"დღეს ბრძოლის არენად "ფეისბუკი" იქცა"
09-01-2017
"დღეს ბრძოლის არენად "ფეისბუკი" იქცა"
"ყველა მხარე, ლიბერალურიც და ფუნდამენტურიც, მამასისხლად გადაემტერა ერთმანეთს"

"'წარმოუდგენლად წარმატებული იყო 2016 წელი. არჩევნებზე ვისაც გვსურდა, იმას მივეცით ხმა... ვინც არჩევნებზე მივიდა - მივიდა, ვინც არა, მომდევნო 4 წელიწადს რაც არ მოეწონება, საკუთარ თავს დააბრალოს..."


შემოქმედებითი თვალსაზრისით გასული წელიწადი წარმატებით დაასრულა - წლის მიწურულს რუსთაველის თეატრში მისი პიესა­ დაიდგა და მალევე წიგნიც გამოიცა. როგორ აფა­სებს განვლილ წელიწადს? - "კვირის პალიტრას" მწერალი და დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი­ სტუმრობს:

- 2016 წელი მართლაც
საინტერესოდ დავასრულე - რუსთაველის თეატრში რეჟისორმა დავით საყვარელიძემ ჩემი "გაბრაზებული ჩიტი" დადგა. აქტუალური პიესაა, ტერორიზმსა და რელიგიურ დაპირისპირებებს ეფუძნება. გემახსოვრებათ, რელიგიის ნიადაგზე საქართველოს სხვადასხვა­ კუთხეში ქართველები ერთმანეთს რომ დაუპირისპირდნენ! ფაბულად მეც ეს ამბები ავიღე და მოქმედება ერთ სოფელში გადავიტანე, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობის გოგონასა და ვაჟს
ერთმანეთი უყვართ... თუ განვაზოგადებთ, თემა ძალიან აქტუალურია და არც მხოლოდ ერთი სახელმწიფოს პრობლემაა.

- ხშირად­ ვწუხვართ, რომ წიგნს მკითხველი მოაკლდა, ქვეყანას კი განათლებული თაობები, რამაც საზოგადოება დააზარალა. რას ფიქრობ, მაინც რა აკლია ჩვენს საზოგადოებას?

- თავმდაბლობა, მოთმინება და სულიერი კულტურა... ფაქტია, წიგნს მაშინ დავშორდით, როდესაც თაროზე შემოვდეთ,­ ხელში კი იარაღი ავიღეთ და ერთმანეთს ვესროლეთ, ანუ გასული საუკუნის 90-იან წლებ­ში. მანამდე კი რა იყო? როგორი იყო, ვთქვათ, "კარგი საბჭოთა ოჯახი" და იმ ეპოქის ადამიანი? ოჯახი, სადაც დგას სერვანტი თვალსა­ჩინოდ გამოფენილი ლამაზი ჭურჭლით და კარადა ბევრი წიგნით, მას საძინებელი­ "ლუდოვიკოც" თუ დაემატება, აშკარად გამოიკვეთება კორუფციასთანაც დაკავშირებული ოჯახის ტიპი, რადგან სხვაგვარად საბჭოთა ადამიანი ფუფუნების საგნებს­ ვერ შეიძენდა. იმ დროის "კარგ ადამიანს" ისეთი ტანსაცმელიც თუ აცვია, რაც მაშინ არ იშოვებოდა, მაგრამ რაღაც მექანიზმებით მაინც ყიდულობდა, ასე გამოვადნობთ ქართველის გაგებაში "კარგს", რაც რეალურად კრიმინალთან, უპასუხისმგებლობასა და სხვა მანკიერებებთან ასოცირდება. დღეს ჩემთვის და, ალბათ, ახალი თაობისთვისაც, "კარგ ოჯახს" სხვა განსაზღვრება აქვს და სწორედ განათლებასთან, სამსახურსა და წარმატებასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე კორუფციასა და აკრძალულ ნივთებთან. ჩვენ წიგნი რომ დავდეთ და თოფი ავიღეთ, ასე გარეგნულად ჩანს, თორემ ფსიქოლოგიაში ძალიან დიდი ძვრა მოხდა, რასაც მხოლოდ ახლა ვაანალიზებთ!
ჩვენი ცხოვრების წესშიც ბევრი რამ შევცვალეთ: თუნდაც შევამცირეთ ოჯახებში წვეულებები და არა იმიტომ, რომ ბევრი რესტორანი გაიხსნა - უბრალოდ, საამისო დრო აღარ გვაქვს, დრო დავაფასეთ...

ჩვენს საზოგადოებაში სულ ძვრები და მიწისძვრებია, რაც ჩვენს ფსიქოლოგიაში აგრესიით გამოვლინდება. ერთი მეორეს ისე აგინებს, ისე აბრალებს რაღაც უბედურებას,­ რომ გაოგნებული ვარ. ეს ხომ უკულტურობის ბრალიცაა? ამას წინათ თქვენი გაზეთის ვებგვერდზე წავიკითხე, რომ ვიღაცამ ვიღაცას დააბრალა, შენმა შვილმა ადამიანი გაიტანაო. ის კაცი ამბობს, მე შვილი არა მყავსო. ასე როგორ შეიძლება დაბრალება? არადა, მუდამ ვავლენთ ზიზღს, ბოღმას, მერე კი უცებ ვხდებით ტოლერანტები.

ახლა ყველა მხარე - ლიბერალურიც და ფუნდამენტურიც, მამასისხლად გადაემტერა და ებრძვის ერთმანეთს, ბრძოლის არენად კი "ფეისბუკი" იქცა.
არა მგონია, ეს უმუშევრობას ან სოც­იალურ ფონს უკავშირდებოდეს,­ უფრო უკულტურობას მივაწერდი, თორემ აზიურ ქვეყნებშიც არის სიღა­რიბე, მაგრამ ასე კი არ იმეტებენ ერთმანეთს!

- როგორი იყო ჩვენი ქვეყნისთვის 2016 წელი?

- როდესაც ვამბობ, რომ ქვეყანაში რაღაცები მინდა უკეთ იყოს, მარტო სხვისკენ კი არ ვიშვერ თითს, საკუთარი თავისგანაც­ მოვითხოვ. ისე, უკეთესობა როგორ არ იგრძნობა! ხომ გახსოვთ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში რამდენჯერ­ გაგვაწნეს სილა: პირველად, როდესაც გვითხრეს, ქართველი ქალი თურქეთში არც ისე კარგად იქცევაო და ეს შოკი იყო, რადგან­ ქართველი ქალისგან ამგვარად ფულის შოვნა წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, მერე კი... მერე კიდევ ბევრჯერ გაგვაწნეს სილა, საკმაოდ მტკივნეულადაც, მაგრამ მაინც ვიზრდებით, თავზე ხელის გადასმით კი ვერ ვიზრდებოდით. თუ ვიტყვით, რომ უბედურებას რაღაც სასიკეთოც­ მოაქვს, რადგან გვზრდის, გვაძლიერებს, - ამ პრინციპით ეს წელიც წარმატებული იყო. კიდევ ერთხელ რომ ჩავატარეთ არჩევნები, მივედით და ვისაც გვსურდა, იმას მივეცით ხმა, ახლა კი პარლამენტი შეგვეცვალა და ახალი მთავრობა გვყავს, ეს ჩვენი, საზოგადოების დამსახურებაა. ვინც არჩევნებზე მივიდა - მივიდა, ვინც არა, მომდევნო 4 წელიწადს რაც არ მოეწონება, საკუთარ თავს დააბრალოს, რადგან, თუ შეეძლო, აუცილებლად უნდა მისულიყო. და მაინც, ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს - 8 ან 12 წლის წინ, არჩევნების პერიოდში და მერეც, რა განცდაც მქონდა, რადიკალურად განსხვავდება წლევანდელი განცდისგან. თუნდაც 4 წლის წინ რაც განვიცადე, როცა ვიცოდი, რომ ჩემი ხმა დასაცავი იყო... ახლა ვიცი, რომ უკანასკნელი 4 წელიწადია, ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს! შემდეგ წლებშიც თუ განგვიმტკიცდა საკუთარი ხმის მნიშვნელობა, ვიტყვი, რომ მაგრად გავიზარდეთ! შეუძლებელია, არ გამიხარდეს ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტა, ასე რომ, 2016 ნამდვილად გამორჩეული წელია.

- ახალ წელს რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია გაქვს?

- საერთოდ, დღესასწაულები არ მიყვარს და როდესაც ასეთი დღეებია, ჩემთვის კარგიცაა - ყველა­ დღესასწაულობს, ჩემთვის არ სცალიათ, იციან, არ ვსვამ, დილამდე არ ვქეიფობ და ამიტომ არც მაკითხავენ. მეც ჩემთვის ვარ და ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მსიამოვნებს - ვკითხულობ და არავინ მაწყვეტინებს.

- დღესასწაულების საწინააღმდეგო კონკრეტული მიზეზი გაქვს?

- ზოდიაქოთი ტყუპი ვარ, ტყუპს კი თურმე დღესასწაულები არ ჰყვარებია. თუმცა ახალ წელს სიახლე მოაქვსო, თუ ვიტყვით, კარგი ამბავი მეც მაქვს:
ახალ წელს ახალი სპექტაკლით დავიწყებ. იანვარში ფოთის თეატრში ჩემი პიესა დაიდგმება.
სიხარულს, წარმატებასა და სიახლეებს ვუსურვებ თქვენს გაზეთსაც! იმავეს ვუსურვებ ჩვენს ხალხსა და სრულიად საქართველოს!

ირმა ხარშილაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით