"ეკლესია­ გავლენიანი ძალების დარტყმის ქვეშაა" - კვირის პალიტრა

"ეკლესია­ გავლენიანი ძალების დარტყმის ქვეშაა"

"არის მცდელობა ეკლესიის კომპრომეტირებისა, რომ იქ ხალხი ნაკლებად მივიდეს - ეს ერთობ ვერაგული სქემაა"

"თითქოს ვიღაც შეგნებულად აკეთებს აქცენტს უღირს სასულიერო პირებზე, რომ მერე ითქვას, ამათ როგორ უნდა ვენდოთო"

წმინდა სინოდის სხდომის წინ რამდენიმე სასულიერო პირმა ხმამაღალი განცხადებები გააკეთა და პრეტენზიები გამოთქვა საპატრიარქოში მომუშავე ზოგიერთ საერო პირთან დაკავშირებით. სინოდის სხდომის შემდეგ ასეთი სახის განცხადებები აღარ გაკეთებულა, თუმცა საზოგადოების ნაწილს გაუჩნდა ეჭვი იმის შესახებ, არის თუ არა ღრმად წასული აზრთა სხვადასხვაობა ეკლესიაში.

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა კლდისუბნის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ დავით ციცქიშვილთან (რომელიც უწმინდესი ქრისტეფორე III-ის (1873-1932 წწ.) შვილიშვილია) ერთად ვცადეთ.

- როდესაც მეკითხებიან, ავიღოთ თუ არა აიდი ბარათიო, ვამბობ, უწმინდესი დუმს, სინოდს არ აუკრძალავს, ამიტომაც შეგვიძლია ავიღოთ-მეთქი. ადრე გადაწყდა, რომ ეკლესიაში ქართული სამხმიანი გალობა უნდა ისმოდეს და არა ბერძნული. მომწონს თუ არა, უნდა დავემორჩილო ამ და კიდევ სხვა გადაწყვეტილებას, რადგან სხვანაირად წესრიგი ვერ მიიღწევა.

ქრისტიანულ სამყაროში მნიშვნელოვანი - მორჩილების ფენომენის გათვალისწინებით, საპატრიარქო არის ცენტრი, სადაც ამა თუ იმ საგულისხმო პრობლემასა და საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს ეკლესიის წევრები უნდა დაემორჩილონ. შესაძლოა, ყველა არ ეთანხმებოდეს მას და საკუთარი შეხედულებები ჰქონდეთ, მაგრამ თუ თითოეული თავისი პოზიციის დაცვას და გატანას შეეცდება, ქაოსი იქნება.

- ამ მორჩილების პრობლემაა?

- მორჩილება ადამიანის პრობლემაა. სასულიერო პირიც ადამიანია და ისიც უშვებს შეცდომებს. წარმოუდგენელი არაფერი ხდება. საეკლესიო სამყაროში ახალი ეტაპი დადგა. თუ წინათ აზრთა სხვადასხვაობა შიგნითვე განიხილებოდა, ახლა გარეთ გამოვიდა. მიუხედავად ამისა, სასულიერო პირები სახალხოდ არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. "რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებულ გადაცემაში, სადაც სასულიერო პირების დაპირისპირება განიხილეს, არ მივიდნენ. მისვლის შემთხვევაში მტერს გააცინებდნენ და უფრო დასცემდნენ ეკლესიის ავტორიტეტს.

მტკიცედ მიმაჩნია, რომ გარკვეულ ეტაპამდე, ზღვრამდე ეკლესიის წიაღში წარმოქმნილი პრობლემები იქვე უნდა განიხილებოდეს და მოგვარდეს.

- სად არის ეს ზღვარი და ახლა სად ვართ?

- ძალიან რთული პერიოდია. გლობალურად თუ შევხედავთ საკითხს, ეკლესია მეტად გავლენიანი ძალების დარტყმის ქვეშაა, ამასთან, ქვეყანაშიც რთული ვითარებაა.

