"იქნებ გიორგიმ ფეხბურთის თამაშიც შეძლოს..." - კვირის პალიტრა

"იქნებ გიორგიმ ფეხბურთის თამაშიც შეძლოს..."

"ვიცოდი, აუცილებლად გამოვჯანმრთელდებოდი. ყველა გვერდში მედგა - მთელი ბათუმი, მთელი საქართველო"

"ავად რომ გავხდი, მხოლოდ ერთს ვნატრობდი, ოღონდაც მალე გამოვჯანმრთელდე და ფეხბურთზე სიარული შევძლო-მეთქი"

რამდენიმე დღის წინ ბათუმიდან კახა ფირცხალაიშვილმა, მისმა მეუღლემ ნატო თურმანიძემ და მათმა სტუმარმა, მომღერალმა გია ნაცვლიშვილმა დამირეკეს, მომიკითხეს და ერთხმად სადღეგრძელოც დააყოლეს: "კვირის პალიტრის" მთელ რედაქციას გაგიმარჯოთ! როგორც ჩვენს ოჯახში შემოიტანეთ სიხარული, ისე გახარებულებს გევლოთ მრავალ წელიწადს - თქვენი შვილობილი უკვე კარგად არისო! პარალელურად, "ფეისბუკის" არქივმაც შემახსენა "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე განთავსებული 2015 წლის დეკემბრის სტატია "ჩვენ ერთად გადავარჩენთ გიორგის!"

მკითხველებს გემახსოვრებათ ფეხბურთელი და მომღერალი ბათუმელი ბიჭის, 15 წლის გიორგი ფირცხალაიშვილის ამბავი - შარშან თურქეთის კლინიკაში მას ლიმფოზური ლეიკემია და ძვლის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს, თურქეთშივე უმკურნალეს და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციაც უნდა გაეკეთებინათ. ამისთვის კლინიკა ოჯახს 65.000 დოლარს სთხოვდა. "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე განთავსებულ სტატიას და ჩვენი კოლეგების აქტიურობას, საზოგადოების თანადგომას უპრეცედენტო შედეგი მოჰყვა - იმავე საღამოს "საქართველოს სოლიდარობის ფონდმა" სოციალურ ქსელშივე განაცხადა, გიორგის აუცილებლად დავეხმარებითო და სიტყვაც შეასრულა. გიორგის უბედნიერესმა მამამ საპასუხოდ ბათუმში გიორგის მხარდასაჭერად მოწყობილი საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა უკლებლივ "სოლიდარობის ფონდს" გადაურიცხა ლეიკემიით დაავადებული სხვა ბავშვების დასახმარებლად!

სოციალური ქსელიდან მალევე შევიტყვეთ, რომ მკურნალობამ ნაყოფი გამოიღო, დაავადება რემისიაში გადავიდა და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციაც, რომელიც 150.000 დოლარი ჯდებოდა, აღარ დასჭირდა. რეციდივი რომ არ მომხდარიყო, გიორგი დამცავ ქიმიოთერაპიაზე გადაიყვანეს და აბებთან ერთად თვეში ერთხელ ხერხემალში ინიექციას უკეთებდნენ. ეს მუდამ ღიმილიანი და ნათელი ბიჭი სექტემბერში რომ მოვინახულეთ, თავს კარგად გრძნობდა და, ნება რომ მიგეცა, ალბათ, ფეხბურთსაც კი ითამაშებდა.

"ღვთის წყალობით და ადამიანების შემწეობით გადავრჩით", - გვითხრა მაშინ გიორგის თვალცრემლიანმა მამამ... დრომ სწრაფად გაირბინა

- გიორგის 16 წელი შესრულებია. ცოტა ხნის წინ ბათუმიდან რომ დამირეკეს და "კვირის პალიტრა" გვადღეგრძელეს, გიორგის მშობლებმა ისიც დააყოლეს: ეს სადღეგრძელო უკვე საოჯახო ტრადიციად ვაქციეთო. ასეთ ამბავს აუღელვებლად ვერც მოისმენ. მალე გიორგის დედას, ნატო თურმანიძეს დავურეკე და კიდევ ერთხელ მოვიკითხე "ჩვენი შვილობილი":

- გიორგი მეთერთმეტე კლასშია, ძალიან უნდა სკოლაში სიარული. მეგობრებსაც მოწყურებულია, მაგრამ ვერ ვუშვებთ, ვირუსის გვეშინია, ამიტომ მასწავლებელი ავუყვანეთ და შინ გადის სასწავლო კურსს.

საბედნიეროდ, ხერხემალში ნემსს აღარ უკეთებენ, ამიტომ აღარც თვეში ერთხელ გვიწევს თურქეთში სიარული. მხოლოდ ქიმიოთერაპია უგრძელდება - ორ-სამ თვეში ერთხელ მივემგზავრებით თურქეთის კლინიკაში მდგომარეობის შესამოწმებლად, იქვე ვყიდულობთ ქიმიოთერაპიისთვის მედიკამენტებსაც და ვბრუნდებით ბათუმში. იანვარშიც წავალთ და ასე ორ წელიწადს გაგრძელდება, მერე ვნახოთ. დრო რომ გავა, თურქი ექიმის რეკომენდაციით, შეიძლება სკოლაშიც გავუშვათ, ოღონდ პირბადით.

გიორგი ფირცხალაიშვილი: - თავს უფრო და უფრო კარგად ვგრძნობ. ბავშვობიდან დავდივარ ფეხბურთზე და ავად რომ გავხდი, მხოლოდ ერთს ვნატრობდი, ოღონდაც მალე გამოვჯანმრთელდე და ფეხბურთზე სიარული შევძლო-მეთქი. ქიმიის პარალელურად არ შეიძლება, მაგრამ დავასრულებ თუ არა, ალბათ, დამრთავენ ნებას.

- თურქეთის კლინიკაში, კვლევებისა და მკურნალობის პერიოდში გადაღებულ ფოტოებზე ყველგან იღიმები, არადა, ვიცი, რამდენ ტკივილსა და განსაცდელს უძლებდი...

- ვიცოდი, აუცილებლად გამოვჯანმრთელდებოდი და იმიტომ ვიღიმებოდი. ისიც ვიცოდი, რომ ყველა გვერდში მედგა - მთელი ბათუმი, მთელი საქართველო.

- ყველაზე ცუდად რა ჩაგრჩა მეხსიერებაში და ყველაზე კარგად რა დაგამახსოვრდა?

- კინაღამ გავგიჟდი, პირველად რომ მითხრეს, ერთ თვეს უნდა დარჩე აქო. მეორე შოკი მივიღე, ცხრა თვეს რომ გასტანა ყველაფერმა. ყველაზე ბედნიერი კი მაშინ ვიყავი, რომ გამომიცხადეს, დღეს შენი კლინიკაში ყოფნის ბოლო დღეაო.

ბათუმში რომ ჩამოვედი, ღამის 4 საათზე უკლებლივ ყველა მეგობარი ტორტითა და ფეიერვერკებით სახლთან დამხვდა. მიმღერეს კიდეც. ამას ვერაფრით წარმოვიდგენდი. უბედნიერესი ვიყავი!

გული მწყდება, სკოლაში რომ ვერ დავდივარ, არადა, რა იმედი მქონდა, რომ ნებას დამრთავდნენ. ფეხბურთის თამაში კი მეოცნებება. არადა, გულის გადაღლა არ შეიძლებაო, ამიტომ მოცდა მომიწევს...

ვიცი, კვირისპალიტრელები ძალიან მგულშემატკივრობდით, მე კიდევ მადლობის თქმაც ვერ მოვახერხე. ახლა ხომ მაინც შემიძლია გითხრათ: ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას - თქვენც, იმ ჟურნალისტებს, ჩემი ამბავი სხვებსაც რომ გააგებინეს - ნათია დოლიძესა და ესმა კუნჭულიას, მთელ საქართველოს - მიყვარხართ და ბედნიერ ახალ წელიწადს გისურვებთ!

ირმა ხარშილაძე