"გამოვიყენოთ ჩვენი მთავარი იარაღი!" - კვირის პალიტრა

"გამოვიყენოთ ჩვენი მთავარი იარაღი!"

"მომავალი წლიდან ბევრი რამ უკეთ იქნება ჩვენს ქვეყანაში"

"მხოლოდ პოლიტიკურ-სოციალურ თემებზე დებატები, რაც ხშირად დიდ უკულტურობაშიც გადადის, საკმარისი არ არის. უკულტურო პოლიტიკა ნამდვილი პოლიტიკა ვერ იქნება"

ეს ადამიანი ჯერ კიდევ XX საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, საკუთარი შემოქმედებით ამბობდა ახალს, პრინციპულად მნიშვნელოვანს, რაც საბჭოთა ადამიანს არათუ უნდა გაეგო, არც უნდა გაეაზრებინა და თანაც ამბობდა გაცილებით ადრე, ვიდრე საზოგადოება ამაზე თუნდაც ჩურჩულით "ალაპარაკდებოდა". დღეს აღარავინ მალავს სათქმელს და არც სათქმელი მალავს თავს, მით უფრო, ის ხელოვანი, ვისთვისაც უმთავრესი ღირებულებები არასდროს ცვდება... 2016 წლის შეფასება კინორეჟისორსა და პედაგოგს მერაბ კოკოჩაშვილს ვთხოვეთ:

- ბატონო მერაბ, რით გამოარჩევდით გასულ წელს, რას მივაღწიეთ ან პირიქით, რას ვერ შევწვდით? მცირედით მაინც თუ წავიწიეთ წინ, ან იქნებ კვლავ ერთ ადგილს ვტკეპნით?

- სახელოვნებო კუთხით ახლაც ბევრი გვაქვს საჩივლელი, თუმცა კარგი ამბებიც მოხდა. თუ ჩემით დავიწყებთ, გეტყვით, რომ წელს ჩემი კოლეგების დაჟინებული თხოვნით გადავწყვიტეთ, კინოსტუდია "ქართულ ფილმს" გარკვეულწილად გავძღოლოდი, ანუ მისი დირექტორატის ზემდგომი ორგანოს - ქართული კინოს განვითარების ცენტრისთვის მეხელმძღვანელა. მთელი ცხოვრება მხოლოდ ფილმებზე ვმუშაობდი და რაიმეს მართვა საქმედ არასდროს გამიხდია, ამიტომ, ვფიქრობ, უმძიმესი მისია დამეკისრა. კინოსტუდია "ქართული ფილმის" აქციების შენარჩუნებით სახელმწიფომ დაგვანახა, რომ კარგად ესმის მისი მნიშვნელობა და ისიც, რომ არ შეიძლება განადგურდეს ის, რამაც საქართველოს, ქართულ კინოკულტურას უდიდესი სახელი მოუტანა...

- როგორ შეაფასებთ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებას?

- თუ მე დამეჯერება, კინოზე მეტად ინტეგრირებული ხელოვნება არ არსებობს. ჩვენს ეპოქაში თუნდაც "ოსკარზე" წარდგენილ ფილმს იმავე დღეს ნახულობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაყურებელი და გამოჩენისთანავე იწყება საზოგადოებაზე მისი ზეგავლენაც. მაშასადამე, თუ იგი ასეთი მნიშვნელოვანია, კინოხელოვნებას ქვეყნის ხელისუფლებისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ამიტომ უნდა შეუწყოს ხელი, რომ უძველესმა ეროვნულმა კულტურამ კარგი ზეგავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნის საზოგადოებაზეც, რათა გაგიცნონ, პატივი გცენ და ა.შ. "გამოვიყენოთ ჩვენი მთავარი იარაღი!" ამ თვალსაზრისით ჩვენს ხელისუფლებასთან ბევრი პრეტენზია მაქვს. წლის ბოლოს რომ აფასებენ, ვინ რა გააკეთა, როგორ გააკეთა, რა გეგმები აქვს, ეს კარგია, რადგან მოსახლეობას არ უმალავ შენს გეგმებს. შეგიძლიათ მითხრათ, რამდენი სტრიქონი აქვს დათმობილი ამ ჩამონათვალში კულტურის საკითხებს?

- მე მინახავს 3 წლის წინანდელი სამთავრობო ბუკლეტი, სადაც არათუ სფეროს შემაჯამებელი საქმიანობა, სიტყვა "კულტურაც" კი არ იყო ნახსენები...

- განათლებაზე არის, დასაქმებაზეც, ეკონომიკაზეც, ჯანმრთელობის და, რასაკვირველია, თითოეული საჭიროა, მაგრამ თუ ყველაფერს შევაჯამებთ, მივიღებთ კულტურას, რაც ქვეყანას აქვს ან არა აქვს. აAქედან გამომდინარე, თუ ამას ყურადღებას არ აქცევ, ჩათვალე, რომ უზარმაზარ რაღაცას კარგავ. გაიხსენეთ, როგორ ჰქვია ეპოქებს: იყო ბრინჯაოსა და რკინის ხანაც, ასევე, აღორძინების ხანა, დღეს კი, ალბათ, კომუნიკაციების ხანაა, მაგრამ ეს უკვე კულტურაში გადასული მიღწევებია. კულტურა ის ფუნდამენტია, რაზეც ყველაფერი დგას. საქართველო და ქართველობა თუ რაიმემ დღემდე მოიყვანა, ეს სწორედ ჩვენი ენა, საბრძოლო ხელოვნება და რწმენაა, რაც ერთიანდება ჩვენს კულტურაში, თორემ წიაღისეულით ისეთი მდიდარი არასდროს ვყოფილვართ, ვინმეს განსაკუთრებული ყურადღება რომ მივიპყროთ. თუ ეს ყველაფერი სახელმწიფომ არ გაიაზრა და ქვეყნის შენების ერთ-ერთ აუცილებელ ფუნდამენტად არ მიიღო, შესაძლებელია, ისე არ წავიდეს საქმე, როგორც ჩვენ გვინდა.

ხელისუფლების სწორ პრინციპად არ მიმაჩნია, რომ აქცენტები კეთდება იმაზე, რომ ადამიანმა უნდა ჭამოს, იმუშაოს, ჯანმრთელობაზე იფიქროს, დანარჩენი კი მეორეხარისხიანია.

ძალიან კარგია, რომ გაცილებით დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს, ვიდრე გვქონდა. ყველაფერი გვესმის, ყველაფერი ვიცით, ყველაფერში ვერევით, ხმამაღლა თქმისაც არ გვეშინია, მაგრამ ამ ქვეყანაზე გაცილებით მეტი და სწორი მიმართულებით ზრუნვაა საჭირო. მხოლოდ ჩემი, ელდარ შენგელაიას, ბაადურ წულაძის და სხვების ლაპარაკი არ არის საკმარისი, ჩვენ ერთეულები ვართ, თქვენც - მედიამაც უნდა წამოსწიოთ ეს საკითხები, რადგან თუკი არაფერს იტყვით, ხელისუფლებაც იფიქრებს, რომ ეს თემები საზოგადოებისთვის არ არის მწვავე. მMხოლოდ პოლიტიკურ-სოციალურ თემებზე დებატები, რაც ხშირად დიდ უკულტურობაშიც გადადის, საკმარისი არ არის. უკულტურო პოლიტიკა ნამდვილი პოლიტიკა ვერ იქნება.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია განათლებაც. ნახევარი წლის წინ თანამედროვე ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებულ სხდომას დავესწარი, რასაც მსოფლიოს უმაღლესი დონის მეცნიერები ესწრებოდნენ. მათ პირდაპირ გვითხრეს: საქართველოს თუ უნდა განვითარება, უდიდესი ყურადღება ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო და ტექნოლოგიურ საკითხებს უნდა მიაქციოს. თქვენ ისევე უნდა იმუშაოთ, როგორც იაპონიამ იმუშავა მეორე მსოფლიო ომის შემდეგო. მით უფრო, რომ ჩვენს ქვეყანას ამის ინტელექტუალური რესურსი აქვს, მთავარია, სახელმწიფოსთვის იყოს ეს პრიორიტეტული.

