"ზოგიერთს ვირზე მეტი ჭკუაც კი არა აქვს" - კვირის პალიტრა

"ზოგიერთს ვირზე მეტი ჭკუაც კი არა აქვს"

სოფელ ვერხვიანს ჯერ კიდევ სძინავს, ზაქრო კი უკვე ტყეშია და ფიჩხს აქუჩებს. დღეში ორ გზობას ასწრებს. სოფელში იციან მისი ხელმოკლეობის ამბავი და ვისაც როგორ შეუძლია, ისე ეხმარება, ზოგს თონის გასახურებლად სჭირდება ფიჩხი, ზოგს არყის გამოსახდელად. ისიც მუდამ მზადაა თავისი სახედრით.

ზაქრო გულაღაშვილს მამა ადრე გარდაეცვალა. დედასთან ერთად ცხოვრობს. უფროსი ძმა, თემო, მეუღლის სოფელში გადასახლდა, მაგრამ მაინც გვერდში უდგას. იმ დილასაც თემო ძმასთან დამიხვდა მამაპაპეულ სახლში.

ქეთო, მეზობელი: - ძალიან უჭირთ, ე ბალღიც წელზე ფეხებს იდგამს, მარა რა გამოდის? ჩვენც ძლივს გაგვაქვს თავი თვიდან თვემდე. სოფელში ახალგაზრდები ვერ დაოჯახებულან. ხომ გაგიგია, ცოლსა ბევრი ცომი უნდაო. ჰოდა, მაგითვინ. ეს არი ცხოვრება?

ნათელა, ზაქროს დედა: - სოფელს ვეცოდებით და გვეხმარებიან, თორე ვის რათ უნდა ჩემი შვილის ნახევრად დამპალი წკირები. ვალს როგორ ავიღებდი, მაგრამ სახლი გვეშლებოდა და 500 ლარი გამოვიტანეთ ბანკიდან. საზამთროდ გავამაგრეთ, შევლესეთ. ამ თვის ბოლოს სესხი დასაფარი გვაქ... ისევ უნდა ავდგე და ჩამოვიარო მეზობელ-ნათესავები...

თემო: - ძალიან გაჭირდა ცხოვრება, არადა, დღიურად რომ მემუშავა, აქეთაც დავეხმარებოდი - მამა-პაპის ფუძე-კარს არ ეღალატება.

ყველას ისევ ზაქრო გვახალისებს, რომელიც ეზოში საქმიანობს:

- ეს ჩემი მარჩენალი ზოგჯერ ისე შემეცოდება, რომ მხრებით შევეშველები ხოლმე. აბა, უყურე, სიმძიმის ზიდვას ვეღარ აუდის, მაგრამ სახე მაინც უცინის - ნამდვილი სახე დარია. რამდენჯერმე ფეხი იტკინა, უპატრონოდ ხომ ვერ დავაგდებდი. მშრალი თივა და ქატო რომ არ მიმეშველებინა, ფეხზე დადგომა გაუჭირდებოდა. ზოგჯერ რომ გაჯიუტდება, გამოვუწერ ხოლმე ერთ-ორ წკეპლას, მაგრამ მერე ისევ კისერზე ვეხვევი, მებრალება, ვითომ არ შეიძლება, ამხელა ჭაპანწყვეტაში ისიც დაიღალოს? ვირმა რა დააშავა, თუ ზოგიერთს ავი ზნე სჭირს და ვირზე მეტი ჭკუა არა აქვს? ძალიან უმადურები ვართ ადამიანები... საშუალება რომ მქონდეს, ვირსაშენს გავაკეთებდი... თურმე ევროპაში ვირთა უფლებებიც კი დაცულია, მარა ვის სცალია ვირებისთვის ამ ქვეყანაში -"იმუშავეთ, ვირებო, ჭამეთ ბრიგადირებოო, - აფრქვევს ხალხურ სიბრძნეს ზაქრო და მეორე გზობას ეშურება ტყისკენ.

კახა მჭედლიშვილი