"ეს ციხეა და არა სათნოების სახლი" - კვირის პალიტრა

"ეს ციხეა და არა სათნოების სახლი"

არაფერი დამიშავებია, მაგრამ მათხოვარს მეძახიან... მზარეულმა თავში ცოცხიც ჩამარტყა. აქ არც სტუმრები მოდიან და არც თოვლის ბაბუა. აბაზანა გაყინულია, ცხელი წყალი ხან არის, ხან არა... დიდი ხანია არ მიბანავია

"კვირის პალიტრა" ბროწლიანის სათნოების სახლს ესტუმრა. შენობაში წლების წინ სამედიცინო პუნქტი ყოფილა - აბრა ახლაც აქვს შემორჩენილი. გაყინულ დერეფანში შუახნის კაცი შეგვხვდა. დირექტორი სად ვნახოთ-მეთქი, ვკითხე. არ ვიცი, მე ექიმთან ვარ მოსული, პაციენტი ვარო. თურმე, სამედიცინო პერსონალი, რომელიც წლების წინ ამავე შენობაში განთავსებულ საავადმყოფოში მუშაობდა, დღესაც იღებს პაციენტებს...

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ქიზიყში, ბროწლიანის სათნოების სახლში, ბენეფიციარები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. 18 წლის მიშიკო გოჩელაშვილი ერთი თვეა, სოციალური მომსახურების სააგენტომ კოჯრის ბავშვთა სახლიდან ბროწლიანში გადაიყვანა. ბიჭი 11 დეკემბერს მშობლებმა მოინახულეს. ისინი აღაშფოთა მომსახურე პერსონალის გულგრილობამ, ანტისანიტარიამ და პირობებმა.

მარიკა ძაძამია, მიშიკოს დედა: - შენობაში საშინლად ცივა. ჩემს შვილს რატომღაც პატარა ზომის ტანსაცმელი ეცვა... ღია ოთახში ინახებოდა მედიკამენტები. ჩემი შვილი ექსცენტრიკულია, ხომ შეიძლება იქ შევიდეს და წამლები დალიოს?

ბავშვობაში სიცხის დროს გულყრა ემართებოდა. ნევროპათოლოგმა დაუნიშნა დეპაგინი, რომელიც მოგვიანებით მოუხსნა. ბროწლიანში კი გავიგე, რომ ისევ სვამდა. მითხრეს, ეს დამაწყნარებელია და ნევროპათოლოგმა გამოუწერაო. თუ გულყრა გაუმეორდა და ამიტომ დაუნიშნეს, ხომ უნდა გაეგებინებინათ?!

მიშიკო ხნიერ მამაკაცთან ერთად წევს ოთახში, რომელიც სიგარეტს ეწევა. არადა, სუნზე ალერგია აქვს. გარდა ამისა, იმ მამაკაცს ღამის ქოთანი უდგას საწოლის ქვეშ და საშინელი სუნია... რა ფერის თეთრეულში წვანან, ვერ წარმოიდგენთ. ეს ციხეა და არა სათნოების სახლი..."

სოფო გოჩელაშვილი, მიშიკოს და: - ხანდაზმულმა ბენეფიციარებმა გვითხრეს, რომ ხშირად მოსდით ახალგაზრდებთან კონფლიქტი - ჩვენ სიწყნარე გვინდა, ისინი კი ხმაურობენო. დაწესებულებაში მხოლოდ ერთი მომსახურე გოგონა დაგვხვდა. ის იყო დამლაგებელიც, მომვლელიც, მზარეულიც, მცველიც და ა.შ. აბაზანაში თბილი წყალიც არა აქვთ. ბავშვებმა გვითხრეს, თუ გაგვიმართლა და წყალი გაგვიცხელეს, ორ კვირაში ერთხელ ვიბანთო. ბენეფიციარმა დავით საფაროვმა შემომჩივლა, დილით მოხარშული კომბოსტო გვქონდა და ვერ ვჭამე, მერე დამწვარი კარტოფილი დამიყარეს მაგიდაზე და ვერ დავაკარე პირიო..."

შეძრწუნებულმა მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროს მეორე დღესვე მიაწოდეს ინფორმაცია და გადაღებული ფოტოები. რეაგირების იმედი ჰქონდათ, თუმცა ამაოდ.

მარიკა ძაძამია: - სოციალური პროგრამების დეპარტამენტში მარი წერეთელს მოვუყევი ყველაფერი, მან კი დამცინავად გვკითხა, - შვილი რატომ გყავთ ამ დაწესებულებაშიო. ფოტოებს რომ დახედა, მხრები აიჩეჩა, მშვენიერი პირობებია, რას უწუნებთო.

