"ჩემო საყვარელო ქართველებო, განსაკუთრებულად მიყვარხართ" - რას ყვება ია ნინიძის ულამაზესი ქალიშვილი? - კვირის პალიტრა

"ჩემო საყვარელო ქართველებო, განსაკუთრებულად მიყვარხართ" - რას ყვება ია ნინიძის ულამაზესი ქალიშვილი?

არქივი, 2017 წელი

"ჩვენი გაცნობის პირველ დაბადების დღეს მე კირილს ქართული რომანსი "ვარდები" ვაჩუქე. თვალები აუწყლიანდა. ამბობს, სულ ვიცოდი, რომ ჩემი მეორე ნახევარი რუსი არ იქნებოდაო"

"ვგიკ-ში გამადიდებელი შუშით მიყურებდნენ - ჩვენ ვიცით, დედაშენს რა შეუძლია, აბა, გვანახე, შენ რა შეგიძლიაო..."

რუსეთში წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს ია ნინიძის ულამაზეს ქალიშვილს, ნინო ნინიძეს. 6 წლამდე თბილისში იზრდებოდა. მერე, ბნელ 90-იანებში, დედასა და ძმასთან ერთად საქართველოდან გაემგზავრა. თავდაპირველად ძალიან გაუჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება, დიდხანს ესიზმრებოდა თბილისური ეზო... გასულ წელს ნინომ ცხოვრება რუსეთში ცნობილ მსახიობსა და რეჟისორს, კირილ პლეტნევს დაუკავშირა. მათ უკვე ჰყავთ პატარა ალექსანდრე, რომელიც რამდენიმე დღის წინ 1 წლის გახდა. "კვირის პალიტრა" ნინოს მოსკოვში დაუკავშირდა.

- ჩემი ბავშვობა თბილისს უკავშირდება. მოსკოვში რომ გავემგზავრეთ, 6 წლის ვიყავი. სხვათა შორის, იქ ვნახე პირველად, როგორ მოდიოდა ონკანში თბილი წყალი. გამაკვირვა იმანაც, რომ რადიატორს შევეხე და ხელი დამეწვა. რუსეთში ხშირად მეკითხებიან, მომიყევით მაშინდელ თბილისსა და იქაურ ცხოვრებაზეო. მე კი ვპასუხობ, რომ ჩემთვის ეს ყველაზე თბილი და ტკბილი დრო იყო. დრო, როდესაც ყველა ერთად ვცხოვრობდით. ერთ ოთახს გავათბობდით და იქ ვიყრიდით თავს. ზოგი მეზობელი ლობიოს შემოგვაწვდიდა, ზოგი მწნილს, ვისაც რა ჰქონდა. მაშინ ბავშვები ვერ ვხვდებოდით, რომ ეს რთული პერიოდი იყო. პირიქით, ძალიან მოგვწონდა, რომ სანთლებით განათებულ ოთახში ყველა ერთად ვთამაშობდით. ჩემთვის თბილისური მოგონებები ყველაზე ძვირფასია...

მოსკოვში რომ ჩამოვედით, ყველაფერი შეიცვალა. ეს პირველ რიგში მეზობელ ბავშვებთან ურთიერთობაში გამოვლინდა. თბილისში მიჩვეული ვიყავი, რომ მეზობელი ძალიან ახლობელი ადამიანია, იქ კი შორს იჭერდნენ თავს, რაც მაკვირვებდა და მანაწყენებდა. შინ ტირილით შევრბოდი, დედა, რატომ არ უნდათ ჩემთან მეგობრობა, რა მჭირს-მეთქი?

- სკოლაში მოსკოვში შეხვედით?

- ქართულ სკოლაში დავიწყე სწავლა, რომელიც დღესაც არის არბატზე. შემდეგში 5 თუ 6 სკოლა გამოვიცვალე. მიზეზი ის იყო, რომ ხშირად ვიცვლიდით საცხოვრებელს. მერე დედას მთავრობამ აჩუქა ოროთახიანი ბინა - როდესაც ფეხის ტრავმა მიიღო, მეგობრებმა ურჩიეს, დაეწერა წერილი, თუ როგორ უწევდა ბინიდან ბინაში გადასვლა, რომ იყო მარტოხელა დედა 2 მცირეწლოვანი შვილით... წერილზე ბევრმა ცნობილმა არტისტმა მოუწერა ხელი. ამის შემდეგ ჩვენი ჭერი გაგვიჩნდა.

- ბავშვობიდანვე მსახიობობაზე ოცნებობდით თუ...

- ქორეოგრაფიულ სკოლაში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ დედას პირდაპირ უთხრეს - დიდი მომავალი არ ექნება, ახლავე ემჩნევა, რომ მაღალი, მხრებგანიერი გოგონა გაიზრდებაო. ბალეტი ჩემს განუხორციელებელ ოცნებად დარჩა...

სკოლას რომ ვამთავრებდი, არჩევანის წინაშე დავდექი: სიმღერა ამერჩია, კინო თუ თეატრი. მერე მივხვდი, არტისტის პროფესია ყველაფერს მოიცავდა და ვგიკ-ში ჩავაბარე. ყველა გამადიდებელი შუშით მიყურებდა - ჩვენ ვიცით, დედაშენს რა შეუძლია, აბა, გვანახე, შენ რა შეგიძლიაო...