წინათ მოსკოვში იწერებოდა სცენარები, როგორ განვითარებულიყო ჩვენი ერი, სად ჩადებულიყო ნაღმები, ვფიქრობ, ახლაც იგივე ხდება, შესაძლოა, კვლავ მოსკოვში ან სადღაც სხვაგან, ამჯერად ეკლესიის წინააღმდეგ. თითქოს ვიღაც შეგნებულად აკეთებს აქცენტს უღირს სასულიერო პირებზე, რომ მერე ითქვას, ამათ როგორ უნდა ვენდოთო. არაკეთილმოსურნეების მიზანია, საზოგადოება დაშორდეს ეკლესიას, რომელიც იმის გარანტია, რომ ჩვენი ეროვნული ღირებულებები არ დაკნინდეს, რაც ძალიან ბევრს ეჩხირება ყელში. ამიტომაც

ვფიქრობ, ვიღაც წინასწარ განსაზღვრავს პროცესებს და დაპირისპირების პროვოცირებას ახდენს. უღირსი სასულიერო პირიც სწორედ მათი სამოქმედო ბერკეტი შეიძლება იყოს. კომუნისტების ცნობილი გამოთქმა იყო - კადრები წყვეტენ ყველაფერს. შესაბამისად, ქვეყნის და ნებისმიერი ინსტიტუტის აღმშენებლობის სათავე უნდა იყოს კადრები. ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ეკლესია.

- კერძოდ?

- კომუნისტების პერიოდში უფრო გაშმაგებით ებრძოდნენ ეკლესიას, გასული საუკუნის 20-იან წლებში საშინელება ხდებოდა. თუმცა, ეკლესია უძლეველია, რადგან პოლიტიკურად როგორადაც უნდა გათვალონ, რაც უნდა ძლიერი მოწინააღმდეგე ძალები ჩაერთოს, ღმერთს ხომ ვერ დაასუსტებენ?

არის მცდელობა ეკლესიის კომპრომეტირებისა, რომ იქ ხალხი ნაკლებად მივიდეს - ეს ერთობ ვერაგული სქემაა. მრევლი, როგორც ჩანს, შემცირდა, რასაც ბევრი სასულიერო პირი აღნიშნავს; მაგრამ ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. XXI საუკუნის ადამიანს ბევრი რამის გამო უჭირს ტაძარში სიარული. ხშირად სამსახურის გამო დრო აღარ რჩება. ახალგაზრდა, იმპულსების თაობა უფრო სიამოვნებაზეა ორიენტირებული. იძულება არ იზიდავს, არადა, მარხვას და ლოცვას იძულება უნდა. არსებობს ცუდი მღვდლის ფაქტორიც, ისევე, როგორც ცუდი ექიმის, ხელოსნის და ა.შ.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ თავის დროზე ზოგიერთი სასულიერო პირი არასწორად შეირჩა, რაც ერთ დღეს აუცილებლად ბუმერანგივით დაგვიბრუნდებოდა.

- როგორ უნდა ეშველოს ამ პრობლემებს?

- მრევლს უნდა ვკითხოთ, სასულიერო პირებთან ურთიერთობისას მტკივნეულად რა ხვდებათ თვალში. როდესაც სტუდენტებს ვკითხე, მიპასუხეს, რომ ყველაზე მეტად აღიზიანებთ ანგარება, შერჩევითი დამოკიდებულება მდიდარსა და ღარიბ, გავლენიანსა და გავლენის უქონელ მრევლს შორის. ამ თვალსაზრისით სამუშაო გვაქვს. შეიძლება ავხსნათ მიზეზებიც, რომ ზოგიერთ სასულიერო პირს, განსაკუთრებით სოფლებში, ძალიან უჭირს, ოჯახი ჰყავს სარჩენი... ადამიანი მოძღვრებს პატივს რომ სცემს, ისინი, ბუნებრივია, თბილი და ყურადღებიანი ხდებიან მის მიმართ, ეს კი სხვის თვალში ცუდად ჩანს. ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური მომენტია, რომელიც პრობლემის მიზეზს ხსნის, მაგრამ ვერ ამართლებს.

- არის სხვა პრობლემებიც, რომელიც აკნინებს ზოგიერთი სასულიერო პირის ავტორიტეტს. მაგალითად, ნათლობასა თუ ჯვრისწერაზე ფულის დადგენილი რაოდენობის ცნება...

- ნამდვილად. ჯვრისწერაზე, ნათლობაზე და ა.შ. გასაღები ფულის დადგენილი რაოდენობა გაუგებარი ცნებაა.

სასულიერო პირი რომ ხდები, უნდა გესმოდეს, რომ შენი პატრონი არის ღმერთი და არ მიგატოვებს. ძველ დროში ერთ-ერთ მონასტერთან იყო სასტუმრო, სადაც ხალხი საკუთარი სურვილით ტოვებდა შესაწირს, ან არ ტოვებდა. ერთხელაც მოვიდა ვინმე ვაჭარი და როდესაც ფულის გადახდაზე მიდგა ჯერი, ბერებს უთხრა, მე რომ გადავიხადო, სხვები გადაიხდიანო? ბერებმა უპასუხეს, ჩვენი წინამძღვარი ამბობს, - თუ ცხრა არ გადაიხდის, მეათე მოვა, რომელიც თავის ფულსაც გადაიხდის და იმ ცხრის ნაცვლადაცო. უფალი აუცილებლად მოგიწყობს ამ გამოცდას, ვიღაც არ მოგცემს თანხას, მაგრამ მოვა სხვა, რომელიც მოგცემს. მღვდელმა უნდა გაუძლოს.

ამ და სხვა საკითხების გათვალისწინებით, სასულიერო პირებს მეტი გახსნილობა და ყურადღება გვმართებს, რომ ერის დამოკიდებულება, მისი თვალთახედვა გავითვალისწინოთ.

ერთ-ერთმა მწერალმა თქვა, შენიშვნა, კრიტიკა, შესაძლოა, ადამიანურად არ მსიამოვნებს, ვბრაზდები, მაგრამ ვცდილობ, გავიგო, რა საბაბი მივეცი ამ შენიშვნებისთვისო. ვფიქრობ, ჩვენთვისაც დადგა დრო, უფრო მოვუსმინოთ ხალხს, დავფიქრდეთ და გარკვეულწილად გაითვალოს, რაც ხალხს არ მოსწონს. ყოველი ცალკეული შემთხვევა უნდა გაანალიზდეს.

- ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ასეთ პრეტენზიებსაც კი გამოთქვამს - რატომ სხვა კონფესიებსაც არ აფინანსებს სახელმწიფოო. სხვათა შორის, სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება არაერთხელ გამხდარა საზოგადოების ნაწილის მსჯელობის საგანი. სინოდის ბოლო სხდომის შედეგებში გაწერილია, რომ საჭიროა ხალხს ზუსტად მიეწოდოს ინფორმაცია, რატომ იღებს ამ ფულს ეკლესია, როგორც მის მიმართ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.

- საქართველოს ისტორია, უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობა, რაც დღემდე მოსულა, უმეტეს შემთხვევაში ეკლესიის და საეკლესიო პირების ღვაწლის დამსახურებაა. შეიძლება ამ ღვაწლში საქართველოში მართლმადიდებელ ეკლესიას რომელიმე სხვა კონფესია გაუტოლდეს? ან თუნდაც იტალიაში კათოლიციზმთან, მუსლიმანურ ქვეყნებში კი მათ სჯულთან მართლმადიდებლობის ან სხვა კონფესიების ასე გატოლების უფლებას ვინმე მოგცემთ? არასწორად მიმაჩნია საკითხის ასე დაყენება, როგორც არასწორად მიმაჩნია ვინმესთვის სარწმუნოების თავსმოხვევა. ვისაც რა უნდა, ის იწამოს.

სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს ეკლესიას, მაგრამ ხარჯების მეტი გამჭვირვალობა უნდა იყოს, რათა ვინმეს ქილიკის საბაბი არ მიეცეს.

ფაქტია, პრობლემები დაგროვდა, ხალხს შენიშვნები აქვს, ეს ეკლესიამ უნდა გაითვალისწინოს. საზოგადოება არის სარკე, რომელიც თავის სახეს აჩვენებს როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლებას. შესაძლოა, რაღაც კრიტიკა ვერ მიიღო, მაგრამ უნდა გაფილტრო, რა როგორ არის.

- ხომ არ არის საფრთხე, რომ ეკლესია პოლიტიკური განცხადებების არენად იქცეს?

- იყო ამის მცდელობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ერთხელ თუ დაუთმე, მერე ვეღარ დაიხსნი თავს. ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში არ უნდა ერეოდეს, არ შეიძლება ამბიონიდან პოლიტიკას ქადაგებდე, მაგრამ თუ პოლიტიკურ ძალას ნაკლოვანებები აქვს, უნდა ითქვას, უნდა ვამხილოთ.

ეკა ლომიძე