თეთრი ხალათი და საბჭოთა დროინდელი "მაშინა" - კვირის პალიტრა

თეთრი ხალათი და საბჭოთა დროინდელი "მაშინა"

ტრისტან ქრისტესეიშვილი: "იყო დრო, კლიენტებს ვერ ვითვლიდით. ახლა ნახევარი დღე ხან უსაქმოდ ვართ. ძველი დროიდან რუსული წარმოების "კომეტას" ფირმის "მაშინა" და წვერის საპარსის ნაკრები შემომრჩა. ალუმინის სავარცხელიც - 36 წელია, ვხმარობ, ასეთს ვეღარ ვიშოვი"

ტერეზა არუთუნიანი: "ბავშვებს, რომლებიც ადრე მშობლებს მოჰყავდათ ჩვენთან, დღეს უკვე შვილები მოჰყავთ"

კარგად მახსოვს ჩემი პირველი სტუმრობა საპარიკმახეროში. წნორის სადალაქო, საბჭოთა დროინდელ პედლიან სავარძელზე შემოდგმული ხის სკამი, მიტკლის შემოსახვევი ნაჭერი, რუსული წარმოების "მაშინა", სარკეზე გაკრული ქერა, ხვეულთმიანი ქალების პატარა სურათები, ძველი ოდეკოლონი, სამართებელი და წვერის გაპარსვის შემდეგ სახეზე მისაფრქვევი პუდრი "ფისო-ფისო"... ეს რამდენიმე დღის წინ, მაიაკოვსკის ძეგლთან მდებარე საპარიკმახეროსთან ჩავლისას გამახსენდა...

ამ ნახევარსაუკუნოვანი საპარიკმახეროს თანამშრომლები წლების წინ თბილისის მაღალჩინოსნებსა და საზოგადო მოღვაწეებს ემსახურებოდნენ... ადრე N30-ე საპარიკმახერო ერქვა. მისაღებში, გამათბობელთან, შუახანს გადაცილებული რამდენიმე ქალბატონი ზის.

ნანა გველესიანი 37 წელია, აქ მუშაობს: - დიღმის მასივში ეს ერთადერთი საპარიკმახერო იყო. იმდენი კლიენტი გვყავდა, რომ ორ ცვლაში ვმუშაობდით. დილის რვა საათიდან რიგი იდგა. ეს ის ადგილია, სადაც ადამიანები გულისტკივილს, წყენას თუ სიხარულს გვიზიარებენ. აქ ლამაზდებიან და ემოციურად ისვენებენ. ხშირად უგუნებოდ მოსული კლიენტი ბედნიერი და გახარებული გაგვიშვია. ახლა ყოველ ფეხის ნაბიჯზეა საპარიკმახერო, ერთთვიან კურსებს გაივლიან და საპარიკმახეროებს ხსნიან. ადრე ასე სად იყო?! ჯერ სტაჟირება უნდა გაგვევლო და როცა მოგცემდნენ უფლებას, მაშინ იწყებდი დამოუკიდებლად მუშაობას.

ელენე ბაღდასარიანი 47 წელია აქ მუშაობს: "- ეს საქმე ჩემი ცხოვრებაა. იმ ადამიანებს კი რა დამავიწყებს, ვისთვისაც თმა შემიჭრია თუ დამივარცხნია. დროს თავისი მიაქვს, შემოგვეცალნენ ძველი კლიენტები. ზოგი ცოცხალი აღარც არის, ზოგმა საცხოვრებელი შეიცვალა, ზოგს ფული არა აქვს... ერთი შეხედვით თითქოს იოლია ჩვენი ხელობა, თუმცა ასე არ არის. სხვადასხვა ხასიათისა და გუნების ადამიანი შემოდის და ვალდებული ხარ, მოერგო. ადრეც იყო და ახლა მოდიან ქალბატონები, რომლებმაც არ იციან, როგორ უნდათ თმის შეჭრა თუ შეღებვა. საბოლოოდ, ყველას გალამაზებულს ვუშვებთ. ხშირად გვეუბნებიან, თქვენ ხართ ჩვენი სიხარულის მომნიჭებლებიო. ასეთი თბილი სიტყვები გვახარებს და სტიმულს გვაძლევს."

ტერეზა არუთუნიანი 33 წელია ყოველდღე მოსკოვის პროსპექტიდან დადის სამსახურში. აქ პირველად 16 წლისა მოვიდა: -"აქ რომ მოვედი, ქართული ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. კლიენტებთან ურთიერთობა მიჭირდა და ვისწავლე. იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ პროფესიის შეცვლაზე არც მიფიქრია. ბავშვებს, რომლებიც ადრე მშობლებს მოჰყავდათ ჩვენთან, დღეს უკვე შვილები მოჰყავთ.

მეორე დარბაზში შევდივარ. თეთრხალათიანი პარიკმახერებიდან ერთის გარდა, ყველა დაკავებულია.

ტრისტან ქრისტესეიშვილი 36 წელია, აქ მუშაობს. წლების წინ მძღოლი იყო, ავტოკატასტროფაში მოყვა და საჭესთან ჯდომა ვეღარ შეძლო: "- მაშინდელი ინვენტარი და მოწყობილობა სჯობდა ახლანდელს. გაერთიანება იყო, რომელიც ყოველ დილით გვაწვდიდა გასტერილებულ იარაღსა და თეთრეულს. იყო დრო, კლიენტებს ვერ ვითვლიდით. ახლა ნახევარი დღე ხან უსაქმოდ ვართ. ძველი დროიდან მხოლოდ თეთრეული, რუსული წარმოების "კომეტას" ფირმის "მაშინა" და წვერის საპარსის"ნაკრები შემომრჩა. ალუმინის სავარცხელიც - 36 წელია, ვხმარობ, ასეთს ვეღარ ვიშოვი. ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს ამ სამსახურთან. ზოგიერთი კლიენტი დღეს ჩემი მეგობარია."

საღამოვდებოდა, რომ წამოვედი. ისინი კიდევ იმდენ ხანს იმუშავებენ ამ საპარიკმახეროში, სადამდეც შეძლებენ. მერე კი მათ ახალი თაობა ჩაანაცვლებს და ნახევარსაუკუნოვანი დაწესებულების ისტორიაც გაგრძელდება.

თორნიკე ყაჯრიშვილი