"აჩქარდი, საქართველოვ"
09-01-2017
"აჩქარდი, საქართველოვ"
"ზოგს უკვირს, შვეიცარიაში უზრუნველად ცხოვრობ, რა გრჯის, ქართველ ბავშვებს რომ დასდევ და მათზე ფიქრით არ გძინავსო..."

ციურიხში 2016 წლის ნოემბერში, ხელოვნების უნივერსიტეტის დიდ საკონცერტო დარბაზში, ლიანა ისაკაძის მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. შეგროვილი თანხა იმ ქართველ ნიჭიერ სტუდენტებსა და მოსწავლეებს­ უნდა მოხმარებოდათ, რომლებიც საქართ­ველოში მუსიკალურ ხელოვნებას ეუფლებიან, მაგრამ უსახსრობის გამო საშუალება არა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ მნიშვნელოვან კონცერტებში, ფესტივალებსა და კონკურსებში. მსოფლიო მევიოლინესთან ერთად სცენაზე უკრავდნენ ცნობილი ევროპელი მუსიკოსები: თომას გროსენბახერი, ფაბიო
დი კასოლა და თამარ კორძაძე.­ მეორე კონცერტი შვეიცარიის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორის, ცნობილი მუსიკოსის, თამარ კორძაძის საქველმოქმედო ფონდ "ვივაჩეს" პროექტის "ალპებიდან კავკასიამდე" ფარგლებში გაიმართა. ამავე პროექტის ფარგლებში ლიანა ისაკაძემ მასტერკლასები ჩაუტარა შვეიცარიელ სტუდენტებს და აღნიშნა, რომ თამარ კორძაძესთან ერთად მზად არის, დაეხმაროს ქართველ სტუდენტებს, რომ გავიდნენ
ფართო ასპარეზზე.

თამარ კორძაძე: - ზოგს უკვირს, შვეიცარიაში უზრუნველად ცხოვრობ, რა გრჯის, ქართველ ბავშვებს რომ დასდევ და მათზე ფიქრით ზოგჯერ წესიერადაც არ გძინავსო. ეს მადლიერების გამოძახილია იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავის დროზე დამეხმარა. თბილისის მუსიკალურ ათწლედში დოდო ცინცაძე და კონსერვატორიაში - მანანა დოიჯაშვილი არაფერს მაკლებდნენ, მაგრამ განვითარებისთვის საერთაშორისო ურთიერთობები მჭირდებოდა. მნიშვნელოვან კონკურსებზე გასასვლელად სამგზავრო ფული არ მქონდა. ხან მამა, ხანაც ბიძაჩემი მეხმარებოდა, ერთხელ ერთი ბიზნესმენიც შემეწია. ბოლოს კი შვეიცარიულმა ფონდმა დამიფინანსა სწავლა და საცხოვრებელი. 2004 წლიდან ასე აღმოვჩნდი შვეიცარიაში, 2009 წელს კი ავისრულე ოცნება და დავაფუძნე ასოციაცია, ფონდი "ვივაჩე". სულ მინდოდა, ქართველ ბავშვებს დავხმარებოდი. "ვივაჩე" მუსიკალური ტერმინია და ნიშნავს მოქმედებას არც ნელა, არც ძალიან ჩქარა, ქართულად ერთ სიტყვაში, აჩქარებაში ეტევა. შესაბამისად, "ვივაჩე" საქართველოსთვის, შეიძლება გავიგოთ, როგორც "აჩქარდი, საქართველოვ". საოცარი შეგრძნებაა, როდესაც შენი ძალისხმევით საერთაშორისო არენაზე გასული მოსწავლე ან სტუდენტი წარმატებას მოიპოვებს, გრან-პრის ან პირველი კატეგორიის პრიზის მფლობელი ხდება.

- ალბათ, იოლი არ არის თანხების მოძიება.

- დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ეს არ მღლის, რადგან შედეგი ყოველთვის ჩემს გარჯაზე მეტია. ადამიანების დიდი ნაწილი არ ფიქრობს, რატომ ეძლევა სიკეთე. ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, ყველაფერი მხოლოდ იმით უნდა დასრულდეს, რომ რაღაცაში უცებ ხელი მოემართა. ასე ფიქრი სიკეთეს კლავს,­ მაგრამ თუ მის პატარა მარცვალს გააღვივებ, გაამრავლებ და სხვებს მისცემ, ისინი თავიანთ წილს გაამრავლებენ, ყველა დაინახავს სიკეთის ძალას. ერთ-ერთ საქველმოქმედო კონცერტზე საქართველოდან არ ჩამოვიდა სამი სტუდენტი, რომელთაც ასევე დაეხმარა ჩვენი ფონდი. მათ უნდა დაეკრათ, რომ ფული სხვების დასახმარებლად მოგვეგროვებინა. კონცერტი გაიმართა, საქმეც გაკეთდა, მაგრამ გული მატკინა მათმა დაუდევრობამ. ხშირად ვმართავ საქველმოქმედო კონცერტებს­ ევროპელ სტუდენტებთან ერთად. ისინი ქართველებისთვის უკრავენ და დასანანია, ქართველებს რომ დაეზარათ.

- თქვენ სხვა ფონდებიც გაქვთ, მსოფლიოს მასშტაბით ეხმ­არებით ნიჭიერ ახალგაზრდებს, "ვივაჩე­ ჯორჯია" საგანგებოდ საქართველოსთვის შექმენით?

- ჩემი საქველმოქმედო ასოციაციაა "Youth Classic"-ი, ასევე ვარ მონტეპულჩანოს საერთაშორისო მუსიკალური კვირეულის ვიცე-პრეზიდენტი და მსოფლიოში ვეძებ ნიჭიერ ბავშვებს. ქართველ ბავშვებს მუდმივად სჭირდებათ ფინანსური დახმარება, თორემ ჩრდილში დარჩება ის დიდებული კულტურული პოტენციალი, რომელიც გენეტიკურ მემკვიდრეობად გადმოგვეცემა. რითი უნდა ჩანდეს საქართველო, თუ არა მისი მომავალი თაობის ნიჭიერ­ებით? თუ არ დავეხმარებით, ეს ნიჭიერებაც ვერ გამოჩნდება.

ეკა ლომიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით