"ჩემი ფირუზა რომ არ მყავდეს, ერთი წუთითაც თავს არ ვიცოცხლებ"
02-01-2017
"ჩემი ფირუზა რომ არ მყავდეს, ერთი წუთითაც თავს არ ვიცოცხლებ"
"ახლა უფრო მეტად მიყვარს ფირუზა, ვიდრე აქამდე. ასეთი ბედნ­იერი არასდროს ვყოფილვარ. ახლა რომ მოვკდე, არ ვჯავრობ, ბედნიერი წავალ ამ ქვეყნიდან"

პატრიარქის კურთხევითა და საპატრიარქოსთან არსებულ საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. საყოველთაო ნათლობის მსგავსად, საყოველთაო ჯვრისწერასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოქტომბრიდან დღემდე უკვე 150-მდე წყვილმა დაიწერა ჯვარი, ყველაფერი კი ასე დაიწყო: რამდენიმე წლის წინ საპატრიარქოსთან არსებული საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს, ზვიად სეხნიაშვილს, გაუჩნდა იდეა, ერთდროულად რამდენიმე წყვილს დაეწერა
ჯვარი. ეს მოსაზრება ილია მეორეს გაუზიარა. პატრიარქს მოეწონა იდეა და ჩოხოსნებს მისცა კურთხევა, ჩანაფიქრი განეხორციელებინათ.

ფირუზასა და ნინოს სიყვარულის ამბავი


ჩოხოსანთა საზოგადოება ხშირად ეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს. თბილისის სადროშოს საორგანიზაციო საკითხების ხელმძღვანელი ნინო ქავთარაძე ამბობს, რომ გლდანის დასახლებაში ნარიმანიძეების ოჯახსაც დაეხმარნენ და აღმოჩნდა, რომ ოჯახის
ასაკოვან წევრებს­ ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი, არადა, ეს მათი ოცნება იყო. მეორე დღესვე მიიყვანეს სამების საკათედრო ტაძარში 80 წლის ფირუზ ნარიმანიძე და 76 წლის ნინო მგალობლიშვილი და მათ 54-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჯვარი დაიწერეს.

ნინო მგალობლიშვილი: -
ფირუზა ავტობუსში გავიცანი. ის ყოველთვის ჩემ წინ ჯდებოდა, გამიღიმებდა და მეუბნებოდა, თქვენი გადახდილიაო. მაშინ ისეთი დრო იყო, დალაპარაკებას როგორ გავბედავდი? ასე გაგრძელდა ერთი წელი. მერე ჯარში გაიწვიეს. რომ ჩამოვიდა,­ განაც­ხადა, ნინოს მეტს არავის მოვიყ­ვან ცოლადაო. როცა დავქორ­წინდით, 21 წლის ვიყავი, ფირუზა - 25-ის. თეთრი კაბა მეზობლისგან ვითხოვე. ჯერ ბიჭი გვეყოლა, შემდეგ გოგო. მთელი ცხოვრება შრომაში გავატარეთ. კარგად ვცხოვრობდით, მაგრამ ჩემს ბიჭს მანქანა დაეჯახა და სახლის გაყიდვა მოგვიხდა, რომ გვემკურნალა. ახლა ჩემს შვილს შრომა აღარ შეუძლია, სახლშია. მე და ფირუზას მხედველობის პრობლემა გვქონდა, ოპერაცია დაგვიფინანსეს და რომ იტყვიან, ხელახლა დავიბადეთ, თვალისჩინი დაგვიბრუნდა.

სოციალურად დაუცველებს ბინის ქირას სახელმწიფო გვიხდის. ჩვენი შემოსავალი პენსიაა, რომელიც წინასწარ გვაქვს გამოტანილი. საჭმელი უფასო სასადილოდან მომაქვს. ჩემი გოგო სახლებს ალაგებს, რისი საშუალ­ებაც აქვს, გვეხმარება...

ნანატრი ჯვრისწერა


54 წელია, ცოლ-ქმარი ვართ. მედარდებოდა, ისე არ წავ­იდე იმ ქვეყნად, ჯვარი არ დავიწერო­-მეთქი. ღვთისნიერი ადამიანები­ გამოჩნდნენ, პროდუქტი მოგვიტანეს, მერე ჩემი და ფირუზას სიყვარულის ამბავი გავიხსენე, ჰოდა, მეორე დღესვე სამებაში ჯვარი დაგვწერეს. ახლა რომ მოვკვდე,­ არ ვჯავრობ, ბედნიერი წავალ ამ ქვეყნიდან. მარტო იმაზე მწყდება გული, რომ ჯვრისწერას ჩვენი შვილები არ ესწრებოდნენ - ისე უცებ მოხდა ყველაფერი, ვერც მოახერხეს მოსვლა. ყვავი­ლებიც მომართვეს, ქორწილიც­ გადაგვიხადეს და საჩუქარიც მივიღეთ - წნევის გასაზომი აპარატი. ახლა უფრო მეტად მიყვარს ფირუზა, ვიდრე აქამდე. ეს რომ არ მყავდეს, ერთი წუთით თავს არ ვიცოცხლებ."

საყოველთაო ჯვრისწერა მარ­ხვის დამთავრებისთანავე განახლდება. პატრიარქის კურთხევით, ალბათ, მალე დაიწყება საყოველთაო ნათლობა, რომელიც ჩვილების გარდა, ხანდაზმული ადამიანების მონათვლასაც გულ­ისხმობს. იგეგმება საყოველთაო ზიარებაც უძლურებაში მყოფი ადამიანებისა და ხანდაზმულებისთვის.

საყოველთაო ჯვრისწერა


ჯვრისწერის მსურველებმა წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია. აუცილებელი მოთხოვნაა, წყვილი იყოს მონათლული. რომელიმე მეუღლე მეორედ იწერს ჯვარს, უნდა მიმართოს მოძღვარს ჯვრის აყრის თაობაზე. წყვილებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ქორწინების ბეჭდები და ჰყავდეთ მეჯვარეები. იმ შემთხვევაში, თუ ჯვრისწერის მსურველებს არ შეუძლიათ თბილისში ჩამოსვლა, რეგიონში დაიწერენ ჯვარს. ჯვრისწერისათვის ასაკი შეზღუდული არ არის. ცერემონიალში მონაწილეობას იღებენ ჩოხოსნები და პატრიარქის ნათლულები, რომლებიც საზეიმო მსვლელობით ტაძრამდე აცილებენ მეუღლეებს. კვირადღეს, ქადაგების შემდეგ, ჯვარდაწერილ წყვილებს პატრიარქი ლოცავს.

თორნიკე ყაჯრიშვილი
Marina
04 იანვარი 2017 23:42
Madloba kviris palitras amaze meti sixaruli ra unda ganecadat am moxucebs rac tqveni statiis shemdeg mat ganicades ixaret daibednieret rata bevri adamianis tbili guli gagexarebinot mraval axal wels daeswarit datqveni saqme mudam ase shemartebit geketebinot madloba

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები