"მამა ჯერ წამებით მოუკლავთ და მერე დაუწვავთ.­.." - კომანი - ტყვეობის 52 დღე - კვირის პალიტრა

"მამა ჯერ წამებით მოუკლავთ და მერე დაუწვავთ.­.." - კომანი - ტყვეობის 52 დღე

"მინდოდა შევხებოდი მამის საფლავს, დამეტირა... ბათალი კომანში ავიდა, ტელეფონი დადო მამაჩემის საფლავზე. ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია... მე აქ ხმამაღლა ვტიროდი მამას და მესმოდა, როგორ ტიროდა იქ ბათალი"

აფხაზეთის ომის დროს კომანში მოწამებრივად აღსრულებული იური ანუას ქალიშვილი მანანა ანუა აფხაზეთის მთავრობაში ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის მოადგილეა. ქალბატონი მანანა "კვირის პალიტრასთან" 23-წლიან დუმილს არღვევს და მკითხველს ექსკლუზიურად მოუყვება კომანის ტაძარში 52-დღიანი ტყვეობის დღემდე უცნობ დეტალებს... როგორ დაიტირა მობილური ტელეფონით 22 წლის შემდეგ ნაპოვნი მამის საფლავი, რომლის მცველი და ჭირისუფალი აფხაზი მეომრები არიან. შეგახსენებთ, რომ იური ანუა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩადგა, რასაც შეეწირა კიდეც...

- მამაჩემი აფხაზურ-ქართულ ოჯახში დაბადებულ-გაზრდილი, თავისი სამშობლოს მაღმერთებელი, ღრმად მორწმუნე, განათლებული და ღირსეული ადამიანი იყო. იური ანუა არ ყოფილა პოლიტიკოსი, თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია საქმით გამოხატა. შეეძლო, განრიდებოდა დაპირისპირებას, მაგრამ არ დატოვა აფხაზეთი, თავის ოჯახთან ერთად დარჩა კომანში, მის მიერვე აღდგენილ წმ. იოანე ოქროპირის ტაძარში და მთელი გულით ავედრებდა უფალს ქართველებისა და აფხაზების შერიგებას. ამ ლოცვით შეხვდა მოწამებრივ აღსასრულს...

- რატომ მოკლეს იური ანუა?

- არ აპატიეს ის, რომ ამ ძმათამკვლელ ომში არავის მიემხრო. მაშინ მისი არ ესმოდა არც აფხაზს და არც ქართველს. მამაჩემი აფხაზმა მოკლა, მაგრამ მანამდე მთელი ჩვენი ოჯახი, ამ უნდობლობის გამო, ძლივს გადაურჩა ქართველთაგან დახვრეტას...

- კომანში თქვენ დედასთან ერთად ორმოცდათორმეტი დღე ტყვედ იყავით.

- ერთი მხრივ, ტყვეობის დღეებს ვიხსენებ, როგორც ჯოჯოხეთს, მეორე მხრივ, როგორც სინათლეს... არასოდეს დამავიწყდება - მამა ანდრიას ცხედარი ტაძარში გვესვენა. ვუცქერდი მის მშვიდ სახეს, რომელსაც უფრო ასხივოსნებდა მაცხოვრის გარდამოხსნის ცისფერი სუდარა. ამ სურათს ამძაფრებდა სუდარაზე დაღვენთილი ჯერ კიდევ შეუმშრალი სისხლი.

უცებ თავი ავწიე და დავინახე ერთი ახალგაზრდა, რომელიც გაუნძრევლად მიშტერებოდა მამა ანდრიას უსულო სხეულს. ის იყო დაური, 19 წლის აფხაზი მეომარი. თვალებში საოცარი სინანული ედგა. ამ ომში არავინ მომიკლავს, მაგრამ ამის მკვლელს ჩემი ხელით მივახრჩობო...

მის ხმაში ფოლადი იგრძნობოდა. ამის გაკეთება არ შეიძლება-მეთქი... დარწმუნებული ვიყავი, მამა ანდრია სიკვდილის წინ აუცილებლად აპატიებდა თავის მკვლელს. შეცბა. თვალები ცრემლით აევსო... დაურმა და ერთმა რუსმა, მეტსახელად "ხომიჩმა", ორ სხვა მეომართან ერთად, მამა ანდრია ეკლესიის ეზოში დაგვამარხვინეს. იმ წუთიდან დაურ ზუხბა ჩვენს მფარველ ანგელოზად იქცა. მან საგულდაგულოდ შეაგროვა ჩვენს სახლში დაბომბვის შემდეგ იატაკზე დაყრილი ხატ-ჯვრები და ტაძარში მოგვიტანა მე და დედას. გვითხრა, ახლახან მომნათლეს და დიოდოტი დამარქვესო. მთხოვდა, მამა ანდრიაზე მომეყოლა, მეკითხებოდა, სად მიდიოდა ადამიანის სული...

იმ დღეს დიდხანს იჯდა მდუმარედ მამა ანდრიას საფლავთან. წასვლის წინ მთხოვა, მამა ანდრიას რაიმე ნივთი მიმეცა. წმინდა ნიკოლოზის პატარა ხატი და სახარება მივეცი. მერე დაგვემშვიდობა და ისე გაგვიღიმა, თითქოს სამუდამოდ გვემშვიდობებოდა. იმ ღამეს დაური კომანის ხიდთან საგუშაგოზე აფეთქდა.

ყოველთვის ვიხსენებ ლოცვებში მის ალალ და ლამაზ სულს, ზოგჯერ თითქოს ვხედავ კიდეც. მასთან ერთად მოვიხსენიებ ამ საშინელ ომში ყველა დაღუპულ აფხაზსა თუ ქართველს, რომელთაც გულწრფელად სწამდათ, რომ სამშობლოს სწირავდნენ ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს, სამშობლოს, რომელიც ორივესთვის ერთი იყო...

როცა კომანში ეშერის ე.წ. საჯარიმო ბატალიონი შემოვიდა, მე მამა ანდრიას საფლავთან ფსალმუნებს ვკითხულობდი. ალყა შემომარტყეს. ვიგრძენი, ძალიან დიდი საშიშროების წინაშე ვიდექი. პაპანაქება სიცხეში შიშით სისხლი გამეყინა.

ამ გაბოროტებული ხალხის წინაშე მხოლოდ მამა ანდრია და მე ვიყავით... მთელი გულით შევძახე, - მამა ანდრია, მიშველე-მეთქი და იმწამს დაიწყო დაბომბვა. გარშემო ჭურვები სკდებოდა, მე კი ვერაფერს ვგრძნობდი. ტაძარში შევედი, წმინდა გიორგის ხატთან მივედი და როგორც ცოცხალს, ისე შევღაღადე - მეშინია, მიშველე, გიორგი!..

"Где мой друг святой Гиорги?" - მომესმა მეომრის ხმა. აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იყო. მთელი არსებით მწამდა, რომ ის წმინდა გიორგიმ ჩემს დასაცავად მოავლინა. მეომარი ჩემს დამშვიდებას შეეცადა: - Что с тобой, девочка, кто тебя так напугал? клянусь честью, с твоей головы не один волос не упадет! это я тебе обещаю, Рафик Айба, - იგი აღმოჩნდა კომენდანტი, მაჰმადიანი აფხაზი, ღირსეული ვაჟკაცი. სიტყვა არ გაუტეხია. მთელი ტყვეობის განმავლობაში დაგვიცვა არა მხოლოდ მე და დედაჩემი, არამედ ტაძრის სიწმინდეებიც... ომის დაწყებამდე თურმე როსტოვში ცხოვრობდა, სოხუმში კი დედა და ძმა ჰყავდა.

ომის პირველ დღეებში მისი ძმა მხედრიონელებმა დაჭრეს და სიკვდილისგან ქართველმა მეზობლებმა იხსნეს. გონდაკარგული შინ შეიყვანეს, ტახტზე დააწვინეს, ზეწარი გადააფარეს და ოთახში შემოსულ მხედრიონელებს შესტირეს - აფხაზებმა მოგვიკლეს შვილიო. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ამ დროს გონს რომ მოსულიყო!..

რაფიკმა ჩვენს დასაცავად ხუთი მეომარი მოგვამაგრა. დავმეგობრდით. მე მამა ანდრიას სამოსი მეცვა, ყველას სამონაზვნო ვეგონე და "სესტრა მარიათი" მომმართავდნენ. ბევრს ვსაუბრობდით ღმერთზე... სიკვდილი ყოველ წამს იყო მოსალოდნელი და ვგრძნობდი, როგორ სჭირდებოდათ მათ ეს სულიერი საუბრები. მეუბნებოდნენ, ღმერთზე საუბრით საოცარი სიმშვიდე შემოდის სულში და შიში სადღაც ქრებაო.

ტყვეობის 52 დღის შემდეგ, როდესაც ჩვენთვის სასიკვდილო საფრთხე აშკარა შეიქნა, რაფიკმა კომანიდან ჩვენი დაუყოვნებლივ გაყვანა განიზრახა. დამშვიდობებისას ბიჭებმა მკითხეს, - სად მოგძებნოთო.

მონასტერში-მეთქი. მართლაც, ომის შემდეგ, უწმინდესის კურთხევით, 12 წელი ვცხოვრობდი საპატრიარქოში, სადაც დედა მონაზვნად აღვიკვეცე მარიამის სახელით.

- ვიცი, რომ მამათქვენის საფლავი აფხაზებმა იპოვეს და ჰპატრონობენ მას.

- ომიდან ორი წლის შემდეგ აფხაზეთიდან წერილი მივიღე. მწერდა ერთ-ერთი მცველთაგანი, ბათალ თარნავა - უნდოდა, რომ მომენათლა. სამწუხაროდ, ვერ შეძლო თბილისში ჩამოსვლა. მას ღვიძლ ძმად მივიჩნევ. მერე ხშირად ვსაუბრობდით ტელეფონით. დამპირდა, რომ აუცილებლად იპოვიდა მამაჩემის საფლავს. სიტყვა შეასრულა. ორი წლის წინ ბათალმა სამწუხარო ამბავი მაცნობა: თურმე, მამა ჯერ წამებით მოუკლავთ და მერე დაუწვავთ. ოცდამეერთე დღეს უპოვიათ სანქტპეტერბურგელ ჯარისკაცებს და დაუკრძალავთ. მინდოდა შევხებოდი მამის საფლავს, დამეტირა... ბათალი კომანში ავიდა, ტელეფონი დადო მამაჩემის საფლავზე. ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია... მე აქ ხმამაღლა ვტიროდი მამას და მესმოდა, როგორ ტიროდა იქ ბათალი. უსაზღვროდ მადლიერი ვარ მისი.…მამაჩემის საფლავი სწორედ ბათალმა იპოვა და სხვა აფხაზ ბიჭებთან ერთად გააპატიოსნა, თუჯის ჯვარი დაადგა. ბათალი, თამაზი და სოხუმელი, გუდაუთელი, ლიხნელი აფხაზი ბიჭები ადიან კომანში იური ანუას საფლავზე, სანთელს უნთებენ, თითო ჭიქა ღვინოს წაუქცევენ და იხსენიებენ მის ნათელ სულს. ორი წლის წინ ერთმა აფხაზმა მომწერა, რომ მათ ეს ძალიან სჭირდებათ,…იქ იმ სიმშვიდეს პოულობენ, რომელიც ასე უმოწყალოდ წაართვა ძმათამკვლელმა ომმა...

ქართველი ხალხის ეთნიკური თვითშემეცნება ვერასოდეს იქნება სრულფასოვანი აფხაზის გარეშე, ზუსტად ისევე, როგორც აფხაზის ეთნიკური თვითშემეცნება წარმოუდგენელია უქართველოდ. ვერავინ ისე ღრმად ვერ ჩასწვდება აფხაზის ბუნებას, ვერ მოუფრთხილდება, როგორც ქართველი და პირიქით. შემთხვევითი არ არის, რომ თურქეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ქართველები და აფხაზები მუდამ გვერდიგვერდ სახლობენ და მოყვრობენ.

- დღეს რამ შეიძლება დააახლოოს ისინი?

- გადარჩენის ინსტინქტმა... გლობალიზაციის ეპოქაში ორივე ერი სასიკვდილო საფრთხის წინაშე დგას. ის დემოგრაფიული და კულტურული კატასტროფა, რის წინაშეც დღეს ეს პატარა ერი - აფხაზობა დგას, იოლი შესამჩნევია, მაგრამ ამ მხრივ განა დიდად განსხვავდება ქართველი ერის მდგომარეობა? განა ქართველი ერის დემოგრაფიას მომავალი ასეთსავე საფრთხეს არ უქადის? ხვალ თუ აფხაზს მოუწია გადაშენებამ, ზეგ ქართველის ჯერი არ დადგება?

- ამის გაცნობიერება კმარა, რომ აფხაზებს ჩვენთან ცხოვრების სურვილი გაუჩნდეთ?

- რა თქმა უნდა, არა... ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: აფხაზი ერი მართლა დადგება ეროვნული კატასტროფის წინაშე (რისი ნიშნებიც დღეს უკვე არსებობს); საქართველოში შეიქმნება ისეთი ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა, რომელიც აფხაზს ქართველებთან ერთად ცხოვრების სურვილს გაუჩენს;

დაბოლოს, თუ საქართველო მათ შესთავაზებს თანაცხოვრების ისეთ მოდელს, სადაც რეალურად იქნება დაცული აფხაზი ხალხის სახელმწიფოებრივი, ეროვნული და კულტურული ინტერესები.

- მესამე ძალა დაუშვებს ამას?

- თუ ჩვენი ერთად ყოფნა ისტორიულად აუცილებელი გახდა და ჩვენი აზრით, ეს გარდაუვალია, დიდი სახელმწიფოების ჩარევა ჩვენს ურთიერთობაში ისევე ვერ შეაჩერებს ჩვენს ერთმანეთისაკენ სწრაფვას, როგორც თავის დროზე ობიექტური მიზეზების გარეშე ვერ წარმოშობდა ჩვენ შორის შუღლსა და დაპირისპირებას.

- დაბოლოს, რა იქნება თქვენი გზავნილი ქართველი და აფხაზი ხალხისადმი?

- რუსთაველი ამბობს: "ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია" და - "მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია"…

ღმერთმა მოგცეთ, ჩემო მშობლიურო, სანუკვარო და საღმერთებელო ერებო -ქართველებო და აფხაზებო - მტრისა და მოყვრის გარჩევის უნარი.

მკვლელებიც კი გააოცა მამა ანდრიას სიმშვიდემ

მღვდელმონაზონი მამა ანდრია (ყურაშვილი), წმ. იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის 27 წლის წინამძღვარი, დიდი მლოცველი და ასკეტი, შინაგანად გასხივოსნებული ბერი იყო. ის გულში მუდამ იესოს ლოცვას იმეორებდა. კომანის აღების დღეს, 1993 წლის 5 ივლისს, მან თავის მცირერიცხოვან მრევლს სიმშვიდისაკენ და ქრისტიანული ღირსებით სიკვდილთან შესახვედრად მოუწოდა. იმავე დღეს მამა ანდრია ბოევიკებმა ეკლესიიდან გაიყვანეს და ტაძრის ეზოში დახვრიტეს. როდესაც ჰკითხეს, ეს მიწა ვისია, - ქართველებისა თუ აფხაზებისო, მან მშვიდად და მტკიცედ უპასუხა: ღვთისაო. ერთ-ერთი თვითმხილველი ჯარისკაცის თქმით, სიკვდილის წუთებში მკვლელებიც კი გააოცა მამა ანდრიას სიმშვიდემ და სულიერმა ვაჟკაცობამ.

"კომანი წმიდათაწმიდა მიწაა. აქ აღესრულა დიდი მღვდელმთავარი წმ. იოანე ოქროპირი, რომელიც აფხაზეთში კონსტანტინოპოლიდან იყო გადმოსახლებული. აქ აღესრულა წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონელის ძმისწული ვასილისკო, აქვე მესამედ იპოვეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავი... მამამ კომანში აგარაკის შეძენის შემდეგ შეიტყო ამ სიწმინდეების შესახებ და შეუდგა მათ პატრონობას. აღადგინა დანგრეული წმ. იოანე ოქროპირის ტაძარი, გაამშვენა წმ. ვასილისკოს წყაროსთან მისასვლელი ტერიტორია, აღმართა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის ადგილთან მისასვლელი 1500-საფეხურიანი რკინის კიბე. პატრიარქმა ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე ღვაწლისთვის, დიდი სულიერებისთვის მამაჩემი 1990 წელს წმ. გიორგის პირველი ხარისხის ოქროს ორდენით დააჯილდოვა. მახსოვს კომანის ეკლესიის გახსნაზე პატრიარქის ნათქვამი: დღეს ბევრი აღადგენს და აშენებს ეკლესიებს, მაგრამ იურიმ ეს გააკეთა მაშინ, როდესაც ამგვარი საქმიანობა აკრძალული იყოო."

სვეტლანა კვიკვინია