აჭის ვარამი
09-01-2017
აჭის ვარამი
"სოფელში ისედაც 9 ოჯახი ცხოვრობს და ღმერთმა ნუ ქნას, კიდევ ერთს აქედან გასახლებამ მოუწიოს..."

"თამარის ჯვარიც გვიცავდა, თორემ დღეს აჭის ნატამალი არ იქნებოდა"


მშვენიერია გურია-აჭარის მთებში შეყუჟული აჭი, სოფლის უძველესი პატარა­ ტაძარი­ და მისი მოხატულობა. აჭის წმინდა­ გიორგის ფრესკების მსგავსს მთელ საქრისტიანოში იშვიათად იპოვი - წმინდანს მოთვინიერებული, კის­ერზე თოკშებმული გველეშაპი მორჩილად მიჰყავს მეფესთან, რომელსაც ამ გველეშაპისგან ასული გადაურჩინა!

"მეწყერი რომ არ ჩამოწოლილიყო, ბზები გვქონდა დარგული, მაგრამ რომ გახმა, მდინარემ ნაპირი­
ჩამორეცხა და 2 მეტრით მოუახლოვდა სახლს. მიაწვდინეთ ხელისუფლებას ხმა, დაგვეხმარონ, გვეშინია, მდინარემ არ წაგვიღოს"

- აჭი დაიცალა, მთებში უგზოდ ვეღარ­ გაძლო ხალხმა - გვიყვება ბატონი ოთარი - კიდევ კარგი,­ 6 წლის წინ გზა გაგვიკეთდა, თორემ დღეს აქაურობა კარგამოჯარული იქნებოდა. ეს მთებია ჩვენი მარჩენალი. მართალია, სახნავ-სათესი
მიწები არ გვაქვს, სამაგიეროდ, პირუტყვს დილით მთაში რომ გავუშვებთ, საღამოს მაძღარი მოდის. თუ კაცს არ დაეზარება ტყიდან წიწიბოს, წაბლის, მოცვის მოტანა, ოჯახს არ დაამშევს... ეგ არის - ნადირი გვაწუხებს. ოჯახი არ არის, ვისთვისაც დათვს და მგელს საქონ­ელი არ დაეგლიჯოს. მადლიანი სოფელი გვაქვს. ძველი ხალხი ამბობდა, ჩვენს სოფელში წმინდა გიორგი დაბრძანდებოდა, დევის ქვაზე ნაკვალევიც კი დაგვიტოვაო.

აჭის წმინდა­ გიორგის ფრესკების მსგავსს­ მთელ საქრისტიანოში იშვიათად იპოვი - წმინდანს მოთვინიერებული, კის­ერზე თოკშებმული გველეშაპი მორჩილად მიჰყავს მეფესთან, რომელსაც ამ გველეშაპისგან ასული გადაურჩინა!

- რა ნაკვალევი?

- ზამთარში ვერ მივუდგებით. მდინარის პირას ვეებერთელა ლოდი გდია, რომელსაც ხალხი დევის ლოდს უწოდებს.­ თუ დააკვირდები, კაცის ფეხის ნაკვალევს­ გაარჩევ. წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) ჩანაწერით - უხსოვარ დროში აჭს დევი შემოეჩვია. შეწუხებულ აჭელებს ლოცვით წმინდა გიორგისთვის მიუმართავთ. წმინდანი მოვიდა, თავისი შუბით მოკლა ავსული, მერე ლოდს წიხლი ჰკრა და დევის სახლს გადააფარა. მადლიერ ხალხს წმინდა გიორგის სადიდებლად ტაძარი აუგია.

- ტაძარშიც წმინდა გიორგის ფრესკაა - გველეშაპი თოკშებმული მიჰყავს მეფესთან.

- მაგ ფრესკაზე მეფის ასულიც არის.ერთ სახელმწიფოში წყალს გველეშაპი დაპატრონებია - წყალს მანამ არ გაღირსებთ,­ ვიდრე მეფის ასულს არ მომგვრითო. მეფეს ასული გაუმზადებია, მაგრამ წმინდა­ გიორგის უთქვამს, შენს ქალს ჩემი რწმენით­ დავიხსნიო. მართლაც, გველეშაპი ისე დაუმო­რჩილებია, თოკი შეუბამს და მეფისთვის მიუგვრია. ბოლო წლებში, ღვთისმსახურ­ება რომ განახლდა, ერთი დიდი ამბავიც მოხდა­ - ჩვენს ეკლესიას დაკარგ­ული თამარის ჯვარი­ დაუბრუნდა - ეკლესიის უკანასკნელ დიაკონს, არსენ სალუქვაძეს, კომუნისტების შემოჭრისას გადაუმალავს და შთამომავლისთვის დაუბარებია - როცა ამ ჯვარს საფრთხე აღარ დაემუქრება, ეკლესიას დაუბრუნეთო. თვითონ სიკვდილამდე ამ ჯვარზე ლოცულობდა­ - ტყეში ჩუმად მიჰქონდა და თვეობით იქ რჩებოდა.
თამარის ჯვარიც გვიცავდა, თორემ დღეს აჭის ნატამალი არ იქნებოდა. თურქებიც არ გვაკლებდნენ ხელს. იგონებდნენ, - დაგვეცემოდნენ თავს, წაასხამდნენ პირუტყვს, გაეკიდებოდა მთელი სოფელი და ხშირად ცოცხლებიც ვეღარ ბრუნდებოდნენო...

ღვთისმსახურების აღდგენამდე ტაძარს ცეცხლაძეების ოჯახი ჰპატ­რონობდა, გასაღებიც მას ებარა, მერე დედათა მონასტერს გადასცეს. ოთარ ცეცხლაძის ოჯახი, რვა კომლთან ერთად, კვლავ ამ პატარა სოფლის მცველია.

ჩემს ახალგაზრდობაში აქ 45 ოჯახი ცხოვრობდა. მდინარეთა შორის ვართ მოქცეული და სარჩოდ თევზი არ გვაკლდა. აჭისწყალში კალმახი ახლაც ბევრია. ბოლო დროს ბზის ხეების დარდმა დამაღონა - დაავადდა. ეკლესიის ეზოში 2 საუკუნის ბზა იდგა და გახმა. სულიერივით დაგვენანა...

ამასობაში ტაძართან ახლოს ქალბატონმა შინ შემიპატიჟა და სევდიანად მითხრა: - სახლის უკან, მდინარის ნაპირზე, მეწყერი რომ არ ჩამოწოლილიყო, ჩვენც ბზები გვქონდა დარგული, მაგრამ რომ გახმა, მდინარემ ნაპირი­ ჩამორეცხა და 2 მეტრით მოუახლოვდა სახლს. მიაწვდინეთ ხელისუფლებას ხმა, რომ დაგვეხმარონ, ყველა გაწვიმებაზე გვეშინია, მდინარემ არ წაგვიღოსო... სოფელში ისედაც 9 ოჯახი ცხოვრობს და ღმერთმა ნუ ქნას, კიდევ ერთს აქედან გასახლებამ მოუწიოს. წამოსვლისას ნაჯახის ხმაც შემომესმა, - მოხუცი კარლო სალუქვაძე აპობდა შეშას...

- წელებზე ფეხს ვიდგამდი, რომ შვილებისთვის სახლი ამეშენებინა, ავაშენე და ისინი საქართველოსთვის ომებს შეეწირნენ, ორი ვაჟი მყავს გარდაცვლილი...
აღარ ვიცოდი, რა მეთქვა, მაგრამ მოხუცმა ხეს ნაჯახი კიდევ ერთხელ გამეტებით დასცხო და ჯიუტად მითხრა: - მაინც ვიშრომებ, შვილიშვილები დამრჩა­ და მამების ნაცვლად მე ვპატრონობო!­ უცებ მივხვდი, თუ რატომ არ განადგურდა ქართველი კაცი - სწორედ გაჭირვებაში ძლიერდება და ჯიუტდება...

ეთერ ერაძე
ლალი ჯაფარიძე
26 იანვარი 2017 21:11
საკმაოდ გულისშემძვრელი იყო განსაკუთრებით ჩემთვის.აჭის წიაღში დაბადებულისთვის.მადლობა ქალბატონო ეთერ რომ გახსოვართ.თქვენს გზავნილს აუცილებლად მივიტან ადრესატამდე
მადონა თედორაძე
14 იანვარი 2017 17:01
შველა უნდა ჩვენს სამშობლოს, არ შეიძლება, დაცარიელდეს ულამაზესი მამულები. პატრონი, ჩქარა და ახლავე. წმინდა გიორგის შევევედრები.პატარა სამოთხეა ეს სოფელი. შეიძლება სამოთხის მიტოვება ნებით?

რედაქტორის რჩევით