გწყალობდეთ საქართველოს მთის წვერზე მოფენილი ანგელოზები!
26-12-2016
გწყალობდეთ საქართველოს მთის წვერზე მოფენილი ანგელოზები!
ნეტავ რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ქართველ კაცს ახალი წლის სამზადისი გადააფიქრებინოს! გამოვიფხეკთ ჯიბეებს და მერე კარგა ხანს თითის ლოკვა გვიწევს! სამაგიეროდ, რასაც ახალი წლის სუფრაზე დავილოცებით, ყველა ზეცაში ადის და იქ ანგელოზები კვერს უკრავენ, - გაგიმრავლდეთ ოჯახებიც და ქვეყანაცო!

"გოუჩენელს გავაჩენთ"


ახლა საახალწლო სამზადისია და თითქმის ყველა კუთხეს შევეხმიანეთ. უპირველესად, გურიაში გახლდით. რატომ? ერთდროულად ორ ახალ წელიწადს ზეიმობენ და სადღეგრძელოებიც გაორმაგებულია, უპირველესად, მშვიდობისა. საკალანდო ბათქაბუთქის ფონზე სწორედ ის ითქმის­
პირველად. სოფელ ბოხვაურშიც ასე შეხვდა ნათელა მუჯირი ჩემს სალამს: - მშვიდობა ნუ მოგიშალოს, ნენა, ღმერთმა!

- ახალ წელს რაფერც შევხვდებით, წელიწადიც იმფერი დაგვიდგება. ამიზა ვცდილობთ, გოუჩენელი გავაჩინოთ. ჩემი დედამთილი საკალანდოდ უშველებელ ხის გობს ჩამოდგამდა ტაბლაზე და ყოლიფერს დაალაგებდა, რასაც მომავალი წლისთვის ვინატრებდით: ღორის თავს, ღერღილს,
მოხარშულ დედალს, კვერცხს, პურს, ჯანჯუხას. ამას ზედ დაადებდა ოქროს ბეჭედსა და შალის ნაჭერსაც­ - მომავალ წელიწადს ძვირფასი ჩაცმა-დახუ­რვაც რომ არ მოგვკლებოდა! მერე მოგვიკაკუნებდა ჩემი მამამთილი შუაღამისას:­ - კარი გამიღეთ, მომაქვს­ მშვიდობა, სიხარული, ხვავი, ბარაქა, გოგოების დათხოვება, ბიჭების დაქორწინება და ყოლიფერი კაიო.

- მერე სუფრასაც შემოუსხდებოდით.

- რავა გეკადრება! სანამ დავსხდებოდით,­ ყველას ცხემლის სამ-სამი ნაჭერი შეშა უნდა დეგვეკავებია ხელში, სამ-სამჯერ უნდა შემოგვევლო სუფრიზა, თითო შემოვლაზე­ თითო ნაჭერი შეშა უნდა შეგვეგდო ბუხ­არში­ და თანაც დაგვეძახა, - ცეცხლო, კაი ახალი წელიწადი გაგვითენეო! ღმერთს ვთხოვ, ცეცხლის სითბო, მშვიდობა და სიხ­არული არ მოკლებოდეს ჩვენს მიწა-წყალს.

"ჩვენი კოშკებივით ვერაფერს შევერყიოთ!"


უშგულში ბორის ჩარქსელიანს შევეხმიანე: - უშგულში წვრილ-წვრილი არყის ხეები გვიდგას. საახალწლოდ მოვჭრიდით, წვრილად დავაპობდით, კართან დავაწყობდით და მეკვლეც იმ შეშას შემოიტანდა პირველად, თან კანფეტებსაც შემოყრიდა­. დანარჩენ სტუმრებსაც ეგ ხე უნდა შემოეყოლებინა. ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი უბრად ადგებოდა, მაგ ხის ნაჭერს, არაყსა­ და პურს წყაროზე წაიღებდა, ხელში­ სანთელს დაიჭერდა, დაილოცებოდა და ახალ წელიწადს კეთილი ფეხით მობრძანებას სთხოვდა. მერე მთელი კვირა ვქეიფობდით. ბედნიერი ახალი წელიწადი გვქონოდეს, ხალხო, ჩვენი კოშკებივით ვერაფერს შევერყიოთ­ და დავემარცხებინოთ!

"დაგლოცოთ ცა-ქვეყნიერების დამაარსებელმა"


შუაფხოში გადავინაცვლე 89 წლის თეკლე­ ბებოსთან, დიდი ხევისბრის, ბიჭური ბადრიშვილის ქალთან. ისიც ძველებურად დამიხვდა - დედაბოძივით!
- ბედნიერი ახალი წელიწადი დაგვი­ყენოს ყველა წმინდა სალოცავმა. მამაჩემი­ შობა-დილას ხატში რო გასწევდა, ახალი­ წლის დადგომამდე აღარ ჩამოვიდოდა - შვიდი დღე და ღამე ლოცავდა მომავალ­ ახალ წელიწადს. ახალი წლის ღამეს ხატში­ სხვა კაცებიც ავიდოდნენ, საკლავს დაჰკლავდნენ და დაილოცებოდნენ. ბოლოს, მოიხდიდნენ ქუდებს, პირქვე დააწყობდნენ, ნაბადს დააფარებდნენ და მერე ნაბადქვეშიდან ერთ ქუდს გამოიღებდნენ - ვისიც იყო, ის წავიდოდა­ სოფლის მეკვლედ, ყველა სახლ­ობას მიუკვლევდა, გოგორა პურს გადააგორებდა და თუ ის პური წაღმა დაეცემ­ოდა, ოჯახისთვის კარგი იყო, თუ უკუღმა­ - ცუდი; ახალგაზრდებს ბედისკვერას ვუცხობდით და ისინიც თავის ბედს პოულობდნენ. ამ წელიწადსაც ღმერთმა ყველას აპოვნინოს თავისი ბედი და იღბალი.
დაგლოცოთ ცა-ქვეყნიერების დამაარსებელმა, მამაზეციერმა, იესო-მაცხოვარმა, დედა ღვთისმშობელმა; გწყალობდეთ საქართველოს მთის წვერზე მოფენილი ანგელოზები - ფშავ-ხევსურეთის, ქართლ-კახეთის, მთიულეთ-გუდამაყრის; კალთა გადაგაფაროთ მუქუს დედაღვთისმშობელმა, დაგლოცოთ გმირმა კოპალამ, გზამეგზურობის ანგელოზმა, კარატისწვერის ანგელოზმა, გოგოლაურთისა და უკანა ფშავის წმინდა გიორგიმ, ახადის სალოცავმა, პირცეცხლის ანგელოზმა; ღელას აქიმდედუფალმა თამარმა, წიჩოს თეკლას ხატმა!…

"სიუხვე და სიტკბო არც ახლა გვაკლია რაჭველებს"


ვანო ბაბუამ აიჩემა, რაჭაში, ჩემს სოფელ­ გლოლაში ვაზი არ ხარობს და უნდა გავა­ხაროო, თავი შეაკლა და გაახარა, ახლა კი ამ ვაზიდან საუკეთესო ღვინოს წურავს. ახალ წელსაც ამ ღვინით ილოცება.

- რაჭველები ახალ წელიწადს ლორისა­ და ლობიანის გარეშე არ ვხვდებით. წმინდა ბასილის პურსაც მოგართმევთ და წმინდა განატეხსაც. ახალი წლის წინაღამეს წმინდა ბასილი და შინაური ცხოველ-ფრინველები ცომით რომ არ გამოგვეცხო, არ იქნებოდა - მათი სიმრავლე უნდა დაგვკვებებოდა. წმინდა ბასილიც ამიტომ გვყავდა დაბრძანებული სუფრაზე - თვალი გადაევლო და ყველაფერი დაემწყალობებია. მარა სანამ მეკვლე არ მოვიდოდა, ბოვშვები, განატეხს არ შევჭამდით. წმინდა პურს სანამ გამოსაცხობად შედებდნენ, ქათმის ფრთით დაჩხვლეტდნენ და ყველა ჩხვლეტაზე ჩაუთქვამდნენ - ესა და ეს მოგვიტანე, ახალო წელოო! როცა გამოცხვებოდა, ამ ნაჩხვლეტებში თაფლს ჩაასხამდნენ, დაგვიჭრიდნენ, თითო ნაჭერს შეგვახვედრებდნენ. მერე კი მივუსხდებოდით სუფრას. სიუხვე, სიტკბო და სითბო არც ახლა გვაკლია რაჭველებს, ეგაა - ახალგაზრდების ჟრიამული გვენატრება. თუ ჩვენი ანგელოზი ქართველები შინ დაბრუნდებიან, საქართველო მთებს გადადგამს.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით