ამ ამბის გამხელა. იმ ქალის პატივსაცემად მქვია მე ლაურა... მამა იქ არ დარჩა. ლაურა არ გამოჰყვა აქ. ამის შემდეგ რაჟიკომ დედა შეირთო­ ცოლად. ორივე რაჭველი იყო - მამა ჭიორელი, დედა - უწერელი. ჩემი დაბადებიდან მალევე ოჯახი სოხუმიდან ქლუხორის რაიონში, წებელდაში გადასახლდა. მამას ქლუხორში რძის პროდუქციის კონტროლი ჩააბარეს. ისეთი ღალიან-ბარაქიანი იყო იქაური წყალ-ჭალა, რომ ხალხი მდიდრდებოდა კომუნისტების­ დროსაც კი. ეს იყნოსა ხრუშჩოვმა და ქლუხორიდან ქართველობის გადასახლება­ ბრძანა. ჩემებმა ვენახიანი კახეთი აირჩიეს. დავსახლდით თელავის რაიონის სოფელ რუისპირში. მაშინ 6 წლის ვიყავი.

მამაჩემს უნდოდა ექიმი გამოვსულიყავი, დედას - მასწავლებელი. ტელევიზორები ჩემს ბავშვობაში გაჩნდა. ერთ დღეს რუისპირში ვუყურე "ანტიგონეს" რეპეტიციას - მიშა თუმანიშვილი დგამდა. ლამის ტელევიზორში შევძვერი. მას შემდეგ მიშა თუმანიშვილის სახე სამუდამოდ დამამახსოვრდა. ჰოდა, თელავის პედაგოგიური ინსტიტუტისთვის რომ მამზადებდნენ, საბუთები მოვიპარე და თბილისში გამოვიპარე. მამიდას მივადექი. შემიკერა ჩითის, წელში გამოყვანილი მოკლე, ულამაზესი კაბა. ძალიან ბევრი თმა მაყრია, გადამკიდა თავისი ჩანთა და წავედი. აგვისტოს თვეა, მგონია, რომ როგორც სხვაგან, თეატრალურშიც ამ დროს ტარდება გამოცდა. არც ვიცი, სადაა თეატრალური ინსტიტუტი, კითხვასაც არ ვკადრულობ. ვფიქრობ, ავივლი-ჩამოვივლი და წარწერას წავაწყდები-მეთქი. რუსთაველის თეატრს რომ მივუახლოვდი, წვიმა წამოვიდა და სადაც ღია კარი იყო, იქ შევეფარე. კაბაც გადამირჩა, თმაც. მგონია, კარგად გამოვიყურები.

ლამაზი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ შესამჩნევი აღნაგობა მქონდა. უცებ მესმის უკნიდან: "შენ მოუკვდი დედას, ვინ გვყავდა არტისტი, თავს რომ იკლავ, ძალიან კარგი, რომ ჩაიჭერი!" მივიხედ-მოვიხედე და - კედელზე თეატრალურ ინსტიტუტში ჩაჭრილებისა და მოხვედრილების სიები დავინახე. თურმე ბოლო გამოცდის დღეა. ვდგავარ საგონებელში ჩავარდნილი. უცებ ვიღაც მკლავში მკიდებს ხელს და მისკენ მატრიალებს. ეს "ვიღაც", ცხონებული დოდო ალექსიძე აღმოჩნდა. რომ შეიტყო, საბუთების შესატანად ვარ მოსული, ზემოთ ამიყვანა - დაჯექი, დამელოდეო. თვითონ კათედრაზე შევიდა. უცებ, იქიდან თუმანიშვილი გამოდის. მე ფეხზე წამოვიჭერი. ვაი, - აღმოხდა მას ჩემს დანახვაზე... მერე კათედრაზე შებრუნდა და ყველას თანდასწრებით თქვა: თუ ამ ქალიშვილს თავისი გარეგნობის ტოლფარდი ნიჭიერება აღმოაჩნდა, მე ვარღვევ მიღების წესებს და ამყავს ჯგუფშიო! ამის შემდეგ შეაგროვა მთელი სამასწავლებლო კონტინგენტი და დამავალეს ეტიუდის თამაში, რომლის შინაარსი ასე ამიხსნეს: - სიყვარულით გათხოვილი ხარ. გყავს პატარა ბავშვი. მხატვარი ქმარი ომში წავიდა და დაგიბარა: თუ გაგიჭირდა, გაყიდე ყველაფერი, ამ ნახატის გარდაო. ჩამაცვეს, შემიხვიეს თოჯინა და მომცეს ხელში. ამის მეტი რა მიკეთებია ჩემს სოფელში,­ სახლობანას რომ ვთამაშობდი ხოლმე. კომისიის დავალებას კი არ ვასრულებ, ჩემთვის ვთამაშობ.

თუმანიშვილმა შემაწყვეტინა, საჩვენებელი თითით მიმიხმო - შენ დღეიდან ჩემი სტუდენტი ხარო. სიხარულისგან ავხტი. დაწყნარდი, დამშვიდდი, ერთი შეხედეთ, რა ენერგეტიკა აქვსო - იცინოდა. ეს ენერგეტიკა დღემდე მომყვება, რომლითაც თავის დროზე მიშა თუმანიშვილმა დამმუხტა.

ერთხელ თენგიზ აბულაძემ მითხრა, - ჩვენ გადასაღებ მოედანზე შევხვდებითო, თუმცა მალევე დაიქცა ქვეყანა, დაგვემხო თავზე კინოც და თეატრიც. ეს წლები რომ დაიწყო, მაშინ ჩემი მათე თოთო მყავდა. ვცხოვრობდი ვაშლიჯვარში. დიდუბეში იცლებოდა ტყვია-წამალი და ვაშლიჯვრის ტყეებში აჰქონდათ. ფანჯარასთან დახრილს დამყავდა ხოლმე ბავშვი, რომ შემთხვევით ტყვიას არ ვემსხვერპლეთ. ასეთ დროს მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ - რატომ ვიტანჯებით, ბავშვი გასაზრდელი გვყავს და წავიდეთ სოფელშიო... იქ გავზარდე 5 წლამდე მათე. ვენახსაც ვწამლავდი, ძროხასაც ვწველიდი, ღორსაც ვაჭმევდი, პურს ვაცხობდი და თელავის ბაზარზე ვყიდდი. იჯდა ჩემი მათე მოაჯირზე და - რა ვიცი, ვინ ასწავლა - მყიდველს იხმობდა: - "დედას პურიიი! არტისტის პურიიიი!" ხალხიც ყიდულობდა - ზოგი ჩემი ხათრით და ზოგიც მათეს სიმპათიით.

ღმერთისგან, გარდა არტისტობის ნიჭისა, მომეცა ერთი უძვირფასესი თვისება - ადამიანის შებრალების უნარი. გაჭირვებულზე კი არ გელაპარაკებით, დალხინებულიც მეცოდება. დღეს, ვთქვათ, აქვს ყველაფერი, პროფესიაშიც წარმატებულია, მაგრამ თუ გაუჩნდა მოურჩენელი, ხომ იმ წუთსვე კარგავს ყველაფერი აზრს, უცებ გახსენდება, რომ არავინაც არა ხარ, თუ არ ატარე სიყვარული, სიკეთე, ვერ შეძელი შებრალება... ამ თვისებებმა კიდევ შეიძლება გადაგარჩინოს იმ ავისგანაც. ეს თვისება ბევრ რამეში მშველის, არავისი არ მშურს, კონფლიქტში არ შევდივარ...
თუმანიშვილი როლებს რომ გვინაწილებდა, სულ იმეორებდა: "დაფიქრდი, სათქმელი რა არის". ეს მაშინ, როდესაც თქმას­ გიშლიდნენ. სათქმელის მეტი რა არის დღეს, მაგრამ, ასე აღარ ფიქრობს უკვე ეს დარგი... გაიოლდა, სხვა თვისებები შეიძინა...
ყველაზე დიდი ცნობადობა საქართველოში ბაბულას როლმა მომიტანა და მსოფლიოში - მიშა თუმანიშვილის "დონ ჟუანში" მოკარნახემ. ახლა კი სადაც გავივლი, ყველგან ეგონა მესმის.

- ეგონას როლის განმასახიერებელი მათეს ცოლისთვის როგორი დედამთილი იქნებით?

- არ მაინტერესებს, როდის გაირეცხება ჩემს სახლში ტაფა და როდის ალაგდება­ ლოგინი. საერთო არაფერი მაქვს მაგ ქალთან, თუმცა, ეგონების მეტი რა არის ამ ქვეყანაზე. სერიალი არ ყოფილა, შემოთავაზება არ მქონოდა. მე კი სერიალების მეშ­ინოდა, რადგან მიშა მასწავლიდა, შტამპები გაგიჩნდებაო...

- რომელიმე პარტიის წევრობა თუ შემოუთავაზებიათ?

- არა! სხვებმა აგროვეს ფულები, სახლები... მე კი ახლაც ტაშს ვაგროვებ.

- მოგწონთ ამდენი ხელოვანი და სპორტსმენი პოლიტიკაში?

- არა. განა იმის გამო, რომ სპორტსმენები და ხელოვანები არიან - არ არიან საინტერესონი. პირს რომ გააღებ, უნდა მითხრა რაღაც ისეთი, რაზეც რეაქცია მექნება... უნდა გვაჩვენოს საქმით, რომ ტაში დავუკრა, დავეთანხმო, გავამაგრო...
ხომ არსებობს ხორბლის ჯიშები, ვაზის... ასევე არსებობს ადამიანის ჯიშები... ამ პატარა ერმა თავისი წარსულით იმხელა კულტურული მემკვიდრეობა დატოვა, გაჭრიალებულ 80 და 120-მილიონიან ქვეყნებს რომ შეშურდება. აქ ნავთი და გაზი იცით, რატომ არ არის? განა იმიტომ, რომ ჩვენმა მიწამ თქვა უარი, "არა" ღმერთმა თქვა - აქ არ არის საჭიროო - კულტურის, შემოქმედების ნიჭი მისცა ამ ერს. მინდა ამ ერის მნიშვნელობის გამჟღავნებას მოვესწრო, სანამ ცოცხალი ვარ.
ახალი წელი არ მიყვარს. არც ნეილონის ნაძვის ხე, არც მოჭრილი ყვავილები. ჩემი დღესასწაული აღდგომა და ჩემი შვილის დაბადების დღეა. დიდი ინტერესით ველი შვილიშვილს. მგონია, ჩემი და ჩემი მეუღლის გაგრძელებას დავინახავ მასში.

ეკა სალაღაია
ეგონა
05 აპრილი 2017 23:14
რა სიხარულით გავაყოლებდი.ჩემს ექიმ ქალიშვილს თქვენს მათეს
lika
04 იანვარი 2017 02:30
unichieresi da uketilshobilesi
ბაბულა
04 იანვარი 2017 01:34
უძალიანესად მიყვარს ეს მსახიობი.ლამაზი უბრალო დაუნიჭიერრსი..ბაბულა იმიტო დავწერე რომ წაიკითხოს ჩემი კომენტარი

რედაქტორის რჩევით