როგორ ხვდებიან ცნობილები ახალ წელს
26-12-2016
როგორ ხვდებიან ცნობილები ახალ წელს
ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთ­ხეში განსხვავებულად ხვდებიან: იტალიელები სახლიდან ძველ და უვარგის ნივთებს­ "აძევებენ", ეკვადორელები კოცონზე მამაკაცის ფიტულებს წვავენ, ინგლისელები ახალი წლის დადგომას ზარების რეკვით ეგებებიან... როგორ ხვდებიან ამ დღესასწაულს ცნობილი ქართველები და რა სიურპრიზებს უმზადებენ საყვარელ ადამიანებს?

"ვცდილობ, ახალი წელი ჩემი შვილებისთვის ზღაპრული გავხადო"


სოფო ხალვაში, მომღერალი: -
ჩემი პროფესიის გამო ახალ წელს ოჯახში თითქმის ვერასოდეს ვხვდები, ამიტომ გამორჩეულად 7 იანვარს აღვნიშნავთ. ბავშვობაში დიდ სიხარულს მანიჭებ
და ნაძვის ხის მორთვა და თოვლის პაპის მოლოდინი - ეს ყველაფერი განუმეორებელ შეგრძნებებთან იყო დაკავშირებული, ახლა უკვე მე ვცდილობ, რომ ახალი წელი ჩემი შვილებისთვის ზღაპრული და განუმეორებელი გავხადო. ჩემი უფროსი შვილი 9 წლის ხდება, თითქოს უკვე იცის, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, მაგრამ მის საჩუქრებს მაინც ელოდება. უმცროსი ჯერ
3 წლისაა და ახალ წელს გაფაციცებით ელის. ბავშვებს საჩუქარი ან ნაძვის ხესთან ხვდებათ, ან თოვლის პაპას გამოვიძახებთ ხოლმე. ყველას ვუსურვებ, რომ მომავალი წელი განსაკუთრებული იყოს.

"ჩემი შვილი სრულწლოვანი რომ გახდა, ბინა ვაჩუქე"


თათა ვარდანაშვილი, დიზაინერი: -
3 იანვარს ჩემი შვილია დაბადებული, 7 იანვარს - ჩემი და. ყველაზე დიდი შენაძენი ჩემთვის ამ ადამიანების სიცოც­ხლეა. რაც შეეხება სიურპრიზებს, ყველაზე მნიშვნელოვანი სიურპრიზი, რაც კი ოდესმე ვინმესთვის გამიკეთებია, სწორედ ახალი წლის დღეებს უკავშირდება: ჩემი შვილი დემეტრე სრულწლოვანი რომ გახდა, ბინა ვაჩუქე. ძალიან მინდოდა, რომ მას თავისი, პატარა კუთხე ჰქონოდა. ოჯახში ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრების დატოვების ტრადიციაც გვაქვს. ერთმანეთს ისეთ საჩუქრებს ვუკეთებთ, რაზეც ოჯახის წევრები მთელი წლის განმავლობაში ოცნებობდნენ.

"თოვლის ბაბუა" მე ვარ"


ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი:­
- ჩემთვის ყველა დღე ძვირფასია, რომელიც­ თენდება, როდესაც ჯანმრთელი­ და საღ-სალამათი ხარ. საახალწლო სიურპრიზი კი ალბათ, ის საჩუქარია, რომელიც თოვლის ბაბუას ჩემი გოგონასთვის მოაქვს. ლილუ 13 წლისაა, მაგრამ ამ საჩუქარს მაინც მოუთმენლად ელის. ალბათ მიხვდით, რომ ეს "თოვლის ბაბუა"­ მე ვარ. ახალ წელს ოჯახში მოკრძალებულად ვხვდებით - ჩემს ოჯახში ოთხსართულიანი სუფრა არასდროს გაშლილა, მაგრამ ყოველთვის გვაქვს გოზინაყი. ოპტიმისტი ვარ და ახალი წლისგან ყველაფერს საუკეთესოს ველი. 2017 წელსაც იმედიანად ვეგებები, რადგან ოპტიმისტი რომ არ იყო, ამ საუკუნეში ვერ გადარჩები - ან მორალურად განადგურდები, ან ფიზიკურად.

"ახალი წელი თვითონ მიმზადებს სიურპრიზს..."


გივი ბერიკაშვილი, მსახიობი: -
2017 წელი თვითონ მიმზადებს უმშვენიერეს სიურპრიზს - იანვრის ბოლოს მეორე შვილთაშვილს ველოდები. რადგან შვილები ცალკე ცხოვრობენ, მე და ჩემი მეუღლე მათთან მივდივართ სტუმრად და ახალ წელს ერთად ვხვდებით. ზოგჯერ ოჯახის წევრებს ნაძვის ხის მორთვაში მეც ვეხმარები, ეს პროცესი ძალიან მომწონს. ახალი წლის ღამეს კი, ტრადიციას არ ვღალატობთ და ბავშვებს საჩუქრებს ნაძვის ხის ქვეშ ვუწყობთ. ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში მშვიდობასა და სიყვარულს ვუსურვებ. გარდა სიყვარულისა, ჩვენ არაფერი გადაგვარჩენს.

მემკვიდრეობითი რეცეპტი


ნანა ნებიერიძე, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე:
- ყველაფრის მჯერა, რასაც სიკეთე და სითბო მოაქვს. როგორც ყველა ქართულ ოჯახში, საახალწლო კერძების ტრადიცია ჩვენც გვაქვს - საცივი, გოზინაყი... ასევე ჩემი უსაყვარლესი კერძია ღუმელში გამომცხვარი ინდაური ბრინჯით და ვაშლებით, რომლის რეცეპტიც მემკვიდრეობით გადმომეცა. ეს არის უკრაინულ-პოლონური საახალწლო ტრადიცია. დედა რუსი მყავს, ბებია პოლონელი, მეორე ბებია უკრაინელი და ეს რეცეფტი მათგან გადმომეცა.
მინდა გისურვოთ ოჯახში კარგი "ამინდი". ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, განსაკუთრებით ბავშვებს.

"სურვილებს ფურცელზე ვწერთ და შამპანურში ვყრით"


ნანუკა გოგიჩაიშვილი, მოდელი:
- წელსაც ტრადიციას დავიცავთ და მთელი ოჯახი ერთად მოვიყრით თავს. გვაფრთხილებენ, რომ მამლის წელს ქუჩაში უნდა შეხვდე, ამიტომ შეიძლება აივანზე გავიდე და იქ შევეგებო ახალ წელს.
ჩაცმულობასთან დაკავშირებით რჩევებს არ ვითვალისწინებ ხოლმე, მაგრამ ისე ხდება, რომ ახალ წელს ყოველთვის ახალი მაცვია. რაც შეეხება ფერებს, მაცვია ის, რაც მიხდება და არა ის, რასაც გვირჩევენ. სახლში გვაქვს ერთი ტრადიცია: ახალი წლის დადგომამდე ერთი წუთით ადრე ოჯახის ყველა წევრი ჩვენს სურვილებს ფურცელზე ვწერთ, შემდეგ ვწვავთ და ფერფლს შამპანურში ვყრით. ასე რომ, 12 საათისთვის უკვე ნახევრად მთვრალები ვარ, მაგრამ განწობა გვაქვს არაჩვეულებრივი. ვულოცავ შობა-ახალ წელს "კვირის პალიტრის" მკითხველს, ვუსურვებ ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრებას.

"ბაბუს მეკვლეები დაცვის ბიჭები იყვნენ"

ლაშა შევარდნაძე, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი:
- სანამ ბაბუაჩემი ცოცხალი იყო, ვცდილობდით, ყველა მასთან შევხვედროდით ახალ წელს. 12 საათზე მთელი ოჯახი ერთად ვიყრიდით თავს, ასე გრძელდებოდა მეორე დღესაც. ბაბუს გარდაცვალების შემდეგ ეს ტრადიცია თითქოს დაირღვა - სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყოველთვის ვერ ვახერხებთ­ საახალწლოდ შეკრებას. სხვა ქართული ოჯახებისგან განსხვავებული ტრადიცია არ ჰქონია ჩვენს ოჯახს. თუმცა ერთი ასეთი ტრადიცია გვქონდა - 12 საათის შემდეგ ყოველთვის შემოდიოდნენ დაცვის ბიჭები და ულოცავდნენ ბაბუს და მთელ ოჯახს ახალ წელს. ფაქტობრივად, მეკვლეები იყვნენ.

ხათუნა ჩიგოგიძე
ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით