"ვისაც სამშობლო უყვარს, სამუდამოდ ვერ მიატოვებს" - კვირის პალიტრა

"ვისაც სამშობლო უყვარს, სამუდამოდ ვერ მიატოვებს"

ძალიან რთულია საყვარელი ადამიანებისაგან შორს ყოფნა, მაგრამ არის ის, რაც მაძლიერებს, - ყველა კონცერტზე შემიძლია ვასახელო ჩემი ოჯახი და ქვეყანა. ბოლო პერიოდში პოპულარობა მომანიჭა ავსტრიაში კინომუსიკისა და "დისნეიფანტაზიის" ცოცხალი შესრულების სეზონმა. ეს ღონისძიება მსოფლიოს მრავალმა მედიასააგენტომ გააშუქა, მათ შორის ბი-ბი-სიმაც

თაობები იცვლებიან და ქართული მუსიკალური ხელოვნებით დაინტერესება არ ნელდება. დღეს ვენაში, მსოფლიოს მუსიკალურ მექაში, ქართულ მუსიკალურ ნიჭიერებას 23 წლის პიანისტი, მიშო ყანადაშვილი წარმოადგენს, სწორედ ამ ქალაქში ჩატარებული სოლო კონცერტებით გაიკვალა გზა ევროპისკენ. თუმცა წარმატება ვენაში გამგზავრებამდეც იყო - თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე მუსიკალურ სკოლაში სწავლისას ბევრჯერ გახდა სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატი, 14 წლისამ კი პეტრე ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტიც შეასრულა.

- მუსიკალურ სკოლაში ჩემი პედაგოგის, მზია გოგაშვილის დამსახურებაა ბავშვობის დროინდელი გამარჯვებები თბილისის თუ უცხოეთის ფესტივალებზე. და კიდევ ჩემი ოჯახის დამსახურებაა, ვენაში რომ გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება. საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ეხმარებიან ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებსაც თავის დამკვიდრება უჭირთ. მეც მყავს ასეთი პროფესორი, თამარა აჩბა. ის დამეხმარა პირველი ნაბიჯების გადადგმაში.

ვენაში მუსიკა ძალიან უყვართ, - სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ხალხი დიდი გატაცებით სწავლობს მუსიკას. პირველი სამი წელიწადი ძალიან რთული იყო, - შინ მუსიკალური ინსტრუმენტიც არ მქონდა, ამის გარეშე კი მუსიკოსი არაფერია; მით უფრო, თუ წინ სოლო კონცერტი გაქვს ან მასშტაბური ღონისძიება. სწორედ მაშინ ამომიდგა მხარში მსოფლიოში აღიარებული პიანისტი და შესანიშნავი ადამიანი ელიზაბეტ ლეონსკაია, - მან მომცა ინსტრუმენტით სარგებლობის შესაძლებლობა.

ამ ქალაქში გულწრფელი ხალხი ცხოვრობს. მსმენელსაც ყოველთვის გულწრფელი ემოციები აქვს. ვენაში ჩატარებული პირველი სოლო კონცერტის შემდეგ საფრანგეთში მიმიწვიეს სოლო კონცერტზე და ჩემი მუსიკალური კარიერაც დაიწყო.

- ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები თუ სარგებლობს ამ ქალაქში მოწონებით?

- როცა ვენაში მერი დავითაშვილის "ხორუმი" შევასრულე, მთელი დარბაზი აღფრთოვანდა. ტაშს დიდხანს უკრავდნენ. ქართული მუსიკა საოცარ გავლენას ახდენს ევროპელ მსმენელზე.

ახლახან ჩატარდა კონცერტი, რომელზეც შევასრულე გია ყანჩელის, მერი დავითაშვილისა და ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოებები. გავბედე და ჩემი ნაწარმოებიც დავუკარი. ბევრი აპლოდისმენტი იყო და გულით გავიხარე.

- ტრადიციული კითხვაც, - უცხოეთში კარიერა ადამიანს სამშობლოს აშორებს.

- ვისაც სამშობლო უყვარს, მას სამუდამოდ ვერ მიატოვებს. ისე კი, ძალიან რთულია საყვარელი ადამიანებისაგან შორს ყოფნა, მაგრამ არის ის, რაც მაძლიერებს, - ყველა კონცერტზე შემიძლია ვასახელო ჩემი ოჯახი და ქვეყანა. ბოლო პერიოდში პოპულარობა მომანიჭა ავსტრიაში კინომუსიკისა და "დისნეიფანტაზიის" ცოცხალი შესრულების სეზონმა. ეს ღონისძიება მსოფლიოს მრავალმა მედიასააგენტომ გააშუქა, მათ შორის ბი-ბი-სიმაც.

ეთერ ერაძე