"მტრის ჯინაზე სტუმრის სამყოფ სუფრას მაინც გავშლით" - ჩემი კახელები
26-12-2016
"მტრის ჯინაზე სტუმრის სამყოფ სუფრას მაინც გავშლით" -  ჩემი კახელები
"მტრის ჯინაზე სტუმრის სამყოფ სუფრას მაინც გავშლით"

"თქვენ ქმარ-შვილი და ეზო-კარი დაათბუნეთ ტკბილი სიტყვით, ცოტა დოლარსაც გასწყდება ყინწი, ცოტა მთავრობაც დაჯირჯვლდება, დაღვინდება და რაღაცა გვეშველება..."


მოუჭირა ყინვის თითები ზამთარმა, ჩამოათოვა გომბორის მთებს და გააფრთხილა კახელები - მოვდივარ, ახალი წელი მომყავს და თუ ბიჭები ხართ, დამიხვდითო. აქაურებიც აჩქარდნენ. ზოგი თუ არყის გამოხდას ეშურება, ზოგს ღვინო ჯერ ისევ ჭაჭაზე აქვს. დილით, როცა კაცები საქონელს საბალახოდ გარეკავენ, ხოლო ქალები კოკებს წყლით აავსებენ, სოფლის
საფიხვნო-ბირჟა უგზო - უკვლოდ განათლებული მშრომელებით ივსება.

მეც ჩემს კახელებს ორღობეში, ბირჟაზე­ დავადექი თავს. სოფლის ამბებსა და ახალი წლის დადგომაზე ერთმანეთს აზრებს­ უზიარებდნენ, ყველაზე მეტად ბესო მჭედლიშვილი აქტიურობდა, სათქმელს არ აცლიდა მეზობლებს:

- წელს ჩემმა კნეინამ ნამდვილად მასახელა. მარტო კაკლის დაბერტყვა ხომ არ იყო, ნიგოზს - გარჩევა-დაჭრა-ძაფზე­ ასხმა, წვენს - მობადაგება, თათარას - მოდუღება, ჩურჩხელას - ამოვლება უნდ­ოდა... საგოზინაყედ საუკეთესო ნიგოზი გადავინახეთ, თაფლს გიუანები დამპირდნენ. აბა, უჩურჩხელ-უგოზინაყოდ საახალწლო სუფრა რა სუფრაა... ღვინოს ვაწმ­ინდავებ, კიდევ"ღორი მყავ საახალწლოდ გამოზრდილი, რასაც მწვადად ვერ მოვერევით, დავამარილებ. ჰოდა, მეზობლებო,­ ცეცხლაპირ ჩამოვსხდეთ, არაყს შინაური მიჩინაც (ლორი) მივამატოთ და..."

- კარგი, რა, ამაისუნთქე და ცოტა რაღაცა მეც მათქმევინე, სიტყვა შეაწყვეტინა გიული გულაღაშვილმა, - შენს მარანში კაკალი გოდრით რომ იჩხრიალებს,­ დავიჯერო, ჩემკენ ერთი-ორი აღარ გადმოგორდება? თუ არ გამოგორდა და - კარგად ვიცი შენი მარნის გზა...

ნაირა ძალომ, როგორც ყოველთვის, ზოგადსაკაცობრიო თემა გაურია სათქმელს და კაცებს სიტყვა წაართვა: - დაიცათ, ხალხო, ბარეღამ საერთო გასაჭირზეც ერთი-ორი სიტყვა რომ ვთქვათ, რა დაშავდება? კარგია ახალი წელი, ბალღებსაც უხარიათ. მათი შემყურენი ჩვენც უნდა გავხალისდეთ და ახალ წელს ახალი იმედით შევხვდეთ, მაგრამ, რაც მართალია, მართალია - ხალხს მაგრად გაუჭირდა. წელს, ცოტა არ იყოს, ჯანდაგი წელი მოვიდა, მჭლე შემოდგომა გვქონდა, ვერ იყო ყუათიანი მოსავალი, მთავრობამაც გვიგანა და...

- ზოგი ჭირი მარგებელიაო და, მოსავლის სიმცირის გამო ყურძენს მიეცა ფასი, - ახლა ვარდიკო დევდარაძე­ გამ­ოვიდა სიტყვით, - გლეხმაც ხელი მოინა­ცვლა. ისე, ბევრს გაუფუჭდა ვენახი, ყველაზე მეტად ვენახის წამლებმა გააჭირა საქმე...

- ყველაზე მეტად არჩევნებმა გააჭი­რა საქმე, ფეხზე წამოდგა გიორგი კვეზერელი,­ (ასე უფრო ყურადღებით მომისმენენო. - ავტ.) - მთავრობასა ვთხოვ, შემოდგომობით ნუ დაამთხვევს არჩევნებს, მთელი წლის გადაღლილები, როცა ჩვენი ნაშრომ-ნაჯაფით უნდა დავტკბეთ და ცოტა მაინც ამოვისუნთქოთ, ტურებიდან ტურებზე დავდივართ... ამ გაწამაწიაში ერთ დღესაც დიდი მნიშვნე­ლობა აქვს. ან მოსავალი დაუბინავებელი უნდა დაგრჩეს, ან არჩევნებზე არ უნდა წახვიდე..."

- გლეხის ცხოვრება ეგრეა, ნეტა, როდისა ვართ მოცლილები და გულხელდა­კრეფილები!.. გიორგი, შენ ერთი ისა თქვი, შავი ღვინო თუ დააწმინდავე და მერე მეორე: წელს შენა ხარ ჩემი მეკვლე, თუ მე ვარ შენი?"- თვალები აუციმციმდა ნიკო ძიას. ნაირა გულაღაშვილმა კი -"მტრის ჯინაზე სტუმრის სამყოფ სუფრას მაინც გავშლით, მაგრამ მერე სადამდე გაგვყვება ეს სამზადისი? ახალი წელი იმიტომ უნდა გვიხაროდეს, რომ სიახლე იქნება ქვეყანაზე, ოჯახი გამრავლდება, ხალხს ყოფა შეუმსუბუქდება, იმედი და რწმენა გაჩნდება, აბა, პარლამენტარებისა და მინისტრების ცვლა რა ხეირს მოუტანს უბრალო კაცს?.. ხალხი ბანკიდან ბანკში სირბილს უნდება, სესხს ჩვენ კი არ ვიღებთ, მგონი, სესხი გვიღებს ჩვენ ბოლოს. ეს ლარიც რასა შვრება, ვეღარ გამიგია... ვშრ­ომობთ და რა გვიჭირავს ხელში, რომ არ ვიშრომოთ, მერე რაღა გვეშველება?

ვარდიკო: -
აბა, გეყოფათ; ადექით, დასალევი წყალი შევიტანოთ შინ, ამ ლაპარაკში ისე არ დავრჩეთ... ალილო და ხვალეო - ვნახოთ, რას მოგვიტანს ახალი წელი. თქვენ ქმარ-შვილი და ეზო-კარი დაათბუნეთ ტკბილი სიტყვით, ცოტა დოლარსაც გასწყდება ყინწი, ცოტა მთავრობაც დაჯირჯვლდება, დაღვინდება და რაღაცა გვეშველება...

ღიმილით შორდებიან ერთმანეთს მეზობლები. ყველა თავისი კერიისაკენ მიიჩქარის - კაცებს შეშა აქვთ დასაპობი, ქალებს - ქათამ-ინდაური მისახედი.
ერთი წუთით ადგილიდან არ დაიძრათ, უნდა "ჩაგაკარტოჩკოთ"-მეთქი, ისე ვიყვირე, გაკვირვებულებმა გამომხედეს, - ე ბალღი ქალაქში სულ გაუგიჟებიათო, მაგრამ ხათრს ხომ ვერ გამიტეხდნენ და სათითაოდ ღობეს აეკვრნენ... მგონი, ურიგო სურათი არ გამომივიდა.
ვიცი, ჩემი კახელები მკაცრ ზამთარსა და შეჭირვებას არ შეუშინდებიან, ისევ ომახიანად გადასძახებენ ერთმანეთს სამეკვლეოდ და გულიანად დაელოდებიან ახალი წლის შემობრძანებას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით