2017 წლის ასტროლოგიური დახასიათება - კვირის პალიტრა

2017 წლის ასტროლოგიური დახასიათება

2017 წელი მშვიდი არ იქნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს წელი სახიფათოა. ვინც სწორად მოიქცევა, შედეგს ნამდვილად მიიღებს (ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, მამალს ბასრი ნისკარტი და ბრჭყალები აქვს, ამიტომ ის ჭიას ყველგან იპოვის)

მამლის წლის ზოგადი დახასიათება

მამლის წლისთვის დამახასიათებელია აქტიურობა და ენერგიულობა. ამასთანავე, აუცილებელია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და კონტროლი, რათა შემთხვევითი მარცხი გამოირიცხოს. ძალიან მნიშვნელოვანია იმიჯიც, ამიტომ წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ "შეფუთავენ" ადამიანები საკუთარ თავს და საქმეს. ბევრი რამ მოჩვენებითი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანი ფაქტები უნდა შემოწმდეს, რათა შეცდომები თავიდან ავიცილოთ.

2017 წელს საქართველოს ხელისუფლებისგან გააზრებულ და დისციპლინირებულ მოქმედებებს უნდა ველოდოთ

ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, მამალი აგრესიულია. ის პირდაპირია და ყველას იმას ეუბნება, რასაც ფიქრობს. რასაკვირველია, პირდაპირობა და გულწრფელობა დასაფასებელი თვისებებია, მაგრამ ამან არ უნდა გადაწონოს დიპლომატიურობა და ტაქტი, რადგან არის სიტუაცია, როდესაც პირდაპირობას დაპირისპირება მოსდევს. ამიტომ წარმატების მისაღწევად დიპლომატია აუცილებელი იქნება.

მამალი მზის ფრინველია არა მხოლოდ ჩინურ ასტროლოგიაში, არამედ სკანდინავიურ თუ გალურ მითოლოგიაშიც. ძველად სწამდათ, რომ ის ფხიზელი, მამაცი და მებრძოლი იყო. ამასთან, მიიჩნევდნენ, რომ მისი ყივილი ადამიანებს არა მხოლოდ ახალ დღეს, სიცოცხლის დაწყებას ამცნობდა.

იაპონური ლეგენდის თანახმად, ბნელი გამოქვაბულიდან სინათლის ღმერთი - ამატერასუ სწორედ მამალმა გამოიხმო ყივილით. მხოლოდ ამის შემდეგ დაისადგურა დედამიწაზე ნათელმა.

მამლის წელს ხშირად იწყება რაღაც ახალი ან - ვითარდება ძველი.

როგორც გასული (მაიმუნის), ასევე დამდეგი (მამლის) წლისთვის დამახასიათებელია ცვლილებები, ამიტომ 2017 წელი მშვიდი არ იქნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს წელი სახიფათოა. ვინც სწორად მოიქცევა, შედეგს ნამდვილად მიიღებს (ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, მამალს ბასრი ნისკარტი და ბრჭყალები აქვს, ამიტომ ის ჭიას ყველგან იპოვის).

მამალი მფარველობის სიმბოლოდაც მიიჩნევა, ამიტომ 2017 წელი სასიკეთო იქნება მფარველების, სპონსორებისა და მეცენატების მოძიებისთვის.

ამ წელს აუცილებელია სწორი ანალიზი და წვრილმანების შემჩნევა, რათა მნიშვნელოვანი პროექტები არ ჩაიშალოს.

2017 წელს შედარებით რთული იქნება იანვრის მესამე დეკადა, თებერვალი, მარტის პირველი დეკადა, აგვისტოს მეორე ნახევარი, სექტემბრის პირველი ნახევარი და დეკემბერი. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს, ისე - ბუნებრივ კატაკლიზმებს.

2017 წელს მზის ორი დაბნელება დაფიქსირდება: 26 თებერვალს - მზის რგოლური, ხოლო 21 აგვისტოს - მზის სრული დაბნელება. ასევე ორჯერ მოხდება მთვარის დაბნელება: 11 თებერვალს - ნახევრად ჩრდილოვანი, 7 აგვისტოს კი - ნაწილობრივი.

მამლის წელს საქართველოში ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება, როგორც ნეგატიური, ისე - პოზიტიური. მაგალითად, 1921 წელი - საქართველოს გასაბჭოება, 1993 წელი - აფხაზეთში დამარცხება, 1981 წელი - თბილისის "დინამოს" მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვება.

2017 წელს "მაიმუნის" მერყეობას, ეშმაკობას და გამჭრიახობას "მამლის" ენერგიულობა, სიმკაცრე და მოწესრიგებულობა შეცვლის. მამლის წელი სამხედრო ხასიათის წელია, ამიტომ 2017 წელს საქართველოს ხელისუფლებისგან გააზრებულ და დისციპლინირებულ მოქმედებებს უნდა ველოდოთ, რათა საერთო მდგომარეობა არ გაუარესდეს.

2017 წელს მოსახლეობა არ იქნება კმაყოფილი, რადგან მამლის წელს არ ხდება ეკონომიკური ზრდა და მდგომარეობის გაუმჯობესება. საჭირო იქნება მიზანსწრაფული და შეუპოვარი შრომა. წარმატებას მიზანდასახული ადამიანები მიაღწევენ. საჭირო იქნება მკაცრი რეჟიმი, რათა ყველა რგოლმა შეთანხმებულად და ორგანიზებულად იმუშაოს.

მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევისა, 2017 წელს საერთო მდგომარეობის დასტაბილურება მოსალოდნელი არ არის. აუცილებელი იქნება რეფორმების ჩატარება, რათა გაუმჯობესდეს ქვეყნის ეკონომიკური და მოქალაქეთა ფინანსური მდგომარეობა. ამასთან, აუცილებელი იქნება მკაცრი კონტროლი, რათა ხელისუფლების მოქმედებამ ხალხამდე მიაღწიოს.

მნიშვნელოვანი იქნება საბანკო-საფინანსო საკითხები, ობლიგაციებთან, აქციებთან, ფასიან ქაღალდებთან, კრედიტებთან, ტრანშეებთან, სესხებსა და გრანტებთან დაკავშირებული საკითხები. საჭირო იქნება პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება, რათა გაუმჯობესდეს ხალხის მდგომარეობა და არ შეფერხდეს უცხოურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა.

მნიშვნელოვანი იქნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები; მოსალოდნელია რეფორმა, რომელიც დაკავშირებული იქნება საყოველთაო დაზღვევასთან ან მსგავს საკითხებთან.

ყურადღებას ითხოვს ჯარსა და სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებული საკითხები. ძალოვან სამსახურებს და სპეცსამსახურებს წინდახედულობა მართებთ, რათა თავიდან აირიდონ მოსალოდნელი გართულებები.

ვერძი

იანვარში მოგიწევთ წარსულის ანალიზი და ძველი პრობლემების მოგვარება. იანვრის ბოლოდან მარტის პირველ დეკადამდე გაგიჩნდებათ შანსი, განახორციელოთ ძირეული ცვლილებები, შეიქმნათ ახალი იმიჯი და დაიწყოთ ახალი პროექტები. მარტის მეორე დეკადიდან მნიშვნელოვანი გახდება ფინანსური, სამსახურებრივი და კარიერული საკითხები. აპრილის ბოლოდან მაისის ჩათვლით მოგიწევთ, გადალახოთ დაბრკოლებები. ივლისის მეორე ნახევრიდან სექტემბრის დასაწყისამდე შედარებით აქტიური პერიოდი დაიწყება, გახდებით შემოქმედებითი, კრეატიული. ამ პერიოდში მოიმატებს ქორწინების ალბათობაც. სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ეს კარგი დროა სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის. დეკემბრის მეორე ნახევარში რადიკალური ცვლილებებისგან თავი შეიკავეთ.

კურო

იანვარში არ არის გამორიცხული, თქვენი დახმარება თქვენს მეგობრებს დასჭირდეთ. თებერვალსა და მარტში მოგიწევთ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით გაბედული ნაბიჯების გადადგმა. აპრილი კარგი დრო იქნება შეცდომების გამოსასწორებლად. აპრილის ბოლოს და მაისის პირველ ნახევარში შეძლებთ წარმატებით დაამთავროთ გასული წლის ბოლოს დაწყებული საქმეები. ივლისის მეორე ნახევარი პოზიტიური იქნება ფინანსებისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. ასევე ოჯახური საკითხების დარეგულირებისთვის. ივლისის ბოლოდან სექტემბრის პირველ ნახევრამდე პერიოდი ხელსაყრელი იქნება შემოქმედებითი მუშაობისთვის, ხელოვნებაში წარმატების მიღწევისთვის, ასევე - დასვენებისა და პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში მოსალოდნელია კარიერული წინსვლა. დეკემბერში მოერიდეთ ახლობლებთან დაპირისპირებას და ფულის სესხება-გასესხებას.

ტყუპი

წლის დასაწყისშივე მოსალოდნელია, გაგიჩნდეთ ახალი საქმიანი ურთიერთობის შანსი, რაც მომავალში, შესაძლოა, სტაბილურ ურთიერთობად ჩამოყალიბდეს. იანვრის ბოლოდან თებერვლის ბოლომდე გექნებათ შანსი, მოაგვაროთ წინა წლის პრობლემები და გაისტუმროთ ვალები. ამავე პერიოდში მოიმატებს უცხოელებთან ურთიერთობის ალბათობა. მარტის მეორე ნახევრიდან წარმატებებს მიაღწევთ სამსახურში. ივნისში გაბედულად იმოქმედეთ და საჭიროების შემთხვევაში გარისკეთ კიდეც. ივნისის ბოლოდან მოსალოდნელია გამოსწორდეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა, არ არის გამორიცხული, შემოსავლების ახალი წყაროც მოიძიოთ. ოქტომბრის პირველი ნახევარი სასიკეთო იქნება სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, მოიმატებს ფლირტის და ქორწინების ალბათობა. ნოემბრის მეორე ნახევარსა და დეკემბერში მოსალოდნელია, გააქტიურდნენ თქვენი პარტნიორები და მათი მხრიდან ახალი შემოთავაზებები მიიღოთ.

კირჩხიბი

იანვარში ნუ მოინდომებთ ბევრი საქმის ერთად კეთებას, რადგან ენერგიის ნაკლებობის გამო გაგიჭირდებათ ყველაფრის მოგვარება. თებერვალში მოიმატებს თქვენი სექსუალურობა და მიმზიდველობა, ამიტომ მეტი დრო დაუთმეთ პირად ცხოვრებას. ამ პერიოდში წინდახედულად მართეთ ფინანსები. აპრილში თუ ემოციურ სტაბილურობას შეინარჩუნებთ, საქმიან ცხოვრებაში წარმატების მიღწევას შეძლებთ. მაისი პოზიტიური იქნება; ორგანიზებული და შეუპოვარი მოქმედების შემთხვევაში მოიპოვებთ მორალურ მხარდაჭერას ან მიიღებთ მატერიალურ დახმარებას. აგვისტოში მოიმატებს ფინანსური გასავლების ალბათობა, ამიტომ ფული გონივრულად დახარჯეთ. ამ პერიოდში უფრო მეტი დაისვენეთ. მოერიდეთ გარისკვას. სექტემბერში სიტუაცია დარეგულირდება და დადებითი პერსპექტივები გამოჩნდება, თუმცა მათი განვითარებისთვის ოქტომბერში მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. თუ უკან არ დაიხევთ, მოსალოდნელია, ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე სამსახურებრივი და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შეძლოთ.

ლომი

წლის დასაწყისშივე მოგიწევთ ძველი პრობლემების მოგვარება. იანვრის მეორე ნახევარი და თებერვალი სასიკეთო იქნება იურიდიული საკითხების მოგვარებისთვის. მარტის მეორე ნახევრიდან აპრილის ბოლომდე დაიწყება თქვენთვის აქტიური პერიოდი და გაგიჩნდებათ შანსი, დაარეგულიროთ სწავლასთან დაკავშირებული საკითხები. ამ პერიოდში მოიმატებს მოგზაურობის ალბათობაც. ივნისის პირველ ნახევარში მოსალოდნელია, შეიძინოთ ახალი თანამოაზრეები. ივნისის ბოლოსა და ივლისის პირველ ნახევარში ნუ გარისკავთ. ეს დრო შეგიძლიათ დასვენებისთვის გამოიყენოთ. ივლისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე გააქტიურდით და დაიწყეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. ეს კარგი დრო იქნება საქმიანი ურთიერთობის დასაწყებად, ხელშეკრულებებისა და საბუთების გასაფორმებლად. სექტემბერში მოიმატებს სამსახურებრივი ცვლილებების და ფინანსური შემოსავლების ზრდის ალბათობა. ოქტომბერში მოაგვარეთ ოჯახური პრობლემები; ეს თვე კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და რემონტისთვისაც. დეკემბერი პოზიტიური იქნება სასიყვარულო ურთიერთობისა და ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.

ქალწული

იანვრის პირველ ნახევარში მოსალოდნელია, გაიცნოთ ახალი მეგობრები ან წამოიწყოთ ახალი პროექტები. იანვრის მეორე ნახევარში თქვენი გამჭრიახობისა და მიზანსწრაფულობის წყალობით წარმატებით გადაჭრით როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. აპრილში მოიმატებს მოგზაურობის და უცხოელებთან ურთიერთობის ალბათობა. ივნისში, მოსალოდნელია, დღის წესრიგში დადგეს სამსახურებრივი ცვლილებები. არ არის გამორიცხული, დაწინაურდეთ ან მიიღოთ რაიმე ჯილდო. სექტემბერი ხელსაყრელი იქნება ახალი ინიციატივების გამოვლენის, ახალი წამოწყებებისა და იმიჯის შეცვლისთვის. ოქტომბერში, შესაძლოა, გაგიჩნდეთ შემოსავლების ახალი წყარო. ნოემბერი პოზიტიური იქნება პირადი ცხოვრების მოწესრიგებისთვის. დეკემბერში სცადეთ, შეურიგდეთ ნაწყენ მეგობრებსა და პარტნიორებს.

სასწორი

მოსალოდნელია, იანვრიდანვე მოგიწიოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებამ, სამსახურებრივი საკითხების მოგვარებამ. ეცადეთ ფიზიკურად და ემოციურად არ გადაიტვირთოთ. თებერვლის ბოლოდან აპრილის ჩათვლით გააქტიურდება პარტნიორული საკითხები, მოიმატებს ერთობლივი პროექტების დაწყების ალბათობა. ეს პერიოდი ასევე სასიკეთოა სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყებად, ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად და ქორწინებისთვის. ივნისი ხელსაყრელი იქნება ვალების გასტუმრებისთვის, კომერციულ გარიგებებთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის. აგვისტოს პირველ ნახევარში დაისვენეთ, მეორე ნახევარი კი აქტიურად გაატარეთ. სექტემბერში, შესაძლოა, დაგჭირდეთ მეგობრების დახმარება. სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის პირველი ნახევრის ჩათვლით მოგიწევთ წარსულის გადახედვა და ბევრი რამის შეცვლა. ნოემბერში გააქტიურდება სამსახურთან, ბიზნესსა და ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები. წლის ბოლოს მოსალოდნელია, პარტნიორებთან დაამყაროთ თქვენთვის მომგებიანი ურთიერთობები.

მორიელი

იანვარსა და თებერვალში მოგიწევთ წინა წლიდან გამოყოლილი სამსახურებრივი და ფინანსური პრობლემების მოგვარება. მარტიდან შინაგანი ძალის მოზღვავებას იგრძნობთ, ეს კი აქტიური მოქმედებებისკენ გიბიძგებთ. აპრილის პირველ ნახევარში გამოასწორებთ ძველ შეცდომებს.

ივნისსა და ივლისის პირველ ნახევარში მოიმატებს თქვენი მიზანსწრაფულობა, რაც საშუალებას მოგცემთ, მოაგვაროთ ფინანსური პრობლემები. აგვისტოში დაისვენეთ, გალაღდით, დაივიწყეთ პრობლემები და ფიზიკური ენერგია აღიდგინეთ.

სექტემბერში გაიცნობთ ძალიან საინტერესო ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ.

ოქტომბერში კი თქვენს ცხოვრებაში ახალი ერთწლიანი ციკლი დაიწყება, რაც ბევრ მნიშვნელოვან საკითხს მომავალში თქვენდა სასიკეთოდ გადაწყვეტს.

დეკემბერი სამსახურსა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას დაუთმეთ.

მშვილდოსანი

იანვარი დატვირთული თვე იქნება. მოგიწევთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაც. თებერვალსა და მარტში ყურადღება მიაქციეთ ფინანსური პრობლემების მოგვარებას. მარტის ბოლოდან აპრილის ჩათვლით სიტუაცია თანდათანობით გამოსწორდება. ივნისში მოსალოდნელია გააქტიურდეს მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. ივლისში მოგიწევთ ძველი შეცდომების გამოსწორება და პრობლემური ურთიერთობების მოგვარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მომავალში სერიოზულ დაბრკოლებებს შეგიქმნით. დასვენებისთვის აგვისტო გამოიყენეთ. ოქტომბრის ბოლოს და ნოემბერში წინდახედულობა გამოიჩინეთ, მოერიდეთ ოჯახის წევრებსა და ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებას. დეკემბერში გაგიადვილდებათ საქმიანი ურთიერთობების შედეგად წარმატების მიღწევა.

თხის რქა

განვითარებული მოვლენები იანვარსა და თებერვალში თქვენგან ორგანიზებულობას, კონცენტრაციასა და შექმნილი წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვის უნარს მოითხოვს. მოგიწევთ ბევრი წვრილმანი საკითხის მოგვარება. მარტიდან თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება. მეგობრების დახმარებით შეძლებთ კრიზისული სიტუაციების მოგვარებას. ამ პერიოდში ყურადღებით მოეპყარით საქმიან შეხვედრებსა და შეთანხმებებს. აპრილის მეორე ნახევარსა და მაისში მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების, რომანტიკული შეხვედრების ალბათობა. ივლისში აქტუალური იქნება ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, ამ პერიოდში შეძლებთ იურიდიული საკითხების მოგვარებასაც. აგვისტოში დაისვენეთ, გააანალიზეთ წარსული და დაგეგმეთ მომავალი. ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბერში მოიმატებს თქვენი ენერგიულობა და მიზანსწრაფულობა. ეს დაგეხმარებათ, აიმაღლოთ ავტორიტეტი და ხელმძღვანელობასა თუ გავლენიან ადამიანებთან მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწიოთ. დეკემბერში ყურადღება მიაქციეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს.

მერწყული

არ არის გამორიცხული, იანვარში საკუთარი გეგმების გადახედვამ და რაღაცების შეცვლამ მოგიწიოთ. იანვრის ბოლოს და თებერვალში მოსალოდნელია როგორც ოჯახის წევრებთან, ისე ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების გაუმჯობესება. მოიმატებს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი. ეს ყველაფერი მარტში სამსახურებრივი და ფინანსური საკითხების თქვენს სასიკეთოდ გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. აპრილში კონკრეტულ პროექტებს მიხედეთ. ივლისის მეორე ნახევარსა და აგვისტოში დაგისუსტდებათ იმუნიტეტი, ამიტომ დაისვენეთ და ძალა აღიდგინეთ. ამ პერიოდში მოუსმინეთ პარტნიორების შენიშვნებს და გააკონტროლეთ ხარჯი. სექტემბერში მოიმატებს თქვენი ინტუიცია, რაც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ნოემბერში ყურადღება გამოიჩინეთ როგორც სამსახურებრივი, ისე - ოჯახური საკითხების მიმართ. მოერიდეთ რისკს. დეკემბერში საერთო მდგომარეობა დასტაბილურდება.

თევზები

იანვარში თქვენი ძირითადი საზრუნავი უძრავ ქონებასა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება. თებერვალში მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობების, რომანტიკული შეხვედრების ალბათობა. მარტში გახდებით უფრო კონცენტრირებული, რაც სამსახურებრივ წინსვლასა და შემოსავლების ზრდაში დაგეხმარებათ. მაისი პოზიტიური იქნება ახალი ურთიერთობების დაწყებისთვის. მაისის ბოლოს და ივნისში მოიმატებს შეცდომების დაშვების ალბათობა. ივლისის ბოლოს და აგვისტოში გაგიჩნდებათ პირადი ცხოვრების შეცვლის შანსი. მოიმატებს ქორწინების ალბათობა. ოქტომბერში გამოიჩინეთ სულიერი სიმტკიცე, რათა კრიზისული სიტუაციების მართვა შეძლოთ. ამასთანავე, შეეცადეთ, არ წამოეგოთ პროვოკაციებს. დეკემბერში მოსალოდნელია, მოიპოვოთ ვინმეს მორალური ან მატერიალური მხარდაჭერა.

მოამზადა ასტროლოგმა

რამაზ გიგაურმა