ჩვენს თაობას ბევრი წინააღმდეგობა ხვდებოდა საბჭოთა ეპოქაში, რადგან ყველგან იმ პერიოდის იდეოლოგია ეღობებოდა. ეს კედელი რომ გაგვერღვია ან გადაგველახა, ვცდილობდით, ვყოფილიყავით იმაზე ბევრად ჭკვიანი, ვინც ამ წინაღობას გვიქმნიდა. ათასგვარ გზას ვეძებდით და ვიპოვეთ კიდეც კულტურასა და განათლებაში, დღეს კი სამეცნიერო ინსტიტუტები აღარ გვაქვს, არადა, ეს ძალა საქართველოს დღეს ძალიან გამოადგებოდა... ახლა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ლაპარაკობენ. ცხოვრება ითხოვს ამას. შენ კონსტიტუციაში ცვლი კანონებს და გინდა, სხვა ყველაფერი წამში შეიცვალოს? ყველაფერს დრო უნდა.

ჩემი ფილმი გამახსენდა - "ცხელი ზაფხულის სამი დღე". მისი ერთი გმირი - სულხანი იღუპება, მეორე, უფრო ახალგაზრდა გმირს - თამრიკოს ეკითხებიან, რა არის მთავარი, რაც ადამიანმა უნდა აკეთოსო? პასუხობს: ადამიანი ბოლომდე უნდა დაიხარჯოსო. თუკი თითოეული ჩვენგანი ბოლომდე დავიხარჯებით, ნელ-ნელა ეს ქვეყანაც ფეხზე დადგება.

- თქვენი აზრით, რა გვაკლია ახლა ყველაზე მეტად?

- განცდები გვაკლია. ჩვენ ვმეგობრობთ მხოლოდ კომპიუტერთან, სადაც ინფორმაცია ბევრია, მაგრამ არ არის განცდა.

ხელოვნებაც იმისთვისაა საჭირო, მაყურებელს განცდა რომ გაუჩინოს. მხოლოდ ინფორმაციით, სიტყვებით კი არ უნდა ვასწავლოთ, როგორ გადალახონ წინააღმდეგობა, არამედ ხელოვნების საშუალებით უნდა ველაპარაკოთ საზოგადოებას, რომ გაუჩნდეს განცდაც და დაბრკოლების გადალახვის გზასაც თავად მიაგნოს. ერთიცაა, როდესაც კანონი ვერ არის სათანადო და კვლავ დამუშავების პროცესშია, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ელემენტი ვიღაცისთვის ბადებს თუნდაც ძალადობის უფლებას.

სამწუხაროდ, დასჯის ელემენტიც ვერ არის სათანადოდ ჩამოყალიბებული, ამიტომ ის ვიღაც, ახალგაზრდა, რომლის ფსიქოლოგიაც ბოლომდე არ ჩამოყალიბებულა და ბევრი რამ არ იცის მორალის, სინდისის, პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც ესმის, რა ხდება თურქეთში, სირიაში, აფრიკაში ან კიდევ სადმე, ფიქრობს, თვითონაც შეუძლია, იგივე გააკეთოს - უნდა სხვაზე იძალადებს, უნდა თავს მოიკლავს და ა.შ. ასე რომ, თავისუფლებას ბევრი შესანიშნავი რამ მოაქვს, მაგრამ მოაქვს ისიც, რამაც შეიძლება არასწორი გზით წაგიყვანოს.

ამას ყველაფერს კანონიერება, მორალი და, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ კულტურა აყალიბებს და აწესრიგებს!

ერთიც მინდა, ვთქვა: წელს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა საქართველოში: ყველაზე სამართლიანი არჩევნები ჩატარდა. ჩემი ქალიშვილი ბელგიის მოქალაქეა, მაგრამ წლების განმავლობაში ყველა არჩევნებზე მისი საარჩევნო ბიულეტენი მაინც მოდიოდა. რამდენი განცხადება დავწერე, მაგრამ ამაოდ. მMხოლოდ წლევანდელ არჩევნებზე "აღიარეს", რომ ის საქართველოში, ამ სახლში არ ცხოვრობს და ბიულეტენი აღარ მოგვსვლია. ამიტომ მწამს, რომ ეს იყო ძალიან მართალი, ძალიან დემოკრატიული და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები... მთელ საქართველოს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს და ვიმედოვნებ, მომავალი წლიდან ბევრი რამ უკეთ იქნება ჩვენს ქვეყანაში.

ირმა ხარშილაძე