"საქართველომ მიშვილა" - რატომ დასახლდა ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო ვარსკვლავების ფოტოგრაფი?
02-01-2017
"საქართველომ მიშვილა" - რატომ დასახლდა ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო ვარსკვლავების ფოტოგრაფი?
ფრანსის პრიმერსკი: "ძალიან ბევრი და საინტერესო კადრი მაქვს იმ ადამიანებისა, ვინც, სამწუხაროდ, დღეს ცოცხალი აღარ არის, მათ შორისაა: რევაზ ჭოხონელიძე, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო"

თავიდან ფოტომოყვარული იყო.­ უბრალო გართობა კი იქამდე მივიდა, რომ ჯო კოკერი, პატრისია კაასი და კიდევ ბევრი მსოფლიო მეგავარსკვლავი ალბომებს მხოლოდ მისი ფოტოებით აფორმებდა. საფ­რანგეთის გარდა სხვა ქვეყანაში ცხოვრებას როგორ იფიქრებდა, მაგრამ 12 წლის წინ საქართველოში ჩამოვიდა და... დარჩა. მოიარა თითქმის ყველა კუთხე, თუმცა სვანეთი განსაკუთრებულად
შეუყვარდა.­ იქაურებმა გუჯუ გაბრიანი დაარქვეს.

ქართულად საუბარს შეძლებისდაგვარად ახერხებს... ფრანსის პრიმერსკი "კვირის პალიტრასთან" საუბრობს:


-"დღეს ფოტოს გადაღება პრობლემაა. შეიცვალა ცხოვრება, ადამიანი. თუ ადრე მსოფლიო ვარსკვლავების გადაღება ნებისმიერს შეეძლო, დღ
ეს მის მენეჯმენტთან შეუთანხმებლად ერთ კადრსაც ვერ გადაიღებ, უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე ფოტოს გადაღება შეგიძლია, ისიც გარკვეული რაკურსით. ეს ფოტოგრაფისთვის ძალიან დიდი დისკომფორტია. სწორედ ამან შეუწყო ხელი პაპარაცის ინსტიტუტს."

"ჯო კოკერმა მკითხა, რამე დასალევი ხომ არ გაქვსო"


მყავდა მეგობარი სახელად დრაგანი.­ მისი წყალობით ხშირად ვხვდებოდი მსოფლიოს მეგავარსკვლავების კონცერტებზე და ფოტოებს ვიღებდი. კონცერტის შემდეგ ბარში ჯეიმს ბრაუნს, ჯო კოკერსა და სხვებს ვესაუბრებოდი, მათთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა. შემდეგ, როდესაც ჩემს გადაღებულ ფოტოებს ვათვალიერებინებდი, აღტაცებული რჩებოდნენ და როცა ტურნეებისთვის ფოტოგრაფი სჭირდებოდათ, მეძახდნენ. ასე დაიწყო ყველაფერი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ არასდროს მომფიქრებია მათთან ფოტოების გადაღება. ძირითადად ისინი ავტოგრაფებსა და ჩანახატებს მჩუქნიდნენ, ეს უფრო ძვირფასია ჩემთვის. ერთხელ მუსტაკის კონცერტზე გაუფრთხილებლად მივედი. სიმღერის დროს დარბაზში თვალი მომკრა, მოულოდნელად სიმღერა შეწყვიტა და სცენიდან მომმართა, - ფრანსის, მანდ რას აკეთებო... ჯო კოკერი უიშვიათესი ადამიანი იყო. საათობით შემეძლო მასთან საუბარი. 80-იან წლებში, გერმანიის ერთ პატარა ქალაქში კონცერტი­ უნდა გაემართა. კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მოვინდომე, მისთვის განსაკუთრებული ფოტოები გადამეღო და გერმანიის საზღვართან, ლორენის რეგიონში, ჩემს სახლში გადავწყვიტე მისი წაყვანა, ეზოში თივის ზვინები იდგა. მენეჯერისთვისაც არ გვითქვამს, ჩავსხედით ავტომობილში მე, ჯო კოკერი, ჩვენი მეგობარი ჟურნა­ლისტი და წავედით. სახლში რომ შევედით,­ კოკერმა მკითხა, რამე დასალევი ხომ არ გაქვსო.

მივართვი გერმანული შნაფსი. დავიწყეთ სმა... ბოლოს საათს რომ შევხედეთ, კონცერტამდე ერთი საათი რჩებ­ოდა. რა თქმა უნდა, ფოტოები ვერ გადავიღეთ და სასწრაფოდ გამოვქანდით. მივადექით საფრანგეთ-გერმანიის საზღვარს. შემოწმება უნდა გაგვევლო - ისე ვინ გადაგვიშვებდა?! მესაზღვრეებმა პასპორტი მოგვთხოვეს. არც ერთს არ აღმოგვაჩნდა. მივხვდი - ცუდად იყო საქმე. სხვა გამოსავალი რომ აღარ გვქონდა, მესაზღვრეს მივმართე, - თქვენ იცით, რომ ჩვენს ავტომობილში ჯო კოკერი ზის-მეთქი?! ნიშნის მოგებით მიპასუხა, ეგ თუ ჯო კოკერია, მაშინ მე რომის პაპი ვარო. კონცერტის დაწყებამდე ცოტა დრო რჩებოდა, მაგრამ ვერაფრით ვარწმუნებდით მესაზღვრეს, რომ ავტომობილში ნამდვილი ჯო კოკერი გვეჯდა. მერე უფლება მომცეს, რომ დამერეკა. დავუკავშირდი ერთ-ერთი ჟურნალის რედაქციას, რედაქტორი იცნობდა კოკერის მენეჯერს, ის დაუკავშირდა სასაზღვროს და... მოგვარდა პრობლემა. წამოსვლისას ის ურწმუნო მესაზღვრე ავტოგრაფს იხვეწებოდა. კონცერტის დაწყებას მივუსწარით. ძალიან გაგვიბრაზდნენ, მაგრამ ამას ვინღა ჩიოდა...

"პატრისია კაასის მენეჯერი ჩემზე ეჭვიანობდა"


პატრისია კაასს პატარაობიდან ვიცნობ. თავიდან მეტყველებაც კი უჭირდა. ერთხელ, მსოფლიო ტურნეში ფოტოგრაფად მე წამიყვანა კომპანიამ, რომელსაც მისი დისკი უნდა გამოეშვა. პატრისიას მენეჯერი, რომელთანაც მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, ჩემზე ეჭვიანობდა. ერთხელ მითხრა, დღეს ფოტოები შენ არ გადაუღოო. კარგი-მეთქი, თუმცა რამდენჯერმე ჩუმად­ მაინც ჩავაჩხაკუნე. სხვა ფოტოგრაფი იღებდა კონცერტს. ტურნეს დასრულების შემდეგ დამირეკა, - ვიცი, რომ დღეს მაინც იმუშავე და იქნებ მოგვცე რამდენიმე ფოტო ალბომის გასაფორმებლადო. უარი ვუთხარი.­ დიდხანს მეხვეწა, ვის აღარ დაარეკვინა... ბოლოს პატრისიამ დამირეკა. რაღას ვიზამდი, მივეცი, ძალიან მოეწონა და ახალი ალბომი სწორედ იმ ფოტოთი გააფორმა. ჰონორარზე უარი ვთქვი...
ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი ჟორჟ მუსტაკი იყო, სამი წლის წინ გარდაიცვალა. ერთხანს მისი პროდიუსერიც ვიყავი...
ბევრი მსოფლიო დონის ვარსკვლავის უცხო და ლამაზი ფოტო მაქვს გადაღებული, მათ შორის "სკორპიონის". ამ ჯგუფთან დღესაც ვმეგობრობ. ასეთი კი ბევრია.
მდიდარი არქივი მაქვს, ამიტომ ბევრი უცხოური სააგენტო მთხოვს მათ მიყიდვას. უარს ვეუბნები. ძალიან მინდა ამ ფოტოების გამოფენა საქართველოში მოვაწყო..."

გუჯუ გაბრიანი


2002 წელს საფრანგეთში "ერისიონის" კონცერტი ვნახე. ფრანგების გადაღებულ ცნობილ ვიდეორგოლში "ქართული ლეგენდა",­ წვლილი მეც შევიტანე. მალე გავიგე, რომ საქართველოში რევოლუცია მოხდა და მიხეილ სააკაშვილმა შეცვალა წინამორბედი. პირველად მაშინ გამიჩნდა ჩამოსვლის სურვილი. 2004 წელს ფრანგულ ჯგუფთან ერთად საქართველოს ვეწვიე - "ერისიონს" კონცერტი უნდა გაემართა. "შერატონ მეტეხი პალასში" დავბინავდით. დილით სასაუზმოდ რომ გამოვედი, სასტუმროში უცხოელი დიპლომატების მეტი ვერავინ ვნახე და გავოცდი. აღარ მინდოდა დარჩენა და ჩვენს თარჯიმან ოთოს ვთხოვე, იქ წამიყვანე, სადაც ნამდვილ ქართველებს ვნახავ-მეთქი. შინ წამიყვანა. ეს ის ოჯახია, სადაც საოცრად დიდ პატივს სცემენ ქართულ სიმღერასა და ცეკვას. ბევრი დაუვიწყარი დღე გავატარე მათთან. ერთხელ სახლში მე და ოთოს ბაბუა დავრჩით. მან ფრანგული არ იცოდა, მე - ქართული,­ თუმცა სუფრაზე ერთმანეთს დიდებულად­ გავუგეთ. კარგად გამო­ვთვერით ქართულ-ფრანგულ-მუნჯური ჟესტიკულაციის თანხლებით. ისინი დღეს ჩემი ახლო მეგობრები და უკვე მეზობლებიც არიან. იმდენად მომეწონა აქაურობა, გადაწყვიტე, მშენებარე ბინა შემეძინა. ამ უბანში ყველას ვიცნობ... ძალიან მიყვარს სვანეთი. სვანებს ისე დავუმეგობრდი, რომ სვანური სახელი - გუჯუ გაბრიანი შემარქვეს... საქართველომ მიშვილა, ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა. ძალიან მინდა, აქაური მოქალაქეობაც მივიღო. აქაურობა ნარკოტიკივითაა. როცა საფრანგეთში ვარ, საქართველო მენატრება. ბევრ რამეზე მწყდება გული. ურბანული თვალსაზრისით საშინელება ხდება, შეიძლება ქართველებს თვალი უკვე შეჩვეული გაქვთ, მაგრამ უცხოელი სხვანაირად აღიქვამს. ბევრი უსახური შენობა გამოჩნდა. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ დედაქალაქში ჰაერის დეფიციტია. ისიც სავალალოა, რომ ბევრი კარგი ქართული ტრადიცია იკარგება.

დოკუმენტური ფილმი


ანსამბლ "ერისიონის" უამრავი ფოტო მაქვს გადაღებული. პარალელურად ვიღებდი ვიდეოს დოკუმენტური ფილმისთვის. 12 წელია, ამ ფილმზე ვმუშაობ, 100-მდე საათი მაქვს გადაღებული - მათი ისტორია, რეპეტიციიდან დაწყებული არაფორმალური გარემოთი დამთავრებული. ძალიან ბევრი და საინტერესო კადრი მაქვს იმ ადამიანებისა, ვინც, სამწუხაროდ, დღეს ცოცხალი აღარ არის, მათ შორისაა: რევაზ ჭოხონელიძე, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. ასევე ამ ფილმში მოხვდება "ერისიონის" გარდაცვლილი მუსიკოსი იურა და ერთ-ერთი მოცეკვავე ნინო. ეს გოგონა­ გახლდათ ერთადერთი მოცეკვავე, რომელთანაც ვახერხებდი კომუნიკაციას, მან იცოდა გერმანული ენა. მათი გარდაცვალების შემდეგ ვიდეოს გადაღება შევწყვიტე. ეს ფილმი, ძირითადად ამ სამ ადამიანს მიეძღვნება...

ყველა მეკითხება, როდის ეღირსება ფილმს დღის სინათლეო. დიდი მასალაა, ახლა მისი მონტაჟის დროა, რაც შრომატევადია, ამიტომ ჯერ არ ვიცი, როდის გავა ფილმი დიდ ეკრანზე.

თორნიკე ყაჯრიშვილი
maia
13 იანვარი 2017 09:39
წარმატებები ამ არაჩვეულებრივ და გულწრფელ ადამიანს, ადამიანი პოზიტივი
ფოთი
13 იანვარი 2017 06:46
ვაააა ეს რა ჯიგარი კაცი ყოფილა.
ფრანსის გისურვებ ჯარმთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს.
კახა ჭოხონელიძე
07 იანვარი 2017 11:06
ფრანცის პრიმერსკი დიდი მეგობარია არა საერთოდ ქართველებისთვის , არამედ საერთოდ ყველა კარგი ადამიანისთვის. ფრანგი კაცი შეყვარებული საქართველოზე და ქართველებზე. მაქვს პატივი პირადად ვიცნობდე მას და ამით ამაყი ვარ. Dieu bénisse Francis !

რედაქტორის რჩევით