"სიყვარული ძლიერი გრძნობაა, მაგრამ თავს არ დამაკარგვინებს" - კვირის პალიტრა

"სიყვარული ძლიერი გრძნობაა, მაგრამ თავს არ დამაკარგვინებს"

"ბაქარისგან განსხვავებით, მე სხვისი ზეგავლენის ქვეშ მარტივად არ ვექცევი"

ბუბა მირცხულავა საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი თინეიჯერია. მსახიობმა სახელი 15 წლის ასაკში გაითქვა, როცა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა. მისი, ერთი შეხედვით, არცთუ ისე მნიშვნელოვანი პერსონაჟი, ბაქარი, მალევე სერიალში მთავარ გმირად იქცა. გადავწყვიტეთ გაგვეგო, როგორია მოზარდი ბიჭისთვის პოპულარულობა, რა დათმობაზე უწევს წასვლა, შეეცვალა თუ არა მეგობრებთან ურთიერთობა და როგორ უთავსებს სწავლასა და მსახიობობას.

- ბუბა, სერიალში როგორ მოხვდი?

- სერიალის კასტინგმენეჯერმა მიპოვა და წამიყვანა. 15 წლის ვიყავი. თავდაპირველად ბაქარი ჩუმი ბიჭი იყო, დროთა განმავლობაში სცენარისტმა განავითარა, რაშიც მაყურებელს დიდი წვლილი მიუძღვის.

- შენ და ბაქარი რით ჰგავხართ და განსხვავდებით ერთმანეთისგან?

- ორივე პრინციპულები ვართ. ბაქარისგან განსხვავებით, მე სხვისი ზეგავლენის ქვეშ მარტივად არ ვექცევი. ყოველთვის ვცდილობ საღად ვიაზროვნო. ამას გარდა, ვერასდროს მექნება ურთიერთობა გოგონასთან, რომელიც ადრე სექსმუშაკად მუშაობდა. მესმის, რომ სიყვარული ძლიერი გრძნობაა, მაგრამ მე თავს არ დამაკარგვინებს.

- სერიალში თამაში სწავლაში ხელს არ გიშლიდა?

- მე-10 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით გადატვირთული რეჟიმი მქონდა, მეცადინეობას და გაკვეთილებზე ხშირად დასწრებას ვერ ვახერხებდი. სკოლამ მაქსიმალურად შემიწყო ხელი, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ.

- იმის შემდეგ, რაც ცნობილი გახდი, კლასელებთან ურთიერთობა შეგეცვალა?

- კლასელებს ბაღიდან ვიცნობ და მათთან ვმეგობრობ. ჩემმა წარმატებამ ყველა გაახარა.

- თინეიჯერისთვის პოპულარულობა მომაბეზრებელი ან შემაწუხებელი ხომ არ არის?

- როცა მეტროში ჩავდივარ, ხალხი ან გაკვირვებულია, ამას აქ რა უნდაო, ან ირონიული. ზოგჯერ დამცინავ ფრაზებსაც მეუბნებიან, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ვინც ამბობს, რომ პოპულარულობა მოსაბეზრებელია, ვერ აფასებს იმას, რაც აქვს.

- პოპულარულობის გამო რისი დათმობა გიწევს?

- კომპლექსები არ მაქვს, ამიტომ "ვგიჟობდი" ხოლმე. ახლა საზოგადოებრივ ადგილებში "ჭკვიანად" მოქცევა მიწევს. დავმშვიდდი და დავწყნარდი.

- თეატრალურზე რატომ არ ჩააბარე?

- როცა 3 წელი ტელევიზორში ჩანხარ, რეჟისორებმა შენი შესაძლებლობები იციან, ამიტომ, თუ ვინმეს დავჭირდები, ისედაც დამიკავშირდება. მინდოდა, სტაბილური სამსახური და შემოსავალი მქონოდა, ამიტომ საზოგადოებრივ ურთიერთობებზე ჩავაბარე. დედაჩემს თავიდან სურდა იურისტი ან ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ, როცა ოჯახის წევრებს ავუხსენი, რას და როგორ ვაპირებდი, ჩემი არჩევანი მოიწონეს. მართალია, პირველადი პროფესია მექნება, მაგრამ მსახიობობას სიამოვნებით განვაგრძობ და შემოთავაზებებს მივიღებ.

- რას ეტყოდი თინეიჯერებს, რომლებსაც შენსავით მოკლე დროში სურთ თვითრეალიზაცია?

- არ იფიქროთ მოკლე დროში თვითრეალიზაციაზე, ეცადეთ თქვენი საქმე კარგად გააკეთოთ და ეგ თავისთავად მოვა. რა თქმა უნდა, იღბალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

თათული ღვინიანიძე