მიშიკოს დაბადებიდან გონებრივი და ფიზიკური პრობლემა აქვს. დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. რამდენიმე ოპერაცია გავუკეთეთ და ახლა სიარული შეუძლია. ვიღაც იტყვის, შენს შვილს თავად არ უვლი და ვისთან გაქვს პრეტენზიაო. 7 წლის იყო, როცა მე და ჩემმა მეუღლემ მძიმე, მაგრამ ჩვენი შვილისთვის კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ - სენაკის ბავშვთა სახლში მივიყვანეთ. მისთვის სახლზე მეტად ის დაწესებულება აღმოჩნდა კომფორტული, რადგან იქ მსგავსი პრობლემის მქონე თანატოლებთან უწევდა ურთიერთობა.

მარი წერეთელი, მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი:

- ბენეფიციარს აქვს ფსიქიკური პრობლემა და შეზღუდული შესაძლებლობები. მშობლებს უნდოდათ გადაგვეყვანა მარტყოფის პანსიონატში, მაგრამ იქ მსგავსი დიაგნოზის მქონენი არ ირიცხებიან. გადავწყვიტეთ მისი გადაყვანა სათემო ორგანიზაციაში, სადაც არიან ის ბენეფიციარები, ვინც მასთან ერთად წინა ინსტიტუციებში ცხოვრობდნენ. მშობლებმა თქვეს, რომ კახეთში ჩასვლა უჭირთ, მარტყოფში კი გაუადვილდებოდათ შვილის მონახულება... მაჩვენეს ფოტოები. ვუთხარი, რომ დავიწყებთ სხვა სათემოს მოძიებას. ეს ყოველივე მაშინვე ვაცნობე მონიტორინგის სამსახურს.

"

"მზარეულმა ცოცხი ჩამარტყა"

"კვირის პალიტრა" ბროწლიანის სათნოების სახლს ესტუმრა. შენობაში წლების წინ სამედიცინო პუნქტი ყოფილა - აბრა ახლაც აქვს შემორჩენილი. ეზოში სამშენებლო ნაგავი ყრია... გაყინულ დერეფანში შუახნის კაცი შეგვხვდა. დირექტორი სად ვნახოთ-მეთქი, ვკითხე. არ ვიცი, მე ექიმთან ვარ მოსული, პაციენტი ვარო. თურმე, სამედიცინო პერსონალი, რომელიც წლების წინ ამავე შენობაში განთავსებულ საავადმყოფოში მუშაობდა, დღესაც იღებს პაციენტებს... სათნოების სახლის დირექტორის მოადგილე ლელა ბუთლიაშვილმა რამდენიმე ახალგარემონტებული ოთახი გვაჩვენა. გვერდით, ორ ოთახში, სამი ბენეფიციარი ცხოვრობს. გათბობა არა აქვთ და ძალიან სცივათ... გვარწმუნებდა, კეთილმოწყობილ ოთახებში გადასვლაზე ბენეფიციარები უარს ამბობენო...

ბენეფიციარი დავით საფაროვი: - არაფერი დამიშავებია, მაგრამ მათხოვარს მეძახიან... მზარეულმა თავში ცოცხიც ჩამარტყა. აქ არც სტუმრები მოდიან და არც თოვლის ბაბუა. აბაზანა გაყინულია, ცხელი წყალი ხან არის, ხან არა... დიდი ხანია არ მიბანავია.

- სხვა ოთახში რომ გადახვიდეთ?

- არ მინდა, ამ ოთახში უფრო სიმშვიდეა. ამ საჭმელს არ ვჭამ. პურს ვყიდულობ. ამავე სართულზეა ძველი და დანაგვიანებული საპირფარეშო... იქვეა დირექტორის კაბინეტიც, სადაც ცენტრალური გათბობაა ჩართული.

"თბილი წყალი ხვალ გვექნება"

პირველ სართულზე მდებარე ბენეფიციარების ოთახებს ვერაფერს დაუწუნებთ, თუ არ ჩავთვლით შარდის მძაფრ სუნს. აბაზანის ოთახში საშინლად ცივა, ამას ისიც ემატება, რომ თბილი წყალი არ მოდის. გვითხრეს, სისტემა დაზიანდა და ხვალ გამოვასწორებთო. ერთ ოთახში ლეიბი იატაკზე დევს. გვიხსნიან, - ბენეფიციარს ეპილეფსია აქვს და ღამით შეტევა რომ დაემართოს, საწოლიდან გადმოვარდებაო.

მიშიკოს ოთახშიც შევდივართ. ოთახი სუფთაა, თეთრეულიც ახალგამოცვლილია. ერთ-ერთი ბენეფიციარი შემოგვჩივის - მიშიკო და კიდევ ერთი მოსვენების საშუალებას არ გვაძლევენ, ხმაურობენო..."

საწყობში პროდუქტების მარაგს გვათვალიერებინებენ. რამდენიმე მაცივარი ხორცპროდუქტებით არის სავსე. მოპირდაპირე ოთახში კი სამედიცინო ლაბორატორიაა - აქ პაციენტებს იღებენ და ბენეფიციარებსაც ემსახურებიან...

ლელა ბუთლიაშვილი: - დაწესებულება ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, გოჩელაშვილებს, არ ვიცი, რა არ მოეწონათ.

- 19 ბენეფიციარი გყავთ, რამდენი მომვლელი ემსახურებათ?

- შშმ პირებს, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ, ექვს ბენეფიციარზე ერთი მომვლელი ესაჭიროებათ, ხოლო დამოუკიდებლად ვინც გადაადგილდება, 15-ზე ერთი. დღის განმავლობაში სამი მომვლელია...

- გოჩელაშვილები ამბობენ, რომ აქ მხოლოდ ერთი მომვლელი დახვდათ...

- სულ 14 თანამშრომელია, გვყავს ფსიქოლოგიც. დილის 9 საათიდან საღამოს 6-მდე 3 თანამშრომელია. საღამოს 8-დან დილის 9 საათამდე ერთი მომვლელი რჩება. გოჩელაშვილებს უნდათ, რომ შვილი თბილისთან ახლოს პანსიონატში გადაიყვანონ, იმიტომ იმიზეზებენ პრობლემებს. რაც შეეხება წამალს, როცა მიშიკო მოვიდა, უკვე დანიშნული ჰქონდა დეპაგინი.

ჩვენთან კვება სამჯერადია. იმ ბენეფიციარს, რომელიც ამბობს, მოხარშულ კომბოსტოს გვაჭმევენო, აქვს პერიოდები, როცა უარს ამბობს ჭამაზე. ბენეფიციარებს სამოსლის პრობლემაც არა აქვთ. სუფთა ტანსაცმელს იმიტომ არ იცვამენ, რომ ვინმეს შეაცოდონ თავი. ჩვენ ორ ბენეფიციარს პანსიონატიდან გასვლის უფლება აქვთ - ამბობენ, ტაძარში მივდივართო, არადა, წმინდა ნინოს წყაროზე ადიან და მოწყალებას ითხოვენ.

- ზოგიერთ ოთახში თბილა, დერეფნებში კი ცივა...

- ცენტრალური გათბობა გვაქვს. დერეფანში იმიტომ ცივა, რომ რემონტი გვაქვს, კარები ღიაა...

ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, რომ ბროწლიანის სათნოების სახლი სტანდარტით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

დავით ბოდოკია, ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სოციალურ საკითხებში: - ანტისანიტარია და კვების პრობლემები არ გამოვლინდა. შენობის ერთ-ერთი ფლიგელი გაურემონტებელია, მაგრამ ბენეფიციარები, რომლებიც სიცივეში არიან, უარს აცხადებენ კეთილმოწყობილ გარემოში გადასვლაზე, თეთრეულის გამოცვლაზე, შესაძლოა, ასეთივე გაურკვეველი მიზეზით ამბობენ უარს გათბობაზეც... ითქვა, თითქოს, მომსახურე პერსონალი დაკავებულია საექიმო საქმიანობით. ამ შენობაში, გარდა სათემო ორგანიზაციისა, არანაირი დაწესებულება არ რეგისტრირდება. სტანდარტით განსაზღვრული პერსონალის რაოდენობა ყოველთვის არის და კეთილსინდისიერად მუშაობენ. რამდენიმე ადგილას ნამდვილად ცივა, თუმცა ის ფართობი, რასაც დაწესებულება იყენებს, სტანდარტებს შეესაბამება. ვიზიტისას თბილი წყალი მოდიოდა, საკვების პრობლემაც არ იყო...

საქმის კურსშია სახალხო დამცველის აპარატიც, თუმცა, ჯერ არ ჩასულან მათი წარმომადგენლები. ნანუაშვილის უწყების დასკვნას მოგვიანებით გავიგებთ.

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხილეთ "პალიტრანიუსზე"