- თქვენ და ქალბატონ იას განსხვავებული გარეგნობა გაქვთ.

- ამას ყველა მეუბნება, მეუღლეც კი - შენ და ია განსხვავებული ხართ გარეგნობითაც და ხასიათითაცო.

- მეუღლე ახსენეთ და მოდი, სიდედრისა და სიძის ურთიერთობაზეც მიამბეთ.

- მე და დედამ 2014 წლის ოქტომბერში გავიცანით კირილი. სამივე ერთ პროექტში ვმონაწილეობდით. ადვილად გავუგეთ ერთმანეთს. ჩვენი გაცნობის პირველ დაბადების დღეს მე კირილს ქართული რომანსი "ვარდები" ვაჩუქე. სიამოვნებისგან თვალები აუწყლიანდა. ამბობს, სულ ვიცოდი, რომ ჩემი მეორე ნახევარი რუსი არ იქნებოდაო.

ჩვენი ურთიერთობის 3 თვის თავზე გავიცანი კირილის დედა, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს. ისიც ხელოვანია დიდი წარსულით - დღეს სამეჯლისო ცეკვას ასწავლის ბავშვებს. შეხვედრის პირველივე წუთიდან ვიგრძენი, რომ "ჩემიანია. მერე სამივე ქართულ რესტორანში წავედით და მე და კირილმა ერთმანეთს გავაცანით ჩვენი დედები.

- კარიერაზე მიამბეთ, როგორც ვიცი, 18 წლისამ უკვე აიღეთ პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "და არ იყო უკეთესი ძმა".

- პირველივე როლი კარგი დასაწყისი იყო ჩემი კარიერისთვის, რადგან კარგ მსახიობებთან ვთამაშობდი.

- რატომ ატარებთ დედის გვარს?

- სიმართლე გითხრათ, ეს გადაწყვეტილება ჩემმა მშობლებმა მიიღეს. მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას. როდესაც ისინი დაშორდნენ, 1 წლისაც არ ვიყავი.

- მამასთან კავშირი მუდმივად გაქვთ?

- როდესაც ვმშობიარობდი, მამაც სამშობიარო ბლოკის კართან იდგა დედაჩემსა და კირილთან ერთად...

ია გიჟი ბებიაა. უნდა, რომ ყოველი წუთი ჩვენთან ერთად გაატაროს. მახსოვს, 1 თვის მყავდა სანდრო, პირველად სინჯებზე რომ წავედი და დავუტოვე. შინ რომ დავბრუნდი, მითხრა: ძუძუს წოვებაც რომ შემეძლოს, საერთოდ არ დაგიბრუნებდი ბავშვსო. სანდროს თავისი საწოლი აქვს ჩვენს სახლშიც და დედასთანაც. მიუხედავად ამისა, როდესაც დედასთან რჩება, ერთად იძინებენ. დედა ამბობს, როდესაც თქვენ გაჩნდით, ახალგაზრდა ვიყავი და, ფაქტობრივად, მეც თქვენთან ერთად ვიზრდებოდი, ახლა სულ სხვა გრძნობა მაქვს სანდროს მიმართო. სულ უფრთხილდება, ბებო, ბებოს დასძახის. ნამდვილი ქართველი ბებიაა.

- კირილმა თქვენი ხელი მამას სთხოვა თუ დედას?

- მე!..

- ნამყოფი თუ არის საქართველოში?

- პირველად ერთად ჩამოვფრინდით თბილისში. სახლში დილის 4 საათზე მივედით. დავსხედით იმ შუშაბანდში, სულ რომ მენატრება ხოლმე. ღვინო თან გვქონდა და შინ ჯონჯოლი და კახური ზეთი აღმოვაჩინე. დავსხედით ფანჯარასთან და ახლაც იხსენებს, როგორ ამოანათა მზემ, როგორ შემოიხედეს ჩვენს ფანჯრებში წვერდათოვლილმა მთებმა. მას შემდეგ ხშირად ჩამოვდივართ საქართველოში. ზაფხულში ბათუმში დავისვენეთ. მამამისის სურვილით სანდრო თბილისში მოვნათლეთ. კირილი საქართველოზე გიჟდება. თუმცა, ვინ არ გიჟდება საქართველოზე...ძალიან უყვარს ქართული კერძები. თუმცა იმდენი ქართული რესტორანია მოსკოვში, არაფერი მოგენატრება...

- ახალ წელს სად შეხვდებით?

- ფინეთში მივდივართ მე, მეუღლე და ჩვენი შვილი.

ჩემო საყვარელო ქართველებო, განსაკუთრებულად მიყვარხართ. რასაც საკუთარ თავს ვუსურვებ, იმას გისურვებთ თქვენც. მინდა ყველაფერი კარგად გქონდეთ. ყველა ბედნიერი გყავდეთ, რადგან თუ მეზობელი, მეგობარი ან ნათესავი კარგად გვეყოლება, ჩვენც ბედნიერები ვიქნებით. ჩვენ ხომ ასეთი ერი ვართ, სულ სხვებზე ვფიქრობთ.

ეკა სალაღაია