"ფულის სიყვარულმა დააბრმავა ხალხი"
09-01-2017
"ფულის სიყვარულმა დააბრმავა ხალხი"
"ხადას ხეობაში, რომელშიც თორმეტი სოფელი შედის, ექვსი ოჯახი რჩება ზამთრის პირისპირ და ყველა თავად ზრუნავს საკუთარი თავის გადასარჩენად - დიდი ბრძოლის გადატანა უწევთ"

"ერთხელ ჩვენს დათვს ჩონგური დავაჭერინე და სურათები გადავუღეთ. მას შემდეგ ხუმრობით ჯგუფის მე-13 წევრს ვეძახდით"


"სწრაფად გავრცელდა მთიულეთსდანაბარები მეფისა:- გაუტეხარნო მთიულნო, შვილნო, ვითარცა მეხისა"...

ასე იწყება ბევრისთვის ნაცნობი სიმღერა, რომელსაც ანსამბლი "ხადა" მღერის და რომელმაც სწრაფადვე დაიკავა ქართველი ერის გულში ადგილი, სიმღერის სულში ჩამწვდომ მრავალხმიანობაში თითქოს ცოცხლდებიან
გმირი არაგველნი, უსმენ სიმღერას და მათთან ერთად მოუყვები მთიულეთის ხეობებს კრწანისისკენ, სამშობლოს გადასარჩენად. ანსამბლის სოლისტს, ამ სიმღერის ტექსტისა­ და მუსიკის ავტორ ზურა ბენიაიძეს ვესაუბრეთ.

- როდის და როგორ შეიქმნა ანსამბლი "ხადა"?

- სამი წლი წინ ჯგუფის წევრებმა, უმეტესად ხადას ხეობელებმა გავიცანით ერთმანეთი და სიმღერის სიყვარულმა
ანსამბლის შექმნა გვაფიქრებინა - ეს ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელის, თამარ გოგოჭურის ძალისხმევის შედეგია. "ხადა" ადგილის დედის პატივსაცემად დავარქვით.

- "სამასი არაგველის" სიმღერის ჩასაწერად მთელი სოფელი გვერდით დაგიდგათ, საამისოდ თურმე საკუთარი სატვირთო მანქანაც კი გაყიდეთ...

- კი, მთიულები დამეხმარნენ როგორც ფინანსურად, ისე მორალურად. განსაკუთრებით გუდაურის საბაგიროზე მომუშავე ჩემი მეგობრები დამიდგნენ გვერდში.
ჩემდა გასაკვირად, მწერალთა კავშირშიც მიმიწვიეს, მოსწონებიათ ჩემი ლექსები, მაგრამ თბილისამდე ვერ ჩამოვაღწიე.

- ამბობენ, დათვიც გყოლიათ ანსამბლში რომელიც ჩონგურზე უკრავდა?

- ჰოო, სულ პატარა გავზარდე, მონადირეებს წავართვი, რვა თვე ვზრდიდი, როცა წამოიზარდა, ბერებს ვაჩუქე, ცოტა ხანს დარიალში ჰყავდათ, შემდეგ ნაკრძალში გაუშვიათ. მომენატრება ხოლმე. ერთხელ ჩონგური დავაჭერინე და სურათები გადავუღეთ. მას შემდეგ ხუმრობით ჯგუფის მე-13 წევრს ვეძახდით.

- ახალი სიმღერების ჩაწერას თუ გეგმავთ?

- გაჩერებულები ვართ უსახსრობის გამო, ბოლო სიმღერა რამდენიმე თვის წინ ჩაიწერა, პატრიარქს მივუძღვენით, სიმღერას "ჩემი საქართველო" ჰქვია.

- იქნებ ამ წერილის მერე ვინმე გამოგეხმაუროთ...

- ღმერთმა ქნას... თუ არადა, თქვენ მაგაზე არ იდარდოთ.

- როგორ ცხოვრობს ხადას ხეობაში­ ხალხი, მკაცრ ზამთარს როგორ უმკლავდებით?­

- დიდთოვლობა და უგზოობა აქ ყოველდღიური პრობლემაა, ზამთარში ხადას ხეობაში, რომელშიც თორმეტი სოფელი შედის, ექვსი ოჯახი რჩება ზამთრის პირისპირ და ყველა თავად ზრუნავს საკუთარი თავის გადასარჩენად - დიდი ბრძოლის გადატანა უწევთ.

- შენი ოჯახიც?

- ჩვენ გვიან შემოდგომით ვტოვებთ ხადას და გზის ახლოს, სოფელ ქვეშეთში ვიზამთრებთ. ვისაც წასასვლელი აქვს, ყველა სადღაც მიდის, ვისაც არა აქვს წასასვლელი, სწორედ ისინი ამაგრებენ ხეობას.
ძალიან ცუდ დროს მოგვიწია ცხოვრებამ. ფულის სიყვარულმა და გამდიდრებისკენ სწრაფვამ დააბრმავა ხალხი. აღარც პატრიოტები გვყავს, რომ დაიცვან სამშობლო, ქვეყანა, ერი მოძალებული უზნეობისგან. ამ ყველაფერს ისევ ხილული ბრძოლა სჯობდა ბოროტების წინააღმდეგ, ისე, როგორც ამას არაგველები აკეთებდნენ საუკუნეების მანძილზე. აუტანელია ეს ჩუმი, მომაკვდინებელი ბრძოლები...
არადა, თუ ქართველი ქართველის გვერდით დადგება, მერე გინდ მთელი მსოფლიო დაგვიპირისპირდეს.

კახა მჭედლიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები