საქართველოს პრეზიდენტების ჰობი და საყვარელი ფილმები
26-12-2016
საქართველოს პრეზიდენტების ჰობი და საყვარელი ფილმები
გამსახურდიას არ მოსწონდა "ფაუსტი" - არ მესმის, ფაუსტი, რომელმაც ამდენი უკეთური საქმე ჩაიდინა, როგორ ცხონდაო

მარგველაშვილი ცხოველთა ფსიქოლოგიამ ფილოსოფიამდე მიიყვანა


როგორი როლი შეასრულეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში, რისი გაკეთება შეძლეს და რა ვერ მოახერხეს საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა? ისტორია ქვეყნის თითოეული პირველი პირის მმართველობას აუცილებლად შეაფასებს და დააფასებს, მაგრამ როგორები იყვნენ და არიან ისინი კადრსა და საჯარო სივრცის მიღმა, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში? "კვირის პალიტრა" შეეცადა, მათი ცხოვრების აქამდე
გაუხმაურებელი ეპიზოდების შესახებ ცოტა რამ გაეგო.

გამსახურდიას არ მოსწონდა "ფაუსტი" - არ მესმის, ფაუსტი, რომელმაც ამდენი უკეთური საქმე ჩაიდინა, როგორ ცხონდაო


საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომლის მმართველობის დროსაც მსოფლიო რუკას დაუბრ­უნდა სახელმწიფო სახელწოდებით - საქართველო, თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს კითხვასა და უცხოური ლიტერატურის თარგმნაში
ატარებდა. მისი საოჯახო ბიბლიოთეკა მდიდარი იყო უნიკალ­ური წიგნებით, რომელთა დიდი ნაწილი 1992 წლის ხანძარს ემსხვერპლა. ზვიად გამსახურდია იკვლევდა ამერიკულ და ბრიტანულ ლიტერატურას, მოგვიანებით კი ორი წიგნი გამოსცა "ვეფხისტყაოსნის" მსოფლმხედველობის საკითხებზე. როგორც მისი შვილი კონსტანტინე გამსახურდია იხსენებს, ქართულ ლიტერატურაში მისი საყვარელი ნაწარმოები "ვეფხისტყაოსანი" იყო, უცხოურში კი - ჰომეროსის "ილიადა". მის სამაგიდო წიგნებს შორის იყო ასევე შექსპირის ორი დრამა - "ჰამლეტი" და "ჰენრი მეოთხე"­ და უოლტ უიტმენის ნაწარმოებები. სხვათა შორის, წიგნებზე საუბრისას ზვიად გამსახურდია ყოველთვის აღნიშნავდა, რომ არ მოსწონდა გოეთეს "ფაუსტი", რადგან წიგნის ფინალი უცნაურად ეჩვენებოდა - არ მესმის"ფაუსტის დასასრული, ფაუსტი, რომელმაც ამდენი უკეთური საქმე ჩაიდინა, როგორ ცხონდაო, უკვირდა. რაც შეეხება მუსიკას, ცნობილია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე და თუ წიგნის კითხვით არ იყო გართული, სიამოვნებით უკრავდა შოპენისა და შუმანის ნაწარმოებებს. ზვიად გამსახურდია კინემატოგრაფიით გატაცებული არ გახლდათ, ერთადერთი ფილმი, რომელიც მის აღფრთოვანებას იწვევდა, გასული საუკუნის 70-იან წლებში გადაღებული "300 სპარტელი" იყო.

შევარდნაძემ თერთმეტწლიანი მმართველობის პერიოდში მხოლოდ ორჯერ აიღო შვებულება


ედუარდ შევარდნაძის, როგორც პიროვნებისა და პოლიტიკოსის შეფასება, ალბათ, ყოველთვის წინააღმდეგობრივი იქნება. მომხრეებისთვის შევარდნაძე მსოფლიო მასშტაბის უდიდესი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც საქართველო ქაოსს გადაარჩინა, მოწინააღმდეგეები კი შევარდნაძეს გამყიდველს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კრიზისამდე სწორედ მისმა არასწორმა მმართველობამ მიიყვანა. ასეა თუ ისე, ვერავინ უარყოფს, რომ მას პოლიტიკის ენა კარგად ესმოდა და ადამიანებთან ურთიერთობაც კარგად გამოსდიოდა. როგორც ქვეყნის მეორე პრეზიდენტის მეგობრები იხსენებენ, ის ოჯახის წევრებთან შესაშური სიმშვიდითა და გაწონასწორებულობით გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მეორე პრეზიდენტმა თერთმეტწლიანი მმართველობის პერიოდში ოფიციალურად შვებულება მხოლოდ ორჯერ აიღო, ცდილობდა, შაბათ-კვირას ლიკანს ან წინანდალს სწვეოდა. თურმე სახელმწიფო საბჭოს საქმეთა მაშინდელ მმართველს, ირაკლი ანდრიაძეს, წინანდალში საგანგებოდ პრეზიდენტისთვის ყოველთვის გადანახული ჰქონდა მუხის კასრში დაყენებული არაყი - შევარდნაძე ალკოჰოლურ სასმელს მხოლოდ წინანდლის რეზიდენციაში მიირთმევდა. ლიკანის სასახლეში ყოფნისას კი ბევრს სეირნობდა და უბის წიგნაკში რაღაცებს ინიშნავდა. როგორც ამბობენ, ჩანაწერებს მხოლოდ მეუღლეს, ნანული შევარდნაძეს აკითხებდა. ახლობლების წრეში ხშირად აღნიშნავდა, რომ ფილმებიდან განსაკუთრებით რეჟისორ თენგიზ აბულაძის "მონანიება""უყვარდა, წიგნებიდან კი შიო გვეტაძის "მონანიებას" გამოყოფდა.

"სააკაშვილი მხოლოდ სათაურებს კითხულობდა და გვერდებს სწრაფად ფურცლავდა..."


2004 წელს, ხელისუფლებაში კორუფციასთან ბრძოლისა და რადიკალური რეფორმების ინიციატივით მოსული მიხეილ სააკაშვილი მრავალფეროვანი ინტერესებით ყოველთვის გამოირჩეოდა, თუმცა წიგნების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული არასოდეს გამოუვლენია. როგორც მისი ერთ-ერთი თანამებრძოლი "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აღნიშნავს, ექსპრეზიდ­ენტს ვრცელი ტექსტების კითხვა იმდენად არ უყვარდა, რომ გაზეთებშიც კი, სადაც მის შესახებ მასალები ქვეყნდებოდა პრეზიდენტობამდე თუ მმართველობის პერიოდში, მხოლოდ სათაურებს კითხულობდა და გვერდებს სწრაფად ფურცლავდა. როგორც გავარკვიეთ, ექსპრეზიდენტის საყვარელი ფილმია მილოშ ფორმანის "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა".

მარგველაშვილი ცხოველთა ფსიქოლოგიამ ფილოსოფიამდე მიიყვანა


გიორგი მარგველაშვილის ინტერესების შესახებ ბევრი დეტალია ცნობილი, მათ შორის ის, რომ უყვარს ბუნებასთან ახლოს ყოფნა და ამის გამო გადავიდა საცხოვრებლად დუშეთში. ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს უყვარს ნადირობა, ფეხბურთი­ და ცხოველები. თურმე, ხუთი წლისამ მტკი­ცედ გადაწყვიტა, ჰყოლოდა ძაღლი. როგორც ამბობს, ცხოველებზე ბევრს კითხულობდა. ამან ცხოველთა ფსიქოლოგიამდე მიიყვანა, ცხოველთა ფსიქოლოგიამ - ზოგად ფსიქოლოგიამდე, ფსიქოლოგიამ კი - ფილოსოფიამდე.

პირველი წიგნი, რომელიც დამოუკიდებლად წაიკითხა - "ბიბლიური თქმულებები" - მარტივი ენით მოყოლილი ამბებია. მისი საყვარელი წიგნებია: "ვეფხისტყაოსანი", "იოსები და მისი ძმები", "ოსტატი და მარგარიტა", ვაჟა-ფშაველას მთელი შემოქმედება, რუსული ვერცხლის საუკუნის პოეზია, შექსპირი.
კეხვი
03 იანვარი 2017 10:47
ცოტა მეტი უნდა იკითხო რომ მეტი გაიგო,ბევრ ადამიანს ზვიადის ხსენების უფლებაც კი არ აქვს საქართველოში,ვინ დაანგრია და ვინ დაეხმარა ამას ისტორია დაწერს თავის დროზე
გიგი
03 იანვარი 2017 10:44
სამივემ არა. ორივემ! გამსახურდიას მხოლოდ 8 თვიანი მმართველობა ქონდა, მხოლოდ 8 თვიანი! და კოსტავას გარეშე, მტრებით გარშემოსილი... ! მაგრამ მაინც - მიწისძვრისგან დანგრეული საჩხერე ააშენა (ყველას აუშენა სახლი!
ფლატუსის შემდგომ - პრუწ !
03 იანვარი 2017 07:56
ქვეყანას სამივემ დედა უტირა, ზვიადმა - სიყვარულით,

დანარჩენებმა - სიძულვილით, მომხვეჭველობითა და

კოსმოპოლიტური კარიერიზმით.

რედაქტორის რჩევით